კვირის ამბები

“მე კარგად ვიქნები” – ჯგუფური თერაპიის მნიშვნელობა მძიმე დიაგნოზის დროს

25.09.2015 • 2844
“მე კარგად ვიქნები” – ჯგუფური თერაპიის მნიშვნელობა მძიმე დიაგნოზის დროს

 

 

 

 

ეს “გამარჯვებულ ქალთა კლუბის” წევრების ჩანაწერებია. ამ კლუბის წევრებს ერთი რამ აერთიანებთ, ძუძუს კიბოს დიაგნოზი, რომელმაც მათი ცხოვრება შეცვალა და ერთი დიაგნოზის მქონე ქალები გააერთიანა. კლუბის წევრები ყოველ 15 დღეში ერთხელ იკრიბებიან, კლუბის ახალ წევრებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ, საუბრობენ სხვადასხვა თემაზე, დადიან ექსკურსიებზე, ესწრებიან სპექტაკლებს ან, უბრალოდ, ფინჯან ყავაზე იკრიბებიან.

თინათინ ბერუჩაშვილი – ჯანდაცვის მენეჯერი და „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ კლუბის დაარსების იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა 2008 წელს, სკრინინგ ცენტრის მიერ ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოთი დიაგნოზირებული პირველი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. `როცა ასეთ მძიმე დიაგნოზს ატყობინებ ადამიანს, აძალებ, რომ წავიდეს ექიმთან და დროულად ჩაიტაროს მკურნალობა _ შენც ხდები მისი პრობლემის თანამონაწილე. როცა მათ ვურეკავდი, ძალიან დიდი იყო ემოცია ყურმილის მეორე მხარეს _ ვიღაც დაინტერესდა მათი მდგომარეობით. უჩნდებოდათ სურვილი, რომ მოეყოლათ რაც შეიძლება მეტი… შემდეგ, რამდენიმე ქალბატონს თვითონ გაუჩნდა სურვილი ჩემთან დაკავშირების, მირეკავდნენ – შეიძლება მოვიდე, მოგიყვეთ?” – იხსენებს თინათინი.

ამის შემდეგ იგი ევროპული ქვეყნების პრაქტიკას გაეცნო, სადაც ერთი დიაგნოზის მქონე პაციენტთა გაერთიანების პრაქტიკა არსებობს. 2009 წელს, როცა “გამარჯვებულ ქალთა კლუბი” დაარსდა, მასში მხოლოდ რამდენიმე ქალი იყო გაწევრიანებული, დღეს კი იგი 350-ზე მეტ ქალს აერთიანებს.

“გამარჯვებულ ქალთა კლუბი” საქართველოში ერთი დიაგნოზით გაერთიანებული ადამიანების ყველაზე დიდი ჯგუფია. მსგავსი ფსიქოთერაპიული და მხარდაჭერის კლუბები, რომლებიც ერთი დიაგნოზის ან ერთი პრობლემის მქონე ადამიანებს აერთიანებს [კიბო, დიაბეტი, ნარკოდამოკიდებულება და სხვა] საზღვარგარეთ ხშირად გვხვდება, საქართველოში კი დღემდე მხოლოდ რამდენიმე ასეთი ჯგუფია. 
საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომას” ფსიქოლოგი ლელა კურდღელაშვილი, რომელიც “გამარჯვებულ ქალთა კლუბთან” მუშაობს, ამბობს, რომ ამის მიზეზი საზოგადოების ჩაკეტილობაა. `საზოგადოება ჩვენთან შეჩვეულია, რომ ოჯახთან ან ახლო მეგობრებთან ისაუბროს თავის პრობლემებზე, არ სურთ საზოგადოების სხვა წევრებთან გახსნა. თუმცა ნელ-ნელა თვითდახმარების ჯგუფების პრაქტიკა საქართველოშიც იკიდებს ფეხს”, – ამბობს ის.

ჯგუფური თერაპია ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობის ფორმალური სახეა, რომელიც პროფესიონალი ტრენერის ხელმძღვანელობით, საერთო პრობლემების მქონე ადამიანებს აერთიანებს. ეს სამედიცინო მომსახურების ალტერნატივა არ არის, მაგრამ მათი დახმარებით პაციენტი იაზრებს, რომ ის ამ დიაგნოზთან მარტო არ არის. ეს მძიმე დიაგნოზის მქონე ადამიანისთვის, რომელიც სტრესის ქვეშ იმყოფება, ხშირად დიდი შვებაა. ფსიქოლოგი ამბობს, რომ მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტების რეაბილიტაციისას, ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხარდაჭერის გარდა, ლომის წილი აქვს იმ ადამიანებთან ურთიერთობას და მათი გამოცდილების გაზიარებას, რომლებსაც ანალოგიური პრობლემა აქვთ.

“შოკი, დაბნეულობა, გულგატეხილობა, იმედგაცრუება, ნერვიულობა, უიმედობა… პირველი ეტაპი არის ყველაზე რთული. ამ დროს რაღაც პერიოდი სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ მობილიზდეს და დაიწყოს ზრუნვა ჯანმრთელობაზე. ეს ყველაფერი ფონად გასდევს უშუალოდ მკურნალობისა და მკურნალობის შემდგომ პერიოდსაც, რადგან კიბო, მაგალითად, ძალიან სტიგმური დაავადებაა და, ზოგადად, ფატალურ დიაგნოზად აღიქმება საზოგადოებაში, ამიტომაც განსაკუთრებული სიმძაფრით იწვევს შიშსა და შფოთვით მდგომარეობას”, – ამბობს ლელა კურდღელაშვილი.

ყველა ჯგუფს თავისი წესები აქვს. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქ ნდობის ფაქტორს ენიჭება. “როცა ჯგუფის წევრებმა იციან, რომ კონფიდენციალურობა დაცულია, რომ იქ რაც ითქმება, არის მხოლოდ ჯგუფისთვის და არა, დავუშვათ, მეზობლებისთვის, უფრო უმარტივდებათ პრობლემებზე საუბარი და, შესაბამისად, მათთან გამკლავება”, – ამბობს ლელა კურდღელაშვილი. მისი თქმით, ასეთი შეხვედრების შედეგი ყოველ ჯერზე სულ უფრო შესამჩნევია: “ძალიან თვალსაჩინოა ამ ქალების ტრანსფორმაცია პირველი სესიიდან ბოლო სესიამდე. თავიდან ისინი დათრგუნული არიან, არ აქცევენ ყურადღებას გარეგნობას, შემდეგ კი, დროთა განმავლობაში იწყებენ ფერადი ტანსაცმლის ჩაცმას, იღებებიან, მორბიან სამსახურიდან, რომ დაესწრონ შეხვედრებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდი შედეგია”.

მზია კვირკველია ლანჩხუთში ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ თბილისში “გამარჯვებულ ქალთა კლუბის” შეკრებებზე ლანჩხუთიდან დადიოდა. სამი წლის წინ კი კლუბის ფილიალი ლანჩხუთელი ქალებისთვის შექმნა. “რომ არ ყოფილიყო სკრინინგის პროგრამა, დარწმუნებული ვარ არც გავესინჯებოდი და დღეს ჩემი სიცოცხლე დასრულებულიც იქნებოდა. კლუბის დაფუძნებასთან დაკავშირებით, ლანჩხუთში სამჯერ ჩამოვიყვანე ექიმთა ბრიგადა. ახლა აქ დაახლოებით 3000-ზე მეტი ქალია გასინჯული ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოზე. აქედან 48 ქალს აღმოჩნდა პირველი სტადია, 125-ზე მეტს – ფიბროადენომა, გაკეთდა 75 ოპერაცია, გვყავს კლუბის 35 წევრი და ძალიან ბევრი მხარდამჭერი”, – ამბობს ის. მზია მიიჩნევს, რომ რეგიონებში ასეთი კლუბების არსებობა აუცილებელია და თუ ამის მზაობა იქნება, იგი აჭარაში მცხოვრებ ონკოპაციენტებსაც გაუზიარებს კლუბის გამოცდილებას.

“წყალწმინდიდან ერთი ქალი დამიკავშირდა, პროფილაქტიკისთვის სურდა გასინჯვა. ამ ქალს ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა, ოღონდ პირველი სტადია. წარმოგიდგენიათ ეს რას ნიშნავს? სულ შემთხვევით აღმოაჩნდა ავთვისებიანის პირველი სტადია, რომელსაც არ დასჭირვებია ქიმია. მე, პირადად, 12 ქიმია მაქვს გაკეთებული, სამი ოპერაცია და მერჩივნა კიდევ სამი ოპერაცია გამეკეთებინა, ოღონდ ქიმიოთერაპია არ ყოფილიყო. ეს იმდენად სასიხარულო თემა იყო, რომ ვუთხარი – განა უნდა ინერვიულო? ცხოვრება 95%-ით შეგინარჩუნდა, შენ გადარჩი. მან უმტკივნეულოდ გადალახა ეს პრობლემა და დღეს ჩვენი ოჯახის წევრია”, – ყვება მზია.

 

 

ქალთა ლიგა – “ქალები ძუძუს კიბოს წინააღმდეგ”, 8 სექტემბერს ბათუმშიც გაიხსნა. ლიგა ამჟამად აჭარაში მცხოვრებ 10 ქალს აერთიანებს, რომელებმაც უკვე დაამარცხეს ეს დაავადება და უნდათ თავიანთი გამოცდილება სხვა ქალებს გაუზიარონ. მედცენტრის ექიმი-ონკოლოგი მზია ხალვაში ამბობს, რომ შეკრებები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა სულ მალე კონკრეტულად გაიწერება აქტივობები, იქამდე კი ახალ წევრებს ელოდებიან: “ნებისმიერ ქალბატონს, ვისაც აღნიშნულ პრობლემასთან შეხება ჰქონია, დაუდგინდა ეს დიაგნოზი, ჩაუტარდა მკურნალობა ან ამ ეტაპზე გადის მკურნალობას და სურვილი აქვს, რომ გაერთიანდეს ამ კლუბში, შეუძლია მოგვმართოს და გახდეს ლიგის წევრი” – ამბობს ექიმი. ლიგის ხელმძღვანელი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ინდირა ნაკაიძეა. შეკრებები, სადაც ლიგის წევრები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და მათთვის საინტერესო სიახლეებს გაეცნობიან, სავარაუდოდ, კლინიკა “მედცენტრის” შენობაში ჩატარდება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: