სიახლეები

”მე ვერ გადავცურე ზღვა”

06.09.2015 • 1369
”მე ვერ გადავცურე ზღვა”

იყო უმრავლესობა, რომელიც ირგვლივ იდგა და დუჟმორეული ყიჟინებდა. ზოგიც, როცა შეეძლო ცერა თითი მაღლა აეწია, სხვის შემხედვარე დაბლა სწევდა. ასე იყო როცა სოციალური ქსელები არ არსებობდა.

 

სისასტიკეს კი გარკვეული ხიბლი აქვს. მისი აღიარება ძნელია, მაგრამ არსებობს სხვა, უფრო დავარცხნილი და შენიღბული ფორმებითაც. ადამიანების ის ბუნებრივი განცდაც სისასტიკეს ატარებს, როცა გიხარია – შენ კისერზე არ დაიჭიმა საბედისწერო თოკი.

 

გინდა არ გინდა გრძნობ სხვასთან შედარებით ბედნიერად თავს, რომ შენთვის არ აგიზგიზდა კოცონი წინა ცხოვრებაში, ამ ცხოვრებაში კი შენი შვილი არ იყო ტალღებზე დასვენებულ-დაძინებული. ფიქრობ, მადლობა ღმერთს ან ალაჰს, რომ სხვაგან დაიბადე. ეს თვითგადარჩენის ინსტიქტია, რომელიც უფრო სასტიკია, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია.

 

რაღა თქმა უნდა, დღეს არავის, გარდა ოცდამეერთე საუკუნის ფაშისტებისა, არ უხარია ის ტრაგედია, რომელიც პლანეტის ერთ ცხელ წერტილში ხდება და რომლის ფოტოკადრები კაცობრიობის ყოველდღიურობად იქცა. თუმცა, ის ვირტუალური წრე, რომელიც ამ ფოტოისტორიების ირგვლივ იკვრება, სწორედ შუასაუკუნეების სადამსჯელო ოპერაციების ადგილას შეკრებილი მასის ერთობას წააგავს დღითიდღე. შოკია, მაგრამ სურვილი ჩნდება კიდევ და კიდევ შეხვიდე ამ შოკში, რადგან, სავარაუდოდ, მილიონობით ადამიანი აზიარებს და წერს რაღაცას ამ თემაზე და ასე ყოველ დღე…

 

თანაც ხსნი, უყურებ, ტირი, წერ, გიწერენ, ბევრი ნახვა გემატება, ადამიანური ხარ – ეს იმ ფიდბექების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც ვირტუალურმა ქსელმა ჩვენი საუკუნის ტრაგედიები “გაალამაზა”.

 

ბოდრუმის სანაპიროზე გამორიყული სირიელი ბავშვის ცხედარი
ბოდრუმის სანაპიროზე გამორიყული სირიელი ბავშვის ცხედარი

რა სისასტიკეა თითქოს? და თითქოს ამ სისასტიკით შეუმჩნეველი ტკბობა რომ ეწვია წინა საუკუნეებიდან ჩვენს სამყაროს, ეს ხომ ნათლად ჩანს უკვე? გვინდა თანაზიარი ვიყოთ თითქოს დიდი ტრაგედიის, მაგრამ ეს ტრაგედია თავის მარწუხებში გვაქცევს, ჩვენი გაზიარებებით მსხვერპლს არაფერი შვება აქვს, ჩვენ კი ვერაფერს ვცვლით, ვერაფერს.

 

ამ დროს პიროვნული ტკივილი იმდენად მძაფრია, რომ ობობას ქსელივით გახვევს ძაფში ემოციურად. ამ დროს თავისდაუნებურად სისასტიკის ნაწილი ვხვდებით, როცა მისი ენერგიით ვცხოვრობთ, თან გვინდა, რამე ვიღონოთ, რადგან ველურები აღარ გვეთქმის, თუმცა ჩვენ შორის არ არის ის, ვინც იმ ბორანთან მივა და იმ პატარა უსახელო ბიჭს ზღვის გადაცურვაში დაეხმარება.  თუ არის?

 

გადაბეჭდვის წესი