კვირის ამბები

აჟიოტაჟი არარსებული სახელმძღვანელოს გამო

26.09.2015 • 1957
აჟიოტაჟი არარსებული სახელმძღვანელოს გამო

 

 

გიორგი გახელაძე/განათლების სპეციალისტი

 

როგორც საქართველოს განათლების სამინისტროში განაცხადეს, ახალი სახელმძღვანელო კონკურსის წესით უნდა შემუშავდეს, მხოლოდ ამის შემდეგ მიანიჭებს მას განათლების სამინისტრო გრიფს და შევა ეროვნულ სასწავლო გეგმაში.

 

სოციალურ მედიაში და სხვადასხვა სატელევიზიო სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ ახალი საგნის საპილოტე სწავლება მიმდინარე წელს მე-3 და მე-4 კლასებში უნდა დაწყებულიყო, რასაც განათლების სამინისტროში არ ადასტურებენ.

 

„წელს ნამდვილად არ იგეგმება ამ საგნის სკოლაში შეტანა, რადგან სახელმძღვანელო ჯერ არ არსებობს. შესაძლებელია ვერც მომავალი წლისთვის მოესწროს, რადგან სახელმძღვანელოს შედგენაზე უნდა გამოცხადდეს კონკურსი, შემდეგ საჭიროა პედაგოგების გადამზადება“, –  უთხრა „ბათუმელებს“ სამინისტროს წარმომადგენელმა ლალი როსტომაშვილმა.

 

ახალი სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსია, რომელიც საქართველოს განათლების სამინისტრომ მოგვაწოდა, შემუშავებულია საგნობრივი ექსპერტების მიერ. პროცესში ჩართულნი არიან: გაეროს მოსახლეობის ფონდი – ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით, გაეროს ქალთა ფონდი – ადამიანის უფლებების დაცვის და გენდერის მიმართულებით, ისტორიისა და გეოგრაფიის ასოციაციების წარმომადგენლები, PH Iნტერნატიონალ-ი, მოწვეული ექსპერტები და საქართველოს საპატრიარქო. სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტის მიხედვით, სამოქმედო გეგმა არაერთხელ განიხილეს როგორც დაწყებითი საფეხურების, ასევე სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

 

ახალი საგნის სკოლაში შეტანის შემთხვევაში, მის სწაველბას კვირაში ორი საათი დაეთმობა. სამუშაო დეკუმენტის მიხედვით, საგანი მოსწავლეს სოციალურ გარემოს ისეთი თემების დამუშავებით აცნობს, როგორიცაა: სკოლა, ოჯახი და მეგობრები. საკუთარი და სხვა ადამიანის უფლებები, განსხვავებულის მიღება და შემწყნარებლობა. დოკუმენტში განსაზღვრულია, თუ რა კითხვების პროვოცირება უნდა მოხდეს სასწავლო პროცესში და როგორ უნდა დამუშავდეს ცნებები, რომ ის მოზარდებისთვის მისაღები და გასაგები იყოს.

 

სქემაში მოცემულია მოდელიც, თუ როგორ უნდა დაეხმაროს, ვთქვათ, სკოლა მოზარდს განათლების მნიშვნელობის გააზრებაში. საორიენტაციო კითხვების ფორმულირება შემდეგნაირია: რა მნიშვნელობა აქვს განათლებას ჩემი მომავალი ცხოვრებისთვის? რისთვის ვკითხულობთ წიგნებს? რატომ არ უნდა გამოვიყენოთ სხვისი ნაშრომი სასკოლო დავალებისთვის? როგორ და რატომ უნდა ვისარგებლოთ ბიბლიოთეკით? რას ვსწავლობთ და როგორ უნდა ვიქცეოდეთ კინოში, თეატრსა და გამოფენებზე, მუზეუმში? რას ვსწავლობთ ექსკურსიაზე? როგორ შეიძლება მოგვითხროს ისტორიულმა ძეგლებმა გარემოსა და ჩვენი მხარის შესახებ და ა.შ.

 

საქართველოს განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ცვლილებები შემდეგი მიზეზებით არის განპირობებული. „პირველ და მეოთხე კლასებში ვერ ხდებოდა ისეთი თემების ინტეგრირება, როგორიცაა მე, ოჯახი, სასკოლო გარემო და საზოგადოება; სახელმწიფო და მოქალაქე. ამ თემების ინტეგრირება ვერც მომიჯნავე საგნებში – ქართულ ენასა და ლიტერატურაში, სახვით ხელოვნებაში, ბუნებისმეტყველებაში ხერხდებოდა. სამინისტროს მოსაზრებით, მსგავსი თემები საერთოდ იგნორირებული იყო. სამშობლოს თემატიკაზე კი აქცენტი კეთდება მხოლოდ პატრიოტული შინაარსის ლექსების დაზეპირებაზე ან ხდება ინფორმაციის პათეტიკური ფორმით მიწოდება. არ ხდებოდა მოსწავლეებისთვის საჭირო ღირებულებებზე აქცენტირება, რომელიც განათლების ეროვნული მიზნებისა და ქვეყნის კონსტიტუციისთვის არის პრიორიტეტული,“ – ნათქვამია სამუშაო დოკუმენტში.

 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, განვითარებული ქვეყნებისა და ქართული საგანმანათლებლო მოდელის ანალიზმა აჩვენა, რომ შოციალ შტუდიეს-ის შინაარსის საგანი ქართული სკოლების გარდა ყველა განვითარებული ქვეყნის სკოლაში ისწავლება.

 

„მე და საზოგადოებას“ ირგვლივ აჟიოტაჟი ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებამ გამოიწვია, – ვასაძემ განაცხადა, რომ წიგნის იდეა საპატრიარქომ დაიწუნა და განათლების მინისტრი დაიბარა კიდეც.

 

რა არ მოსწონს საპატრიარქოს ახალ სახელმძღვანელოში? სატელევიზიო სიუჟეტებში გაკეთებული კომენტარების მიხედვით, სასულიერო პირებს პრობლემა აქვთ მხოლოდ ერთ ტერმინზე – „გენდერული იდენტობა“ ამავე ტერმინზე საუბრობდა ლევან ვასაძე და კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსი.
რატომ აფრთხობთ საპატრიარქოში „გენდერული იდენტობა“ და რატომ არის მნიშვნელოვანი ერკვეოდნენ მოზარდები ამ ტერმინის მნიშვნელობაში? განათლების ექსპერტი გიორგი გახელაძე: „სამწუხაროდ, ჩვენს ზრდასრულ მოსახლეობაში და, კიდევ უფრო სამწუხაროდ, ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში მომუშავე ზრდასრულ მოსახლეობაშიც ასეთი აკადემიური ტერმინები სტერეოტიპულად არის გაგებული. ჩვენი საზოგადოების ნაწილში იდენტობა ნიშნავს მხოლოდ გენეტიკურ და ნაციონალურ იდენტობას და მეტს არაფერს. სხვა ტიპის იდენტობები, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის უჩვეულო ტერმინია.

 

გენდერს რაც შეეხება, დღეს გენდერი დაკავშირებულია მხოლოდ ქალების უფლებების დაცვასთან, ანუ ფემინიზმთან. სინამდვილეში, გენდერული იდენტობა ძალიან მარტივი ასახსნელია, რადგან გენდერული იდენტობა არის სქესობრივი იდენტობა, რომ ბიჭებმა და გოგონებმა ისწავლონ, რას ნიშნავს იყო ქალი ან მამაკაცი, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან. დისკუსია უნდა იყოს იმაზე, თუ როგორ ვაპირებთ ამის სწავლებას“.

 

გიორგი გახელაძის თქმით, რასაც ახლა განიხილავენ, ეს არ არის სახელმძღვანელო: „ჯერ ლაპარაკია სასწავლო გეგმაზე, კურიკულუმზე, ანუ იმ ღირებულებებსა და უნარების ცოდნაზე, რაც საბოლოო ჯამში გვინდა, რომ მე-3/4 კლასელებს ჰქონდეთ. არსებული დოკუმენტი კი დიდებისთვისაა განკუთვნილი და არა ბავშვებისთვის. იქ გამოყენებული ტერმინებიც არის დიდებისთვის“.

 

რაც შეეხება საპატრიარქოს შიშებს, გიორგი გახელაძე ამბობს, რომ მას ამ თემაზე საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია არ მოუსმენია: „საპატრიარქოს სახელით საუბარი შეუძლია მხოლოდ პატრიარქს ან სინოდს. მათ რაიმე შფოთვა ამ კურიკულუმის მიმართ არ გამოუხატავთ“.

 

განათლების ექსპერტის თქმით, თუკი ცხრა-ათი წლის ბავშვებს ეცოდინებათ ადამიანის უფლებების, საკუთარი მოვალეობების, საზოგადოებაში ურთიერთობის წესებისა და ფორმების შესახებ, ამით მხოლოდ ნორმალურ და განვითარებულ საზოგადოებას მივიღებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: