ბაღიდან სკოლაში გადასვლა ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. როგორ გაუმკლავდებიან ისინი ამ პროცესს, დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორი მხარდაჭერა ექნებათ მათ უფროსებისგან. ფსიქოლოგების შეფასებით, ბავშვის პიროვნული ჩამოყალიბების პირველი ბაზა სწორედ სკოლასა და სასწავლო პროცესს უკავშირდება, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპის სწორი დასაწყისი. იმის შესახებ, თუ როგორ გავუმარტივოთ პატარებს სკოლასთან და სასწავლო პროცესთან ადაპტაცია, „ბათუმელებს“ ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე ესაუბრა.
პირველ კლასში წასვლას ზოგიერთი ბავშვი დიდი სიხარულით ხვდება, ზოგიერთი პირიქით – კატეგორიულად აპროტესტებს. რა ხდება ამ დროს ბავშვის ფსიქიკაში?
პირველი განსხვავება, რაც სკოლას აქვს ბაღისგან, არის უფრო დირექტიული რეჟიმი, უფრო მკაცრი ჩარჩოები – ბავშვს პირველად თავის ცხოვრებაში, 45 წუთის განმავლობაში, ანუ დროის რაღაც ფიქსირებულ მონაკვეთში – უწევს ჯდომა ერთ ადგილას.
ბავშვს უჭირს გადართვა იმაზე, რომ მას არ შეუძლია ნებისმიერ დროს ადგეს და გაიაროს ისე, როგორც მას მოესურვება. საამისოდ იგი კონკრეტულ სიგნალს უნდა დაელოდოს, როცა აქამდე ის სრულიად თავისუფალი იყო ამ მხრივ – სწორედ ამ ნიუანსებთან შეგუება უჭირთ მათ პირველ ეტაპზე. კარგი იქნება, თუ ჯერ კიდევ ბაღის სისტემაში უფრო აქტიურად დაინერგება დროში გაწერილი აქტივობები, რადგან სკოლამდე ბავშვები არ არიან მოქცეული ჩარჩოებში და რაღაც კონკრეტული თარიღის მერე უწევთ ქცევის შეცვლა. ზოგან უკვე შემოიღეს 45-წუთიანი თუ არა 20-წუთიანი გაკვეთილის ფორმატის აქტივობები, ეს უადვილებს ბავშვებს ბაღიდან სკოლაზე გადაწყობას, სკოლის რეჟიმთან შეგუებას.
რაც შეეხება პირველ კლასში წასვლის სიხარულს, ბავშვს ზოგადად, უხარია სიახლე _ ახალი ჩანთა, ახალი ტანსაცმელი, აქვს გარკვეული მოლოდინები, რეალურად კი, იმის ადეკვატურად გაცნობიერება, თუ რას ნიშნავს შინაარსობრივად სკოლა, რა შეზღუდვები და წესები ვრცელდება იქ – არ შეუძლია. ამიტომაც არის, რომ ეს პირველი სიხარული ხშირად იმ დღესვე მთავრება ცრემლებით ან უხასიათობით.
ხშირია შემთხვევა, როცა პირველ კვირაში ბავშვს არ აქვს სკოლაში წასვლაზე გართულება, მაგრამ შემდეგ იჩენს თავს უხასიათობა. შესაძლოა ეს მომენტი ერთი თვის შემდეგაც გაუჩნდეს, როცა უკვე ბეზრდება ახალი რეჟიმი. საუკეთესო შემთხვევაში, სკოლასთან ადაპტაციას ათი დღიდან ორ კვირამდე სჭირდება.
არის თუ არა სკოლასთან შეგუების მხრივ უფრო მეტი წინააღმდეგობა იმ ბავშვებში, ვისაც ბაღში არ უვლია?
