სიახლეები

ინფექციური დიარეა 48% პროცენტი – გადამდები დაავადებების სტატისტიკა

09.09.2015 • 1604
ინფექციური დიარეა 48% პროცენტი  – გადამდები დაავადებების სტატისტიკა

 

შეხვედრაზე აჭარის არ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა წარმოადგინა გადამდებ დაავადებათა შესახებ 2015 წლის 8 თვის ანგარიში. სტატისტიკის თანახმად აღნიშნულ პერიოდში აღირიცხა გადამდებ დაავადებათა 19 666 შემთხვევა, რომელთა 52%–ს შეადგენს 0–14 წლამდე ასაკის ბავშვები.

 

დაავადებათა გავრცელების მიხედვით 48% სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეაა, 27% სავარაუდო საკვებისმიერი მოშხამვა. შემთხვევათა ძირითადი ნაწილი მოდის ზაფხულის თვეებზე, განსაკუთრებული მატება ყოველწლიურად აგვისტოს თვეში ფიქსირდება.

 

პრეზენტაციაზე ასევე, წარმოდგენილი იქნა ბოლო 5 წლის განმავლობაში გადამდები დაავადებების გავრცელების მიმოხილვა. აჭარის მოსახლეობაში ფიქსირდება იმუნიზაციით მართვადი ინფექციები: წითელა, წითურა, ყბაყურა, ვირუსული და ბაქტერიული მენინგიტები და სხვა.

 

ყოველი წლის ოქტომბრის თვიდან კი იწყება გრიპისა და მწვავე რესპირატორული დაავადებების ეპიდსეზონი, კერძოდ, წლის მე–40 კვირიდან მომდევნო წლის მე–20 კვირამდე. აღნიშნულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობას განახორციელებს აჭარის არ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.


შეხვედრის მიზანი იყო სეზონურ დაავადებათა შემთხვევების ანალიზი, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ზოგად საგანმანათლებლო და სკოლამდელ აღმზრდელობით დაწესებულებებში სეზონურ დაავადებათა გავრცელების თავიდან აცილების გზების განხილვა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის არ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი კობა ნაკაიძე, მუნიციპალიტეტების გამგებლების მოადგილეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელები, პოლიკლინიკების ხელმძღვანელები, ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის და ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელები.


გადაბეჭდვის წესი