კვირის ამბები

როგორ უნდა დაიცვას შრომითი უფლებები დასაქმებულმა

27.09.2015 • 2666
როგორ უნდა დაიცვას შრომითი უფლებები დასაქმებულმა

 

ილია ვერძაძე

 

ბატონო ილია, რამდენად ხშირად არღვევენ დღეს დამსაქმებლები შრომით კოდექსს და რას იტყვით ბოლო შემთხვევაზე? სასტუმრო ინტურისტისხელმძღვანელების გადაწყვეტილებას ვგულისხმობ.

ახალი კანონმდებლობით, დასაქმებულის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან დათხოვნა დაუშვებელია. საქართველოს შრომის კოდექსი, რომელიც წინა ხელისუფლებამ 2006 წელს მიიღო, 2012 წლის არჩევნების შემდეგ შეიცვალა. სამწუხაროდ, რამდენიმე ცუდი ნორმა ჯერ ჯიდევ დარჩენილია, თუმცა ახალი კოდექსი ახსნა-განმარტების გარეშე პირის დათხოვნას არ უშვებს, სამსახურიდან დათხოვნას დასაბუთება სჭირდება. დროებით სამუშაოზე, კონკრეტული დავალებების შესრულებისთვის აყვანილი თანამშრომლის გათავისუფლება მარტივდება. არ ვიცი, რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. სავარაუდოდ, „ინტურისტში“ პირები გამოსაცდელი ვადით იყვნენ დასაქმებული. დეტალურად შეიძლება ვისაუბროთ იმ შემთხვევაში, თუ ვნახავთ ამ ადამიანების შრომით ხელშეკრულებას და მათთან გასაუბრებას მოვახერხებთ.

 

მაქსიმუმ რამდენი შეიძლება იყოს გამოსაცდელი ვადა, რას ამბობს კანონმდებლობა?

– ექვსი თვე და არ შეიძლება გამეორება. როცა ადამიანი გამოსაცდელი ვადითაა დასაქმებული, მისი გაშვების პროცედურა გამარტივებულია, ამ ვადის შემდეგ კი დასაქმებულის გაშვება დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს. ხშირად გათავისუფლების მიზეზად რეორგანიზაცია სახელდება. შრომის კოდექსში წერია, რომ რეორგანიზაციის მიზეზი შეიძლება გახდეს ეკონომიკური გარემოება, რაც იძულებულს ხდის დამსაქმებელს ასე მოიქცეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს დასამტკიცებელია. თუ აღმოჩნდება, რომ ადამიანები გაუშვეს და შემდეგ იმ ადგილზე სხვა აიყვანეს, მხარე სასამართლო პროცესს წააგებს.

 

რამდენად ხშირად მიდიან სასამართლოში სამსახურიდან დათხოვნილი ადამიანები იმის გასარკვევად, ხომ არ მოექცნენ მას უსამართლოდ?

– ძალიან ბევრი თავს იკავებს და ცდილობს პირადი კავშირებით მოაგვაროს პრობლემა, ეს არასწორი გზაა. პირის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საერთოდ რომ არ გაჩნდეს კითხვები, თუნდათ ის დროებით იყოს დასაქმებული, საჭიროა დასაქმებულს ჰქონდეს მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, რათა შეძლოს თავის დაცვა. ახლა ჩვენ ვიბრძვით სასამართლოში ჩინური კომპანიის წინააღმდეგ. შვიდთვიანი სასამართლო პროცესი მოგებით დავასრულეთ და მხარეს ნაცდურიც ავაღებინეთ. აღვადგინეთ უკანონოდ დათხოვნილი მძღოლები. მათი უფლებები დაიცვა პროფკავშირმა. თუ ინტურისტებიდან დათხოვნილები მოგვმართავენ, ჩვენ ვნახავთ მათ კონტრაქტებს და თუ აღმოჩნდება, რომ კანონი დარღვეულია, დავიცავთ მათ უფლებებს. პროფკავშირებში ამ ადამიანების განათლებაზეც ვზრუნავთ, პროფკავშირი მხოლოდ საგზურები და მატერიალური დახმარება არ არის. ვცდილობთ ძველი სტიგმა დავანგრიოთ. ჩვენი წევრები მიმართავენ სასამართლოს, მათ იციან, როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები. თუ უფლებების დარღვევა დადასტურდა, რა თქმა უნდა, სამსახურში აღდგენა ხდება. არის შემთხვევები, როცა სასამართლომ არამხოლოდ აღადგინა, არამედ ნაცდურიც აუნაზ ღაურა. პირველი და უმთავრესი არის ადამიანების შინაგანი რწმენა და მათი მოქალაქეობრივი პოზიცია. სანამ ჩვენ ვერ მივხვდებით, რომ გვჭირდება პროფესიული კავშირები, თვითორგანიზება სამუშაო ადგილებზე, ჩვენი უფლებების დაცვა, რაც მუდმივი პროცესია, ცივილიზებული საზოგადოება არ შეიქმნება, სამართლებრივი და მორალური თვალსაზრისით არანაირი შედეგი არ დადგება, ამ ქვეყანას, ამ საზოგადოებას წინსვლა არ ექნება.

 

 

გადაბეჭდვის წესი