კი, მათ ნამდვილად უფრო უჭირთ სკოლასთან ადაპტაცია. მაშინ, როცა მშობელი ბაღზე უარს ამბობს ბავშვის პროტესტის გამო, ამ ქცევას ის სხვა დროს და მათ შორის, სკოლაში წასვლაზეც გამოიყენებს. ისტერიკა მანიპულაციური ქცევაა იმისთვის, რომ მშობელმა შეუსრულოს ის, რაც მას უნდა. თუ ბაღში იტირებს და ამის გამო ბაღიდან წამოვიყვანთ, ასეთი ქცევა მას გაუმყარდება და შეეცდება სხვა დროსაც გამოიყენოს მშობლის სამართავად. როცა სკოლაში ეს მეთოდი არ ჭრის, ბავშვი გაუგებრობაშია, ჭირვეულობას უმატებს და შესაძლოა ისტერიაშიც გადაიზაროს მისი პროტესტი. საჭიროა თავიდანვე დაადგინოს მშობელმა, რის გამო უჭირს ბავშვს ბაღთან ადაპტაცია, რომ წლების შემდეგაც ანალოგიური არ განმეორდეს. თუმცა სავალდებულო არ არის ბაღში დადიოდეს ბავშვი, თანატოლებთან ურთიერთობისა და გუნდური მუშაობის გამოცდილება შესაძლოა სხვადასხვა საბავშვო წრეზე სიარულის დროსაც მოაგროვოს, რასაც შემდგომში სკოლასთან ადაპტაციაზე დადებითი გავლენა ექნება.
როგორ დავეხმაროთ ბავშვებს სკოლასთან და სასწავლო პროცესთან შეგუებაში?
სკოლასთან ადაპტაცია გაუადვილდებათ ბავშვებს, თუ მათ წინასწარ მოვამზადებთ ამისთვის. მაგალითად, პირველ დღეს, როცა ბავშვი მიდის სკოლაში, იქ ხვდება ხალხმრავლობა, კლასელები, მასწავლებლები, ამდენი უცხო სახე ბავშვისთვის ძალიან დამღლელია და შფოთვის დონეც მაღალია. ამიტომ სასურველია, ბავშვის პირველი ვიზიტი სკოლაში არ ემთხვეოდეს სკოლის დაწყების პირველ დღეს. პირველი ვიზიტი სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს მშვიდ გარემოში, სწავლის დაწყებამდე, ერთი-ერთზე მასწავლებელთან, რაც ბავშვს მისცემს უფრო დაცულობისა და ინფორმირებულობის განცდას. მისცემს მას დამოკიდებულების შეგრძნებას, რომ მასწავლებელი ეკონტაქტება მას, რაც პირველ დღეს ჭირს ხოლმე, რაც არ უნდა მცირერიცხოვანი იყოს კლასი, ყველა ბავშვთან ინდივიდუალურად კომუნიკაციას ძნელად თუ ახერხებს მასწავლებელი. თუ ბავშვი სწავლის დაწყებამდე გაეცნობა სკოლის ინტერიერს, ნახავს, სად არის იქ საპირფარეშო, სპორტული დარბაზი და ა.შ. გაურკვევლობა იქნება მინიმუმამდე დაყვანილი.
გარდა ამისა, სკოლასთან შესაგუებლად მნიშვნელოვანია ბავშვის რეჟიმში ჩასმა სკოლის გარეთაც, ანუ იმისთვის, რომ სკოლა ბავშვისთვის არ იყოს `სადამსჯელო დაწესებულება~, სადაც მისვლისთანავე, თავისუფლებას ტოვებს გარეთ, საჭიროა მას არასასკოლო დროსაც ჰქონდეს დროის ჩარჩოები კონკრეტულ აქტივობებზე, მაგალითად, 40 წუთი კითხვა, 1 საათი თამაში, 10 წუთი ვარჯიში და ა.შ. არასასკოლო აქტივობები გაწერილი დროის გარკვეულ მონაკვეთებში, უმარტივებს ბავშვს სკოლის რეჟიმთან შეგუებას. არასწორია მშობლების დამოკიდებულება მაშინ, როცა ეუბნებიან ბავშვს, რომ ცოტაც გაუძლოს და მალე შაბათი-კვირა მოვა – ამიტომაც აქვთ მათ სახლში წამოსვლის სურვილი ისე გამძაფრებულად, ფიქრობენ, რომ სკოლიდან გამოვალ და მორჩა. ამიტომ, ის სკოლის გარეთაც რიტმში უნდა იჯდეს.
სასწავლო პროცესთან ადაპტაციას უმარტივებს ბავშვს სკოლაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაც. მაგალითად, როცა იგი მათემატიკაში ისწავლის კონკრეტულ რიცხვებსა და მოქმედებებს, ვთხოვოთ მას მოგვაწოდოს ორი ცალი ლურსმანი ან სამი ვაშლი და ა.შ. მშობლები უნდა შეეცადონ დაუკავშირონ სკოლა სახლს, რადგან იგი არ იყოს განცალკევებული და უცხო დაწესებულება. ბავშვს, განსაკუთრებით პირველკლასელს, ყველაფერი უადვილდება როცა ხედავს, რომ მშობელი ჩართულია იმ სიახლეში, რაც მის ცხოვრებაში ხდება. ეს არ ნიშნავს, რომ მშობლები მხოლოდ ამ პროცესზე უნდა იყვნენ გადართული, უბრალოდ, ის ცოდნა, რაც სკოლაში მიიღო ბავშვმა, უნდა დააკავშირონ ყოველდღიურ ცხოვრებასთან.
სხვა რა მიზეზები შეიძლება აბრკოლებდეს ბავშვის სკოლასთან ადაპტაციას?
ნებისმიერი სხვა მიზეზის დადგენაში მშობელს უნდა დაეხმაროს მასწავლებელი.
ზოგჯერ ათვისების პრობლემებიც იჩენს თავს, რის გამოც ბავშვს თვითშეფასება უდაბლდება, შესაძლოა კლასელებთან კომუნიკაცია უჭირდეს, ან ერთ კონკრეტულ ბავშვთან დაეძაბოს ურთიერთობა.
ხშირად მარტივი მიზეზების გამო აპროტესტებენ სკოლაში წასვლას, მაგალითად, როცა ღამით ძილის ნაცვლად პირველამდე-ორამდე სხვადასხვა გაჯეტებით თამაშობენ, დილით კი, ცხადია, უჭირთ გაღვიძება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური რეჟიმი და ის, რომ ბავშვები 9 საათზე დაწვნენ დასაძინებლად (ბავშვებს ამ ასაკში 10-11-საათიანი ძილი ესაჭიროებათ).
როცა ბავშვისთვის სკოლის პირველი წელი არ არის, მაგრამ ის მაინც ჭირვეულობს სკოლაში დაბრუნებაზე, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პირველი მარკერი, როცა ვხვდებით, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, ეს არის ბავშვის ქცევის და მისი ემოციური მდგომარეობის ცვლილება. თუ ვატყობთ, რომ ბავშვი ჩვეულებრივზე მეტად ღიზიანდება რაღაცაზე, უფრო ემოციური გახდა, ან პირიქით, ჩაიკეტა – მშობლისთვის ეს უნდა იყოს განგაშის ღილაკი. შესაძლოა ბავშვისგან პასუხი ვერ მივიღოთ, თუ რა ხდება მის თავს, რადგან სხვადასხვა მიზეზის გამო მათ არ სურთ ამ თემებზე საუბარი, ამიტომაც მშობელი ყურადღებით უნდა იყოს და შეეცადოს დაადგინოს მიზეზი, ეს, უბრალოდ, ამინდის ბრალია, თუ ბავშვი ბულინგის მსხვერპლია სკოლაში. შესაძლოა ბავშვის ნეგატიური განწყობა სკოლისადმი სახლში მიღებული სტრესების ბრალი იყოს. გარდა ამისა, მესამე კლასში ბავშვისთვის აქტუალური ხდება თვითშეფასების თემა, მათ სურვილი უჩნდებათ პირველობის, მაგრამ, როცა ვერ ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებას – იკეტებიან. აქ არის მშობლის და მასწავლებლის ერთობლივი კომუნიკაციის საკითხი, ისინი უნდა იყვნენ მუდმივ კომუნიკაციაში, რათა არც ერთს გამორჩეს ყურადღებიდან პრობლემა. ყველა დამაბრკოლებელ ფაქტორს აქვს მიზეზი, საჭიროა დროულად ვიპოვოთ ის.
______________
მთავარ ფოტოზე: პირველი დღე სკოლაში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“