სიახლეები

ვის ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

27.09.2015 • 1983
ვის ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოსთვის ჯერჯერობით არც ერთ იმ ბრალდებულს არ მიუმართავს, რომელსაც თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მსგავსად, აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობაში ცხრა თვეზე მეტ ხანს იმყოფება. “ბათუმელებმა~ მთავარ პროკურატურას ჰკითხა – სულ რამდენი ბრალდებულია ქვეყანაში, რომელთაც პატიმრობაში მყოფთ, აღკვეთის სახით, ისევ პატიმრობა აქვთ შეფარდებული? პროკურატურას კითხვაზე პასუხი ჯერ არ გაუცია.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომელიც პატიმრობის ნორმებს არეგულირებს, შეეხება ძალიან ფართო პირთა წრეს – ყველა იმ ბრალდებულს, რომელთა მიმართ ცხრა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, არ დამდგარა განაჩენი და ისევ იმყოფება აღკვეთი ღონისძიების ქვეშ:

 

“პროკურატურას აღარ ექნება ბერკეტი, გაახანგრძლივოს მათი პატიმრობა. პროკურატურას აღარც იმის ცდუნება გაუჩნდება, ბრალდებული დიდხანს ჰყავდეს პატიმრობაში. პროკურატურა განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდება სისხლის სამართლებრივი დევნისა და დაპატიმრების საკითხებს, აღარ მოახდენს სათუო დანაშაულში პირის ბრალდებას იმ იმედით, რომ თუ, მაგალითად, ცხრა თვის განმავლობაში ვერ დაუმტკიცა ბრალი, სხვა ახალ ბრალდებას წაუყენებს და ამით გაახანგრძლივებს მის პატიმრობას. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით მაღალ დონეზე აიწევს ადამიანის უფლებების – კერძოდ კი ადამიანის თავისუფლების დაცვა”.

 

არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წელს მათი სარჩელი რომ დაეკმაყოფილებინა, 12 წლის განმავლობაში უფრო მეტად იქნებოდა ადამიანის უფლებები დაცული. იურისტის შეფასებით, საერთო სასამართლოებმა საკუთარი ინიციატივით უნდა დაიწყონ საქმეების დაუყოვნებლივ გადასინჯვა და გაათავისუფლონ ყველა ის პატიმარი, ვისაც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გასული კვირის გადაწყვეტილება:

 

“მხარეებმა კი უნდა მოითხოვონ, მაგრამ ახალი გარემოების გამო სასამართლო ვალდებულია საკუთარი ინიციატივითაც რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს უკანონო პატიმრობა“.

 

არჩილ ჩოფიკაშვილი იხსენებს 2003 წელს, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე” მუხლი, სახალხო დამცველი და საია საკონსტიტუციო სასამართლოში ზუსტად იმ ნორმას ასაჩივრებდნენ, რაც ახლა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ გაასაჩივრა: “ეს იყო საქმე ბერიაშვილი და ჯიმშერიშვილი პარლამენტის წინააღმდეგ”. 2003 წელს დავის ერთ-ერთი საგანი იყო ბრალდებულის პატიმრობა 9 თვეზე მეტ ხანს. მაშინდელი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, წინასწარი გამოძიების დასრულდებამდე ითვლებოდა ცხრათვიანი ვადა, ანუ საქმის სასამართლოში გადაცემამდე. სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ აითვლებოდა ახალი ვადები.

 

ჩვენ მაშინაც ვასაბუთებდით, რომ ცხრათვიანი ვადა მოიცავს ვადას დაკავებიდან განაჩენამდე, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლომ გააკეთა არასწორი განმარტება – თქვა, რომ ცხრა თვე ეს არის ბრალდებულის პატიმრობის ვადა სასამართლოში საქმის გადაგზავნამდე, რაც, რა თქმა უნდა, არაკონსტიტუციური იყო. 16 სექტემბრის გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მაშინდელი განმარტებები იყო არასწორი. ამ გადაწყვეტილებით ითქვა, რომ მაშინ ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო“. 

 

არჩილ ჩოფიკაშვილის შეფასებით, 2012 წლის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ მიდგომები შეცვალა: “2012 წლამდე საკონსტიტუციო სასამართლო ამბობდა, რომ ამ ნორმას პრობლემა არ აქვს. სინამდვილეში კი ყველაფერი მიდიოდა თვითდინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეცვლილი აქვს მიდგომები და ჩემი შეფასებით ის აღარ განიცდის ხელისუფლების ზეწოლას”.  

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები

 

გიორგი გოცირიძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტია. მისმა ორგანიზაციამ გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს რეკომენდაციები გაუგზავნა. საიას იურისტი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა სარეზოლუციო ნაწილში მისი ორგანიზაციის რეკომენდაციები გაიზიარეს.

 

გიორგი გოცირიძის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა ორი კრიტერიუმი, როდესაც ცხრა თვეზე მეტ ხანს წინასწარ პატიმრობაში ყოფნა ჩაითვლება კონსტიტუციის მე-18 მუხლის მეორე პუნქტის დარღვევად. მაგალითად, დააკავეს X-პირი ქურდობის გამო და შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა, ამ დროს პროკურატურისთვის ასევე ცნობილია, რომ X-მა ჩაიდინა მკვლელობა, მაგრამ არ მოითხოვეს მისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა. გავიდა ცხრათვიანი პატიმრობის ვადა, რომელიც X-ს ქურდობის გამო ჰქონდა შეფარდებული. სასამართლომ არ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი ქურდობის ნაწილში, პროკურატურა X-პირს ცხრათვიანი ვადის გასვლის შემდეგ უყენებს მკვლელობის ბრალდებას და მიმართავს სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. – პროკურორი ითხოვს საპატიმრო ვადის კიდევ ორი თვით გაგრძელებას, ანუ წინასწარი პატიმრობის 11-თვემდე გაგრძელებას”.

გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ სწორედ ეს სცენარი ცნო საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად.

 

როცა X-ი დააკავეს ქურდობის გამო, მაგრამ სწორედ მეცხრე თვეს გახდა პროკურატურისთვის ცნობილი, რომ ადრე ჩადენილი აქვს მკვლელობა, ანუ მანამდე ეს ინფორმაცია არ იყო პროკურორისთვის ცნობილი – ასეთი სცენარი საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია კონსტიტუციურად.

 

ვინ და როგორ ადგენს, პროკურატურას ჰქონდა თუ არა X-ის შემთხვევაში მკვლელობის შესახებ ინფორმაცია მეცხრე თვემდე? გიორგი გოცირიძე პასუხობს, რომ ამის გარკვევა ადვილია, მაგალითად გიგი უგულავას საქმე მოჰყავს: “რიყის პარკის საქმე, რომლის გამოც უგულავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული და ტელეკომპანია “იმედი” – ორივე ფაქტი პროკურატურისთვის იყო ცნობილი – ეს დასტურდება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის დადგენილებიდან, რომელიც ერთი წლის წინ იყო მიღებული. ჯერ ორივე ფაქტი ფიგურირებდა, შემდეგ პროკურატურამ “იმედის” საქმე ცალკე გამოყო – რიყის პარკთან ერთად უგულავამ სავარაუდოდ ტელევიზია უკანონოდ მიითვისაო – ეს ფაქტები ცნობილი რომ იყო პროკურორისთვის, ჩანდა პროკურატურის დადგენილებიდანვე. ნათელია, რომ პროკურატურა ხელოვნურად აჭიანურებდა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას… ასეთი ფაქტები ადვილი დასამტკიცებელია. ამის დასამტკიცებლად ასევე გამოდგება პროკურატურაში შეტანილი განცხადების თარიღები, სადაც მოქალაქეები ჩივიან მკვლელობის ან ქურდობის შესახებ”.

 

კიდევ ერთი სცენარი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გიგი უგულავას მსგავსად არ ეხება სხვა ბრალდებულებს, ასეთია: მაგალითად, ადამიანს აღკვეთი ღონისძიების სახით ქურდობის გამო ცხრათვიანი პატიმრობა შეუფარდეს, მაგრამ საპატიმრო დაწესებულებაში მკვლელობა ჩაიდინა მეცხრე თვეს. ასეთ დროს მისი საპატიმრო ვადა გაგრძელდება ცხრა თვეზე უფრო მეტ ხანს და ეს არ იქნება არაკონსტიტუციური.

 

გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აგებულია იმაზე, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებს პროკურატურა თავის ვალდებულებას, რამდენად დროულად ატარებს საქმეზე წინასაგამოძიებო მოქმედებებს. თუ დადგინდა, რომ პროკურატურა აჭიანურებს გამოძიებას, არასაპატიო, არაობიექტური მიზეზით, ასეთ შემთხვევაში ცხრა თვეზე მეტ ხანს პატიმრობის გაგრძელება არაკოსტიტუციურია. ეს არის კრიტერიუმი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, კონკრეტულ შემთხვევებთან შეფარდება კი უკვე არის საერთო სასამართლოს კომპეტენცია. ანუ თუ ბრალდებული ფიქრობს, რომ მას ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, გიგი უგულავას მსგავსად, უნდა მიმართოს საერთო სასამართლოებს.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გასული კვირის გადაწყვეტილება არ ეხება იმ ადამიანებს, ვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოებმა განაჩენი უკვე გამოუტანეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: