კვირის ამბები

შეახსენე მერიას არჩევნების თარიღი, რათა უზრუნველყოს საარჩევნო გარემოს ადაპტირება

25.09.2015 • 1837
შეახსენე მერიას არჩევნების თარიღი, რათა  უზრუნველყოს საარჩევნო გარემოს ადაპტირება

 

„იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დამოუკიდებლად არსებობისა და ცხოვრების ყველა სფეროში სრულყოფილი მონაწილეობის საშუალება მიეცეთ, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიმართონ ყველა შესაბამის ზომას, რათა მათთვის უზრუნველყონ, სხვების თანასწორად, ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტექნოლოგიეური სისტემების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი სხვა მოწყობილობებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობა, როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში.“ – ეს არის ამონარიდი გაეროს კონვენციიდან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ, რომელიც 2006 წელს მიიღეს, 2013 წელიდან კი საქართველომ ამ კონვენციის რატიფიცირებამოახდინა, რაც მას ავალდებულებს ამ სტანდარტების შესრულებას.

 

მიუხედავად ამ ვალდებულებებისა, რამინ მაჭარაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ დამფუძნებელი, ამბობს, რომ საქართველოში საარჩევნო გარემო სრულიად არაადაპტირებულია: „ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ხელმიუწვდომელი გარემოა, განსაკუთრებით დიდი პრობლემის წინაშე დგანან ეტლით მოსარგებლეები და სმენადაქვეითებული პირები. ისეთ უბნებში ტარდება არჩევნები, რომ ეტლით მოსარგებლეები დამოუკიდებლად თითქმის ვერ ახერხებენ შენობაში შეღწევას, საარჩევნო კაბინებიც მაღალია, ეტლით მოსარგებლე ვერ წვდება მაგიდას, საჭიროა სპეციალური კაბინა. ხოლო სმენადაქვეითებულებს უჭირთ არჩევანის გაკეთებაც, რადგან მთლიანად წინასაარჩევნო პერიოდიც მათთვის გაუგებარ ენაზე წარიმართება, არც საარჩევნო უბნებთან ხვდებათ ვინმე, ვინც წესებს აუხსნის მათთვის გასაგები ჟესტური ენით. იყო მცდელობა „სკაიპით“ ჩაერთოთ საარჩევნო უბნებში ჟესტური ენის მცოდნენი, რომლებიც წესებს აუხსნიდნენ სმენადაქვეითებულ პირებს, თუმცა ეს გარკვეული ხარვეზებით წარიმართა, იმედია სამომავლოდ გამოასწორებენ ამ საკითხს.“ – ამბობს რამინ მაჭარაშვილი.

ქალაქ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა აღნიშნა, რომ მას კანონი ავალდებულებს ადაპტირებული საარჩევნო გარემო შექმნას: „ინფრასტრუქტურა უნდა მოვარგოთ იმ საარჩევნო უბნებს, სადაც ჩატარდება პროცედურა, ქალაქის მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა მის საკუთრებაში არსებული საარჩევნო უბნები მოაწყოს, გარემო უნდა იყოს ადაპტირებული ნებისმიერი იმ პირისთვის, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.“ – ამბობს გიორგი ერმაკოვი.

 

რამდენად რთულია საარჩევნო უბანზე ეტლით მისვლა, თომა კაკაბაძემ ყველაზე უკეთ იცის, ის 2013 წელს მობილურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ამბობს, რომ მისთვის პრობლემური იყო თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან მისვლა: „დამოუკიდებელი პიროვნება ნიშნავს თავისუფალ არჩევანს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარემო არ იყოს შეზღუდული. არჩევნები იმართება ადმინისტრაციულ შენობებში, ბაღებში, სკოლებში, სპორტდარბაზებში, ეს საჯარო სივრცეა, რომელთა ადაპტირების შემთხვევაში არ დარჩება მხოლოდ საარჩევნოდ გამოყენებადი. ხშირად ეტლით მოსარგებლე შშმ ბავშვები სკოლებში არ დადიან, რადგან სკოლა არ არის ადაპტირებული, ან ყველა შშმ ბავშვი იმ სკოლაში იყრის თავს, რომელიც მეტ-ნაკლებად ადაპტირებულია (სრულად ადაპტირებული სკოლები არ გაქვს), ამიტომ საჯარო სივრცე სრულფასოვნად უნდა ადაპტირდეს და არა დროებით. ხშირ შემთხვევაში ადაპტირებას ორი-სამი დღით ადრე აკეთებენ, არც დახრა აქვს შესაბამისი, არც მოაჯირი, კარის ზღურბლია ისეთი მაღალი, თუ არ წამოსწიეს, ეტლით დამოუკიდებლად ვერ გადახვალ.“ – აღნიშნავს თომა კაბაბაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ თავმჯდომარე.

დაპირებების მიუხედავად, შშმ პირებსა და მათი უფლებების დამცველებს მიაჩნიათ, რომ შესაძლოა საარჩევნო გარემოს სრულფასოვანი ადაპტირება ვერ მოესწროს, რამეთუ სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა: „ხშირ შემთხვევაში ყოველ წელს ერთსა და იმავე საარჩევნო უბნებზე ტარდება არჩევნები. პრობლემა არის ის, რომ დღემდე არანაირი სამუშაოები არ შეინიშნება, კანონში წერია, რომ 2016 წლის არჩევნების დანიშვნისთანავე უნდა დაიწყოს შენობების ადაპტირება, თუმცა ეს მხოლოდ ორი თვით ადრე მოხდება, ბოლო ორ თვეში ეს ვერ მოესწრება, პანდუსები ისეთი დაგვხვდება, როგორებიც გასულ წლებში იყო – სახიფათო და არასტანდარტული.“ – ამბობს რამინ მაჭარაშვილი.

 

ქალაქის მერს კი გაცილებით ოპტიმისტური მოლოდინი აქვს. ის ამბობს, რომ არჩევნებამდე ყველა შენობის ადაპტირება მოხდება: „ველოდებით მითითებებს ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან, თუ რომელ შენობებში ჩატარდება არჩევნები, მივიღებთ თუ არა ამ ცნობებს, დავიწყებთ შესაბამისი სამუშაოების შესრულებას. ყველაფერს გავაკეთებთ დათქმულ დრომდე, ყველა მუნიციპალური შენობის ადაპტირებას ვახდენთ, ახალი შენობები რაც აშენდა, ყველა ადაპტირებულია, მაგრამ ჯერ არ ვიცით, სად ჩატარდება არჩევნები. არჩევნებამდე შეიძლება დროებით გავაკეთოთ შენობების ადაპტირება, მაგრამ შემდეგ აუცილებლად მოხდება სრულფასოვანი ადაპტირება.“ – აღნიშნა ერმაკოვმა.
„თუ შშმ პირები არ გამოვლენ სახლებიდან, მათ ვერავინ შეამჩნევს, არც მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნისთვის იზრუნებს ვინმე. არჩევნები ყველაზე საყოველთაო მოვლენაა, შშმ პირებმა ეს დღე უნდა გამოიყენონ, გარშემომყოფებს შეახსენონ, რომ ისინიც არსებობენ, რომ მათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდებათ.“ – ამბობს თომა კაკაბაძე.

სტატია მომზადდა პროექტ „ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო განათლებისა და საარჩევნო პროცესებში ჩართულობის ამაღლების“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმირებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“.

 

გადაბეჭდვის წესი