Batumelebi | როგორ ავიცილოთ თავიდან საქონლისგან გადამდები დაავადებები როგორ ავიცილოთ თავიდან საქონლისგან გადამდები დაავადებები – Batumelebi
RU | GE  

როგორ ავიცილოთ თავიდან საქონლისგან გადამდები დაავადებები

 

მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონლიდან ადამიანზე გადამდები უამრავი დაავადებაა აღრიცხული.  ასეთი დაავადება ადამიანს დასნებოვნებული პირუტყვის რძისა და ხორცის მიღებით გადაეცემა. მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ცხოველთა დროული ვაქცინაცია და კონტროლი.

 

ბრუცელოზი, ჯილეხი, ტუბერკულოზი, მუცლის ტიფი, პარატიფი, დიზენტერია, სტრეპტოკოკური ანგინა, ლეპტოსპიროზი, თურქული, ცისტიცერკოზი, ყირიმ-კონგოს ცხელება – ეს იმ დაავადებების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ადამიანს დაავადებული საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების მიღებით გადაედება. სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამით უფასო ვაქცინაციას თურქულზე, ჯილეხზე, ცოფზე, ცხვრისა და თხის ყვავილსა და ნოდულარული დერმატიტზე ატარებს. რაც შეეხება ისეთ საშიშ გადამდებ დაავადებებს, როგორიცაა ბრუცელოზი და ტუბერკულოზი, სახელმწიფო  პროგრამები ამ დაავადებებზე არ ვრცელდება. მეტიც, საქონლის ტუბერკულოზთან დაკავშირებით მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონლის გამოკვლევა ბოლო რამდენიმე წელია არ ჩატარებულა.

 

 

მსხვილფეხა საქონელში ბრუცელოზის გამოსავლენად კვლევა გასულ წელს ჩატარდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, ბრუცელოზის რუტინული მონიტორინგის ფარგლებში ბრუცელოზზე გამოკვლეულია 133 825 სული მსხვილფეხა საქონელი, დაავადებული აღმოჩნდა 2903 სული. ოფიციალური მონაცემებით, საკარანტინო დაავადება საქართველოს ყველა რეგიონშია გამოვლენილი.

 

ბრუცელოზის სწორი დიაგნოზი მხოლოდ ლაბორატორიული კვლევით არის შესაძლებელი, დაავადების ლიკვიდაციისთვის კი პრევენციული ღონისძიებების გატარება და ვაქცინაცია აუცილებელია. ვეტერინარების თქმით, ამ დაავადებასთან  ბრძოლა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, შესაბამისად, ცხოველთა სრულყოფილი გამოკვლევები მნიშვნელოვანია. დაავადების თავიდან ასაცილებლად საქართველოში პირუტყვს ვაქცინაცია  არ უტარდება, მეტიც, ვაქცინა საქართველოში არ იყიდება.

 

ბრუცელოზის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიული გეგმა სახელმწიფომ წელს შეიმუშავა. დოკუმენტს ხელი 2015 წლის თებერვალში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძემ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა დოლიძემ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაი მუნდიელემ მოაწერეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის ჯამბულ მაღლაკელიძის თქმით, სტრატეგიულ გეგმაში გაწერილია ბრუცელოზთან ბრძოლის მექანიზმები.

 

„მოიაზრება კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების მექანიზმი, ვაქცინის შერჩევა, რომელიც აპრობირებულია ევროპისა და მოწინავე ქვეყნებში“, – ამბობს ჯამბულ მაღლაკელიძე.

 

 „ასოციაცია მომავლის ფერმერის“ მთავარი ვეტერინარი და ბიოლოგიის დოქტორი მიხეილ ჭიჭაყუა ბრუცელოზისგან დასაცავად მოსახლეობას ურჩევს, პასტერიზებული რძე მიირთვან, ოჯახის პირობებში ყველის დამზადებისას კი, ამოსვლიდან 15 წუთით უნდა ხარშონ. მისი თქმით, ყველაზე უსაფრთხო სულგუნია, ყველის დანარჩენ სახეობაში კი დაავადების რისკი მაღალია. ვეტერინარი აქვე გვირჩევს, რომ ხორცი კარგად მოვხარშოთ.

 

მიხეილ ჭიჭაყუას თქმით, ადამიანში ბრუცელოზი შემდეგი სიმპტომებით ვლინდება: „ბრუცელოზს ახასიათებს ცხელება, ტემპერატურა აღწევს 40-41 გრადუსს, შეიძლება ეს სომპტომები გაგრძელდეს 7-10 დღე. აღინიშნება ადინამია, უძილობა, გაღიზიანება, ბოდვა, ტაქიკარდია, ხუთვა, აირების დაგროვება ნაწლავებში, ძლიერი ოფლიანობა და ფაღარათის მწვავე ფორმა. დაავადებას ასევე ახასიათებს კუნთებისა და სახსრების ტკივილი და ნევროზი. ბრუცელოზიანი დედების შვილებს შეიძლება გამოყვეთ თანდაყოლილი სიმახინჯეები და ნერვულ-ფსიქოლოგიური აშლილობა. ზიანდება ელენთა, ღვიძლი, საშვილოსნო, სარძევე და სათესლე ჯირკვლები. ეს ფორმა შეიძლება მიმდინარეობდეს მცირედი გამოვლინებებით ერთი-ორი წელიც კი“.

 

მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონლიდან ადამიანზე გადამდები საშიში დაავადებაა ასევე ჯილეხი, ანუ ციმბირის წყლული. საქონლის სხეულში მოხვედრილი ჯილეხის ბაცილა იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ  ორ-სამ დღეში ან რამდენიმე საათში მას კლავს. ადამიანი ჯილეხით დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტით ან დაავადებული  საქონლის ხორცის მიღებით ავადდება. ასევე შეიძლება დაავადდეს საქონლის ტყავის ქურქისგანაც.

 

მიხეილ ჭიჭაყუა ჯილეხის გამოვლენის შემთხვევებში, ფერმერებს ურჩევს ვეტერინარებს მიმართონ, მოულოდნელად დავარდნილ საქონელს კი ხელით არ შეეხონ. სპეციალისტი აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ადგილი, სადაც ჯილეხით დაავადებული  ცხოველი ან მისი რომელიმე  ნაწილი მოხვდება, სათანადო დამუშავების გარეშე დაავადების კერად და ადამიანისთვის საშიშ ზონად მიიჩნევა. ჯილეხით დაღუპული საქონლის დამარხვა არ შეიძლება.


მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით, ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გრანტის ფარგლებში. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. სტატია არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციას. 


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეკა ბარამიძე