ბათუმი

სასაკლაოები აჭარაში

27.09.2015 • 3570
სასაკლაოები აჭარაში

 

სასაკლაო ხულოში

 

აჭარაში რეგისტრირებული ოთხი სასაკლაოდან ხორცის ხარისხის დამადასტურებელ ფორმა #2-ს ამ დროისთვის სამი სასაკლაო გასცემს: ხელვაჩაურში – შპს „მეათ კომბინატი“, ქობულეთში – „ნესრეთ ჯორჯია კომბინატი“ და შუახევში – ინდმეწარმე ივერი ზოიძე. რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში არსებულ სასაკლაოს, ამ დროისთვის აქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. შპს „ორი გიოს“ მფლობელი თემურ ბერიძე ამბობს, რომ საწარმოში HACCP სტანდარტი დაინერგა და ექსპლუატაციაში რამდენიმე დღეში შევა.

 

ვიდრე სასაკლაო მუშაობას განაახლებს, ადგილობრივი მოსახლეობა მის დახურვას ან სხვა ადგილზე გადატანას ითხოვს. მათი თქმით, სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე სასაკლაოდან საქონლის სისხლი და გამოუყენებელი შიგთავსი სოფლის მდინარეში ხვდებოდა. მოსახლეობის პრეტენზიებს არ ეთანხმება თემურ ბერიძე. ის ამბობს, რომ უკამყოფილო მხოლოდ ე.წ. ხორცით მოვაჭრეები არიან და სასაკლაო ყველა საჭირო ნორმას აკმაყოფილებდა. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინასებით, მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის ფარგლებში სასაკლაოში ჰასპის სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. სარემონტო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ვფიქრობთ, მომავალი კვირიდან დავიწყებთ მუშაობას. საწარმო 2013 წელს გაიხსნა და კანონის შესაბამისად იკვლებოდა აქ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. რაც შეეხება ბრალდებას, უსაფუძვლოა, ეს მხოლოდ ორი ადამიანის ე.წ. მოვაჭრეების მოთხოვნა იყო, რომლებიც ხორცის წარმოებაზე მუშაობდნენ და სასაკლაოს გახსნამდე ღია ბუნებაში კლავდნენ საქონელს. რაც შეეხება ნარჩენებს, სპეციალურად შემოღობილ ორმოში თავსდებოდა ის, იყო აგრეთვე სისხლის აუზები, სადაც ხდებოდა გაფილტვრა. ახლა უფრო მაღალი სტანდარტებით დავიწყებთ მუშაობას, გაკეთდა „ბეკერის“ ორმოები, სადაც ნარჩენების გაუვნებელყოფა მოხდება. გარდა იმისა, რომ დაიკვლება საქონელი, გვაქვს სპეციალური სათავსოები, სადაც შესაძლებელია ძვლის გაცვლა და დაკვეთის შემთხვევაში შეფუთვა-ეტიკეტირება“, – ამბობს თემურ ბერიძე.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტის ია მჟავანაძის თქმით, ღორჯომში არსებული სასაკლაო სტანდარტებს აკმაყოფილებდა და დასძენს, რომ მოსახლეობის განაცხადი სასაკლაოს დახურვის მოთხოვნით მათთან არ შესულა. „ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული სასაკლაო ერთადერთი იქნება აჭარაში, რომელიც HACCP სტანდარტს დააკმაყოფილებს. რაც შეეხება რემონტის დაწყებამდე არსებულ მდგომარებას, სრულიად აკმაყოფილებდა ქვეყანაში არსებულ მოთხოვნას, არც საქონლის სისხლი იღვრებოდა მდინარეში და არც გამოუყენებელი შიგთავსი. არც ერთ სასაკლაოზე არ არის ისეთი ვითარება, რომ სასაკლაომ ვერ იფუნქციონიროს, შესაძლოა რაიმე სახის ცდომილება გამოვლინდეს რომელიმე სასაკლაოზე, მაგრამ ეს უმნიშვნელო და გამოსწორებადია. საქონლის სისხლი და გამოუყენებელი ნაწილები ბუნებაში არ უნდა მოხვდეს, არც ერთ სასაკლაოზე არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა,“ – ამბობს სააგენტოს სპეციალისტი.

 

ია მჟავანაძე განმარტავს, რომ საქონლის სასაკლაოზე დაკვლის წესსა და სასაკლაოს მოთხოვნებს საქართველოს მთავრობის #55 დადგენილება არეგულირებს. იმ შემთხვევაში, თუ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები არ შესრულდება და ხორცი გასაყიდად დახლებზე ფორმა #2-ის გარეშე მოხვდება, შესაბამისი საჯარიმო სანქციები გატარდება. „ყოველთვიურად ვამოწმებთ სასაკლაოებს როგორც გეგმიურად, ასევე არაგეგმიურად, შემოწმებასთან დაკავშირებით ინფორმაციას სასაკლაოებში წინასწარ არ ფლობენ, ჩვენ მათ არ ვაფრთხილებთ და მოულოდნელად შევდივართ შემოწმებაზე. ბევრი მოთხოვნა აქვს სასაკლაოს, ფორმა #2 აღრიცხვის ჟურნალი უნდა იყოს გახსნილი და ყოველდღიურად ივსებოდეს ინფორმაცია,რა  დაავადებები გამოვლინდა, ტემპერატურას უნდა აკონტროლებდნენ, ამის შესახებაც უნდა გაკეთდეს ჩანაწერები. ასევე არის სადეზინფექციო აღრიცხვის ჟურნალი, უნდა იყოს მითითებული რა ხსნარით ხდება დეზინფექცია, რა ინტერვალით, რა დეზობარიერი გააჩნიათ სასაკლაოს შესასვლელში. მოთხოვნაში ბევრი ჩამონათვალია, დღის სრულყოფილი მუშაობის ამსახველი ჩანაწერები უნდა ჰქონდეთ აუცილებლად, ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს ხორცის ხარისხზე, მაგალითად, ტემპერატურული რეჟიმი ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული დარღვევები აღმოგვეჩინოს, შესაძლებელია იყოს უზუსტობა, რაზეც მითითებას ვაძლევთ და შემდეგ ვამოწმებთ, რამდენად ასრულებენ ჩვენს მითითებას. მონიტორინგთან ერთად ვეტერინარებს ტრენინგებსაც ვუტარებთ,“ – ამბობს ია მჟავანაძე.

 

ხორცის ხარისხთან დაკავშირებით პრობლემებმა თავი იჩინა საკურორტო სეზონზე, მაგალითად კურორტ ბეშუმში. მაგრამ, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსმა, ილია სირაბიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, მათ კატეგორიულად აკრძალეს „ადგილზე დაკლულიყო საქონელი და არც არანაირი ფორმა გაიცემოდა“: „სასაკლაოს ბეშუმში არ უფუნქციონირია და არც არსებობს. ჩვენი სამსახური ინსპექტირებას, მონიტორინგს და სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ხორცსა და ხორცპროდუქტებზე, გვყავს როგორც ინსპექტორები, რომლებიც გეგმიურ ინსპექტირებას ატარებენ, ასევე მონიტორინგის ხუთწევრიანი ჯგუფი“.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სააგენტომ წელს, შვიდი თვის განმავლობაში, გეგმიური ინსპექტირება 141, ხოლო არაგეგმიურად 54 ობიექტში განახორციელა. შეადგინეს 42 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, 13 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და თითოეული 1000 ლარით დაჯარიმდა, 24 ბიზნესოპერატორი 400 ლარით, ხოლო ერთი ბიზნესოპერატორი 1200 ლარით დაჯარიმდა.




გადაბეჭდვის წესი


ასევე: