სპორტი

პრობლემები და შედეგები კარატეში

26.09.2015 • 2887
პრობლემები და შედეგები კარატეში

– ბატონო ნოდარ, მსოფლიო ჩემპიონატიდან რომ დავიწყოთ, როდის, სად ჩატარდა და საქართველოდან თქვენ გარდა სხვა სპორტსმენი თუ მონაწილეობდა?

– მე-12 მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 60 ქვეყანა მონაწილეობდა, 16-23 აგვისტოს ჩატარდა. ჩემპიონატამდე ჩვენ გვქონდა სამდღიანი სასწავლო-საწვრთო შეკრება და გამოცდა შავ ქამარსა და დანებზე (მეშვიდე დანიმდე). მანამდე გამართული მსოფლიო ჩემპიონატები კარგი ორგანიზებულობით გამოირჩეოდა, მაგრამ ეს ჩემპიონატი განსხვავდებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნები დაემატა მსოფლიო ფედერაციას. უფრო ბევრი მონაწილე იყო – დაახლოებით 3000 სპორტსმენი და ტოკიოში საბრძოლო ხელოვნების სასახლე ბუდოკანი – სავსე.

საქართველოდან რვა სპორტსმენი ვიყავით. აჭარიდან – საბა აბუსერიძე და ელენე ხაჯიშვილი 10-11-წლიანებს შორის, ემრე ომერელი – 11-12-წლიანებს შორის. ისინი მეოთხე ადგილებზე გავიდნენ. დევი ხაჯიშვილი, რომელიც ამერიკიდან ჩამოვიდა, მხოლოდ და მხოლოდ სასწავლო-საწვრთნო სემინარში მონაწილეობდა. თბილისიდან სამი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას: ჭაბუკა მახარაძე – კატაში გამოდიოდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, მიშა ქობალია და ჯამბულ ქობალია – ჯუ-კუმიტეში (თავისუფალი ორთაბრძოლა) ასპარეზობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ტრავმის გამო გამოეთიშნენ ჩემპიონატს.

45 წელს გადაცილებულთა კატეგორიაში ჯუ-კუმიტეში გამოვდიოდი მეც, ეს არის ყველაზე მძიმე სახეობა. მანამდე კი წარმატებით გაიარა ჩვენმა გუნდმა სასწავლო-საწვრთნო შეკრება და შემდეგ გამოცდებიც ჩააბარა. მათ მოიპოვეს შავი ქამრისა და პირველი დანის ტარების უფლება. დატვირთული გრაფიკი გვქონდა, დილის ცხრიდან საღამოს 11 საათამდე ვვარჯიშობდით. მოგვცეს ერთდღიანი დასვენება, თუმცა ვერ მოასწრებდი იმ ერთ დღეში დასვენებას. ტოკიოში საღამოს ჩავედით და მეორე დღესვე გავედით ტატამზე. ტოკიოსა და საქართველოს შორის საათობრივი განსხვავება ოთხი საათია. აკლიმატიზაცია, ადაპტაცია… თუმცა ყველა პრობლემას და ყველა დეპრესიას უკან ვდებთ და ვცდილობთ წარმოვაჩინოთ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი პრინციპები, ჩვენი ფსიქოლოგიური და ტექნიკური მომზადება.

რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი შედეგით?

– მსოფლიო ფედერაციამ შეცვალა თავისი ბრძოლის წესები, რის გამოც ჩემპიონატის დაწყებამდე სამსაჯო სემინარები გაიმართა. ახალი წესებისა და მსაჯთა სუბიექტურობის გამო ვერ ვიტყვი, რომ შეჯიბრი მაინცადამაინც წარიმართა ისე, როგორც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი. მიუხედავად ამისა, მე პირადად ფინალამდე მივედი. იმის გამო, რომ ახალი წესები დამკვიდრდა, მსაჯთა უმეტესობა ძველსა და ახალ წესებს შორის გასაყარზე იყო და ჩემი ოქროს მედალი დაიკარგა, სინამდვილეში ფინალური ორთაბრძოლა მოვიგე. ვინც მიცნობს, კარგად იცის ყველამ ჩემი პოტენციალი. თუ შეჯიბრებაზე გავდივარ, მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად. ვიცი ჩემი ფიზიკური, ფსიქოლოგიური მომზადების ფასი და დონე.

ვინ იყო თქვენი მოწინააღმდეგე?

ჩემი ბრძოლის ისტორიაში ბევრი ძლიერი მოწინააღმდეგე მყავდა, თუნდაც ის მსაჯი, ჩემს ბრძოლას რომ მსაჯობდა, ირლანდიელი ბრენდან ფერი, მეშვიდე დანის მფლობელი. მაგრამ ბაჰადირ ბაბაევი განსაკუთრებით ძლიერი სპორტსმენი იყო, ის ტაჯიკეთის სპეცდანიშნულების რაზმის მთავარი მწვრთნელია.

ნოდარ ხაჯიშვილი და ბაჰადირ ბაბაევი, ფინალური ორთაბრძოლა | ფოტო: W.S.K.F.

რა წესები შეიცვალა?

– ბრძოლა მიმდინარეობს ორი წუთი გაუჩერებლად, მსაჯი ერევა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის ნოკ-აუტი, ნოკ-დაუნი, თუ მებრძოლს გაუტყდა სახის ან სხეულის რომელიმე ნაწილი, თუ სისხლი მოსდის, თუ უკეთებ მახრჩობელას, თუ უკეთებ ილეთს ხელის ან ფეხის მტვრევას… სხვა შემთხვევაში მსაჯი არ უნდა ჩაერიოს, ამ შემთხვევაში მსაჯი აჩერებს ბრძოლას, წამზომი ჩერდება, ქულა იწერება და გრძელდება ორთაბრძოლა, მაგრამ ეს არ მოხდა და მსაჯი იყო დაბნეული.

მსოფლიო ფედერაციას აცნობეთ თქვენი უკმაყოფილება?

ბრძოლა როცა დამთავრდა და ჩემ მოწინააღმდეგეს მიანიჭეს გამარჯვება, მოდიოდნენ იაპონელი მსაჯები და მეუბნებოდნენ, თქვენ მოგცემდით გამარჯვებასო. სხვათა შორის მოწინააღმდეგის [ბაბაევის] ქვეყნის წარმომადგენელიც მოვიდა კონსპირაციულად და მითხრა – გამარჯვება თქვენი იყოო. რუსები მოდიოდნენ და მე მილოცავდნენ გამარჯვებას. თვითონ მთავარმა მსაჯმა, მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენელმა ბოდიში მოიხადა, რომ მსაჯობის ახალი წესების დამკვიდრების გამო ეს მოხდაო. შემომთავაზეს, იქვე დამეწერა სააპელაციო საჩივარი, მაგრამ ამისთვის ფინანსებია საჭირო. გარდა ამისა, ეს ჩემი საქმე არ არის, ჩემი საქმეა ბრძოლა, მე ორთაბრძოლა მოვიგე, ეს იცის ყველამ, ეს ვიცი მეც, შინაგანად.

კარატისტებს გაქვთ დიდი ფიზიკური რესურსი, რისთვის იყენებთ ამ ძალასსაბრძოლო ხელოვნებას სწავლობთ იმიტომ, რომ კარგია სხეულისთვის, თუ ასეთი რესურსი სჭირდება სახელმწიფოს, იგივე ძალოვანი სტრუქტურებისთვის? თქვენ თუ გიმუშავიათ ამ მიმართულებით სახელმწიფოსთან?

– 90-იან წლებში სპეცდანიშნულების რაზმებს ვავარჯიშებდი. კარგი ხელშეწყობა იყო და ვავარჯიშებდი. ეს არის უდიდესი იარაღი, არა თოფი და არა ტანკი, არამედ ადამიანის სულიერი, ფსიქოლოგიური განვითარებისა და მისი მდგრადობის იარაღი. როცა ფსიქიკა გაქვს ძლიერი, ბრძოლისუნარიანი ხარ. ორთაბრძოლის სწავლება არამარტო ძალოვან სტრუქტურებში, არამედ სკოლაში, საბავშვო ბაღში და ყველა ოჯახშია საჭირო. სახელმწიფოს აუცილებლად სჭირდება ეს ძალა. ახალგაზრდამ ვარჯიში მაშინ არ უნდა დაიწყოს, როცა ის ჯარში მიდის, არამედ მანამდე.

ირანელები, ირლანდიელები, ვენესუელები, თურქები, იორდანელები, რუსები უნდა ნახოთ როგორ იბრძვიან. ჩვენთანაც არიან, საქართველოში, მაგრამ თითო-ოროლა. სპორტს არ ექცევა სათანადო ყურადღება, სპორტი ყოველთვის იყო მეორეხარისხოვანი.

არ წყდება ჩემი ტელეფონის ზარი, სოციალურ ქსელებში, ელექტრონულ ფოსტაზე, ყველა მილოცავს. მაგრამ ჩამოდიხარ შენს სამშობლოში და ხედავ, რომ ვის კომპეტენციაშიც შედის მოგილოცოს გამარჯვება, სერიოზულად აღიქვას ის ყველაფერი, რაც მოხდა – არ არის. მე ბევრჯერ ვყოფილვარ მსოფლიო ჩემპიონატზე და არასოდეს მახსოვს ვინმეს დაეძახოს და ჩემთვის მოელოცოს ან ეთქვას რაღაც წამახალისებელი, არც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და არც აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს.

თქვენ ორი ფედერაციის პრეზიდენტი ხართ. რამდენით აფინანსებს ფედერაციებს სახელმწიფო?

– არაფრით. ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ბიუჯეტი დამტკიცებულია, თანხები აღმოსავლურ ორთაბრძოლებზე არ არის, პრიორიტეტული სახეობები უკვე გაწერილია. არც მაინტერესებს და არავისთან ხვეწნას არ ვაპირებ. წელს იყო პირველი შემთხვევა 15 წლის განმავლობაში, როცა ბათუმის მერიამ გიორგი ერმაკოვისა და ალეკო მითაიშვილის მეთაურობით, ხუთი სპორტსმენი დაგვაფინანსეს მგზავრობის ხარჯით იაპონიაში გასამგზავრებლად, თითო სპორტსმენზე – 3500 ლარი. რომ არ დაგვხმარებოდნენ, ჩვენ ვერ წავიდოდით.

რა გეგმები გაქვთ?

– 2016 წლის მაისში ვაპირებ მოვიწვიო მსოფლიო ფედერაციის ხელმძღვანელი,

ორი კაცი მინდა ჩამოვიყვანო იაპონიიდან, რომლებიც ჩაატარებენ საწვრთნო სემინარს. ასევე პატარა შეჯიბრება მინდა დავურთო, სადაც მოვიწვევ მეზობელი ქვეყნის კარატისტებს თურქეთიდან (სხვათა შორის, თურქები მაღალ დონეზე არიან კარატეში). ტურნირის განსახორციელებლად ალბათ ბათუმის მერიას მივმართავ. მინდა, ქვეყანამ, საზოგადოებამ, მთავრობამ, აჭარის მთავრობამ, რეალურად დაინახოს, თუ რა არის კარატე.


გადაბეჭდვის წესი