Batumelebi | მოსამართლის ტვირთი – ინტერვიუ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან მოსამართლის ტვირთი – ინტერვიუ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან – Batumelebi
RU | GE  

მოსამართლის ტვირთი – ინტერვიუ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან

 

დავით მამისეიშვილს მოსამართლეობის 7-წლიანი გამოცდილება აქვს. აჭარაში ის მივლინებით იმყოფება, თუმცა მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ბათუმში საცხოვრებლად დარჩენას აპირებს. რა არ მოსწონს იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ კანონპროექტში, რის გასაჩივრებას აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოში და როგორ აფასებს წინა წლებში მის მიერვე მიღებულ გადაწყვეტილებებს, „ბათუმელების“ კითხვებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ უპასუხა. 

 

დავით მამისეიშვილი
დავით მამისეიშვილი

ბატონო დავით, მოსამართლის შინაგან რწმენაზე მინდა გკითხოთ, რამდენად მძიმე ტვირთია ეს თქვენთვის?

 

მე შედარებით ნაკლებად გამოცდილი მოსამართლე ვარ. ბათუმში მოსამართლეები ათი და უფრო მეტი წელია მუშაობენ. რაც შეეხება შინაგან რწმენას, მის გარეშე შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან სწორედ შინაგანი რწმენიდან გამომდინარე აფასებ მტკიცებულებებს მოსამართლე, რამდენად რელევანტურია, რამდენად შემხებლობაშია საქმესთან და ამ მტკიცებულების ანალიზით უნდა მიხვიდე ლოგიკურ დასკვნამდე, ბრალდებულმა ჩაიდინა თუ არა ესა თუ ის მოქმედება. სწორედ შინაგანი რწმენა გეხმარება სასჯელის სამართლიანობის განსაზღვრაში. მე, მაგალითად, გამომიყენებია უვადო თავისუფლების აღკვეთა – და ჯარიმაც 500 ლარის ოდენობით. ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო შინაგან რწმენაზე.

 

რამდენად მძიმე ტვირთია ეს?

 

საკმაოდ მძიმე. ეს არის ის, რაც იწვევს ჩვენი, მოსამართლეების უძილობას გადაწყვეტილების მიღებამდე, მითუმეტეს რთული კატეგორიის საქმეებზე, როცა მტკიცებულებების შესაფასებლად მრავალდღიანი ფიქრი გვიწევს. სწორედ შინაგანი რწმენაა, რომელიც დამატებით „გვაიძულებს“ უფრო მეტად დავფიქრდეთ და გავარჩიოთ ბრალდებისა და დაცვის მტკიცებულებები.


მოსამართლეებს არ უყვართ საქმეების დაყოფა სირთულეების მიხედვით, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ, თქვენი სულიერი წონასწორობა რომელიმე საქმეს თუ დაურღვევია?

 

არის კატეგორია საქმეების, მაგალითად, გაუპატიურება, მკვლელობა, რომლებიც აშკარად მოქმედებს უარყოფითად. მე გაუპატიურებასთან დაკავშირებით გამამართლებელი განაჩენიც გამომიტანია და გამამტყუნებელიც. მართალია, თვითონ ქმედებას უარყოფითად აღვიქვამ, მაგრამ შეფასების დროს, ეს, როგორც მოსამართლეზე, არ მოქმედებს. სავსებით შესაძლებელია ფიქრობდე, რომ, აი ამ პირმა ეს დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ საკმარისი მტკიცებულებები არ გქონდეს და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანო. მტკიცებულებები მთავარია.

 

როცა მოსამართლეობის უფლებამოსილების ვადა ამოგეწურებათ, სად წარმოგიდგენიათ  თქვენი თავი?

 

ისევ იურისტების წრეში, სხვათა შორის, ბათუმში შევიძინე უძრავი ქონება, მეუღლე აქ  მუშაობს, ჩემი სამივე შვილი აქ დადის სკოლაში, ამიტომ ისევ ბათუმში ვაპირებ დარჩენას და გავაგრძელებ იურისტების წრეში საქმიანობას.

 

ადვოკატად აპირებთ მუშაობას?

 

სხვა გზა არ არის. სხვა საქმე ჩვენ, მოსამართლეებმა, არ ვიცით. მაგალითად, ბიზნესი არ გამოგვივა, თან დანაზოგი მოსამართლეებს არ გვაქვს; ოჯახის რჩენის ერთადერთი გზა არის იურისტობა. როცა მოსამართლედ მუშაობ, სხვა გზა არ გრჩება, თუკი ათწლიანი ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლედ ისევ არ დაინიშნები, ადვოკატად  მუშაობას გააგრძელებ.

 

თქვენ ადრე მუშაობდით პროკურატურაში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში…  ამ სისტემაში დაბრუნებას გამორიცხავთ?

 

 ეს გამორიცხულია. შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფინანსურ პოლიციასა და პროკურატურაში მუშაობის ეტაპი გავიარე. ეს კარგი იყო იმ ასაკში, როცა ვმუშაობდი, ცოდნას ვაგროვებდი. ისევ იქ დაბრუნება ამ გადმოსახედიდან, უტოპიად მიმაჩნია.

 

თუ გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანს მიუსაჯეთ პატიმრობა, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კი ამ ადამიანს უნდოდა თქვენთან შეხვედრა?

 

ასეთი ფაქტი არ მახსენდება, მაგრამ, მაგალითად, დილით ვარჯიშის დროს, ვიღაც მოქალაქეს ჩაუვლია და მადლობა გადაუხდია. მე ვერც მივხვდი ვინ იყო. ის, რომ ვინმე სამსახურში მოსულიყოს ან ოჯახში, ასეთი ფაქტი არ ყოფილა.

 

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სისხლის სამართლის მოსამართლეს ჩანიშნული ჰქონდა 18 საქმე. მათ შორის იყო წინასასამართლო სხდომები. რამდენად შესაძლებელია ერთმა მოსამართლემ დღის განმავლობაში ამ ოდენობის საქმე განიხილოს?

 

შეუძლებელი არ არის. ყოფილა შემთხევევა, დღეში ერთ მოსამართლეს 20-21 გადაწყვეტილება მიუღია, მათ შორის არის აღკვეთები. როცა მე მიწევს მორიგეობა, იმ კვირაში რთული კატეგორიის საქმეებს არ განვიხილავ, ვნიშნავ საქმეებს, სადაც  მტკიცებულებები უდაოდაა ცნობილი. ასეთი კატეგორიის საქმეების განხილვას 30-40 წუთი სჭირდება.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში თუ არის მოსამართლეების ნაკლებობა?

 

კი და ასევე სასამართლო დარბაზების. შვიდი დარბაზია ამჟამად და დარბაზში შესვლა მოსწრებაზეა. თუ მოსამართლე შევიდა დარბაზში, შეგიძლია თქვა, რომ დარბაზი მთელი დღე დაკავებულია.

 

სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის წესის ცვლილებაზე მოსამართლეთა ერთი ჯგუფი, მათ შორის თქვენ, ცვლილებას არ ეთანხმებოდა, თქვენი არგუმნეტი მაინტერესებს…

 

 ჩვენ პრაქტიკულად სახლში გვიშვებდნენ, უფრო ზუსტად ადმინისტრაციული ფუნქციის ჩამოშორებას გვიპირებდნენ. ეს ვენეციის კომისიამ მკვეთრად უარყოფითად შეაფასა, მერე ყველა დარწმუნდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მოვიგებდით ამ დავას, – არ შეიძლება დანიშნული თანამდებობის პირის სამსახურიდან გათავისუფლება უფლებამოსილების ამოწურვამდე. საბოლოო ჯამში იუსტიციის სამინისტრო მიხვდა, რომ ამ დავას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ჩვენ, ვინც ვართ დანიშნულები, უფლებამოსილების ვადას ამოვწურავთ და შემდეგ იქნება არჩევნები. არჩევნები, რა თქმა უნდა მისაღებია, მაგალითად, ბათუმში არჩევნები ჩატარდება, ვინაიდან ხუთზე მეტი მოსამართლეა, მაგრამ სენაკის სასამართლოში სულ სამი მოსამართლე მუშაობს. კანონპროექტში წერია, რომ წილისყრით უნდა ჩატარდეს, მაგრამ ვერ ვხდები წილისყრის პროცედურა როგორ უნდა ჩატარდეს, ოცთეთრიანი ავაგდოთ და თუ ირემი იქნება… მოსამართლეების საკმაოდ დიდი პროტესტი გამოიწვია ამ ცვლილებამ. პარლამენტში რომ დაიწყება განხილვა, იქაც ვაპირებთ პოზიციის დაფიქსირებას, სასამართლოს ინტერესების დაცვას.

 

მოსამართლეების დამოუკიდებლობის კუთხით რა შეიცვალა 2012 წლის შემდეგ?

 

უფრო თავისუფლები ვართ, ვიდრე მანამდე ვიყავით. გაისად უფრო მეტად ვიქნები თავისუფალი, ვიდრე წელს ვარ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ჩემზე ზემოქმედებას ახდენს. თავისუფლების ზრდით უფრო მეტ ისეთ გადაწყვეტილებას ვიღებ, რომელიც პრაქტიკისა და სასამართლო სისტემისთვის მნიშვნელოვანია. მთავარია, საზოგადოებაში გაჩნდეს განცდა, რომ მოსამართლე იღებს ამ გადაწყვეტილებას და არა ვინმე სხვა. მით უფრო საზოგადოების ძირითადი ნაწილი სასამართლოში ნამყოფი არ არის, მათ ინფორმაცია აქვთ ტელევიზორიდან, ტელევიზიით მიღებული ინფორმაცია კი არის იმ პოლიტიკოსების სიტყვები, რომლებიც გაბრაზებულები არიან სასამართლოზე. ამიტომ საზოგადოების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ მოსამართლეები ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც ეს მთავრობას უნდა. ცხადია, ეს ასე არ არის.

 

 ადვოკატების აზრით, ხშირად ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისში იცვლება ბრალდების სასარგებლოდ. თქვენ, როგორც სასამართლოს მენეჯერს, გაქვთ ამის სტატისტიკა?

 

ძირითადად, ეს სისხლის სამართლის საქმეებს ეხება და მას ზოგჯერ კასაცია ცვლის. მე არ შევაფასებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა ხშირად იცვლება განაჩენი ბრალდების სასარგებლოდ.

 

ისევ ადვოკატებს მოვიშველიებ – მათი აზრით, ბათუმში საპროცესო შეთანხმების გაფორმება ჭირს, სხვა რეგიონებთან შედარებით. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?

 

თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით 45 პროცენტი საქმეების სრულდება არსებითი განხილვით, ხოლო საპროცესო შეთანხმებით – 55%, მაგალითად, 1000 საქმიდან 450 საქმეს არსებითად ვამთავრებთ, დაახლოებით 550 საქმეს – საპროცესო შეთანხმებით. მაშინ, როცა ქვეყნის მასშტაბით, საქმეების 70% სრულდება საპროცესო შეთანხმებით.

 

თქვენი გადაწყვეტილებები წინა წლებში რაოდენობრივად უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ახლა. დღეს თქვენ გადაწყვეტილების მიღების დროს იშველიებთ ევროპული სასამართლოს  პრაქტიკას, კონვენციების მუხლებს უთითებთ… წინა წლებში ასე არ იყო. რა შეიცვალა?

 

ეს თავისუფლების ხარისხის გაზრდაა. 2005 წელს, როცა სასამართლო კორპუსის რეფორმა დაიწყო, სასამართლოს ძირითადი გამოწვევა იყო კორუფცია. პრაქტიკულად 2010 წლამდე გრძელდებოდა რეფორმა, რომ სასამართლო სისტემაში კორუფცია არ ყოფილიყო. 2011 წლიდან არც ერთი მოსამართლე არ მიუციათ პასუხისგებაში კორუფციის გამო. ამ ეტაპიდან გადავედით განაჩენების დასაბუთებაზე, წელიწადში დაახლოებით ხუთჯერ გვიტარდება კონფერენციები და ვიხილავთ კარგ და ცუდ გადაწყვეტილებებს _ როგორ უნდა დაიწეროს განაჩენი და როგორ არა… ამის შედეგია ის, რომ ჩვენ განვვითარდით. ჩემ მიერ 2008-2009 წლების გადაწყვეტილებებს რომ ვკითხულობ, მეღიმება. მაშინ ახალბედა მოსამართლე ვიყავი. დღეს არ მაკმაყოფილებს ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილებები. 

 

ბევრი საქმეა ისეთი, როცა ბრალდებული გირაოს გადაუხდელობის გამო რჩება პატიმრობაში?

 

30 ივლისიდან დღემდე დაახლოებით 20 საქმეა ასეთი. 

 

ჩემი დაკვირვებით, ბოლო პერიოდში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები აღკვეთი ღონისძიების უფრო მსუბუქ ფორმას იყენებთ. ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე თქვენ განმარტეთ, რომ ახალი ცვლილებით ყველა ორ თვეში შეიძლება გადაიხედოს პირის პატიმრობაში ყოფნის საკითხი. როგორ ფიქრობ, შეამცირებს ეს წინასწარ პატიმრობაში მყოფთა რაოდენობას? 

 

ამ ცვლილების რაღაც ნაწილს ვეთანხმები, მაგალითად წინასასამართლო სხდომაზე პატიმრობის მიზანშეწონილობის საკითხის გადასინჯვას, მაგრამ არ ვეთანხმები არსებითად განხილვის დროს ორთვიანი პატიმრობის გადასინჯვას. მაგალითად, როცა მიზანშეწონილად ჩავთვალე პატიმრობა კონკრეტულ საკითხზე, ამან გამოიწვია დაცვის მხარის აგრესია სასამართლოს მიმართ – ბრალდებული ფიქრობს, რომ მოსამართლემ რადგან დამტოვა პატიმრობაში, სავარაუდოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს. მეც ასე ვიფიქრებდი ბრალდებულის ადგილას.

 

სხვათა შორის, კანონმდებელმა ჩაგვიწერა, რომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება პატიმრობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. მე მაქვს ასეთი შეკითხვა: მე კანონი მიკრძალავს არსებითად განხილვის დროს ჩემი ვარაუდისა და მოსაზრების გამოთქმას გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის შესაძლო გამოტანაზე, კანონმდებელმა მეორე ნორმა ჩამისვა, სადაც მეუბნება, რომ პატიმრობის მიზანშეწონილობაზე მსჯელობისას მტკიცებულებაზე დაყრდნობით უნდა მივიღო გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში კანონთან წინააღმდეგობაში მოდის მოსამართლე. მე არ მაქვს უფლება გამოვთქვა ვარაუდი საქმეზე მანამ, ვიდრე გადაწყვეტილებას არ მივიღებ. და მეორეა – აღკვეთი ღონისძიება უნდა დავასაბუთო, რომ, მაგალითად, პირი მოახდენს ზემოქმედებას მოწმეებზე, ხოლო მოწმე, როგორც მტკიცებულება, გამოკვლეულია. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ამ მოწმის გამოკვლეული მტკიცებულება განაჩენის გამოტანამდე უნდა შევაფასო, აღკვეთი ღონისძიების შეცვლის დროს. ეს პრობლემაა. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართო.


 

თქვენს ამ პოზიციას სხვა მოსამართლეებიც იზიარებენ?

 

 

 

 მე ერთ-ერთ საკითხზე უკვე მივმართე საკონსტიტუციო სასამართლოს. ახლა ვფიქრობ კონსტიტუციის რომელ ნორმას შეიძლება ეს ეწინააღმდეგებოდეს. საქმეთა სირთულიდან გამომდინარე ჯერჯერობით ეს საკითხი სრულყოფილად ვერ შევისწავლე. რაც შეეხება სტატისტიკას, ათეულობით ბრალდბულს შევუცვალეთ აღკვეთი ღონისძიება პატიმრობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. მაგალითად, პირზე რომლის მიმართაც ჩვენ გამოვიყენეთ  საპატიმრო გირაო, მოგეხსენებათ თუ საპატიმრო გირაო გამოიყენება და პირი დაპატიმრებულია, სასამართლოს პატიმრობა ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, იყენებს გირაოს პატიმრობის უზრუნველსაყოფად. ბრალდებულებმა, რომლებმაც თანხა ვერ გადაიხადეს, მე წინასასამართლო სხდომაზე დამიდგა საკითხი პატიმრობის  მიზანშეწონილობის საკითხთან დაკავშირებით. აქ ორი პრობლემის წინაშე ვდგავართ, პირველი წარდგენის სხდომაზე  მე ვთქვი, რომ პატიმრობა ზედმეტად მკაცრი აღკვეთი ღონსიძიების ფორმაა და ამიტომ გირაო უნდა შეეფარდოს, წინასასამართლო სხდომაზე მე როგორ დავასაბუთო რომ პატიმრობა მიზანშეწოლილია?

 

 


 

ხვდებით თუ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს?

 

მხოლოდ კონფერენციაზე შევხვდი ქალბატონ ნინოს [გვენეტაძე], სხვა შეხვედრა არ გვქონია.

 

იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტით შემოთავაზებულ ცვლილებებზე მაინტერესებს თქვენი აზრი, ეს ცვლილებათა პაკეტი მოსამართლეებისთვის რას ცვლის? თქვენი შეფასებით  რა არის ყველაზე დადებითი და ყველაზე უარყოფითი ცვლილება?

 

დადებითის რა მოგახსენოთ. რადიკალურად დადებითისკენ არაფერი იცვლება, ამ კანონპროექტს მესამე ტალღა დაარქვეს, მაგრამ მესამე ტალღა ეს არ არის, ეს შეგვიძლია მოვიხსენიოთ როგორც დრაკონული კანონი მოსამართლეების წინააღმდეგ. მოსამართლეებმა დიდი პროტესტი გამოვხატეთ ამ კანონპროექტის მიმართ, რამდენიმე ცვლილება კანონპროექტის ავტორებმა შეიტანეს, თითქოსდა გააკეთილშობილეს კანონპროექტი, მაგრამ დარჩა ორი მთავარი საკითხი, რაზეც დაგვპირდნენ, რომ ეს ცვლილებები არ შევიდოდა კანონპროექტში, თუმცა მოსამართლეებისგან მალულად შეიტანეს.  ჩვენ დაგვპირდა იუსტიციის სამინისტრო, რომ, მაგალითად, 2/3 ქვომურიმი არ შეიცვლებოდა, თუმცა შეიცვალა. 2/3 ქვორუმი რას ნიშნავს, განვმარტავ მკითხველისთვის: დღეს მოქმედი კანონმდებლობით მოსამართლის დისციპლინური დევნის დაწყებისთვის 2/3-ია საჭირო, რაც ნიშნავს საბჭოს 10 წევრს; ვინაიდან 8 მოსამართლე წევრს ჩვენ ვირჩევთ, ამიტომ ხელისუფლებას არ აქვს საშუალება, მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყოს, თუ მას ამის სურვილი ექნება. მოსამართლეები კარგად „ვიცავდით“ თავს ხელისუფლების ჩარევისგან. 2/3-თან დაკავშირებით ცვლილება 2013 წელს მიიღო პარლამენტმა, ახალი ხელისუფლების პირობებში, მაშინ ეს 2/3-ის მიღება შეფასდა დიდ ინოვაციად, დემოკრატიის გამარჯვებად. ერთი წლის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს ახსენდება, რომ ეს კანონი კარგი არ არის და ისევ დავუბრუნდეთ უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღებასო. უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღება კი იმას ნიშნავს, რომ მე, დავით მამისეიშვილი თუ არ ვიქნები მისაღები ვინმესთვის, სავსებით შესაძლებელია ჩემ მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყოს. ჩემი დაცვის გარანტიები ამ შემთხვევაში არ არის მაღალი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო დამატოვებინონ სასამართლო კორპუსი. ეს ჩემთვის მიუღებელია.

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე  მოქმედ დისციპლინურ სისტემას აკრიტიკებდა. ერთ-ერთი არგუმენტი იყო ის, რომ  არსებული მოდელი ვერ აკმაყოფილებს დისციპლინური სამართალწარმოების ეფექტურობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტებს. ახალ კანონპროექტში ჩნდება დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი. ეს არ იქნება უფრო მოქნილი ინსტიტუტი?

 

ამ ინსტიტუტის მიმართ ჩვენ მკვეთრად ნეგატიური განწყობა გვაქვს, – ჩვენს სისტემაში დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შემოტანა ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეებს ვეუბნებით უარს, აირჩიონ სადისციპლინო კოლეგიის წევრები, ვიღაც დამოუკიდებელი ინსპექტორი შემოდის ჩვენს სისტემაში. დავუშვათ ის პიროვნება გაბრაზებულია რომელიმე მოსამართლეზე, მას შეუძლია დაიწყოს მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება, ეს საბოლოო ჯამში ნიშნავს, რომ ამ პირმა აკონტროლოს მოსამართლეთა კორპუსი. მოსამართლე, რომელსაც მისი სამსახურის გარდა სხვა შემოსავალი არ აქვს, სავსებით შესაძლებელია გახდეს დამოკიდებული. შეიძლება მისი გადაწყვეტილება სავსებით ემსახურებოდეს არა შინაგან რწმენას, მტკიცებულებებზე დაყრდნობით მისაღებ გადაწყვეტილებას, არამედ სულ სხვა რამეთი იყოს მოტივირებული – არ დაკარგოს სამსახური. თუ მოსამართლე იმაზე ფიქრობს, როგორ არ დაკარგოს სამსახური და ამის გამო თავისუფალი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს, მე ვფიქრობ, ამით სამართლიან სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. მოსამართლეებმა 203 ხმით (იმ დროს 238 მოსამართლე იყო) ავირჩიეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ბატონო ლევან მურუსიძე. როგორ ფიქრობთ, 203 მოსამართლის მიერ არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს უფრო მაღალი ლეგიტიმაცია აქვს, თუ დამოუკიდებელ ინსპექტორს? მითუმეტეს, დევნის დაწყებასთნ დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ძირითადი კრიტიკა ჩვენზე არ მოდის? ორი წლის განმავლობაში არც ერთი მოსამართლე არ დასჯილა –  სტატისტიკა გამოაქვეყნა იუსტიიის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა. აღმოჩნდა, რომ შეტანილი საჩივრების დაახლოებით 90%-ს არამოსამართლე წევრებმა დაუჭრეს მხარი დისციპლინური დევნის დაწყებაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ საჩივრების 90%  პრაქტიკულად არის მცდარი. ძირითადად მხარეები ასაჩივრებენ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების სამართლებრივ შინაარს. სამართლებრივი შინაარსის დროს მოსამართლეები ვართ კონსტიტუციით დაცულები, ვერავინ მოგვედავება ჩვენ მიერ მიღებულ გადაწტყვეტილებებზე. საბჭოს უნდა მიმართონ დისციპლინურ გადაცდომებზე. მაგალითად, ახლა მე მაქვს 130 საქმე წარმოებაში. წარმოიდგინეთ 130 საქმეზე ვადას ყველა შემთხვევაში დავარღვევ, იმიტომ, რომ ფიზიკურად შეუძლებელია სხვაგვარად. 5 საქმე რომ დავნიშნო დღეში, ეს იმას ნიშნავს, რომ 130-ე საქმეს  მოუწევს სადღაც თვის ბოლოს განხილვა, თან საქმის განხილვას ერთ დღეში ვერ ამთავრებ. მაგალითად, ასლან აბაშიძის საქმეს ვიხილავ ახლა. 25 პროცესი უკვე  ჩატარებულია და ჯერ კიდევ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე ვარ. ამ საქმეს 7-8 წელია ვიხილავთ, ამაზე როგორ უნდა თქვა, რომ მოსამართლემ ვადა არ დაარღვია, მაგრამ ობიექტური კრიტერიუმებია საჭირო. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაგვპირდა, რომ მოსამართლეთა კორპუსი გაიზრდება. ბათუმში სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლეებს სამასი საქმე აქვთ წარმოებაში, ადმინისტრაციულს – 130-მდე, სისხლის მოსამართლეებს, თითოეულს, არანაკლებ ასი საქმე გვაქვს.

 

ოფიციალური  სტატისტიკის თანახმად, 2012 წლის საპარლამეტო არჩევნების შემდეგ იმატა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობამ…

 

 პირიქით, მე ვფიქრობ პროცენტულმა მაჩვენებელმა გამამრთლებელი განაჩენებისამ მოიკლო, ყოველ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლოში ასეა. 2012 წელში მე უფრო მეტი გამამართლებელი განაჩენი მაქვს გამოტანილი, ვიდრე მომდევნო წლებში. ამ ცვლილებამ, საბოლოო ჯამში, ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა გაზარდა, პრაქტიკულად სასამართლოს სისტემას უნდა ჰქონდეს მუდმივობის განცდა, ხელისუფლება ყოველთვის იცვლება, ეს ბუნებრივია, ხელისუფლების ცვლილება უფრო მეტ თავსუფლებასა და დამოუკიდებლობას ნიშნავს.

 

ეს ყოველთვის ასეა თუ 2012 წელზე საუბრობთ?

 

 ყოველთვის. ეს არის ბუნებრივი კანონი. მე მაგალითად ვმუშაობდი წინა მთავრობის რეჟიმის დროს, ახლა ამ მთავრობის დროსაც ვმუშაობ. ეს ნიშნავს იმას, რომ დავით მამისეიშვილს, როგორც მოსამართლეს, აქვს მუდმივობის განცდა. სასამართლო კორპუსი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სახლში აღარ მიდის. ჩვენ ხელფასები გაგვიზარდეს, სოციალური უზრუნველყოფის მეტ გარანტიას გვპირდებიან, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თავისუფლების ხარისხისთვის.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა