”რეკლამის ავტორი ფილმის რეჟისორივით უნდა მუშაობდეს”

 


ბატონო ჟოაო, თქვენ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ სარეკლამო ინდუსტრიაში,  როგორ ფიქრობთ, რა უნდა იცოდეს კარგმა მარკეტოლოგმა?


ყველაზე მნიშვნელოვანია კომუნიკაცია. ძალიან ბევრი პლატფორმა არსებობს მომხმარებელთან ურთიერთობისათვის და უნდა აირჩიო საუკეთესი პლატფორმა, რომ მიიტანო შენი სათქმელი.


თქვენ რომელი პლატფორმა მიგაჩნიათ საუკეთესოდ?  


მომავალ კვირას გეტყვით მაგას. „მომავალი კვირა“ ნიშნავს იმას, რომ ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდება, ძნელია კონკრეტულზე ისაუბრო. მთავარია ტექნოლოგიებს არ ჩამორჩე.  


რა ქმნის სიახლეს მარკეტინგში ნიჭი, შთაგონება თუ მოტივაცია?


შთაგონება ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც გაძლევს იდეა და მას წინ ვერაფერი დაუდგება. მთავარია, როგორ მოუყვები შენ სათქმელს აუდიტორიას.  შემოქმედებითობის გარეშე არაფერი არ არსებობს, მათ შორის ტექნოლოგიაც. თითები იმიტომ კი არ გვჭირდება, რომ დავალაიქოთ მხოლოდ, არამედ იმისათვის რომ დავაშეაროთ იდეები და  ერთმანეთს გავუზიაროთ. როდესაც ვაზიარებთ კარგ ფილმს, კარგ ფოტოს ან იდეას, ამით ვაძლევთ შესაძლებლობას ადამიანებს რომ გაიზიარონ კარგი იდეები.


თუ გქონიათ პრაქტიკაში შემთხვევა, რომ კონკრეტულ  პროექტზე დიდი რესურსი დაგიხარჯავთ, მაგრამ ადეკვატური მოგება ვერ მიგიღიათ?


თუკი გაქვს კარგი იდეა, მაგრამ არ გაქვს ამ იდეის განხორციელებისთვის სათანადო დრო ან ბიუჯეტი  მაშინ უმჯობესია იდეა შეცვალო, რომ არასწორი გზით არ წახვიდე. ბევრჯერ არა, მაგრამ მეც მქონია ასეთი შემთხვევები. სააგენტოებს ვეუბნები, რომ როცა რეკლამის  ტექსტი არის  კარგი,  არ გაართულოთ და არ ჩახლართოთ შინაარსი, რადგან  ტექსტში მთავარი არსი არ უნდა დაიკარგოს. უბრალოება და სათქმელის პირდაპირ თქმა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე შემოქმედებითობის გაზრდის ხარჯზე ტაქსტის გართულება. დიდებულება უბრალოებაში.


გახსენდებათ ამის კონკრეტული მაგალითები?


კომპანია „ატლანტიკამ“, რომელიც სან-პაოლოში მდებარეობს და ადამიანებს ათლეტური აღნაგობის ჩამოყალიბებაში ეხმარება, შემომთავაზა თანამშრომლობა. გადმომცა ტექსტიც და იდეაც, მაგრამ იმ დროსთვის არ ჰქონდათ ამ იდეის განსახორციელებელი საკმარისი თანხები. ტექსტი იყო ვრცელი, ამიტომ გადავწყვიტეთ, აქცენტი მთავარ იდეაზე შეჩერებულიყო. კადრში ვაჩვენეთ წელს ზემოთ შიშველი მამა, რომელიც ჭარბწონიანია და მკერდი ქალივით აქვს წამოზრდილი. მას ხელში აჰყავს ჩვილი, რომელიც სწვდება ძუძუს, რადგან დედა ჰგონია. ამით ვაჩვენებდით, რომ მამას აშკარად სჭირდება ფორმაში ჩადგომა, რომ მისი მკერდი დედის მკერდისგან უნდა განსხვავდებოდეს. ანუ რეკლამის ფოკუსი იყო ის, რომ მამას სჭირდებოდა სპორტული სხეული. მეორე ამბავი წებოს რეკლამას უკავშირდება. ამ შემთხვევაშიც ტექსტი არსებობდა, მაგრამ ბიუჯეტი იყო ცოტა, რეკლამა კი ბევრი კადრის გადაღებას მოითხოვდა. დამკვეთებს ვუთხარი, რომ მთავარი არსი, ფოკუსი უნდა შეგვენარჩუნებინა და  სათქმელი მიგვეტანა მომხმარებლამდე მკაფიოდ. ამბავი ვითარდება სტადიონზე მატჩის დროს. კადრი გავაჩერეთ მეკარეზე, რომელსაც რამდენჯერმე გაუსხლტა ხელიდან ბურთი და ფიქრობს, რა გააკეთოს, რომ მორიგი ბურთი ისევ არ გავიდეს კარში, ამ დროს ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, როგორ ეხმარება მას ამაში პროდუქცია. ის ხელებზე წაისვამს წებოს, რომ ბურთი მიეკრას და აღარ დაუსხლტეს ხელიდან, მაგრამ წებო იმდენად მაგარია, რომ მეკარეს ხელები ერთმანეთზე მიეწებება. ამით ვაჩვენეთ, თუ როგორი მაგარი ხარისხის იყო  წებო. მაყურებელი რომ არ დაღლილიყო, აუდიტორია საუნდრეკით შევინარჩუნეთ. იმის თქმა მინდა, რომ კარგი იდეები მცირე ბიუჯეტითაც შეიძლება განახორციელო. რეკლამის ავტორი ისე უნდა მუშაობდეს, როგორც ფილმის რეჟისორი. მე ასე ვმუშაობ და ტექსტებსაც ხშირად ვწერ ხოლმე არა მარტო რეკლამისთვის, სატელევიზო სერიალებისთვისაც. ჩემი პროდუქცია „ოსკარზეც“ ყოფილა ნომინირებული. 


რეკლამისთვის რომელ ფორმატს ანიჭებთ უპირატესობას,  ბეჭდურ მედიას, ონლაინ მედიას თუ ტელევიზიას?


ჩემს სათქმელს ვამბობ ყველგან, მაგრამ ადამიანებს უყვართ ფილმების ცქერა, მოსწონთ, როცა ამბებს უყვებიან, ამიტომ  ტელევიზია ამისთვის საუკეთესო საშუალებაა. თუმცა  ვიდეოპლატფორმას გაზეთებიც იყენებენ დღეს, რადგან ადამიანს წაკითხვას, მაინც ყურება ურჩევნიათ.


ქართულ სარეკლამო ბიზნესზე რას გვეტყვით, რამდენად კარგად ახერხებენ იდეების სწორად ფოკუსირებას?


რამდენიმე კარგი რეკლამა ვნახე, მარტივი იდეები იყო და კარგად იყო მიტანილი მომხმარებლამდე.

 

ბათუმის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი 2015

როგორ ავიცილოთ თავიდან საქონლისგან გადამდები დაავადებები

 

ბრუცელოზი, ჯილეხი, ტუბერკულოზი, მუცლის ტიფი, პარატიფი, დიზენტერია, სტრეპტოკოკური ანგინა, ლეპტოსპიროზი, თურქული, ცისტიცერკოზი, ყირიმ-კონგოს ცხელება – ეს იმ დაავადებების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ადამიანს დაავადებული საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების მიღებით გადაედება. სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამით უფასო ვაქცინაციას თურქულზე, ჯილეხზე, ცოფზე, ცხვრისა და თხის ყვავილსა და ნოდულარული დერმატიტზე ატარებს. რაც შეეხება ისეთ საშიშ გადამდებ დაავადებებს, როგორიცაა ბრუცელოზი და ტუბერკულოზი, სახელმწიფო  პროგრამები ამ დაავადებებზე არ ვრცელდება. მეტიც, საქონლის ტუბერკულოზთან დაკავშირებით მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონლის გამოკვლევა ბოლო რამდენიმე წელია არ ჩატარებულა.

 

 

მსხვილფეხა საქონელში ბრუცელოზის გამოსავლენად კვლევა გასულ წელს ჩატარდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, ბრუცელოზის რუტინული მონიტორინგის ფარგლებში ბრუცელოზზე გამოკვლეულია 133 825 სული მსხვილფეხა საქონელი, დაავადებული აღმოჩნდა 2903 სული. ოფიციალური მონაცემებით, საკარანტინო დაავადება საქართველოს ყველა რეგიონშია გამოვლენილი.

 

ბრუცელოზის სწორი დიაგნოზი მხოლოდ ლაბორატორიული კვლევით არის შესაძლებელი, დაავადების ლიკვიდაციისთვის კი პრევენციული ღონისძიებების გატარება და ვაქცინაცია აუცილებელია. ვეტერინარების თქმით, ამ დაავადებასთან  ბრძოლა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, შესაბამისად, ცხოველთა სრულყოფილი გამოკვლევები მნიშვნელოვანია. დაავადების თავიდან ასაცილებლად საქართველოში პირუტყვს ვაქცინაცია  არ უტარდება, მეტიც, ვაქცინა საქართველოში არ იყიდება.

 

ბრუცელოზის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიული გეგმა სახელმწიფომ წელს შეიმუშავა. დოკუმენტს ხელი 2015 წლის თებერვალში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძემ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა დოლიძემ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაი მუნდიელემ მოაწერეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის ჯამბულ მაღლაკელიძის თქმით, სტრატეგიულ გეგმაში გაწერილია ბრუცელოზთან ბრძოლის მექანიზმები.

 

„მოიაზრება კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების მექანიზმი, ვაქცინის შერჩევა, რომელიც აპრობირებულია ევროპისა და მოწინავე ქვეყნებში“, – ამბობს ჯამბულ მაღლაკელიძე.

 

 „ასოციაცია მომავლის ფერმერის“ მთავარი ვეტერინარი და ბიოლოგიის დოქტორი მიხეილ ჭიჭაყუა ბრუცელოზისგან დასაცავად მოსახლეობას ურჩევს, პასტერიზებული რძე მიირთვან, ოჯახის პირობებში ყველის დამზადებისას კი, ამოსვლიდან 15 წუთით უნდა ხარშონ. მისი თქმით, ყველაზე უსაფრთხო სულგუნია, ყველის დანარჩენ სახეობაში კი დაავადების რისკი მაღალია. ვეტერინარი აქვე გვირჩევს, რომ ხორცი კარგად მოვხარშოთ.

 

მიხეილ ჭიჭაყუას თქმით, ადამიანში ბრუცელოზი შემდეგი სიმპტომებით ვლინდება: „ბრუცელოზს ახასიათებს ცხელება, ტემპერატურა აღწევს 40-41 გრადუსს, შეიძლება ეს სომპტომები გაგრძელდეს 7-10 დღე. აღინიშნება ადინამია, უძილობა, გაღიზიანება, ბოდვა, ტაქიკარდია, ხუთვა, აირების დაგროვება ნაწლავებში, ძლიერი ოფლიანობა და ფაღარათის მწვავე ფორმა. დაავადებას ასევე ახასიათებს კუნთებისა და სახსრების ტკივილი და ნევროზი. ბრუცელოზიანი დედების შვილებს შეიძლება გამოყვეთ თანდაყოლილი სიმახინჯეები და ნერვულ-ფსიქოლოგიური აშლილობა. ზიანდება ელენთა, ღვიძლი, საშვილოსნო, სარძევე და სათესლე ჯირკვლები. ეს ფორმა შეიძლება მიმდინარეობდეს მცირედი გამოვლინებებით ერთი-ორი წელიც კი“.

 

მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონლიდან ადამიანზე გადამდები საშიში დაავადებაა ასევე ჯილეხი, ანუ ციმბირის წყლული. საქონლის სხეულში მოხვედრილი ჯილეხის ბაცილა იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ  ორ-სამ დღეში ან რამდენიმე საათში მას კლავს. ადამიანი ჯილეხით დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტით ან დაავადებული  საქონლის ხორცის მიღებით ავადდება. ასევე შეიძლება დაავადდეს საქონლის ტყავის ქურქისგანაც.

 

მიხეილ ჭიჭაყუა ჯილეხის გამოვლენის შემთხვევებში, ფერმერებს ურჩევს ვეტერინარებს მიმართონ, მოულოდნელად დავარდნილ საქონელს კი ხელით არ შეეხონ. სპეციალისტი აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ადგილი, სადაც ჯილეხით დაავადებული  ცხოველი ან მისი რომელიმე  ნაწილი მოხვდება, სათანადო დამუშავების გარეშე დაავადების კერად და ადამიანისთვის საშიშ ზონად მიიჩნევა. ჯილეხით დაღუპული საქონლის დამარხვა არ შეიძლება.


მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით, ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გრანტის ფარგლებში. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. სტატია არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციას. 


„უპრობლემო“ განათლების სისტემა

 

 

გიორგი ბაგრატიონი

 

ბუნებრივია შევცდი.. თუმცა აღმოჩნდა რომ ყოველთვის არსებობდა რაღაც ირიბი სადამსჯელო ქმედებები იმ სტუდენტების საწინააღმდეგოდ რომლებიც კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ. ამის არაერთი ფაქტი არსებობს..

 

ბუნებრივია რთულია ობიექტურად შეაფასო რეალობა როცა სისტემაში ხარ ჩაკეტილი და წარმოდგენა არ არსებობს იმისა რომ არსებობს სხვა, განსხვავებული რეალობაც, ის რეალობა რაც მე უნივერსიტეტში პირველად ვიხილე, რამაც ნამდვილად დამეხმარა რომ ობიექურად, ორმხრივად გამეაზრებინა რეალობა, ერთის მხრივ რეალბა რომელშიც მასწავლებლები, ლექტორები, ელიტები, პოლიტიკოსები და ა.შ წინასწარ შექმნილი ყალიბებით ცდილობენ შექმნან მომავალი, რადგან მათ უკეთ იციან რა არის საჭირო, რეალობა რომელიც ორიენტირებულია არა განვითარებაზე არამედ არსებულის შენარჩუნებაზე და მეორე მხრივ რეალობა რომელიც ეწინააღმდეგება პირველს, სადაც თავად ირჩევ და ქმნი მომავალს, ისეთს როგორიც მიგაჩნია იდეალურად და რომელიც ემყარება კონკრეტულ ღირებულებებს, სწორედ ეს დავინახე მე იმ დღის ქმედებაში. საკმაოდ დიდი დრო დავუთმე ამის გააზრებას (თუმცა ჯერ კიდევ უამრავი საკითხი არსებობს რომელიც გააზრებას საჭიროებს) და მეორე წელს უკვე თავად ვიდექი იმ სტუდენტების გვერდით რომლებიც ადმინისტრაციის ტკბილი და ლამაზი სიტყვების უკან უამრავ პრობლემას ხედავდა საგანმანათლებლო სივრცეში.

 

განათლების სისტემაში უამრავი პრობლემა არსებობს, რომელიც ხელს უშლის უნივერსიტეტის, მეცნიერების, სტუდენტის განვითარებას, რაც პირდაპირ ასახვას ჰპოვებს ქვეყბის განვითარებაზე, ვინაიდან ეს არის მისი წინაპირობა, სტუდენტი რომელსაც ექნება სწორი და ხარისხიანი განათლება, რომელსაც შეუძლია გააცნობიეროს, გაანალიზოს გარემო, რეალობა და შექმნას ან აირჩიოს ის რომელიც საუკეთესოა,  თუმცა როგორც ჩანს პოლიტიკისთვის განათლება არ არის პრიორიტეტი, რადგან მოკლევადიანი პერსპექტივით მათთვის საკმაოდ ძვირი და არა მომგებიანია.

 

მოკლედ სწორედ ამიტომ ვფიქრობ რომ უნდა გაგრძელდეს და უნდა გაძლიერდეს მსგავსი მიმართებები, მანამდე სანამ მიზანი არ იქნება მიღწეული (და ვფიქრობ ეს გრძელვადიანი პროცესი იქნება). სწორედ ამ მიდგომის შედეგად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორიგი სასწავლო წელი საპროტესტო მუხტით დაიწყება, ტკბილი და სასიამოვნო სიტყვების ფონზე.

 

რაც შეეხება მოთხოვნებს, როგორც უკვე ვახსენე უამრავი პრობლემა არსებობს მაგრამ არის უმთავრესი და მნიშვნელოვანი საკითხები რომლებიც სათავეში დგას.

 

– „პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება” რაც გულისხმობს იმას რომ უნივერსიტეტი უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც აუცილებელია დღევანდელი უნივერსიტეტისა და ზოგადად მეცნიერების განვითარებისათვის, ამასთანავე ეს შეამსუბუქებს სტუდენტების სოციალურ მდგომარეობას. დღეს უნივერსიტეტის ფინანსურ წყაროს წარმოადგენს სტუდენტების მიერ გადახდილი თანხა, რომელიც რეალურად სახელფასო წყაროს წარმოადგენს უნივერსიტეტისათვის, რაც იმას ნიშნავს რომ არ არსებობს სახსრები სამეცნიერო-კვლევითი პროგამების დასაფინანსებლად, არ არსებობს სახსრები ნორმალური, თანამედროვე ლაბორატორიების შესაძენად და კიდევ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საჭიროებების განსახორციელებლად, ამიტომ აუცილებელია უნივერსიტეტი დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და განათლება გახდეს პრიორიტეტი სახელმწიფო პოლიტიკაში

 _  „არა ნეოლიბერალური განათლების სისტემას” დღევანდელი განათლების სისტემა უკვე დაშორებულია რეალურ განათლების არსს, რაც გულისხმობს შემოქმედებითი პროცესების წარმოებას, გაცხოველებულ სამეცნერო კვლევა-ძიებას, საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების ანალიზს და მისი მოგვარების გზების ძიებას. იგი ორიენტირებულია რომ აწარმოოს დაკომპლექსებული, იაფფასიანი, ფუნქციური მუშახელი, რომელიც დასაქმდება ბაზარზე და ხელს შეუწყობს კაპიტალიზმის კვლავწარმოებას.რეალურად დღეს უნივერსიტეტები ვითარდება წმინდა საბაზრო ლოგიკით, ის დამოკიდებული ხდება ბაზრის მოთხოვნებზე, შესაბამისად ცოდნა, როგორც ნეიტრალური აღარ არსებობს. ერთგვარად უნივერსიტეტი გადაიქცა მწარმოებელ ქარხანად, რომელიც ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად აწარმოებს ფუნქციური მუშახელის მთელ ამალას, რაც ხელს უწყობს კდიევ უფრო გაძლიერება მორჩილებისა და კონტროლის საზოგადოებაზე, აქ კი ზედმეტია საუბარი უნივერსიტეტის იდეაზე და ზოგადად მეცნიერებაზე

 _ „ავტონომია უნივერსიტეტს”  იდეაში ყველა უნივერსიტეტი ავტონომიურია, მაგრამ როგორც ჩანს პოლიტიკოსებისათვის თუ სახელმწიფო სტრუქტურებისათვის დღემდე მიმზიდველია საუნივერსიტეტო პოლიტიკაში ჩარევა, დღეს უნივერსიტეტი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვერ იღებს უშიშროებისა თუ სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერებისგან დამოუკიდებლად, მიმდინარეობს მნუდმივი კონტროლი საუნივერსიტეტო საზოგადოებისა, რათა არ მოხდეს ის რაც მათ არ აწყობთ და ხშირ შემთხვევაში ის რაც მათ არ აწყობთ არის ის რაც უნდა იყოს და რაც სწორია, სტუდენტებს აქვთ უდიდესი ძალა მოახდინონ გავლენა საზოგადოებრივ მოვლენებზე და პროცესებზე, რისი პრეცედენტებიც არსებობს, ამიტომაც მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა იმ მიმართულებით რომ მოხდეს მსგავსი ძალების ჩამოშლა და სოციალური მოძრაობების ხელისშემშლელი პოლიტიკის გატარება, რასაც დღემდე ხელს უწყობდა როგორც ადმინისტრაცია, ასევე სტუდენტური თვითმმათველობა რომელიც თანამშრომლობდა გარე ძალებთან. ამიტომ კი აუცილებელია საუნივერსიტეტო სზოგადოებამ გააცნობიეროს თუ რა ღირებულებას წარმოადგენს უნვერსიტეტი და პრინციპულად დაიცვას ეს ღირებულება.

 

_ გარდა ამისა, არსებობს შედარებით ვიწრო, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ძირითადად შიდა საუნივერსიტეტო პრობლემას წარმოადგენს.. უხარისხო პროგრამები, ლექტორთა კვალიფიკაცია, მატერიალურ ტექნიკური ბაზა, გაბერილი კადრები და ასევე მნიშვნელოვანი პრობლემა, სისტემური რეფორმები რომელიც ორიენტირებულია არა იმაზე რომ პრობლემა მოაგვაროს, არამედ ფასადურად გადაფაროს არსებული პრობლემები, მაგალითად ახალი რეფორმა, ლექციებზე დასწრების აუცილებლობის შესახებ, რომელიც გვეუბნება რომ თუკი სტუდენტი არ დაესწრება ლექციების 2/3ს ის არ დაიშვება გამოცდაზე, ამ რეფორმის მიზანი კი თითქოს ის არის რომ აღმოფხვრას რეალური პრობლემა, რაც იმაში მდგომარეობს რომ სტუდენტები არ ესწრებიან ლექციებს.  რეალურად რეფორმა უუნაროა რადგან პრობლემის სათავე არ არის განსაზღვრული, რეფორმის კრიტიკა კი ორი მხრივ არის აუცილებელი.

 

სტუდენტების საპროტესტო აქცია


პირველი: რეფორმის დადგენის დროს არ არის გათვალისწინებული საზოგადოების სოციალური ფონი, რათქმაუნდა სტუდენტი უნდა ესწრებოდეს და ისმენდეს ლექციას, მაგრამ გვაქვს შემდეგი რეალობა, სტუდენტების ერთი ნაწილი, იმისათვის რომ ისწავლოს, (ან კიდევ უარესი, ოჯახი არჩინოს) მუშაობს და ამის გაკეთება სამწუხაროდ უხდება ლექციების ხარჯზე, ეს რეფორმა კი მათ საშუალებას არ აძლევს რომ საერთოდ ისწავლონ, ვინაიდან თუკი იმუშავებენ ისინი ვერ ისწავლიან და თუ არ იმუშავებენ მაინც ვერ ისწავლიან.


მეორე: პრობლემის სათავეს ის კი არ წარმოადგენს რომ სტუდენტები არ ესწრებიან ლექციებს, არამედ ის თუ რატომ არ ესწრებიან და ეს პრობლემა მრავალფეროვანია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გადის უინტერესო, არაფრისმომცემი და რეალობას მოწყვეტილ ლექციებზე, რომელზე დასწრებაც პირადად ჩემთვის დროის ფუჭი ხარჯვაა. ამიტომ პირველ რიგში აუცილებელია მოხდეს პრობლემის კვლევა რათა შემდეგ განისაზღვროს თუ რა სახის რეფორმა არის საჭირო ხარისხის ასამაღლებლად და სასწავლო პროცესის გასაჯანსაღებლად.


ეს არის განათლების სისტემაში არსებილი პრობლემების ნაწილი, რომელიც ხელს უშლის ხარისხიანი და თავისუფალი განათლების არსებობას, სწორედ ამიტომ აუცილებელია უფრო მეტი ქმედება და მეტი საუბარი მსგავს პრობლემებზე რათა კეთილი ნებით თუ არა, იძულების გძით მაინც მოხდეს მსგავსი პრობლემების დღის წესრიგში დაყენება და მათი მოგვარების გზების ძიება როგორც უნივერსიტეტის ასევე სახელმწოფოს მხრიდან

 

 

გსურთ მიიღოთ ყველაზე საიმედო და მომგებიანი პირობები დანაზოგზე?



წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა შეაჩეროთ თქვენი არჩევანი სწორედ ამ კომპანიაზე:

• MoneyMan-ი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ამჟამად 4 ქვეყანაში ოპერირებს და მისი პორტფელი რამდენიმე ასეული მილიონისგან შედგება. ეს, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საიმედოობას!

 

• MoneyMan-ი არის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სწრაფი ონლაინსესხების ბაზარზე.

 

• MoneyMan-ს უკვე მოზიდული აქვს 10 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია საერთაშორისო მასშტაბით.

 

• მაღალი პროცენტით ინვესტირება თქვენს დანაზოგს საგრძნობლად გაზრდის და მოგცემთ საშუალებას მიიღოთ შემოსავალი დამატებითი ძალისხმევის გარეშე!

 

• MoneyMan-ში ინვესტირება შეგიძლიათ სხვადასხვა ვალუტაში – ლარში, დოლარსა და ევროში.

 

• ინვესტიციაზე სარგებელს იღებთ ყოველთვიურად!

განაკვეთები შემდეგია:


 

 რა არის საჭირო იმისთის, რომ მიიღოთ ყველაზე მაღალი შემოსავალი ინვესტიციაზე?

• თქვენ, უბრალოდ, ირჩევთ სასურველ ვალუტას, ვადას და ავსებთ განაცხადს ვებგვერდზე https://investor.MoneyMan.ge/

 

• კომპანიის თანამშრომელი თავად დაგიკავშირდებათ, გაგაცნობთ დაწვრილებით პირობებს და გაგიფორმებთ ხელშეკრულებას.

 

• ამ ინვესტიციის სარგებელს მიიღებთ ყოველთვიურად.

ბათუმის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო

შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი სასწავლო წლის დაწყების ღონისძიებას ესწრებოდა  უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის რექტორი,  საზღვაო აკადემიის და ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორები, ქალაქის მერი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები.

უნივერსიტეტის ეზოში მოეწყო წიგნების გამოფენა-გაყიდვა და უნივერსიტეტის ერთ-ერთი გრანტის – „პონტოელი ბერძნები აჭარაში – წარსული და თანამედროვეობა“ –  ფარგლებში გადაღებული ფოტოების გამოფენა. პროექტს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეკანი მარინა გიორგაძე ხელმძღვანეობს.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტში დაინერგა ელექტრონული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საქმისწარმოების მობილობასა და ოპერატიულობას. სტუდენტები აკადემიურ და ფინანსურ რეგისტრაციას ელექტრონულად გაივლიან. ამოქმედდა სტუდენტთა შეფასების ახალი, მრავალკომპონენტიანი  წესი.

„2015-2016 სასწავლო წლიდან სტუდენტებს ემსახურება ახლხან შექმნილი საკონსულტაციო ცენტრი. დაარსდება ფსიქოლოგიური კლინიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიის ლაბორატორია. ინოვაციების სააგენტოს  დაფინანსებით 17 ოქტომბერს გაიხსნება ინოვაციების ლაბორატორია.

ახალი სასწავლო წლიდან დაწესდება შოთა რუსთაველის სახელობის, უნივერსიტეტის პირველი რექტორის – ხუსეინ ნაკაიძისა და გულო კაიკაციშვილის  სახელობის სტიპენდიები.  ამოქმედდა ოთხი ახალი, აკრედიტებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა: ეკოლოგია, ფილოსოფია, სოციოლოგია, ტურიზმი და დამატებითი (Minor) საგანმანათლებლო პროგრამა – დიგიტალური ჰუმანიტარია.

სიახლეებია უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების თვალსაზრისით. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტექნოლოგიური ფაკულტეტის შენობას, რემონტდება ხუთსართულიანი კორპუსის მეოთხე და მეხუთე სართულები, საერთო საცხოვრებელი, ქიმიის, ბიოლოგიის, მინერალოგიის ლაბორატორიები, სტომატოლოგიური კლინიკა და აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის შენობა“.

აჭარაში მცხოვრები პონტოელი ბერძნების ამსახველი ფოტოგამოფენა

პროექტის ფარგლებში აჭარაში მცხოვრები პონტოელი ბერძნების ცხოვრების ამსახველი ეპიზოდებია ასახული.

უნივერსიტეტის ეზოში მუსიკის მოყვარულთათვის თეთრი როიალიც იდგა.

წიგნების გამოფენა-გაყიდვა

 

როგორ უნდა დაიცვას შრომითი უფლებები დასაქმებულმა

 

ილია ვერძაძე

 

ბატონო ილია, რამდენად ხშირად არღვევენ დღეს დამსაქმებლები შრომით კოდექსს და რას იტყვით ბოლო შემთხვევაზე? სასტუმრო ინტურისტისხელმძღვანელების გადაწყვეტილებას ვგულისხმობ.

ახალი კანონმდებლობით, დასაქმებულის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან დათხოვნა დაუშვებელია. საქართველოს შრომის კოდექსი, რომელიც წინა ხელისუფლებამ 2006 წელს მიიღო, 2012 წლის არჩევნების შემდეგ შეიცვალა. სამწუხაროდ, რამდენიმე ცუდი ნორმა ჯერ ჯიდევ დარჩენილია, თუმცა ახალი კოდექსი ახსნა-განმარტების გარეშე პირის დათხოვნას არ უშვებს, სამსახურიდან დათხოვნას დასაბუთება სჭირდება. დროებით სამუშაოზე, კონკრეტული დავალებების შესრულებისთვის აყვანილი თანამშრომლის გათავისუფლება მარტივდება. არ ვიცი, რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. სავარაუდოდ, „ინტურისტში“ პირები გამოსაცდელი ვადით იყვნენ დასაქმებული. დეტალურად შეიძლება ვისაუბროთ იმ შემთხვევაში, თუ ვნახავთ ამ ადამიანების შრომით ხელშეკრულებას და მათთან გასაუბრებას მოვახერხებთ.

 

მაქსიმუმ რამდენი შეიძლება იყოს გამოსაცდელი ვადა, რას ამბობს კანონმდებლობა?

– ექვსი თვე და არ შეიძლება გამეორება. როცა ადამიანი გამოსაცდელი ვადითაა დასაქმებული, მისი გაშვების პროცედურა გამარტივებულია, ამ ვადის შემდეგ კი დასაქმებულის გაშვება დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს. ხშირად გათავისუფლების მიზეზად რეორგანიზაცია სახელდება. შრომის კოდექსში წერია, რომ რეორგანიზაციის მიზეზი შეიძლება გახდეს ეკონომიკური გარემოება, რაც იძულებულს ხდის დამსაქმებელს ასე მოიქცეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს დასამტკიცებელია. თუ აღმოჩნდება, რომ ადამიანები გაუშვეს და შემდეგ იმ ადგილზე სხვა აიყვანეს, მხარე სასამართლო პროცესს წააგებს.

 

რამდენად ხშირად მიდიან სასამართლოში სამსახურიდან დათხოვნილი ადამიანები იმის გასარკვევად, ხომ არ მოექცნენ მას უსამართლოდ?

– ძალიან ბევრი თავს იკავებს და ცდილობს პირადი კავშირებით მოაგვაროს პრობლემა, ეს არასწორი გზაა. პირის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საერთოდ რომ არ გაჩნდეს კითხვები, თუნდათ ის დროებით იყოს დასაქმებული, საჭიროა დასაქმებულს ჰქონდეს მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, რათა შეძლოს თავის დაცვა. ახლა ჩვენ ვიბრძვით სასამართლოში ჩინური კომპანიის წინააღმდეგ. შვიდთვიანი სასამართლო პროცესი მოგებით დავასრულეთ და მხარეს ნაცდურიც ავაღებინეთ. აღვადგინეთ უკანონოდ დათხოვნილი მძღოლები. მათი უფლებები დაიცვა პროფკავშირმა. თუ ინტურისტებიდან დათხოვნილები მოგვმართავენ, ჩვენ ვნახავთ მათ კონტრაქტებს და თუ აღმოჩნდება, რომ კანონი დარღვეულია, დავიცავთ მათ უფლებებს. პროფკავშირებში ამ ადამიანების განათლებაზეც ვზრუნავთ, პროფკავშირი მხოლოდ საგზურები და მატერიალური დახმარება არ არის. ვცდილობთ ძველი სტიგმა დავანგრიოთ. ჩვენი წევრები მიმართავენ სასამართლოს, მათ იციან, როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები. თუ უფლებების დარღვევა დადასტურდა, რა თქმა უნდა, სამსახურში აღდგენა ხდება. არის შემთხვევები, როცა სასამართლომ არამხოლოდ აღადგინა, არამედ ნაცდურიც აუნაზ ღაურა. პირველი და უმთავრესი არის ადამიანების შინაგანი რწმენა და მათი მოქალაქეობრივი პოზიცია. სანამ ჩვენ ვერ მივხვდებით, რომ გვჭირდება პროფესიული კავშირები, თვითორგანიზება სამუშაო ადგილებზე, ჩვენი უფლებების დაცვა, რაც მუდმივი პროცესია, ცივილიზებული საზოგადოება არ შეიქმნება, სამართლებრივი და მორალური თვალსაზრისით არანაირი შედეგი არ დადგება, ამ ქვეყანას, ამ საზოგადოებას წინსვლა არ ექნება.

 

 

სასაკლაოები აჭარაში

 

სასაკლაო ხულოში

 

აჭარაში რეგისტრირებული ოთხი სასაკლაოდან ხორცის ხარისხის დამადასტურებელ ფორმა #2-ს ამ დროისთვის სამი სასაკლაო გასცემს: ხელვაჩაურში – შპს „მეათ კომბინატი“, ქობულეთში – „ნესრეთ ჯორჯია კომბინატი“ და შუახევში – ინდმეწარმე ივერი ზოიძე. რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში არსებულ სასაკლაოს, ამ დროისთვის აქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. შპს „ორი გიოს“ მფლობელი თემურ ბერიძე ამბობს, რომ საწარმოში HACCP სტანდარტი დაინერგა და ექსპლუატაციაში რამდენიმე დღეში შევა.

 

ვიდრე სასაკლაო მუშაობას განაახლებს, ადგილობრივი მოსახლეობა მის დახურვას ან სხვა ადგილზე გადატანას ითხოვს. მათი თქმით, სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე სასაკლაოდან საქონლის სისხლი და გამოუყენებელი შიგთავსი სოფლის მდინარეში ხვდებოდა. მოსახლეობის პრეტენზიებს არ ეთანხმება თემურ ბერიძე. ის ამბობს, რომ უკამყოფილო მხოლოდ ე.წ. ხორცით მოვაჭრეები არიან და სასაკლაო ყველა საჭირო ნორმას აკმაყოფილებდა. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინასებით, მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის ფარგლებში სასაკლაოში ჰასპის სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. სარემონტო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ვფიქრობთ, მომავალი კვირიდან დავიწყებთ მუშაობას. საწარმო 2013 წელს გაიხსნა და კანონის შესაბამისად იკვლებოდა აქ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. რაც შეეხება ბრალდებას, უსაფუძვლოა, ეს მხოლოდ ორი ადამიანის ე.წ. მოვაჭრეების მოთხოვნა იყო, რომლებიც ხორცის წარმოებაზე მუშაობდნენ და სასაკლაოს გახსნამდე ღია ბუნებაში კლავდნენ საქონელს. რაც შეეხება ნარჩენებს, სპეციალურად შემოღობილ ორმოში თავსდებოდა ის, იყო აგრეთვე სისხლის აუზები, სადაც ხდებოდა გაფილტვრა. ახლა უფრო მაღალი სტანდარტებით დავიწყებთ მუშაობას, გაკეთდა „ბეკერის“ ორმოები, სადაც ნარჩენების გაუვნებელყოფა მოხდება. გარდა იმისა, რომ დაიკვლება საქონელი, გვაქვს სპეციალური სათავსოები, სადაც შესაძლებელია ძვლის გაცვლა და დაკვეთის შემთხვევაში შეფუთვა-ეტიკეტირება“, – ამბობს თემურ ბერიძე.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტის ია მჟავანაძის თქმით, ღორჯომში არსებული სასაკლაო სტანდარტებს აკმაყოფილებდა და დასძენს, რომ მოსახლეობის განაცხადი სასაკლაოს დახურვის მოთხოვნით მათთან არ შესულა. „ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული სასაკლაო ერთადერთი იქნება აჭარაში, რომელიც HACCP სტანდარტს დააკმაყოფილებს. რაც შეეხება რემონტის დაწყებამდე არსებულ მდგომარებას, სრულიად აკმაყოფილებდა ქვეყანაში არსებულ მოთხოვნას, არც საქონლის სისხლი იღვრებოდა მდინარეში და არც გამოუყენებელი შიგთავსი. არც ერთ სასაკლაოზე არ არის ისეთი ვითარება, რომ სასაკლაომ ვერ იფუნქციონიროს, შესაძლოა რაიმე სახის ცდომილება გამოვლინდეს რომელიმე სასაკლაოზე, მაგრამ ეს უმნიშვნელო და გამოსწორებადია. საქონლის სისხლი და გამოუყენებელი ნაწილები ბუნებაში არ უნდა მოხვდეს, არც ერთ სასაკლაოზე არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა,“ – ამბობს სააგენტოს სპეციალისტი.

 

ია მჟავანაძე განმარტავს, რომ საქონლის სასაკლაოზე დაკვლის წესსა და სასაკლაოს მოთხოვნებს საქართველოს მთავრობის #55 დადგენილება არეგულირებს. იმ შემთხვევაში, თუ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები არ შესრულდება და ხორცი გასაყიდად დახლებზე ფორმა #2-ის გარეშე მოხვდება, შესაბამისი საჯარიმო სანქციები გატარდება. „ყოველთვიურად ვამოწმებთ სასაკლაოებს როგორც გეგმიურად, ასევე არაგეგმიურად, შემოწმებასთან დაკავშირებით ინფორმაციას სასაკლაოებში წინასწარ არ ფლობენ, ჩვენ მათ არ ვაფრთხილებთ და მოულოდნელად შევდივართ შემოწმებაზე. ბევრი მოთხოვნა აქვს სასაკლაოს, ფორმა #2 აღრიცხვის ჟურნალი უნდა იყოს გახსნილი და ყოველდღიურად ივსებოდეს ინფორმაცია,რა  დაავადებები გამოვლინდა, ტემპერატურას უნდა აკონტროლებდნენ, ამის შესახებაც უნდა გაკეთდეს ჩანაწერები. ასევე არის სადეზინფექციო აღრიცხვის ჟურნალი, უნდა იყოს მითითებული რა ხსნარით ხდება დეზინფექცია, რა ინტერვალით, რა დეზობარიერი გააჩნიათ სასაკლაოს შესასვლელში. მოთხოვნაში ბევრი ჩამონათვალია, დღის სრულყოფილი მუშაობის ამსახველი ჩანაწერები უნდა ჰქონდეთ აუცილებლად, ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს ხორცის ხარისხზე, მაგალითად, ტემპერატურული რეჟიმი ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული დარღვევები აღმოგვეჩინოს, შესაძლებელია იყოს უზუსტობა, რაზეც მითითებას ვაძლევთ და შემდეგ ვამოწმებთ, რამდენად ასრულებენ ჩვენს მითითებას. მონიტორინგთან ერთად ვეტერინარებს ტრენინგებსაც ვუტარებთ,“ – ამბობს ია მჟავანაძე.

 

ხორცის ხარისხთან დაკავშირებით პრობლემებმა თავი იჩინა საკურორტო სეზონზე, მაგალითად კურორტ ბეშუმში. მაგრამ, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსმა, ილია სირაბიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, მათ კატეგორიულად აკრძალეს „ადგილზე დაკლულიყო საქონელი და არც არანაირი ფორმა გაიცემოდა“: „სასაკლაოს ბეშუმში არ უფუნქციონირია და არც არსებობს. ჩვენი სამსახური ინსპექტირებას, მონიტორინგს და სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ხორცსა და ხორცპროდუქტებზე, გვყავს როგორც ინსპექტორები, რომლებიც გეგმიურ ინსპექტირებას ატარებენ, ასევე მონიტორინგის ხუთწევრიანი ჯგუფი“.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სააგენტომ წელს, შვიდი თვის განმავლობაში, გეგმიური ინსპექტირება 141, ხოლო არაგეგმიურად 54 ობიექტში განახორციელა. შეადგინეს 42 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, 13 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და თითოეული 1000 ლარით დაჯარიმდა, 24 ბიზნესოპერატორი 400 ლარით, ხოლო ერთი ბიზნესოპერატორი 1200 ლარით დაჯარიმდა.




ბრალდებული სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა

მოსამართლე ბეჟანიშვილმა თქვა, რომ საეჭვოა, როცა უკვე მეორედ, სწორედ იმ დღეს, როცა სასამართლო პროცესია ჩანიშნული, ბრალდებულს სჭირდება ექიმების დახმარება „ჰაერის უკმარისობის გამო“: „ეჭვქვეშ არ ვაყენებ ამ ცნობას, მაგრამ უფრო ნათელი სურათი რომ გვქონდეს, შემდეგ სასამართლო პროცესზე იქნებ წარმოადგინოთ ბრალდებულის სამედიცინო ცნობა საავადმყოფოდან“.

ადვოკატმა თქვა, რომ ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას საავადმყოფოდან სასამართლოს მომდევნო სხდომაზე მიიტანს.

ბრალდებულის გამოუცხადებლობის გამო სასამართლო პროცესი 7 ოქტომბრისთვის გადაიდო. ადვოკატის შუამდგომლობას პროკურორი დავით კირჩხელიც დაეთანხმა.

4 გამამართლებელი განაჩენი 8 თვეში – სისხლის სამართლის საქმეების სტატისტიკა ბათუმში

საგამოძიებო ორგანოდან შესულია შუამდგომლობები 1125 საქმეზე, მათ შორის:

შუამდგომლობა პირის დაკავებაზე შევიდა – 212; დაკმაყოფილდა – 179; ქონებაზე ყადაღის დადება – 147; დაკმაყოფილდა – 138; სხვა სახის შუამდგომლობები – 71; დაკმაყოფილდა – 65; შუამდგომლობა ამოღებაზე შესულია 68-ჯერ, დაკმაყოფილდა – 56; შუამდგომლობა ჩხრეკაზე – 532, დაკმაყოფილდა – 242; შუამდგომლობა საგამოძიებო ექსპერიმენტზე სამართალდამცავებმა მოითხოვეს ორჯერ, დაკმაყოფილდა ორივე. პირის   სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებაზე სულ 8 შუამდგომლობა იყო და დაკმაყოფილდა – 7; ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენებაზე შევიდა 2 შუამდგლომლობა, დაკმაყოფილდა – 2; საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება – 3; დაკმაყოფილდა – 3; სხვა საგამოძიებო მოქმედებებზე 80 შუამდგომლობა შევიდა, დაკმაყოფილდა – 68;

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განხილულია 1091 შუამდგომლობა, მათ შორის:

პატიმრობა – 465 შუამდგომლობა, დაკმაყოფილდა – 217; გირაოზე – 549 შუამდგომლობა, დაკმაყოფილდა – 192; გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შესულია 75 შუამდგომლობა, დაკმაყოფილდა  68 შუამდგომლობა.

ქართული მედიის პრობლემები და გამოწვევები – დისკუსია

 

 თავის მოხსენებაში ზვიად ქორიძე განიხილავს, თუ რა შეიცვალა მედიაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. დისკუსიის ორგანიზატორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

 

დისკუსია, 27.09.2015 [თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ფოტოები]

 

 

 

 

 

„ჭაობში“ ქუჩების რეაბილიტაციას 3 წელი და 20 მილიონი ლარი დასჭირდება

 

მერიის ინფორმაციით, დაგეგმილია 9 მარტის, ბერიძის, დემეტრე თავდადებულის, გრიბოედოვის, ჰ. აბაშიძის,  იმედაშვილის [შესახვევით], ჯავახიშვილის, კალიევის, კანდელაკის, ლერმონტოვის,  ლორიას, ლუკა ასათიანის, მერკვილაძის, ფალავანდიშვილის, პუშკინის, [ასევე  პუშკინისა და ტბელ აბუსერიძის დამაკავშირებელი ახალი ქუჩის], სამხრეთის, შავშეთის, შევჩენკოს, სულაბერიძის, თაყაიშვილის, ვაჟა-ფშაველას, წერეთლისა და ს. ხიმშიაშვილის ქუჩების გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების რეაბილიტაცია;

 

ასევე დაგეგმილია, 9 მარტის, 26 მაისის, ბერიძის, დემეტრე თავდადებულის, იმედაშვილის, კალიევის, ლუკა ასათიანის, მერკვილაძის, ფალავანდიშვილის, პუშკინის [მელიქიშვილის ქუჩიდან შავშეთის ქუჩამდე], სამხრეთის, შევჩენკოს, სულაბერიძის, ვაჟა-ფშაველას, წერეთელის, ლერმონტოვის, თაყაიშვილის, ს. ხიმშიაშვილის, პუშკინის [მელიქიშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე] ქუჩების სანიაღვრე სისტემების მოწყობა.

 

რეაბილიტაციის მე-3 ფაზის სამუშაოები [ფოტო ბათუმელების არქივიდან]

 

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, „სანიაღვრე სისტემების მოსაწყობი უბნები მდებარეობს ე.წ. ,,ჭაობის უბანში“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სიძველისა და მრავალი დაზიანებული კერების არსებობის გამო სისტემა გამართულად არ ფუნქციონირებს. პროექტი ითვალისწინებს გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე გამოსაყენებლად ვარგისი სანიაღვრე არხების გაწმენდას და ახალი, დახურული სანიაღვრე სისტემის მოწყობას. სანიაღვრე სისტემის ძირითად მაგისტრალად გამოყენებული უნდა იყოს პლასტმასის სქელკედლიანი მილები. სამუშაოების წარმოება უნდა განხორციელდეს მონაკვეთებად და უნდა მოხდეს ქუჩის ზოლის ნაწილობრივი გადაკეტვა.

 

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, ქვეკონტრაქტორ(ებ)თან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ბოლო 3 წლის განმავლობაში (2012, 2013, 2014) და 2015 წლის პირველ ოქტომბრამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 35 000 000 ლარის ოდენობით.

 

 

ტენდერში წინადადებების მიღება 2015 წლის 15 ოქტომბერს დაიწყება და 20 ოქტომბერს დასრულდება. სამუშაოების სრული შესრულება კი უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 1080 კალენდარული დღის [თითქმის 3 წლის] განმავლობაში;

 

სამუშაოთა წარმოება უნდა განხორციელდეს ქ. ბათუმის მუნიციპალური ინფრა სტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მე-3 ფაზის ფარგლებში მიმდინარე წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოების პარალელურად, აღნიშნულ სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დათვალიერების აქტის შემდგომ, რის შესახებ მერია კონტრაქტორ კომპანიას აცნობებს წერილობით;

 

ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელს უნდა შეეძლოს სამუშაოების დაწყება ერთდროულად მინიმუმ სამ ობიექტზე შემსყიდველის მხრიდან წერილობითი შეტყობინების მიღებიდან“.

 

 

ვის ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოსთვის ჯერჯერობით არც ერთ იმ ბრალდებულს არ მიუმართავს, რომელსაც თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მსგავსად, აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობაში ცხრა თვეზე მეტ ხანს იმყოფება. “ბათუმელებმა~ მთავარ პროკურატურას ჰკითხა – სულ რამდენი ბრალდებულია ქვეყანაში, რომელთაც პატიმრობაში მყოფთ, აღკვეთის სახით, ისევ პატიმრობა აქვთ შეფარდებული? პროკურატურას კითხვაზე პასუხი ჯერ არ გაუცია.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომელიც პატიმრობის ნორმებს არეგულირებს, შეეხება ძალიან ფართო პირთა წრეს – ყველა იმ ბრალდებულს, რომელთა მიმართ ცხრა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, არ დამდგარა განაჩენი და ისევ იმყოფება აღკვეთი ღონისძიების ქვეშ:

 

“პროკურატურას აღარ ექნება ბერკეტი, გაახანგრძლივოს მათი პატიმრობა. პროკურატურას აღარც იმის ცდუნება გაუჩნდება, ბრალდებული დიდხანს ჰყავდეს პატიმრობაში. პროკურატურა განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდება სისხლის სამართლებრივი დევნისა და დაპატიმრების საკითხებს, აღარ მოახდენს სათუო დანაშაულში პირის ბრალდებას იმ იმედით, რომ თუ, მაგალითად, ცხრა თვის განმავლობაში ვერ დაუმტკიცა ბრალი, სხვა ახალ ბრალდებას წაუყენებს და ამით გაახანგრძლივებს მის პატიმრობას. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით მაღალ დონეზე აიწევს ადამიანის უფლებების – კერძოდ კი ადამიანის თავისუფლების დაცვა”.

 

არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წელს მათი სარჩელი რომ დაეკმაყოფილებინა, 12 წლის განმავლობაში უფრო მეტად იქნებოდა ადამიანის უფლებები დაცული. იურისტის შეფასებით, საერთო სასამართლოებმა საკუთარი ინიციატივით უნდა დაიწყონ საქმეების დაუყოვნებლივ გადასინჯვა და გაათავისუფლონ ყველა ის პატიმარი, ვისაც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გასული კვირის გადაწყვეტილება:

 

“მხარეებმა კი უნდა მოითხოვონ, მაგრამ ახალი გარემოების გამო სასამართლო ვალდებულია საკუთარი ინიციატივითაც რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს უკანონო პატიმრობა“.

 

არჩილ ჩოფიკაშვილი იხსენებს 2003 წელს, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე” მუხლი, სახალხო დამცველი და საია საკონსტიტუციო სასამართლოში ზუსტად იმ ნორმას ასაჩივრებდნენ, რაც ახლა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ გაასაჩივრა: “ეს იყო საქმე ბერიაშვილი და ჯიმშერიშვილი პარლამენტის წინააღმდეგ”. 2003 წელს დავის ერთ-ერთი საგანი იყო ბრალდებულის პატიმრობა 9 თვეზე მეტ ხანს. მაშინდელი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, წინასწარი გამოძიების დასრულდებამდე ითვლებოდა ცხრათვიანი ვადა, ანუ საქმის სასამართლოში გადაცემამდე. სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ აითვლებოდა ახალი ვადები.

 

ჩვენ მაშინაც ვასაბუთებდით, რომ ცხრათვიანი ვადა მოიცავს ვადას დაკავებიდან განაჩენამდე, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლომ გააკეთა არასწორი განმარტება – თქვა, რომ ცხრა თვე ეს არის ბრალდებულის პატიმრობის ვადა სასამართლოში საქმის გადაგზავნამდე, რაც, რა თქმა უნდა, არაკონსტიტუციური იყო. 16 სექტემბრის გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მაშინდელი განმარტებები იყო არასწორი. ამ გადაწყვეტილებით ითქვა, რომ მაშინ ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო“. 

 

არჩილ ჩოფიკაშვილის შეფასებით, 2012 წლის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ მიდგომები შეცვალა: “2012 წლამდე საკონსტიტუციო სასამართლო ამბობდა, რომ ამ ნორმას პრობლემა არ აქვს. სინამდვილეში კი ყველაფერი მიდიოდა თვითდინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეცვლილი აქვს მიდგომები და ჩემი შეფასებით ის აღარ განიცდის ხელისუფლების ზეწოლას”.  

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები

 

გიორგი გოცირიძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტია. მისმა ორგანიზაციამ გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს რეკომენდაციები გაუგზავნა. საიას იურისტი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა სარეზოლუციო ნაწილში მისი ორგანიზაციის რეკომენდაციები გაიზიარეს.

 

გიორგი გოცირიძის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა ორი კრიტერიუმი, როდესაც ცხრა თვეზე მეტ ხანს წინასწარ პატიმრობაში ყოფნა ჩაითვლება კონსტიტუციის მე-18 მუხლის მეორე პუნქტის დარღვევად. მაგალითად, დააკავეს X-პირი ქურდობის გამო და შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა, ამ დროს პროკურატურისთვის ასევე ცნობილია, რომ X-მა ჩაიდინა მკვლელობა, მაგრამ არ მოითხოვეს მისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა. გავიდა ცხრათვიანი პატიმრობის ვადა, რომელიც X-ს ქურდობის გამო ჰქონდა შეფარდებული. სასამართლომ არ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი ქურდობის ნაწილში, პროკურატურა X-პირს ცხრათვიანი ვადის გასვლის შემდეგ უყენებს მკვლელობის ბრალდებას და მიმართავს სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. – პროკურორი ითხოვს საპატიმრო ვადის კიდევ ორი თვით გაგრძელებას, ანუ წინასწარი პატიმრობის 11-თვემდე გაგრძელებას”.

გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ სწორედ ეს სცენარი ცნო საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად.

 

როცა X-ი დააკავეს ქურდობის გამო, მაგრამ სწორედ მეცხრე თვეს გახდა პროკურატურისთვის ცნობილი, რომ ადრე ჩადენილი აქვს მკვლელობა, ანუ მანამდე ეს ინფორმაცია არ იყო პროკურორისთვის ცნობილი – ასეთი სცენარი საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია კონსტიტუციურად.

 

ვინ და როგორ ადგენს, პროკურატურას ჰქონდა თუ არა X-ის შემთხვევაში მკვლელობის შესახებ ინფორმაცია მეცხრე თვემდე? გიორგი გოცირიძე პასუხობს, რომ ამის გარკვევა ადვილია, მაგალითად გიგი უგულავას საქმე მოჰყავს: “რიყის პარკის საქმე, რომლის გამოც უგულავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული და ტელეკომპანია “იმედი” – ორივე ფაქტი პროკურატურისთვის იყო ცნობილი – ეს დასტურდება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის დადგენილებიდან, რომელიც ერთი წლის წინ იყო მიღებული. ჯერ ორივე ფაქტი ფიგურირებდა, შემდეგ პროკურატურამ “იმედის” საქმე ცალკე გამოყო – რიყის პარკთან ერთად უგულავამ სავარაუდოდ ტელევიზია უკანონოდ მიითვისაო – ეს ფაქტები ცნობილი რომ იყო პროკურორისთვის, ჩანდა პროკურატურის დადგენილებიდანვე. ნათელია, რომ პროკურატურა ხელოვნურად აჭიანურებდა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას… ასეთი ფაქტები ადვილი დასამტკიცებელია. ამის დასამტკიცებლად ასევე გამოდგება პროკურატურაში შეტანილი განცხადების თარიღები, სადაც მოქალაქეები ჩივიან მკვლელობის ან ქურდობის შესახებ”.

 

კიდევ ერთი სცენარი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გიგი უგულავას მსგავსად არ ეხება სხვა ბრალდებულებს, ასეთია: მაგალითად, ადამიანს აღკვეთი ღონისძიების სახით ქურდობის გამო ცხრათვიანი პატიმრობა შეუფარდეს, მაგრამ საპატიმრო დაწესებულებაში მკვლელობა ჩაიდინა მეცხრე თვეს. ასეთ დროს მისი საპატიმრო ვადა გაგრძელდება ცხრა თვეზე უფრო მეტ ხანს და ეს არ იქნება არაკონსტიტუციური.

 

გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აგებულია იმაზე, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებს პროკურატურა თავის ვალდებულებას, რამდენად დროულად ატარებს საქმეზე წინასაგამოძიებო მოქმედებებს. თუ დადგინდა, რომ პროკურატურა აჭიანურებს გამოძიებას, არასაპატიო, არაობიექტური მიზეზით, ასეთ შემთხვევაში ცხრა თვეზე მეტ ხანს პატიმრობის გაგრძელება არაკოსტიტუციურია. ეს არის კრიტერიუმი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, კონკრეტულ შემთხვევებთან შეფარდება კი უკვე არის საერთო სასამართლოს კომპეტენცია. ანუ თუ ბრალდებული ფიქრობს, რომ მას ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, გიგი უგულავას მსგავსად, უნდა მიმართოს საერთო სასამართლოებს.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გასული კვირის გადაწყვეტილება არ ეხება იმ ადამიანებს, ვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოებმა განაჩენი უკვე გამოუტანეს.

ციხისძირი, პეტრას ციხე [ფოტო]

პეტრას ციხე [თედო ჯორბენაძის ფოტოები]


 

ციხისძირში, პეტრას ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 318 433 ლარია. პირველ ეტაპზე  ციხის რეაბილიტაცია განხორციელდება, ხოლო შემდეგ ეტაპზე გაკეთდება მისასვლელი გზები, ბილიკები, საექსპოზიციო ნაგებობები, ბანერებისა და თვალსაჩინო მასალების განთავსების ადგილები.

„ჰიტ ბათუმის“ შედეგები

 

 


ბატონო კახა, რა იყო „ჰიტ ბათუმის“ ძლიერი და სუსტი მხარე?

 პროგრამული ნაწილის თაობაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან ჩვენ კომუნიკაციების კუთხით ვიყავით ჩართული და დიდად არც მე ვიყავი ამ რაღაცების მაყურებელი, არ ვიყავი ბათუმში. კომუნიკაციურ საკითხს რაც შეეხება, აქ პრობლემა იყო იმაში, რომ საკმაოდ გვიან დაიწყო პროგრამაზე მუშაობა და უკეთესი პიარკამპანიის დასაგეგმად ცოტა დრო გვქონდა. რესურსებიც არ იყო კომუნიკაციისთვის საკმარისი, რადგან არ გვქონდა მასობრივი რეკლამის საშუალება.

 

დოკუმენტის მიხედვით, ჯეპრამ 300 ათასი ლარი მიიღო ამ პროექტის გაპიარებისთვის, ფიქრობთ, რომ ეს თანხა საკმარისი არ იყო?

 70 ათასი ლარი იყო ჩვენი ჰონორარი და 194 ათასი ლარი იყო კომუნიკაციის ბიუჯეტი, საიდანაც ტექნიკურ საქმიანობაზე (ფოტო-ვიდეოარქივიზაციაზე) დაიხარჯა 50 ათასი ლარი. რეალურად, სარეკლამო ბიუჯეტი არ გვქონდა, რადგან სატელევიზიო რეკლამის ბიუჯეტი 50 ათასი ლარი იყო, რაც ძალიან მწირია და ეკონომპაკეტების გამოყენება მოგვიხდა. ამაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დაგვეხმარა, რომლებმაც რადიოში, რეგიონალურ მედიაში რეკლამისა და ავტობუსებზე ბილბორდების განთავსება საკუთარ თავზე აიღეს. ყოველ დღე რაღაც რომ ხდება და ფართო აუდიტორია რომ გინდა მოიცვა, ამას უფრო დიდი რესურსი სჭირდება.

 

როცა ბათუმის მერიამ სამი მილიონი ლარი გამოყო ამ ფესტივალისთვის, ითქვა, რომ ეს იყო ტურისტების მოსაზიდად გამიზნული პროექტი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ ტიპის ფესტივალი მოიზიდავს ტურისტს?

 რა თქმა უნდა. ჩვენი ამოცანაც ეგ იყო, რომ შიდა ტურიზმის წახალისებაზე გაგვეკეთებინა აქცენტი.

 

თქვენ თქვით, რომ ვერ ახერხებდით „ჰიტ ბათუმის“ ღონისძიებებზე დასწრებას. ტურისტის პოზიციიდან რომ შევხედოთ, პირადად თქვენ რომელი კონცერტისთვის აიღებდით ბილეთს და ჩამოხვიდოდით საგანგებოდ ამისთვის ბათუმში?

მე არ ვიყავი იმ პერიოდში საქართველოში, თუმცა ძალიან მინდოდა ქუჩის თეატრებსა და ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ჩამოსვლა.

 

იყო კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ პროგრამაში ნაკლებად ცნობილი მუსიკოსები თუ ჯგუფები გაცილებით მეტად იყვნენ ჩართული, ვიდრე ცნობილი. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

 ვფიქრობ, ეს მცდარი შეფასებაა, რადგან არც ერთი ასეთი შეფასების უკან მე რაციონალური არგუმენტაცია არ მომისმენია. ვიღაც თუ ფიქრობს, რომ რაღაც არ იყო მომხიბვლელი მისთვის, ეს მისი პირადი აზრია. თუ რაიმე მონაცემებს დაუდებს ამ ყველაფერს საფუძვლად, მაშინ გასაგები იქნება არგუმენტაცია.

 

მაგალითად, ტურიზმის ერთ-ერთმა სპეციალისტმა `ბათუმელებთან~ `ჰიტ ბათუმის~ შეფასებისას გაიხსენა ბრიტანელი მუსიკოსის როჯერ უოტერსის სტამბულში გამართული კონცერტი, სადაც მარტო საქართველოდან 1500-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა სპეციალურად ამ კონცერტისთვის…

ესეც ძალიან ზერელე შეფასებაა, რადგან ჯერ ერთი, ამ პროექტს ჰქონდა სხვა ამოცანა, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ, პირველ რიგში, უკვე ჩამოსული ტურისტებისთვის დაეტოვებინათ შესაბამისი განცდა ბათუმთან დაკავშირებით, რომ მათ დაემახსოვრებინათ „ჰიტ ბათუმი“, რომ „აქ ყოველდღე რაღაც ხდება“, რომ ბათუმი არ არის მხოლოდ საზღვაო კურორტი და შეგიძლია ყოველ დღე რაღაც ტიპის ღონისძიების მონაწილე გახდე. ეს იყო მთავარი კონცეფცია. ეს იყო საპილოტე პროექტი, რომელიც ყოველ წელს ტრანსფორმირდება. ტურისტული ადგილების გლობალური კონკურენციის ფონზე, რაღაც განსაკუთრებული თუ არ შესთავაზე ტურისტს, ძალიან რთულია კონკურენციაში ჩაბმა.

 

ყოველდღე რაღაც რომ მოხდეს, ამისთვის როგორც მერიას, ასევე ტურიზმის დეპარტამენტს აქვს ცალკე ბიუჯეტი ღონისძიებებისთვის. ბათუმში იმართება კინოფესტივალი, ჯაზფესტივალი, მუსიკის ფესტივალი. შეიძლებოდა თუ არა სამი მილიონი ლარით უფრო მეტი ეფექტის მიღება?

 ეს არის პროგრამული ნაწილი, რომელიც ჩვენ არ გვეხებოდა. ჩვენ ზოგადი იდეის კომუნიკაციას ვახდენდით. ინტერნეტაქტივობების, მედიაგაშუქების თვალსაზრისით ჩვენ კარგი შედეგი გვქონდა. ათასზე მეტი მედიაგაშუქება ჰქონდა პროექტს, 27 ათასამდე ავიდა ფეისბუქის ლაიქების რაოდენობა და ნახვებმა სოციალურ ქსელში მილიონს გადააჭარბა. სხვანაირად როგორ უნდა შეაფასო კარგი იყო თუ ცუდი. მომავალი წლისთვის ბევრი რამ დაიტესტა და შემდეგ უკეთესი გაკეთდება. ჩვენ ძალით ვერ მივიყვანდით ადამიანებს კონცერტზე.

 

 საუბარი იყო იმაზეც, რომ აგვისტოში ბათუმს ისედაც არ აკლია ტურისტი და უკეთესი იქნებოდა ფესტივალის სხვა ფორმატში გადატანა, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

 მე არ ვარ ტურიზმის სპეციალისტი, მაგრამ არა მგონია ეს სწორი მიდგომა იყოს. ყველაზე მაღალი ტურისტული პოტენციალი ბათუმს აქვს ზაფხულში და სექტემბერში ან ოქტომბერში რაც არ უნდა გააკეთო, ყოველდღიური ჩამომსვლელი არ გეყოლება. მომავალში უნდა შეიცვალოს დღეების ხანგრძლივობა და აქცენტი გაკეთდეს სამ დღეზე – პარასკევი, შაბათი და კვირა. უფრო ხარისხიანი შემსრულებლებით უნდა დაიტვირთოს ეს დღეები. ყოველდღე ამის გაკეთება მართლა ძალიან რთული იქნება. ვფიქრობ, ეს შეიცვლება. გარდა ამისა, პროგრამაზე მუშაობაც გაცილებით ადრე უნდა დაიწყოს.

აჟიოტაჟი არარსებული სახელმძღვანელოს გამო

 

 

გიორგი გახელაძე/განათლების სპეციალისტი

 

როგორც საქართველოს განათლების სამინისტროში განაცხადეს, ახალი სახელმძღვანელო კონკურსის წესით უნდა შემუშავდეს, მხოლოდ ამის შემდეგ მიანიჭებს მას განათლების სამინისტრო გრიფს და შევა ეროვნულ სასწავლო გეგმაში.

 

სოციალურ მედიაში და სხვადასხვა სატელევიზიო სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ ახალი საგნის საპილოტე სწავლება მიმდინარე წელს მე-3 და მე-4 კლასებში უნდა დაწყებულიყო, რასაც განათლების სამინისტროში არ ადასტურებენ.

 

„წელს ნამდვილად არ იგეგმება ამ საგნის სკოლაში შეტანა, რადგან სახელმძღვანელო ჯერ არ არსებობს. შესაძლებელია ვერც მომავალი წლისთვის მოესწროს, რადგან სახელმძღვანელოს შედგენაზე უნდა გამოცხადდეს კონკურსი, შემდეგ საჭიროა პედაგოგების გადამზადება“, –  უთხრა „ბათუმელებს“ სამინისტროს წარმომადგენელმა ლალი როსტომაშვილმა.

 

ახალი სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსია, რომელიც საქართველოს განათლების სამინისტრომ მოგვაწოდა, შემუშავებულია საგნობრივი ექსპერტების მიერ. პროცესში ჩართულნი არიან: გაეროს მოსახლეობის ფონდი – ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით, გაეროს ქალთა ფონდი – ადამიანის უფლებების დაცვის და გენდერის მიმართულებით, ისტორიისა და გეოგრაფიის ასოციაციების წარმომადგენლები, PH Iნტერნატიონალ-ი, მოწვეული ექსპერტები და საქართველოს საპატრიარქო. სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტის მიხედვით, სამოქმედო გეგმა არაერთხელ განიხილეს როგორც დაწყებითი საფეხურების, ასევე სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

 

ახალი საგნის სკოლაში შეტანის შემთხვევაში, მის სწაველბას კვირაში ორი საათი დაეთმობა. სამუშაო დეკუმენტის მიხედვით, საგანი მოსწავლეს სოციალურ გარემოს ისეთი თემების დამუშავებით აცნობს, როგორიცაა: სკოლა, ოჯახი და მეგობრები. საკუთარი და სხვა ადამიანის უფლებები, განსხვავებულის მიღება და შემწყნარებლობა. დოკუმენტში განსაზღვრულია, თუ რა კითხვების პროვოცირება უნდა მოხდეს სასწავლო პროცესში და როგორ უნდა დამუშავდეს ცნებები, რომ ის მოზარდებისთვის მისაღები და გასაგები იყოს.

 

სქემაში მოცემულია მოდელიც, თუ როგორ უნდა დაეხმაროს, ვთქვათ, სკოლა მოზარდს განათლების მნიშვნელობის გააზრებაში. საორიენტაციო კითხვების ფორმულირება შემდეგნაირია: რა მნიშვნელობა აქვს განათლებას ჩემი მომავალი ცხოვრებისთვის? რისთვის ვკითხულობთ წიგნებს? რატომ არ უნდა გამოვიყენოთ სხვისი ნაშრომი სასკოლო დავალებისთვის? როგორ და რატომ უნდა ვისარგებლოთ ბიბლიოთეკით? რას ვსწავლობთ და როგორ უნდა ვიქცეოდეთ კინოში, თეატრსა და გამოფენებზე, მუზეუმში? რას ვსწავლობთ ექსკურსიაზე? როგორ შეიძლება მოგვითხროს ისტორიულმა ძეგლებმა გარემოსა და ჩვენი მხარის შესახებ და ა.შ.

 

საქართველოს განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ცვლილებები შემდეგი მიზეზებით არის განპირობებული. „პირველ და მეოთხე კლასებში ვერ ხდებოდა ისეთი თემების ინტეგრირება, როგორიცაა მე, ოჯახი, სასკოლო გარემო და საზოგადოება; სახელმწიფო და მოქალაქე. ამ თემების ინტეგრირება ვერც მომიჯნავე საგნებში – ქართულ ენასა და ლიტერატურაში, სახვით ხელოვნებაში, ბუნებისმეტყველებაში ხერხდებოდა. სამინისტროს მოსაზრებით, მსგავსი თემები საერთოდ იგნორირებული იყო. სამშობლოს თემატიკაზე კი აქცენტი კეთდება მხოლოდ პატრიოტული შინაარსის ლექსების დაზეპირებაზე ან ხდება ინფორმაციის პათეტიკური ფორმით მიწოდება. არ ხდებოდა მოსწავლეებისთვის საჭირო ღირებულებებზე აქცენტირება, რომელიც განათლების ეროვნული მიზნებისა და ქვეყნის კონსტიტუციისთვის არის პრიორიტეტული,“ – ნათქვამია სამუშაო დოკუმენტში.

 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, განვითარებული ქვეყნებისა და ქართული საგანმანათლებლო მოდელის ანალიზმა აჩვენა, რომ შოციალ შტუდიეს-ის შინაარსის საგანი ქართული სკოლების გარდა ყველა განვითარებული ქვეყნის სკოლაში ისწავლება.

 

„მე და საზოგადოებას“ ირგვლივ აჟიოტაჟი ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებამ გამოიწვია, – ვასაძემ განაცხადა, რომ წიგნის იდეა საპატრიარქომ დაიწუნა და განათლების მინისტრი დაიბარა კიდეც.

 

რა არ მოსწონს საპატრიარქოს ახალ სახელმძღვანელოში? სატელევიზიო სიუჟეტებში გაკეთებული კომენტარების მიხედვით, სასულიერო პირებს პრობლემა აქვთ მხოლოდ ერთ ტერმინზე – „გენდერული იდენტობა“ ამავე ტერმინზე საუბრობდა ლევან ვასაძე და კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსი.
რატომ აფრთხობთ საპატრიარქოში „გენდერული იდენტობა“ და რატომ არის მნიშვნელოვანი ერკვეოდნენ მოზარდები ამ ტერმინის მნიშვნელობაში? განათლების ექსპერტი გიორგი გახელაძე: „სამწუხაროდ, ჩვენს ზრდასრულ მოსახლეობაში და, კიდევ უფრო სამწუხაროდ, ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში მომუშავე ზრდასრულ მოსახლეობაშიც ასეთი აკადემიური ტერმინები სტერეოტიპულად არის გაგებული. ჩვენი საზოგადოების ნაწილში იდენტობა ნიშნავს მხოლოდ გენეტიკურ და ნაციონალურ იდენტობას და მეტს არაფერს. სხვა ტიპის იდენტობები, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის უჩვეულო ტერმინია.

 

გენდერს რაც შეეხება, დღეს გენდერი დაკავშირებულია მხოლოდ ქალების უფლებების დაცვასთან, ანუ ფემინიზმთან. სინამდვილეში, გენდერული იდენტობა ძალიან მარტივი ასახსნელია, რადგან გენდერული იდენტობა არის სქესობრივი იდენტობა, რომ ბიჭებმა და გოგონებმა ისწავლონ, რას ნიშნავს იყო ქალი ან მამაკაცი, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან. დისკუსია უნდა იყოს იმაზე, თუ როგორ ვაპირებთ ამის სწავლებას“.

 

გიორგი გახელაძის თქმით, რასაც ახლა განიხილავენ, ეს არ არის სახელმძღვანელო: „ჯერ ლაპარაკია სასწავლო გეგმაზე, კურიკულუმზე, ანუ იმ ღირებულებებსა და უნარების ცოდნაზე, რაც საბოლოო ჯამში გვინდა, რომ მე-3/4 კლასელებს ჰქონდეთ. არსებული დოკუმენტი კი დიდებისთვისაა განკუთვნილი და არა ბავშვებისთვის. იქ გამოყენებული ტერმინებიც არის დიდებისთვის“.

 

რაც შეეხება საპატრიარქოს შიშებს, გიორგი გახელაძე ამბობს, რომ მას ამ თემაზე საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია არ მოუსმენია: „საპატრიარქოს სახელით საუბარი შეუძლია მხოლოდ პატრიარქს ან სინოდს. მათ რაიმე შფოთვა ამ კურიკულუმის მიმართ არ გამოუხატავთ“.

 

განათლების ექსპერტის თქმით, თუკი ცხრა-ათი წლის ბავშვებს ეცოდინებათ ადამიანის უფლებების, საკუთარი მოვალეობების, საზოგადოებაში ურთიერთობის წესებისა და ფორმების შესახებ, ამით მხოლოდ ნორმალურ და განვითარებულ საზოგადოებას მივიღებთ.

მასტერ-კლასები რეკლამის ცნობილი შემქმნელებისგან

თამუნა ბუდაღაშვილი

 

თამუნა ბუდაღაშვილი – გრაფიკული დიზაინერი:  „მე კონკრეტულ სარეკლამო კომპანიაში არ ვმუშაობ, მაგრამ გრაფიკული დიზაინერი ვარ და ხშირად მაქვს შეხება სხვადასხვა სარეკლამო სააგენტოებთან, ამიტომ ეს ფესტივალი ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იქნება, ძალიან ბევრი და საინტერესო ნამუშევარი  ვნახეთ, ბევრ საინტერესო ტრენერს მოვუსმინეთ და ბოლომდე ჩავერთეთ საკითხებში.

არის რეკლამები, რომელიც ტელევიზორში ან ინტერნეტში გვინახავს, ძალიან მოგვწონებია და აღმოჩნდა რომ მათი შემქმნელები აქ, ამ ფესტივალზე არიან. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ფეხბურთის რეკლამა.

ქართულ სარეკლამო ბაზარზე ხშირია სექსისტური და ქარლთა მიმართ დისკრიმინაციული რეკლამები, თუმცა ამ სემინარებზე მსგავს დეტალებზე  აქცენტირება არ მომხდარა.

სხვათაშორის  აქაც იყო ერთ-ერთი რეკლამა, რომელიც ცოტათი სექსისტური მომეჩვენა. რეკლამის კონცეფცია იყო – „მეტი ბედნიერი კაცი ბარში“.  წარმოდგენილია ბარი სადაც შექმნილია დახურული ზონა და როცა ცოლი ურეკავს ქმარს ის შედის ამ დახურულ ზონაში რომელსაც სპეციალური გახმოვანებები აქვს და ასე ატყუებს თითქოს  საცობშია ან ქუჩაშია, ამ დროს კი ბარში ერთობა.  თუმცა, ამ ტრენინგებზე ძირითადად მაინც პრიდუქტზე გათვლილი რეკლამებია წარმოდგენილი“.

გიორგი ავალიანი

 

გიორგი ავალიანი კომპანია „ლივინგსტონის“ მარკეტინგის სპეციალისტი:   

„ჩემთვის ეს ფესტივალი ძალიან საინტერესოა, რადგან ძალიან  მრავალფეროვანი ადამიანები ირევიან,  ათას რაღაცაზე გვიწევს ფიქრი,  ყველა ახალი ტრენერის მოსმენის შემდეგ, ახალი ფიქრები გვიჩნდება. კარგია როცა აზრთა გაცვლის პლატფორმა გვაქვს, რომელიც აქამდე არ არსებობდა და ვცდილობთ რომ რაც შეიძლება მეტი მივიღოთ“.

 

 

ნატალია ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

კომპანია  „კაპაროლის“ მარკეტინგის სპეციალისტი, ნატალია ფირცხალავა:  „ყველაზე დასამახსოვრებელი  ჰონადიაში მოღვაწე ტრენერის ევგენი პრიმაჩენკოს მასტერ-კლასი იყო საინტერესო,  რომელიც ძალიან ცნობილ ბრენდებთან  Nike, S7,  FiFA- სთან და სხვა ძალიან ცნობილ ბრენდებთან მუშაობს.  მართლა ზღაპრული ნამუშევრები  ჰქონდა წარმოდგენილი და ლექციაც საინტერესო იყო.

მე მარკეტინგის სეფეროში ვმუშაობ, ამიტომ ასეთი გამოცდილი სპეციალისტების ცოდნის გაზიარება, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან სპეციალიზირებული რჩევები იყო. თუმცა, როგორ შევქმნათ კრეატიული რეკლამა ამას მარტო ტრენინგებით ვერ ისწავლი, ეს გემოვნების საკითხიცაა“.

FARID CHEHAB – TRENER

ტრენინგის მსვლელობისას

 

ტრენინგის მონაწილეებ

პრობლემები და შედეგები კარატეში

– ბატონო ნოდარ, მსოფლიო ჩემპიონატიდან რომ დავიწყოთ, როდის, სად ჩატარდა და საქართველოდან თქვენ გარდა სხვა სპორტსმენი თუ მონაწილეობდა?

– მე-12 მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 60 ქვეყანა მონაწილეობდა, 16-23 აგვისტოს ჩატარდა. ჩემპიონატამდე ჩვენ გვქონდა სამდღიანი სასწავლო-საწვრთო შეკრება და გამოცდა შავ ქამარსა და დანებზე (მეშვიდე დანიმდე). მანამდე გამართული მსოფლიო ჩემპიონატები კარგი ორგანიზებულობით გამოირჩეოდა, მაგრამ ეს ჩემპიონატი განსხვავდებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნები დაემატა მსოფლიო ფედერაციას. უფრო ბევრი მონაწილე იყო – დაახლოებით 3000 სპორტსმენი და ტოკიოში საბრძოლო ხელოვნების სასახლე ბუდოკანი – სავსე.

საქართველოდან რვა სპორტსმენი ვიყავით. აჭარიდან – საბა აბუსერიძე და ელენე ხაჯიშვილი 10-11-წლიანებს შორის, ემრე ომერელი – 11-12-წლიანებს შორის. ისინი მეოთხე ადგილებზე გავიდნენ. დევი ხაჯიშვილი, რომელიც ამერიკიდან ჩამოვიდა, მხოლოდ და მხოლოდ სასწავლო-საწვრთნო სემინარში მონაწილეობდა. თბილისიდან სამი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას: ჭაბუკა მახარაძე – კატაში გამოდიოდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, მიშა ქობალია და ჯამბულ ქობალია – ჯუ-კუმიტეში (თავისუფალი ორთაბრძოლა) ასპარეზობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ტრავმის გამო გამოეთიშნენ ჩემპიონატს.

45 წელს გადაცილებულთა კატეგორიაში ჯუ-კუმიტეში გამოვდიოდი მეც, ეს არის ყველაზე მძიმე სახეობა. მანამდე კი წარმატებით გაიარა ჩვენმა გუნდმა სასწავლო-საწვრთნო შეკრება და შემდეგ გამოცდებიც ჩააბარა. მათ მოიპოვეს შავი ქამრისა და პირველი დანის ტარების უფლება. დატვირთული გრაფიკი გვქონდა, დილის ცხრიდან საღამოს 11 საათამდე ვვარჯიშობდით. მოგვცეს ერთდღიანი დასვენება, თუმცა ვერ მოასწრებდი იმ ერთ დღეში დასვენებას. ტოკიოში საღამოს ჩავედით და მეორე დღესვე გავედით ტატამზე. ტოკიოსა და საქართველოს შორის საათობრივი განსხვავება ოთხი საათია. აკლიმატიზაცია, ადაპტაცია… თუმცა ყველა პრობლემას და ყველა დეპრესიას უკან ვდებთ და ვცდილობთ წარმოვაჩინოთ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი პრინციპები, ჩვენი ფსიქოლოგიური და ტექნიკური მომზადება.

რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი შედეგით?

– მსოფლიო ფედერაციამ შეცვალა თავისი ბრძოლის წესები, რის გამოც ჩემპიონატის დაწყებამდე სამსაჯო სემინარები გაიმართა. ახალი წესებისა და მსაჯთა სუბიექტურობის გამო ვერ ვიტყვი, რომ შეჯიბრი მაინცადამაინც წარიმართა ისე, როგორც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი. მიუხედავად ამისა, მე პირადად ფინალამდე მივედი. იმის გამო, რომ ახალი წესები დამკვიდრდა, მსაჯთა უმეტესობა ძველსა და ახალ წესებს შორის გასაყარზე იყო და ჩემი ოქროს მედალი დაიკარგა, სინამდვილეში ფინალური ორთაბრძოლა მოვიგე. ვინც მიცნობს, კარგად იცის ყველამ ჩემი პოტენციალი. თუ შეჯიბრებაზე გავდივარ, მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად. ვიცი ჩემი ფიზიკური, ფსიქოლოგიური მომზადების ფასი და დონე.

ვინ იყო თქვენი მოწინააღმდეგე?

ჩემი ბრძოლის ისტორიაში ბევრი ძლიერი მოწინააღმდეგე მყავდა, თუნდაც ის მსაჯი, ჩემს ბრძოლას რომ მსაჯობდა, ირლანდიელი ბრენდან ფერი, მეშვიდე დანის მფლობელი. მაგრამ ბაჰადირ ბაბაევი განსაკუთრებით ძლიერი სპორტსმენი იყო, ის ტაჯიკეთის სპეცდანიშნულების რაზმის მთავარი მწვრთნელია.

ნოდარ ხაჯიშვილი და ბაჰადირ ბაბაევი, ფინალური ორთაბრძოლა | ფოტო: W.S.K.F.

რა წესები შეიცვალა?

– ბრძოლა მიმდინარეობს ორი წუთი გაუჩერებლად, მსაჯი ერევა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის ნოკ-აუტი, ნოკ-დაუნი, თუ მებრძოლს გაუტყდა სახის ან სხეულის რომელიმე ნაწილი, თუ სისხლი მოსდის, თუ უკეთებ მახრჩობელას, თუ უკეთებ ილეთს ხელის ან ფეხის მტვრევას… სხვა შემთხვევაში მსაჯი არ უნდა ჩაერიოს, ამ შემთხვევაში მსაჯი აჩერებს ბრძოლას, წამზომი ჩერდება, ქულა იწერება და გრძელდება ორთაბრძოლა, მაგრამ ეს არ მოხდა და მსაჯი იყო დაბნეული.

მსოფლიო ფედერაციას აცნობეთ თქვენი უკმაყოფილება?

ბრძოლა როცა დამთავრდა და ჩემ მოწინააღმდეგეს მიანიჭეს გამარჯვება, მოდიოდნენ იაპონელი მსაჯები და მეუბნებოდნენ, თქვენ მოგცემდით გამარჯვებასო. სხვათა შორის მოწინააღმდეგის [ბაბაევის] ქვეყნის წარმომადგენელიც მოვიდა კონსპირაციულად და მითხრა – გამარჯვება თქვენი იყოო. რუსები მოდიოდნენ და მე მილოცავდნენ გამარჯვებას. თვითონ მთავარმა მსაჯმა, მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენელმა ბოდიში მოიხადა, რომ მსაჯობის ახალი წესების დამკვიდრების გამო ეს მოხდაო. შემომთავაზეს, იქვე დამეწერა სააპელაციო საჩივარი, მაგრამ ამისთვის ფინანსებია საჭირო. გარდა ამისა, ეს ჩემი საქმე არ არის, ჩემი საქმეა ბრძოლა, მე ორთაბრძოლა მოვიგე, ეს იცის ყველამ, ეს ვიცი მეც, შინაგანად.

კარატისტებს გაქვთ დიდი ფიზიკური რესურსი, რისთვის იყენებთ ამ ძალასსაბრძოლო ხელოვნებას სწავლობთ იმიტომ, რომ კარგია სხეულისთვის, თუ ასეთი რესურსი სჭირდება სახელმწიფოს, იგივე ძალოვანი სტრუქტურებისთვის? თქვენ თუ გიმუშავიათ ამ მიმართულებით სახელმწიფოსთან?

– 90-იან წლებში სპეცდანიშნულების რაზმებს ვავარჯიშებდი. კარგი ხელშეწყობა იყო და ვავარჯიშებდი. ეს არის უდიდესი იარაღი, არა თოფი და არა ტანკი, არამედ ადამიანის სულიერი, ფსიქოლოგიური განვითარებისა და მისი მდგრადობის იარაღი. როცა ფსიქიკა გაქვს ძლიერი, ბრძოლისუნარიანი ხარ. ორთაბრძოლის სწავლება არამარტო ძალოვან სტრუქტურებში, არამედ სკოლაში, საბავშვო ბაღში და ყველა ოჯახშია საჭირო. სახელმწიფოს აუცილებლად სჭირდება ეს ძალა. ახალგაზრდამ ვარჯიში მაშინ არ უნდა დაიწყოს, როცა ის ჯარში მიდის, არამედ მანამდე.

ირანელები, ირლანდიელები, ვენესუელები, თურქები, იორდანელები, რუსები უნდა ნახოთ როგორ იბრძვიან. ჩვენთანაც არიან, საქართველოში, მაგრამ თითო-ოროლა. სპორტს არ ექცევა სათანადო ყურადღება, სპორტი ყოველთვის იყო მეორეხარისხოვანი.

არ წყდება ჩემი ტელეფონის ზარი, სოციალურ ქსელებში, ელექტრონულ ფოსტაზე, ყველა მილოცავს. მაგრამ ჩამოდიხარ შენს სამშობლოში და ხედავ, რომ ვის კომპეტენციაშიც შედის მოგილოცოს გამარჯვება, სერიოზულად აღიქვას ის ყველაფერი, რაც მოხდა – არ არის. მე ბევრჯერ ვყოფილვარ მსოფლიო ჩემპიონატზე და არასოდეს მახსოვს ვინმეს დაეძახოს და ჩემთვის მოელოცოს ან ეთქვას რაღაც წამახალისებელი, არც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და არც აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს.

თქვენ ორი ფედერაციის პრეზიდენტი ხართ. რამდენით აფინანსებს ფედერაციებს სახელმწიფო?

– არაფრით. ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ბიუჯეტი დამტკიცებულია, თანხები აღმოსავლურ ორთაბრძოლებზე არ არის, პრიორიტეტული სახეობები უკვე გაწერილია. არც მაინტერესებს და არავისთან ხვეწნას არ ვაპირებ. წელს იყო პირველი შემთხვევა 15 წლის განმავლობაში, როცა ბათუმის მერიამ გიორგი ერმაკოვისა და ალეკო მითაიშვილის მეთაურობით, ხუთი სპორტსმენი დაგვაფინანსეს მგზავრობის ხარჯით იაპონიაში გასამგზავრებლად, თითო სპორტსმენზე – 3500 ლარი. რომ არ დაგვხმარებოდნენ, ჩვენ ვერ წავიდოდით.

რა გეგმები გაქვთ?

– 2016 წლის მაისში ვაპირებ მოვიწვიო მსოფლიო ფედერაციის ხელმძღვანელი,

ორი კაცი მინდა ჩამოვიყვანო იაპონიიდან, რომლებიც ჩაატარებენ საწვრთნო სემინარს. ასევე პატარა შეჯიბრება მინდა დავურთო, სადაც მოვიწვევ მეზობელი ქვეყნის კარატისტებს თურქეთიდან (სხვათა შორის, თურქები მაღალ დონეზე არიან კარატეში). ტურნირის განსახორციელებლად ალბათ ბათუმის მერიას მივმართავ. მინდა, ქვეყანამ, საზოგადოებამ, მთავრობამ, აჭარის მთავრობამ, რეალურად დაინახოს, თუ რა არის კარატე.


„ყავა ქვიშაზე“- სალონური საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში

 

საღამოზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა მუსიკალური ცენტრის სალაროში შეუძლიათ. 

„შერატონში“ სამედიცინო კონფერენცია მიმდინარეობს

მოხსენებებს წარადგენენ ავტრიელი, უკრაინელი და ქართველი სპეციალისტები. კონფერენციას ესწრებიან სამედიციცინო დარგის სპეციალისტები.

კონფერენცია შპს „ბიომედიკა“-ს (გერმანული კომპანია „ჰეელ“-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში) ორგანიზებით, ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის ასოციაცია „უპირველესია, არ ავნოს“ თანამონაწილეობით და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეგიდით ტარდება.  კონფერენცია აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლევან გორგილაძემ გახსნა.

აჭარაში ახალი პროექტის „მწვანე ქალაქები“ განხორციელება იწყება

 

 

პროექტის პრეზენტაცია

 

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოს დაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებული პროექტი 2015 წლის სექტემბრიდან 2019 წლის დეკემბრამდე განხორციელდება და მას აჭარაში ლაშა ნაკაშიძე უხელმძღვანელებს. განმახორციელებელი პარტნიორები არიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.

 

პროექტის მთავარი ამოცანის მისაღწევად დაგეგმილია ოთხი ძირითადი კომპონენტის განხორციელება.

 

პირველი – ინტეგრირებული მდგრადი ურბანული სატრანსპორტო სისტემების განვითარების გეგმის შემუშავება ქალაქ ბათუმისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებისათვის; 

 

მეორე –  დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური (მიზანშეწონილობის) დასაბუთებისა და ფუნქციონალური გეგმების შემუშავება ქალაქ ბათუმში დაბალემისიანი ტრანსპორტის განვითარებისათვის;

 

მესამე –  პირდაპირი კაპიტალური ინვესტიციების მხარდაჭერა ქალაქ ბათუმში მდგრადი ურბანული სატრანსპორტო სისტემის დანერგვისათვის;

 

მეოთხე –  დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური (მიზანშეწონილობის) დასაბუთებისა და ფუნქციონალური გეგმების შემუშავება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებისათვის, მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა ეროვნულ დონეზე.

 

25- 27 სექტემბერს, გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების სამიტზე ნიუ-იორკში, მსოფლიოს ლიდერების მიერ მოხდება ახალი გლობალური დღის წესრიგის მიღება – მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ. „მიღებული დოკუმენტი ჩაანაცვლებს ათასწლეულის განვითარების მიზნებს 2015 წლის შემდეგ. ახალი დღის წესრიგი გააერთიანებს განვითარების ურთიერთდაკავშირებულ შემადგენლებს, როგორიცაა: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზიურობა და გარემოს დაცვა. სწორედ ამ საკვანძო ელემენტებს ეფუძნება როგორც გაეროს განვითარების პროგრამის 23-წლიანი მოღვაწეობა საქართველოში ზოგადად, ასევე ახალი ინიციატივა აჭარის რეგიონში“.

 

პროექტის პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ესწრებოდა. 

თურქეთ-საქართველოს ერთობლივი საზღვაო წვრთნები

 

ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა ღია ზღვაში ერთობლივი მანევრები და ძებნა-გადარჩენის ოპერაციები განახორციელეს. სწავლებაში მონაწილეობდნენ თურქული კატარღა “TCSG-95” და ქართული კატარღები ,,გენერალი მაზნიაშვილი“ (P-102) და „ბათუმი“ (P-103).

 

სამინისტროს ინფორმაციით, საზღვაო წვრთნები, თურქეთსა და საქართველოს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს და შავ ზღვაზე უსაფრთხოებას გააძლიერებს.

 

თურქული საწვრთნელი გემი

”საქართველოს ყრუთა კავშირის” შემოქმედებითი ჯგუფის კონცერტი ბათუმის საზაფხულო თეატრში [ვიდეო]

ღონიძიებაზე ანსამბლი “ლილეს” მონაწილეობით, შესრულდა ქართული ხალხური ცეკვები  და ჟესტური სიმღერები.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა პროექტი “ნიჭიერის” ფინალისტი სმენადაქვეითებულთა დუეტი “კოკა და ნინო”.

 

15 მილიონი წლის წინანდელი ტყე – ქვაში

მილიონობით წლის წინ ვულკანური მოქმედების შედეგად მაშინდელი ტყე განადგურდა და გაქვავდა – ასე განმარტავს ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის გასწვრივ გაქვავებული ტყის წარმოშობას გეოეკოლოგი და კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციათა ქსელის (CENN) ექსპერტი ჭიჭიკო ჯანელიძე.

ვულკანის ამოფრქვევისას ტყე იფარებოდა ვულკანური ფერფლით, რომლის სიმძლავრის ქვეშ იქცეოდა ხეები, იმსხვრეოდა ტოტები, ღეროები და ისინი ქვავდებოდნენ.

„გოდერძის განმარხებული ტყე კავკასიის მასშტაბით და, ზოგადად, რეგიონში, ერთადერთია და უნიკალური. ის ინფორმაციულიც არის, მეცნიერულადაც თითქმის შესწავლილია და დადასტურებულია, რომ აქ, დღევანდელისგან განსხვავებით, სითბოს მოყვარული, ნახევრად ტროპიკული ტყეები იყო. გაქვავებულ ტყეს ბუნების ისტორიის კვლევაში, ძალიან დიდი როლი ენიჭება. აქ შეგიძლია გააცოცხლო 15 მილიონი წლის წინანდელი ფლორა“, – ამბობს ჭიჭიკო ჯანელიძე.

ნამარხი ტყე, რომელიც ვულკანოგენურ ქანებში მდებარეობს, იწყება ადიგენის რაიონიდან, სოფელ უტყისუბნიდან და მოიცავს ზემო აჭარასაც, სოფელ რიყეთამდე. ნამარხი ტყის ფართობი დაახლოებით 70-80 კვ/კილომეტრია.

გოდერძის გაქვავებული ხეები უნიკალურია სამუზეუმო ნიმუშებითა და ქალცედონიზებული და ოპალიზებული სახესხვაობებით. ჭიჭიკო ჯანელიძის თქმით, „მცენარეები არის გაქვავებული, მათ მხოლოდ ფორმა, ფაქტურა აქვს შენარჩუნებული თორემ უკვე მთლიანად ოპალიზებული, მინერალიზებული ქანებია. ეს არის მეორადი ოპალი და ის კეთილშობილ, ძვირფას ოპალს არ წარმოადგენს“.

გაქვავებული ხე მთლიანად ჩანაცვლებულია ოპალით და ქალცედონით, ნაპრალები და სიცარიელეები კი ამოვსებულია ქალცედონით და კვარცით. ხის გაქვავება მიმდინარეობდა მისი ორგანული მასალის თითქმის მთლიანი ჩანაცვლებით ისე, რომ სრულიად არ დარღვეულა მისი პირვანდელი სტრუქტურა, ანუ კლდის ქანებში დღეს ხის, ფოთლების ფორმებია შემორჩენილი.

ქალცედონიზებულ ხეებში უფრო კარგადაა დაცული ხის საწყისი სტრუქტურა, ვიდრე ოპალიზებულში. ამასთან, პირველი გამოირჩევა უფრო მაღალი სიმკვრივით და უკეთ იტანს დამუშავებას ნაკეთობათა დამზადების პროცესში, ვიდრე ოპალიზებული ხეები, რომლებიც შედარებით მყიფეა და მსხვრევადი.

გაქვავებულ ხეებს აქვს ყავისფერი, ყვითელი, თეთრი, წითელი და შავი შეფერილობა. ეს ფერები ხშირად ერთსა და იმავე ნიმუშზე ერთდროულად გვხვდება და მორიგეობს ერთმანეთთან, რაც ნედლეულს აძლევს კარგ დეკორატიულ იერსახეს.

ოპალი საქართველოში გარკვეულ ადგილებში, განსაკუთრებით გოდერძზე გვხდება. ამ ოპალის შესახებ გეოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ალექსანდრე ფერსმანი წერდა: „მინერალოგიური ბუნებით ისინი მიეკუთვნება ნახევრად ოპალსა და ქალცედონს“. ასეთი სახის ოპალიდან განსაკუთრებით ლამაზია მწვანე ფერის სახესხვაობა.

გოდერძის გაქვავებული ხე სწორედ ოპალიზებულ ხეს, ანუ დამარხული ტყის ხეების ხარჯზე წარმოქმნილ ოპალის ფსევდომორფოზებს წარმოადგენს. გაქვავებული ხე კარგად მუშავდება, პრიალდება და მისგან აწარმოებენ სხვადახვა ნაკეთობას: საფერფლეებს, კულონებს და სხვა სუვენირებს.

ოპალიზებული ხე მსოფლიოში იშვიათობას წარმოადგენს. გარემოს დაცვის სამმართველოს მონაცემებით, აჭარის ტერიტორიაზე დაახლოებით 1500 ტონა ოპალიზებული ხეა.

არის მოსაზრება, რომ გოდერძის საბადოს ათვისება ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას, ხოლო აქ არსებული გვირაბების გაწმენდისა და მოწესრიგების შედეგად შესაძლოა საბადო გახდეს გეოტურიზმისთვის ღირსშესანიშნავი ადგილი.

CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორის რეზო გეთიაშვილის თქმით, გაქვავებული ტყე იმდენად მომხიბვლელია, რომ მათ `სუვენირებად ამტვრევდნენ და მიჰქონდათ”.

რეზო გეთიაშვილის თქმით, შესაძლოა ადრე მოპოვება და გამოყენებაც ხდებოდა  რაღაც ფორმით, `ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა ფაქტია, რომ დღეს მსოფლიოში ასეთი ბუნების ძეგლები საგამომცემლო ბიზნესის ერთ-ერთი წყაროცაა და მათ შესახებ მაღალი დონის პოლიგრაფიული გამოცემები არსებობს”.

„ამ ადგილებში მართლაც არის ხელნაკეთობისთვის გამოსადეგი მასალა – ტუფი, გაქვავებული ხე და სხვა. ე.წ. გოდერძის წყება აჭარაში დროთა განმავლობაში ეროზიის შედეგად გაშიშვლდა და გამოჩნდა. გაქვავებული ტყე ადრე წითელ წიგნში იყო შეტანილი, დღეს კი, როგორც ბუნების ძეგლს, უკვე კანონმდებლობა იცავს. ნამარხ ტყეს ბუნების ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის განყოფილების უფროსმა იზო აბულაძემ.

წითელი წიგნის მიხედვით, ძეგლი მსოფლიო მნიშვნელობისაა – `ბუნების უიშვიათესი საოცრება, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ შუა აზიასა და საქართველოს მიწაზეა მიკვლეული და მას კაჟის ტყესაც უწოდებენ”.

„სტატუსი ნიშნავს, რომ დაცულობის ხარისხი იზრდება… რაღაც პერიოდში, როცა წითელი წიგნი გაუქმდა და შეიქმნა წითელი ნუსხა, ბევრი ბუნების ძეგლი დარჩა დაუცველი. გოდერძის გაქვავებული ტყისთვის სტატუსის მინიჭება არ იყო ახალი აღმოჩენა – ეს იყო უბრალოდ პროცედურა“, – ამბობს რეზო გეთიაშვილი და დასძენს, რომ ძეგლი ტურისტული კუთხითაც საინტერესოა, მათ შორის სამეცნიერო ტურიზმის კუთხითაც: `ამასთან, არიან კოლექციონერებიც, რომლებიც აგროვებენ რაც კი განსხვავებულია და უნიკალურია. აქ არ არის საუბარი, ვთქვათ, ქვა ჩამოტეხო და წაიღო, უბრალოდ, ფოტოს გადაუღებ და წაიღებ…”

„ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონით ძეგლის დაზიანების შემთხვევაში პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ან შესაბამისი სანქცია დაეკისრება.

გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი, რომელიც ადიგენისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე [საერთო ფართობი 365 ჰა] მდებარეობს, დღეს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაშია.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარზმა. თბილისიდან ზარზმა დაშორებულია 240 კმ-ით; სოფელ ზარზმიდან გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი კი – 18 კმ-ით;  ქ. ბათუმიდან გოდერძის უღელტეხილის გავლით ძეგლამდე მანძილი არის 115 კმ [ხანგრძლივობა – 2 საათი და 30 წთ]. ღამის გასათევად კი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ხულოში ან ახალციხეში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გაქვავებული ტყე ჯერჯერობით არც ერთ ტურისტულ მარშრუტში არ არის შეტანილი და იქ არც რაიმე შესაბამისი ინფრასტრუქტურაა მოწყობილი.

„2013 წელს აჭარის ტერიტორიაზე მდებარე მხოლოდ გოდერძის ნამარხ ტყეს მიენიჭა ბუნების ძეგლის სტატუსი, თუმცა ასეთი სტატუსი, ჩემი აზრით, შესაძლოა მიენიჭოს ყველასთვის ცნობილ მწვანე ტბას აჭარაში, ასევე შავ ტბას, ქვაკაცას [რომელიც იყო შეტანილი წითელ წიგნში]; ბუნების ძეგლებს შორის უნდა იყოს უთხოვარის 500-წლოვანი ტყეებიც ჩანჩხალოში და სხვ. – ამ ყველაფერზე დღეს ვმუშაობთ“, – განაცხადა “ბათუმელებთან” იზო აბულაძემ.

ქვაკაცა სვეტი გეოგრაფიულ რუკებზე აღნიშნულია როგორც “ქვაკაცის შთენილი-. შუახევიდან მთის ბილიკებით აღმართში, ან გურიიდან (ბახმაროდან ან ვაკიჯვარიდან) მისვლა შეიძლება მხოლოდ ფეხით ან ცხენით. ძეგლი ღირებულია მთელი კავკასიის მასშტაბით. მდ. ჭვანისწყლის მარჯვენა მხარეს მდინარე-ხევასღელის სათავეში აღმართული სხვადასხვა განზომილების სამი შთენილი, გამწკრივებულია ერთ ხაზზე. უდიდესი მათგანის შეფარდებითი სიმაღლე 7 მეტრია, დიამეტრი – 4,5-5 მ. იგი მოგვაგონებს ადამიანის ქანდაკებას, საიდანაც წარმოსდგა მისი სახელწოდება. მეორე შთენილის სიმაღლეა 5 მ, სიგანე – 2 მ. მესამე კი უფორმო ლოდია.

შავი ტბა – “ყარა გიოლი” ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფ. ხიხაძირის საზაფხულო საძოვრებზე [“სარიჩაირი”] მდებარეობს.  ტბის ძირში გამოდის წყარო, რომელსაც, მოსახლეობა სასმელად იყენებს. ტბასთან დაკავშირებულია თამარისდროინდელი ლეგენდა, რომელიც ჩაუწერია ქართველ მეცნიერსა და მოგზაურს თ. სახოკიას: “თამარ მეფეს ერთი ურჩი ზანგი ტყვე ჰყოლია, ზანგი გაქცეულა. თამარს კი მდევარი დაუდევნებია, მდევარს ტყვე შეუპყრია, მაგრამ ტბასთან მისულებს ზანგი ხელიდან გასხლტომიათ და ტბაში ჩამხტარა. მდევრებს ყოველი ღონე უხმარიათ, მაგრამ ვერ უპოვიათ. ასეთ საზარელ შემთხვევებს შემდეგშიც ხშირად ჰქონია ადგილი. სავარაუდოა, რომ, ამის გამო თუ შეარქვა ხალხმა ტბას-შავი ტბა (“ყარა გიოლი“)”.

Critical Mass Batumi თამილა მახარაძის მხარდასაჭერად

ზარი თამილას ანგარიშზე:   09-01; 70-10-70  [მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი]

Jpeg
Jpeg
Jpeg

 

 

 

შეახსენე მერიას არჩევნების თარიღი, რათა უზრუნველყოს საარჩევნო გარემოს ადაპტირება

 

„იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დამოუკიდებლად არსებობისა და ცხოვრების ყველა სფეროში სრულყოფილი მონაწილეობის საშუალება მიეცეთ, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიმართონ ყველა შესაბამის ზომას, რათა მათთვის უზრუნველყონ, სხვების თანასწორად, ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტექნოლოგიეური სისტემების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი სხვა მოწყობილობებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობა, როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში.“ – ეს არის ამონარიდი გაეროს კონვენციიდან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ, რომელიც 2006 წელს მიიღეს, 2013 წელიდან კი საქართველომ ამ კონვენციის რატიფიცირებამოახდინა, რაც მას ავალდებულებს ამ სტანდარტების შესრულებას.

 

მიუხედავად ამ ვალდებულებებისა, რამინ მაჭარაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ დამფუძნებელი, ამბობს, რომ საქართველოში საარჩევნო გარემო სრულიად არაადაპტირებულია: „ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ხელმიუწვდომელი გარემოა, განსაკუთრებით დიდი პრობლემის წინაშე დგანან ეტლით მოსარგებლეები და სმენადაქვეითებული პირები. ისეთ უბნებში ტარდება არჩევნები, რომ ეტლით მოსარგებლეები დამოუკიდებლად თითქმის ვერ ახერხებენ შენობაში შეღწევას, საარჩევნო კაბინებიც მაღალია, ეტლით მოსარგებლე ვერ წვდება მაგიდას, საჭიროა სპეციალური კაბინა. ხოლო სმენადაქვეითებულებს უჭირთ არჩევანის გაკეთებაც, რადგან მთლიანად წინასაარჩევნო პერიოდიც მათთვის გაუგებარ ენაზე წარიმართება, არც საარჩევნო უბნებთან ხვდებათ ვინმე, ვინც წესებს აუხსნის მათთვის გასაგები ჟესტური ენით. იყო მცდელობა „სკაიპით“ ჩაერთოთ საარჩევნო უბნებში ჟესტური ენის მცოდნენი, რომლებიც წესებს აუხსნიდნენ სმენადაქვეითებულ პირებს, თუმცა ეს გარკვეული ხარვეზებით წარიმართა, იმედია სამომავლოდ გამოასწორებენ ამ საკითხს.“ – ამბობს რამინ მაჭარაშვილი.

ქალაქ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა აღნიშნა, რომ მას კანონი ავალდებულებს ადაპტირებული საარჩევნო გარემო შექმნას: „ინფრასტრუქტურა უნდა მოვარგოთ იმ საარჩევნო უბნებს, სადაც ჩატარდება პროცედურა, ქალაქის მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა მის საკუთრებაში არსებული საარჩევნო უბნები მოაწყოს, გარემო უნდა იყოს ადაპტირებული ნებისმიერი იმ პირისთვის, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.“ – ამბობს გიორგი ერმაკოვი.

 

რამდენად რთულია საარჩევნო უბანზე ეტლით მისვლა, თომა კაკაბაძემ ყველაზე უკეთ იცის, ის 2013 წელს მობილურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ამბობს, რომ მისთვის პრობლემური იყო თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან მისვლა: „დამოუკიდებელი პიროვნება ნიშნავს თავისუფალ არჩევანს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარემო არ იყოს შეზღუდული. არჩევნები იმართება ადმინისტრაციულ შენობებში, ბაღებში, სკოლებში, სპორტდარბაზებში, ეს საჯარო სივრცეა, რომელთა ადაპტირების შემთხვევაში არ დარჩება მხოლოდ საარჩევნოდ გამოყენებადი. ხშირად ეტლით მოსარგებლე შშმ ბავშვები სკოლებში არ დადიან, რადგან სკოლა არ არის ადაპტირებული, ან ყველა შშმ ბავშვი იმ სკოლაში იყრის თავს, რომელიც მეტ-ნაკლებად ადაპტირებულია (სრულად ადაპტირებული სკოლები არ გაქვს), ამიტომ საჯარო სივრცე სრულფასოვნად უნდა ადაპტირდეს და არა დროებით. ხშირ შემთხვევაში ადაპტირებას ორი-სამი დღით ადრე აკეთებენ, არც დახრა აქვს შესაბამისი, არც მოაჯირი, კარის ზღურბლია ისეთი მაღალი, თუ არ წამოსწიეს, ეტლით დამოუკიდებლად ვერ გადახვალ.“ – აღნიშნავს თომა კაბაბაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ თავმჯდომარე.

დაპირებების მიუხედავად, შშმ პირებსა და მათი უფლებების დამცველებს მიაჩნიათ, რომ შესაძლოა საარჩევნო გარემოს სრულფასოვანი ადაპტირება ვერ მოესწროს, რამეთუ სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა: „ხშირ შემთხვევაში ყოველ წელს ერთსა და იმავე საარჩევნო უბნებზე ტარდება არჩევნები. პრობლემა არის ის, რომ დღემდე არანაირი სამუშაოები არ შეინიშნება, კანონში წერია, რომ 2016 წლის არჩევნების დანიშვნისთანავე უნდა დაიწყოს შენობების ადაპტირება, თუმცა ეს მხოლოდ ორი თვით ადრე მოხდება, ბოლო ორ თვეში ეს ვერ მოესწრება, პანდუსები ისეთი დაგვხვდება, როგორებიც გასულ წლებში იყო – სახიფათო და არასტანდარტული.“ – ამბობს რამინ მაჭარაშვილი.

 

ქალაქის მერს კი გაცილებით ოპტიმისტური მოლოდინი აქვს. ის ამბობს, რომ არჩევნებამდე ყველა შენობის ადაპტირება მოხდება: „ველოდებით მითითებებს ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან, თუ რომელ შენობებში ჩატარდება არჩევნები, მივიღებთ თუ არა ამ ცნობებს, დავიწყებთ შესაბამისი სამუშაოების შესრულებას. ყველაფერს გავაკეთებთ დათქმულ დრომდე, ყველა მუნიციპალური შენობის ადაპტირებას ვახდენთ, ახალი შენობები რაც აშენდა, ყველა ადაპტირებულია, მაგრამ ჯერ არ ვიცით, სად ჩატარდება არჩევნები. არჩევნებამდე შეიძლება დროებით გავაკეთოთ შენობების ადაპტირება, მაგრამ შემდეგ აუცილებლად მოხდება სრულფასოვანი ადაპტირება.“ – აღნიშნა ერმაკოვმა.
„თუ შშმ პირები არ გამოვლენ სახლებიდან, მათ ვერავინ შეამჩნევს, არც მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნისთვის იზრუნებს ვინმე. არჩევნები ყველაზე საყოველთაო მოვლენაა, შშმ პირებმა ეს დღე უნდა გამოიყენონ, გარშემომყოფებს შეახსენონ, რომ ისინიც არსებობენ, რომ მათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდებათ.“ – ამბობს თომა კაკაბაძე.

სტატია მომზადდა პროექტ „ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო განათლებისა და საარჩევნო პროცესებში ჩართულობის ამაღლების“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმირებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“.

 

სოლიკო ვირსალაძის ”აცეკვებული ფერწერა” [ფოტო]

სოლიკო ვირსაკლაძის ნამუშევრების გამოფენა მუზეუმში 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

Jpeg
Jpeg

საკრებულოს თავმჯდომარეს მეორე მოადგილე ეყოლება

“ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები“ ვაცხადებთ, რომ არსებულ უმძიმეს სოციალურ–ეკონომიკურ ფონზე ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია თანამდებობის პირთა შტატების ხელოვნურად გაზრდა. ჩვენი პოზიცია ემყარება შემდეგ არგუმენტებს:
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კომპეტენცია, ამ ეტაპზე (საუბარია ამჟამად მოქმედი რეგლამენტით გათვალისწინებულ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე), შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ “სათადარიგო” ფუნქციით. მას არ აქვს საკმარისი დატვირთვა იმისთვის, რომ უფლებამოსილების და კომპეტენციის გაყოფას საჭიროებდეს. შესაბამისად, სრულიად უსაფუძვლოა მეორე მოადგილის შტატის დამატების ინიციატივა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას წარადგენს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე და დიდი ალბათობით, მეორე მოადგილის წარდგენა მმართველი კოალიციიდან მოხდება.

ჩვენ, ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები”, კატეგორიულად ვაცხადებთ – ჩვენი ფრაქცია არათუ არ დაუჭერს მხარს რეგლამენტში შესატან აღნიშნულ ცვლილებას, არამედ ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ მოხდეს საზოგადოების ფართო წრეების ინფორმირება, რათა ერთად გადავაფიქრებინოთ ქალაქ ბათუმის საკრებულოს კიდევ ერთი უფუნქციო თანამდებობის დამატება.” – ნათქვამია ფრაქცია ” თავისუფალი დემოკრატების” განცხადებაში.

ვაკანსიები აჭარის მთავრობაში

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ თანამდებობებზე:

ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი. ხელფასი 1100 ლარი. 

საფინანსო და საბუღალტრო განყოფილების მთავარი სპეციალისტი. ხელფასი 790 ლარი. 
სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი (იურისტი). ხელფასი 640 ლარი.  

სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი (შესყიდვების კოორდინატორი). ხელფასი 790 ლარი. 

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის მთავარი სპეციალისტი (სამიზნე ქვეყნები – ისრაელი და პოლონეთი). ხელფასი 790 ლარი. 

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის მთავარი სპეციალისტი (სამიზნე ქვეყნები – თურქეთი და აზერბაიჯანი). ხელფასი 790 ლარი. 

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის მთავარი სპეციალისტი (სამიზნე ქვეყნები – საქართველო და ლიტვა). ხელფასი 790 ლარი. 

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში გამოცხადებულ ვაკანსიებზე შერჩეულ კონკურსანტებს სამთვიანი გამოსაცდელი ვადით აიყვანენ.

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ თანამდებობებზე:

პრესსამსახურის სტაჟიორი;

საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის აპარატის სტაჟიორი;

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხტა კომისიის აპარატის სტაჟიორი;

საერთო დეპარტამენტის სტაჟიორი;

ბუღალტერიის სტაჟიორი;

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის აპარატის სტაჟიორი;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის აპარატის სტაჟიორი;

აგარარული და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის აპარატის სტაჟიორი;

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის აპარატის სტაჟიორი;

 სტაჟიორებისთვის განკუთვნილი ხელფასი 125 ლარია. სტაჟიორის ვაკანსიებზე გამოსაცდელი ვადა არ არის დაწესებული.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში, კი კონკურსი ორ თანამდებობაზეა გამოცხადებული: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი და მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. ორივე თანამდებობაზე ხელფასის სახით განსაზღვრულია 1070 ლარი, გამოსაცდელი ვადა კი 3 თვე.  მთავრობის აპარატში განცხადების წარდგენის ბოლო ვადა 27 სექტემბერს იწურება.

 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს 21 წლიდან, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკონკურსო განაცხადით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

 

ერთი სტუდენტი ფიზიკის ფაკულტეტზე – ბათუმის უნივერსიტეტის მილევადი მიმართულებები

 

სახელმწიფოს მხრიდან ცალკეული მიმართულებების პრიორიტეტად გამოცხადებამ და დაფინანსებამ, თითქმის მილევად პროფესიებზე მოთხოვნა კვლავ გააჩინა. მაგალითად, წლების წინ დაწყებითი განათლების ფაკულტეტზე სწავლის მსურველთა რიცხვი სარგძნობლად შემცირდა, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების შემდეგ კი, მოთხოვნა ისევ გაიზარდა. წელს აღნიშნულ ფაკულტეტზე გამოცხადებულ 90 ადგილზე 1106 განაცხადი შევიდა.

 

ანალოგიური სიტუაციაა ქართული ფილოლოგიის მიმართულებითაც. გამოცხადებულ 80 ადგილზე 895-მა აბიტურიენტმა შეიტანა განაცხადი, აქედან 119-მა პირველ საგნად მიუთითა.

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

კონკურენციის პირობებში დაკომპლექტდა ისტორიის მიმართულებაც, რომელზეც ასევე სტუდენტების ნაკლებობა იყო. „ყველაზე მეტი ოცი სტუდენტი შეიძლება მიგვეღო, წელს კი ორმოცდაათი სტუდენტი მივიღეთ და სრულად დავაკომპლექტეთ“, – თქვა უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა. ამ მიმართულებაზე სულ 801-მა აბიტურიენტმა შეიტანა განაცხადი.

 

თუმცა არის სპეციალობები, რომლებზეც, მიუხედავად იმისა, რომ პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის და დაფინანსებაც არის გამოყოფილი, მოთხოვნა მაინც არ გაიზარდა, ასეთია ფიზიკის, ქიმიისა და მათემატიკის მიმართულებები.

 

გასულ წელს ფიზიკის სპეციალობაზე უნივერსიტეტს 15 ადგილი ჰქონდა, – მიიღო მხოლოდ ერთი სტუდენტი. პირველი მითითებით ფიზიკა ოთხ აბიტურიენტს ჰქონდა არჩეული, მთლიანობაში – 38 აბიტურიენტს. როგორც მერაბ ხალვაში ამბობს, ფიზიკის სპეციალობაზე სტუდენტთა ნაკლებობის პრობლემა თითქმის ყველა უნივერსიტეტს აქვს.

 

„ვერ ვიტყვი, რომ ეს უნივერსიტეტების პრობლემაა, რადგან ჩვენთან ფიზიკის კარგი სკოლა გვაქვს. წელს კიდევ ვაპირებთ განვაახლოთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ლაბორატორიები. ვფიქრობ, უფრო კომპლექსურ პრობლემასთან გვაქვს საქმე და ეს პრობლემა სკოლიდან იწყება“, – ამბობს ხალვაში.

 

მერაბ ხალვაშის აზრით, სამინისტრომ, სკოლამ და უნივერსიტეტებმა აუცილებლად უნდა შეიმუშაონ ერთობლივი კონცეფცია ამ პრობლემის დასაძლევად. „თუ ჩვენ გვინდა ამ დარგების შენარჩუნება და განვითარება, ეს სურათი უნდა შევცვალოთ“, –  ამბობს ის.

 

წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია მოთხოვნა ქიმიის სპეციალობაზეც, გამოცხადებულ 15 ადგილზე რვა სტუდენტი მიიღეს. გასულ წელს კი ამ სპეციალობაზე ექვსი სტუდენტი ჩაირიცხა.

 

სტუდენტთა რაოდენობა შემცირებულია მათემატიკის მიმართულებაზეც. ამ სპეციალობაზე სულ 30 ადგილზე იყო ვაკანსია გამოცხადებული, ჩაირიცხა – 19.

 

„ვერც ამ შემთხვევაში დავაბრალებ ამას უნივერსიტეტს, რადგან მათემატიკის კარგი სკოლა უნივერსიტეტს დაარსების დღიდან ჰქონდა. რატომ ხდება ასე, ამას სჭირდება კვლევები, რომ გამოიკვეთოს პრობლემის მიზეზები“, – ამბობს მერაბ ხალვაში.

 

რაც შეეხება ფასიან მიმართულებებს, მოთხოვნა შემცირებულია საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობაზეც, 35 ადგილზე 11 აბიტურიენტი ჩაირიცხა და 24 ადგილი დარჩა.

 

ერთ ადგილზე მოსული აბიტურიენტების რაოდენობის მიხედვით კვლავ მოთხოვნადია სამართალმცოდნეობა. გამოცხადებულ 70 ადგილზე 1482 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. შემდეგ მოდის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობა, სადაც 30 ადგილზე 1279 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მესამე პოზიციას იკავებს ტურიზმის მიმართულება – 140 ადგილზე განაცხადი 2404-მა აბიტურიენტმა შეიტანა.

 

მერაბ ხალვაშის თქმით, შედარებით იკლო მოთხოვნამ ბიზნესის მიმართულებებზე, პრობლემა, როგორც რექტორი ამბობს, არის ის, რომ ბიზნესის ადმინისტრირებაზე გამოცდები ბლოკურად გამოცხადდა: ფინანსები, მენეჯმენტი, საბუღალტრო, საგადასახადო საქმე და მარკეტინგი გაერთიანდა. მთლიანობაში 180 ადგილი იყო, განაცხადი კი – 853. „წინა წლებში რამდენიმე ასეულით მაღალი ციფრი გვქონდა“, – ამბობს მერაბ ხალვაში.

 

ეკონომიკის სპეციალობა კვლავ მოთხოვნადია და ეს მიმართულებაც წელს კონკურსის წესით დაკომპლექტდა, – 40 ადგილზე 797 განაცხადი იყო შესული.

 

ბათუმის უნივერსიტეტში მილევად სპეციალობად წელს აგრონომიის ცალკეული მიმართულება გამოცხადდა – სასურსათო ტექნოლოგიები, სატყეო საქმე და აგროინჟინერია. რექტორის თქმით, ვაკანსიების შევსება ორმოცდაათი პროცენტითაც კი ვერ ხერხდება. აქაც ბლოკურად 30 ადგილზე გამოცხადდა კონკურსი, ჩაირიცხა – ექვსი. „აშკარაა, რომ აღნიშნულ პროგრამებს უნდა გადავხედოთ. როგორც ჩანს, არსებობს ბაზრის, პროგრამებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის პრობლემაც“.

 

მერაბ ხალვაშის თქმით, დღეს გაცილებით დიდი მოთხოვნაა მცენარეთა დამცველსა და ვეტერინარზე, ამიტომ პროგრამები ამ მიმართულებით უნდა შემუშავდეს.

 

მერაბ ხალვაში ამბობს, რომ უნივერსიტეტში, ჯამურად, 258 ვაკანსია ვერ შეივსო. ამის მიუხედავად, მისთვის ბათუმის უნივერსიტეტის შედეგი მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია: „საერთო ვითარებას თუ გავითვალისწინებთ, ჩვენი შედეგი არ არის საგანგაშო, რადგან მთლიანობაში 44 ათას ადგილზე იყო გამოცხადებული მიღება და მხოლოდ 28 ათასი აბიტურიენტი ჩაირიცხა. ჩვენ 1380 ადგილიდან მხოლოდ 258 ვაკანსია დაგვრჩა“.

 

მერაბ ხალვაში ამბობს, რომ ფასიან მიმართულებებზე სტუდენტთა შემცირება უნივერსიტეტისთვის წამგებიანია და ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები. თუმცა, უფასო მიმართულებებზე ადგილების დარჩენის მიუხედავად, პროგრამებს სახელმწიფო მთლიანად აფინანსებს.


დისკუსია თემაზე ”ქართული მედიის პრობლემები და გამოწვევები”

 

 
დისკუსიის მომხსნებელი, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ისაუბრებს იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას დღეს ქართული მედია. ასევე, თავის მოხსენებაში ზვიად ქორიძე განიხილავს, თუ რა შეიცვალა მედიაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
 
 
 
მისამართი: ბათუმი  ლუკა ასათიანის ქ. №37. დისკუსიის ორგანიზატორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.
 
 
დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია.
 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2016 წლის პროგრამების პროექტებს განიხილავს

 

2016 წელს სამინისტრო 11 პროგრამას და 24 ქვეპროგრამას განახორციელებს. პროექტის თანახმად, სამინისტროს 2016 წლის ნაერთი ბიუჯეტი 12 875 420 ლარი იქნება, აქედან პროგრამების განხორციელებას 9 908 770 ლარი მოხმარდება, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდება:

 

 

სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება – 4 850 000 ლარი;

პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობა – 470 000 ლარი;

სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაცია – 848 800ლარი;

მოსახლეობის გარკვეული სოციალური კატეგორიების ერთჯერადი მატერიალური დახმარება – 280 000 ლარი;

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების, ბავშვების და ასაკით პენსიონერების უზრუნველყოფა დამხმარე საშუალებებით – 180 000 ლარი;

მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა – 124 100 ლარი;

ეკომიგრანტი და სოციალურად დაუცველი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფა – 2 084 000 ლარი;

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა – 517 870 ლარი;

დასაქმების ხეშეწყობა – 554 000 ლარი. 

 

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2016 წელს სამინისტრო გეგმავს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა დაუფინანსოს: მკვეთარდ გამოხატული შშ სტატუსის მქონე პირებს, შშ სტატუსის მქონე ბავშვებს, ასკით პენსიონერებს და 0-დან 6 წლამდე ასკის ბავშვებს (რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 200 000-ს); ასევე, აამოქმედოს ახალი პროგრამა ონკოლოგიური პაციენტებისთვის ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით; 10 000 ლარით დააფინანსოს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპრაცია; გაზარდოს კარდიო ქირურგიისა და სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამების ბიუჯეტი. განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამედიცინო დახმარების პროგრამას ბენეფიციარებად დაუმატოს ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი ქალები და მარტოხელა მშობლები; აამოქმედოს ახალი პროგრამა – „ბავშვთა ადრეული განვითარება“ გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და ასევე, განახორციელოს კიდევ ერთი ახალი პროგრამა – „ეკომიგრანტი და სოციალურად დაუცველი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის“. 


“მე კარგად ვიქნები” – ჯგუფური თერაპიის მნიშვნელობა მძიმე დიაგნოზის დროს

 

 

 

 

ეს “გამარჯვებულ ქალთა კლუბის” წევრების ჩანაწერებია. ამ კლუბის წევრებს ერთი რამ აერთიანებთ, ძუძუს კიბოს დიაგნოზი, რომელმაც მათი ცხოვრება შეცვალა და ერთი დიაგნოზის მქონე ქალები გააერთიანა. კლუბის წევრები ყოველ 15 დღეში ერთხელ იკრიბებიან, კლუბის ახალ წევრებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ, საუბრობენ სხვადასხვა თემაზე, დადიან ექსკურსიებზე, ესწრებიან სპექტაკლებს ან, უბრალოდ, ფინჯან ყავაზე იკრიბებიან.

თინათინ ბერუჩაშვილი – ჯანდაცვის მენეჯერი და „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ კლუბის დაარსების იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა 2008 წელს, სკრინინგ ცენტრის მიერ ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოთი დიაგნოზირებული პირველი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. `როცა ასეთ მძიმე დიაგნოზს ატყობინებ ადამიანს, აძალებ, რომ წავიდეს ექიმთან და დროულად ჩაიტაროს მკურნალობა _ შენც ხდები მისი პრობლემის თანამონაწილე. როცა მათ ვურეკავდი, ძალიან დიდი იყო ემოცია ყურმილის მეორე მხარეს _ ვიღაც დაინტერესდა მათი მდგომარეობით. უჩნდებოდათ სურვილი, რომ მოეყოლათ რაც შეიძლება მეტი… შემდეგ, რამდენიმე ქალბატონს თვითონ გაუჩნდა სურვილი ჩემთან დაკავშირების, მირეკავდნენ – შეიძლება მოვიდე, მოგიყვეთ?” – იხსენებს თინათინი.

ამის შემდეგ იგი ევროპული ქვეყნების პრაქტიკას გაეცნო, სადაც ერთი დიაგნოზის მქონე პაციენტთა გაერთიანების პრაქტიკა არსებობს. 2009 წელს, როცა “გამარჯვებულ ქალთა კლუბი” დაარსდა, მასში მხოლოდ რამდენიმე ქალი იყო გაწევრიანებული, დღეს კი იგი 350-ზე მეტ ქალს აერთიანებს.

“გამარჯვებულ ქალთა კლუბი” საქართველოში ერთი დიაგნოზით გაერთიანებული ადამიანების ყველაზე დიდი ჯგუფია. მსგავსი ფსიქოთერაპიული და მხარდაჭერის კლუბები, რომლებიც ერთი დიაგნოზის ან ერთი პრობლემის მქონე ადამიანებს აერთიანებს [კიბო, დიაბეტი, ნარკოდამოკიდებულება და სხვა] საზღვარგარეთ ხშირად გვხვდება, საქართველოში კი დღემდე მხოლოდ რამდენიმე ასეთი ჯგუფია. 
საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომას” ფსიქოლოგი ლელა კურდღელაშვილი, რომელიც “გამარჯვებულ ქალთა კლუბთან” მუშაობს, ამბობს, რომ ამის მიზეზი საზოგადოების ჩაკეტილობაა. `საზოგადოება ჩვენთან შეჩვეულია, რომ ოჯახთან ან ახლო მეგობრებთან ისაუბროს თავის პრობლემებზე, არ სურთ საზოგადოების სხვა წევრებთან გახსნა. თუმცა ნელ-ნელა თვითდახმარების ჯგუფების პრაქტიკა საქართველოშიც იკიდებს ფეხს”, – ამბობს ის.

ჯგუფური თერაპია ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობის ფორმალური სახეა, რომელიც პროფესიონალი ტრენერის ხელმძღვანელობით, საერთო პრობლემების მქონე ადამიანებს აერთიანებს. ეს სამედიცინო მომსახურების ალტერნატივა არ არის, მაგრამ მათი დახმარებით პაციენტი იაზრებს, რომ ის ამ დიაგნოზთან მარტო არ არის. ეს მძიმე დიაგნოზის მქონე ადამიანისთვის, რომელიც სტრესის ქვეშ იმყოფება, ხშირად დიდი შვებაა. ფსიქოლოგი ამბობს, რომ მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტების რეაბილიტაციისას, ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხარდაჭერის გარდა, ლომის წილი აქვს იმ ადამიანებთან ურთიერთობას და მათი გამოცდილების გაზიარებას, რომლებსაც ანალოგიური პრობლემა აქვთ.

“შოკი, დაბნეულობა, გულგატეხილობა, იმედგაცრუება, ნერვიულობა, უიმედობა… პირველი ეტაპი არის ყველაზე რთული. ამ დროს რაღაც პერიოდი სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ მობილიზდეს და დაიწყოს ზრუნვა ჯანმრთელობაზე. ეს ყველაფერი ფონად გასდევს უშუალოდ მკურნალობისა და მკურნალობის შემდგომ პერიოდსაც, რადგან კიბო, მაგალითად, ძალიან სტიგმური დაავადებაა და, ზოგადად, ფატალურ დიაგნოზად აღიქმება საზოგადოებაში, ამიტომაც განსაკუთრებული სიმძაფრით იწვევს შიშსა და შფოთვით მდგომარეობას”, – ამბობს ლელა კურდღელაშვილი.

ყველა ჯგუფს თავისი წესები აქვს. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქ ნდობის ფაქტორს ენიჭება. “როცა ჯგუფის წევრებმა იციან, რომ კონფიდენციალურობა დაცულია, რომ იქ რაც ითქმება, არის მხოლოდ ჯგუფისთვის და არა, დავუშვათ, მეზობლებისთვის, უფრო უმარტივდებათ პრობლემებზე საუბარი და, შესაბამისად, მათთან გამკლავება”, – ამბობს ლელა კურდღელაშვილი. მისი თქმით, ასეთი შეხვედრების შედეგი ყოველ ჯერზე სულ უფრო შესამჩნევია: “ძალიან თვალსაჩინოა ამ ქალების ტრანსფორმაცია პირველი სესიიდან ბოლო სესიამდე. თავიდან ისინი დათრგუნული არიან, არ აქცევენ ყურადღებას გარეგნობას, შემდეგ კი, დროთა განმავლობაში იწყებენ ფერადი ტანსაცმლის ჩაცმას, იღებებიან, მორბიან სამსახურიდან, რომ დაესწრონ შეხვედრებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდი შედეგია”.

მზია კვირკველია ლანჩხუთში ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ თბილისში “გამარჯვებულ ქალთა კლუბის” შეკრებებზე ლანჩხუთიდან დადიოდა. სამი წლის წინ კი კლუბის ფილიალი ლანჩხუთელი ქალებისთვის შექმნა. “რომ არ ყოფილიყო სკრინინგის პროგრამა, დარწმუნებული ვარ არც გავესინჯებოდი და დღეს ჩემი სიცოცხლე დასრულებულიც იქნებოდა. კლუბის დაფუძნებასთან დაკავშირებით, ლანჩხუთში სამჯერ ჩამოვიყვანე ექიმთა ბრიგადა. ახლა აქ დაახლოებით 3000-ზე მეტი ქალია გასინჯული ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოზე. აქედან 48 ქალს აღმოჩნდა პირველი სტადია, 125-ზე მეტს – ფიბროადენომა, გაკეთდა 75 ოპერაცია, გვყავს კლუბის 35 წევრი და ძალიან ბევრი მხარდამჭერი”, – ამბობს ის. მზია მიიჩნევს, რომ რეგიონებში ასეთი კლუბების არსებობა აუცილებელია და თუ ამის მზაობა იქნება, იგი აჭარაში მცხოვრებ ონკოპაციენტებსაც გაუზიარებს კლუბის გამოცდილებას.

“წყალწმინდიდან ერთი ქალი დამიკავშირდა, პროფილაქტიკისთვის სურდა გასინჯვა. ამ ქალს ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა, ოღონდ პირველი სტადია. წარმოგიდგენიათ ეს რას ნიშნავს? სულ შემთხვევით აღმოაჩნდა ავთვისებიანის პირველი სტადია, რომელსაც არ დასჭირვებია ქიმია. მე, პირადად, 12 ქიმია მაქვს გაკეთებული, სამი ოპერაცია და მერჩივნა კიდევ სამი ოპერაცია გამეკეთებინა, ოღონდ ქიმიოთერაპია არ ყოფილიყო. ეს იმდენად სასიხარულო თემა იყო, რომ ვუთხარი – განა უნდა ინერვიულო? ცხოვრება 95%-ით შეგინარჩუნდა, შენ გადარჩი. მან უმტკივნეულოდ გადალახა ეს პრობლემა და დღეს ჩვენი ოჯახის წევრია”, – ყვება მზია.

 

 

ქალთა ლიგა – “ქალები ძუძუს კიბოს წინააღმდეგ”, 8 სექტემბერს ბათუმშიც გაიხსნა. ლიგა ამჟამად აჭარაში მცხოვრებ 10 ქალს აერთიანებს, რომელებმაც უკვე დაამარცხეს ეს დაავადება და უნდათ თავიანთი გამოცდილება სხვა ქალებს გაუზიარონ. მედცენტრის ექიმი-ონკოლოგი მზია ხალვაში ამბობს, რომ შეკრებები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა სულ მალე კონკრეტულად გაიწერება აქტივობები, იქამდე კი ახალ წევრებს ელოდებიან: “ნებისმიერ ქალბატონს, ვისაც აღნიშნულ პრობლემასთან შეხება ჰქონია, დაუდგინდა ეს დიაგნოზი, ჩაუტარდა მკურნალობა ან ამ ეტაპზე გადის მკურნალობას და სურვილი აქვს, რომ გაერთიანდეს ამ კლუბში, შეუძლია მოგვმართოს და გახდეს ლიგის წევრი” – ამბობს ექიმი. ლიგის ხელმძღვანელი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ინდირა ნაკაიძეა. შეკრებები, სადაც ლიგის წევრები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და მათთვის საინტერესო სიახლეებს გაეცნობიან, სავარაუდოდ, კლინიკა “მედცენტრის” შენობაში ჩატარდება.

 

როცა ბავშვს ბაღში წასვლა არ უნდა – რა შეცდომას უშვებენ მშობლები

  • ქალბატონო ირმა, პირველ რიგში, რატომ არის ბავშვისთვის მნიშვნელოვანი საბავშვო ბაღში წასვლა?
ირმა ფეიქრიშვილი

სამიდან ხუთ წლამდე ბავშვისთვის არის გარდატეხის კრიტიკული ასაკი. ამ დროს მის ცნობიერებაში დიდი ცვლილებები ხდება. ისინი აცნობიერებენ, რომ არიან სამყაროს ნაწილი, რომ აქვთ გარკვეული უფლებები, ცდილობენ საკუთარი წესების დამკვიდრებას და იწყებენ საკუთარი ხასიათის გამობრძმედას. ამ დროს, რაღაც მომენტში, უფროსები უძლურები ვართ მათი ნებისყოფის ჩამოყალიბებაში, რადგან თუკი მათ ხშირად მივცემთ შენიშვნას, ისინი ჩათვლიან, რომ დაიჩაგრნენ და რომ ჩვენ ისინი არ გვიყვარს.

სწორედ ამიტომ, ბავშვს სჭირდება თანატოლებთან კონტაქტი. შესაბამისად, სწორედ საბავშვო ბაღიდან იწყება ბავშვის ხასიათის წვრთნა და ნებისყოფის ჩამოყალიბება. სამი წლიდან ბავშვი უფროსებთან იწყებს ჭირვეულობას, აპროტესტებს ბევრ რამეს და გამოხატავს აგრესიას, თანატოლი, რომელიც იმავე ასაკისაა, მას არაფერს უთმობს. სწორედ ამ კამათსა და “ბრძოლაში” იწყებენ ისინი დათმობას და უყალიბდებათ ნებისყოფა.

  • რატომ უჭირთ ბავშვებს საბავშვო ბაღებთან შეგუება?

ამ დროს ბავშვების ჭირვეულობის საფუძველი არის შიში იმისა, რომ მშობლებმა არ მიატოვონ. მათ მოსწონთ სიტუაცია ბაღში – სათამაშოები, ბავშვები, მაგრამ ისინი პირველად რჩებიან მშობლის გარეშე და სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი.

ჭირვეულობა მთავრდება მაშინ, როდესაც ისინი რწმუნდებიან, რომ დედა მათ არ მიატოვებს, მიაკითხავს და წაიყვანს სახლში. ამიტომ ბაღისთვის წინასწარ უნდა შევამზადოთ ბავშვი, ვესაუბროთ იმაზე, რომ ის ძალიან გვიყვარს, რომ ჩვენ აუცილებლად მივაკითხავთ მას და ეს საქმითაც უნდა დავამტკიცოთ.

ხშირად ბაღში ადაპტაციის პროცესი შეიძლება შეაფერხოს მშობლის დაგვიანებამ. ანუ როცა ბავშვი ხედავს, რომ მთელი დღე ბაღში ყოფნის შემდეგ სხვა ბავშვები მიდიან სახლში, მას კი ჯერ კიდევ არ მოაკითხეს, ამიტომ ბავშვის ბაღში ყოფნის პირველი დღეები უნდა იყოს უფრო ხანმოკლე. მიაკითხეთ ბავშვს უფრო ადრე და წამოიყვანეთ სახლში, რომ დარწმუნდეს, ის არ რჩება მარტო.

არის შემთხვევები, როცა ბავშვი სახლში ზედმეტად ჭირვეულია და უფრო თავისუფალია, ბაღში კი ხედავს, რომ გარკვეული წესრიგია საჭიროა, რაზეც პროტესტი უჩნდება. ასეთი ბავშვები, როგორც წესი, პირველი დღეების განმავლობაში სიხარულით მიდიან ბაღში და შემდეგ იწყებენ ტირილს, რადგან ეს გარემო მათთვის მიუღებელია.

  • რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი, რა დრო სჭირდება ბავშვის ადაპტაციას საბავშვო ბაღში?

ეს ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალურია, მაგრამ, ზოგადად, 10 დღიდან ორ კვირამდე ვადაში ხდება ადაპტაცია. ოღონდ, აუცილებელია, ამ პროცესში მშობელი დააკვირდეს, რომ ბავშვი არ გახდეს ზედმეტად აღგზნებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ დაერღვეს ძილი და ღამით არ ჰქონდეს შფოთვები.

თუ ეს დაფიქსირდა, მაშინ საჭიროა მივმართოთ ბავშვთა ფსიქოლოგს, გავიგოთ, რა არის ამის მიზეზი, რომ არაფერი გამოგვეპაროს. ასევე, საჭიროა ყურადღება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ორი კვირის შემდეგ ისევ ძლიერად განიცდის ბაღში წასვლას.

  • როგორ შეიძლება დავეხმაროთ ბავშვს ამ პროცესის უმტკივნეულოდ გადატანაში?

თუ ბავშვს განსაკუთრებით უჭირს დედასთან განშორება, მაშინ სასურველია ბაღში წაიყვანოს ოჯახის სხვა წევრმა, მაგალითად, მამამ, თუმცა უმეტესად მამასთან უფრო ტირიან და უფრო აცოდებენ თავს.

ხშირად ბავშვებს სახლიდან ბაღში სათამაშოები და სხვადასხვა ნივთი მიაქვთ. თუ ბავშვს ეს კომფორტულ მდგომარეობას უქმნის და სიმშვიდეს ანიჭებს, მაშინ ამაში ცუდი არაფერია. ეს არის ნივთი, რომელიც მას სახლში აქვს და ეს ასოცირდება მის მდგომარეობასთან, როცა ის არის სახლში.

ყველაზე კარგი საშუალებაა მოტივაციის ამაღლება. მაგალითად, ბავშვს დავუხატოთ ფურცელზე ექვსი ფერადი უჯრა, მე-6 უჯრაში ჩავხატოთ საჩუქარი, რომელსაც ის მეექვსე დღეს მიიღებს, თუ იქამდე ბაღში ივლის და კარგად მოიქცევა. როდესაც მიხვალთ ბაღში, უხსნით, რომ თუ არ იტირებს, ამისთვის მიიღებს ჯილდოს და უჯრაში მივაწებებთ მისივე შერჩეულ სტიკერს – ღიმილები იქნება ეს თუ სხვა რამ.

თუ ბავშვი კვირის განმავლობაში კარგად იქცევა, არ ტირის, არ ჭირვეულობს, კვირის ბოლოს თქვენ მას აძლევთ წამახალისებელ ჯილდოს.

  • ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ მშობლები ბავშვის ბაღში მიყვანისას?

ყველაზე დიდ შეცდომას მშობლები უშვებენ მაშინ, როცა ბავშვს აჩვენებენ, რომ თავადაც განიცდიან ამ პროცესს, თითქოს დანაშაულის გრძნობა აქვთ იმის გამო, რომ ბავშვი საბავშვო ბაღში უნდა დატოვონ. ხშირად, როცა ბაღში მიყვანილ ბავშვს დიდ ხანს ემშვიდობება დედა, ბავშვი უფრო მეტად ტირის.

მას უნდა მაქსიმალურად მოიპოვოს მშობლის ყურადღება. თუ მშობელი განიცდის და ბავშვი აფიქსირებს ამას, იგი უფრო მეტად ტირის, აცოდებს თავს მშობელს, რომ არ დატოვონ.

ჯობს ბავშვს ავუხსნათ, რომ ბაღში უნდა დარჩეს და მალე გამოვიდეთ. თუ ბავშვი ძალიან ნერვიულობს პირველ დღეებში, დასაშვებია, რომ ცოტა ხანი მშობელიც იჯდეს ოთახში, მაგრამ ეს ხანგრძლივი არ უნდა იყოს, რადგან მერე უფრო რთულია შეგუება.

ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ ვამზადებთ ბავშვს ბაღისთვის. აქცენტი უნდა გაკეთდეს არა იმაზე, რომ იქ მასწავლებელს უნდა მოუსმინოს, რომ იქ კარგად უნდა მოიქცეს და რომ იქ რაღაც უნდა ისწავლოს – არამედ იმაზე, რომ ის ბავშვებთან ერთად იქნება და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

მას უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ თანატოლებთან ერთად ითამაშებს, ბავშვები მასთან ერთად იქნებიან და ეს მას ყველაზე მეტად სჭირდება.

ამავე თემაზე გირჩევთ

როგორ გავუმარტივოთ პირველკლასელებს სკოლასთან შეგუება

ბათუმის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

 

 ფესტივალი საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციისა და  უკრაინის სარეკლამო კოალიციის მხარდაჭერით ტარდება.

ფესტივალზე წარმოდგენილ ნამუშევრებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს.  ჟიური გამოავლენს ფინალისტებს და მედლის მფლობელებს (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო).  

 

წელს ფესტივალზე  დაჯილდოვდება:

 

  • საუკეთესო ვიდეოკონტენტი და სხვა ბრენდირებული კონტენტი;
  • საუკეთესო დიზაინი, პრინტი და პოსტერი;
  • საუკეთესო იდეა.

 

გარდა ამისა, გამოვლინდება: კონკურსის საუკეთესო ნამუშევარი და  ფესტივალის გრანპრი.

 

ფესტივალის ფარგლებში ასევე დაჯილდოვდება:

  • ფესტივალის საუკეთესო სააგენტო;
  • ფესტივალის საუკეთესო დამოუკიდებელი სააგენტო;
  • ფესტივალის საუკეთესო ქსელური სააგენტო

 

სპეციალურად ქართული სააგენტოებისათვის დაწესდება ჯილდო – ფესტივალის საუკეთესო ქართული სააგენტო.  

გარდა ამისა, არტდირექტორთა ევროპული კლუბის (ADC*E)  გადაწყვეტილებით, ყველა ქართული ნამუშევარი, რომლებიც Ad Black Sea -ის ფარგლებში ჯილდოს მიიღებენ, შეძლებს მონაწილეობა მიიღოს ევროპულ კონკურსში, ჩემპიონთა ლიგა ADC*E Awards -ში, ბარსელონაში.

  

გამარჯვებულები საუკეთესო ნამუშევრები და  სააგენტოები Ad Black Sea – ის დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში, 27 სექტემბერს დასახელდება. 

კონცერტი სმენადაქვეითებული ადამიანების მონაწილეობით

 

შესრულდება ქართული ხალხური ცეკვები ანსამბლ ,,ლილეს” მონაწილეობით და ჟესტური სიმღერები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება რეგიონში მცხოვრები ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ასევე პროექტ ,,ნიჭიერის” ფინალისტი სმენადაქვეითებულთა დუეტი ,,კოკა და ნინო”.

 

კონცერტი გაიმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ,,ჟესტური სამყარო” ფარგლებში. ღონისძიების მხარდამჭერია აჭარის მთავრობა.  დასწრება თავისუფალია. 

ხაბაძე: ბობოყვათის რეზიდენციით ინვესტორები არ დაინტერესდნენ

 

მთავრობის გადაწყვეტილებაზე დღეს მედიასთან კომენტარი გააკეთეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ. 

Exit mobile version