
ახალი სახეები და ვაკანსიები აჭარის მთავრობაში
ცოტა ხნის წინ თანამდებობა დატოვა მერიის საფინანსო ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილემ ტიტე აროშიძემაც. ის სამუშაოდ არასამთავრობო ორგანიზაციაში გადავიდა. მისი ადგილი ბათუმში „ტაოპრივატბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის ყოფილმა მმართველმა ირაკლი ბოლქვაძემ დაიკავა. ტესტირების გავლამდე ის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს. „ვიდრე ტესტირებას არ გავივლი, გადაწყვეტილი არაფერია. არც ტიტეს ხელში მუშაობდა ეს სამსახური ცუდად, მაგრამ შევეცდები უკეთესად ვამუშაო“, – უთხრა „ბათუმელებს“ ირაკლი ბოლქვაძემ.
ვაკანტური აღარ არის ბათუმის მერიის სტრატეგიული დაგეგმვისა და ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობაც. ამ განყოფილებას ლაშა ნაკაშიძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ლაშა ნაკაშიძე ახლა გაეროს ურბანული განვითარების ფონდის პროექტს ხელმძღვანელობს. მისი ადგილი განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ეთუნა ლომაძემ დაიკავა. მთავარი სპეციალისტის თანამდებობა კი მერიის სტრატეგიული დაგეგმვისა და ეკონომიკური განვითარების განყოფილებაში ვაკანტურია.
ორი ვაკანტური ადგილია მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურში. ტესტირების შემდეგ ამ სამსახურში ვაკანტურია უფროსის მოადგილის და ერთი სპეციალისტის თანამდებობა. თითო ვაკანტური თანამდებობაა მერიის ინფორმაციულ ტექნოლოგიურ და ადმინისტრაციულ სამსახურში.
სპორტის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ადგილია ვაკანტურია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. ამ ვაკანსიის შესავსებად სამინისტრომ კონკურსი უკვე გამოაცხადა. საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე www.hr.gov.ge გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამინისტრო გამარჯვებულ კანდიდატს გამოსაცდელი ვადის გარეშე აიყვანს სამსახურში. ხელფასის სახით ამ თანამდებობაზე 750 ლარია განსაზღვრული.
ვაკანტურია სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის მოადგილის თანამდებობა, ამ თანამდებობაზეც კონკურსია გამოცხადებული. სააგენტოს ფილიალის უფროსის მოადგილის თანამდებობრივი სარგო 1200 ლარია. სოციალური მომსახურების სააგენტოს კონკურსი ორი სოციალური აგენტის ვაკანსიაზეც აქვს გამოცხადებული. სოცაგენტის ხელფასი 800 ლარია.
ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. სამინისტრო კონკურსის შედეგად ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების მთავარ სპეციალისტს, ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მთავარ სპეციალისტს, ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მთავარ სპეციალისტს, ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის ურბანული განვითარების განყოფილების მთავარ სპეციალისტს, საბიუჯეტო დეპარტამენტის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმირებისა და შესრულების ანალიზის განყოფილების მთავარ სპეციალისტს შეარჩევს. სამინისტრო კონკურსში გამარჯვებულ პრეტენდენტებს სამთვიანი გამოსაცდელი ვადით აიყვანს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დასაქმების მსურველებს სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე 1-2 ან სამწლიანი გამოცდილება მოეთხოვებათ.
საჯარო სამსახურში გამოცხადებულ კონკურსებში კონკურსის მონაწილეებს საქართველოს კონსტიტუციისა და სხვადასხვა სამართლებრივი აქტების, ასევე შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მოეთხოვებათ. კონკურსანტებისგან ასევე ითხოვენ უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს; შრომის წიგნაკს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელ სხვა დოკუმენტებს.
სამეტაპიანი კონკურსის პირველი ეტაპი იქნება განცხადების გადარჩევა, მეორე ეტაპზე ჩატარდება ტესტირება, ხოლო მესამე ეტაპი ითვალისწინებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან გასაუბრებას. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ გასაუბრების პროცესი ჩაიწერება აუდიო და ვიდეოფორმატში.
ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში უნდა გაიარონ რეგისტრაცია და გააგზავნონ განცხადება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: https://www.hr.gov.ge
რა ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრებში
ელანა [სახელი პირობითია] 22 წლის არის. ის ბათუმში, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ცხოვრობს. ელენას 2 შვილი ჰყავს, უმცროსი ჯერ ორი წლისაც არ არის. სასამართლოს გადაწყვეტილებით შვილები დედასთან უნდა აღზრდილიყვნენ, მაგრამ ელენა ვერ ახერხებს ბავშვებთან ერთად ცხოვრებას.
„არ მინდოდა ჩემს შვილებს ენახათ, რომ მსხვერპლი ვარ, ამიტომ გადავწყვიტე ოჯახიდან წამოსვლა. ჩემი ქმრისთვის პრობლემა იყო ის, რომ არ უნდა მესწავლა, არ უნდა მემუშავა. ამის გამო გავხდი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიური ძალადობის მსხვერპლი“, – ყვება ელენა „ბათუმელებთან“.
ელენამ ეროვნული გამოცდები ჩააბარა. სწავლის პარალელურად კი სამსახურს ეძებს. სამ თვეში თავშესაფარში ყოფნის ვადაც ეწურება და, ალბათ, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში გადავა.
ელენამ ეროვნული გამოცდები გათხოვებამდე ჩააბარა, მაგრამ ქმარმა სწავლის უფლება არ მისცა. ბავშვების წამოზრდის შემდეგ კი ისევ მოინდომა სწავლის გაგრძელება. ქმარმა ეს არ აპატია.
ელენა ამბობს, რომ თავშესაფარში მას კარგად ექცევიან.
გასულ წელს ელენას მსგავსად თბილისის, გორის, ქუთაისისა და ბათუმის თავშესაფარში 47 სრულწლოვანი და 67 არასრულწლოვანი ქალი ცხოვრობდა, ამათგან 65-ს სამედიცინო მომსახურება დასჭირდა, 89-ს – ფსიქოლოგიური დახმარება, ხოლო 31-ს – სამართლებრივი. საერთო ჯამში, თავშესაფრით 114-მა მსხვერპლმა ისარგებლა.
ამ წლის ზუსტი სტატისტიკა ჯერ არ აქვთ.
ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ინფორმაციით, ბათუმის თავშესაფარი ერთდროულად 14-მდე ბენეფიციარს იღებს. აქ ერთი შშმ პირის მიღებაც შეუძლიათ.
“ბათუმელები“ ელენას გარდა კიდევ ერთ ადამიანს ესაუბრა, რომელიც თავშესაფარში გასულ წელს ცხოვრობდა. სარა (მისი სახელიც პირობითია) ამბობს, რომ თავშესაფარში პერსონალს აქვს კვალიფიკაციის პრობლემა: „ზოგჯერ ისე გიყურებენ… მიატოვე ოჯახი, ქმარი, შვილები. ეს ნიშნავს ღალატს, შესაძლოა ასე პირდაპირ არ გითხრან, მაგრამ გარემო ისეთია, დამნაშავედ გრძნობ თავს. თუ საჭმელი გაქვს და ღამის გასათევი, ვერ იგებენ, რატომ შეიძლება წამოხვიდე ქმრისგან, რომელიც ძალადობს შენზე“.
სარა ამბობს, რომ სახელმწიფომ მეტი უნდა გააკეთოს პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად: „ერთი მსხვერპლი ლგბტ თემის წარმომადგენელი იყო. თავშესაფარში თანამშრომლები ეუბნებოდნენ, რომ უნდა გამოსწორდეს, წესიერ გზას დაადგეს. სტრესია, როცა უყურებ, რომ თავშესაფარში, სადაც ისედაც ბევრი პრობლემით მიდიხარ, ავადმყოფი ჰგონიხარ“.
თავშესაფრის ბინადრებს ულუფას გრამობით აწვდიან, საღამოს 11 საათზე ყველა საწოლშია, გარეთ გასვლის დროს აღრიცხვის ჟურნალში იწერება ვინ სად მიდის. თავშესაფრის ადგილი მკაცრად გასაიდუმლოებულია, იყო შემთხვევა, როცა მსხვერპლის ადგილსამყოფელი ქმარმა გაიგო, ამის გამო ის სხვა ქალაქის თავშესაფარში გადაიყვანეს. თავშესაფარში დარჩენა მსხვერპლს 6 თვით შეუძლია.
სახალხო დამცველის მინოტორინგი თავშესაფრებში
სახელმწიფო თავშესაფრების მონიტორინგი პირველად წელს გამოქვეყნდა. მონიტორინგის დროს შემოწმდა თავშესაფარში მშობელთან ერთად მოთავსებული ბავშვების მდგომარეობა და მათი საჭიროებები. მონიტორინგი ჩატარდა ოთხ სახელმწიფო თავშესაფარში: თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში.
თავშესაფრების შინაგანაწესის თანახმად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი მიანიჭა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ (იგულისხმება დამცავი ან შემაკავებელი ორდერი), ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა. გამოკითხვის მიხედვით, თავშესაფარში მოთავსების ვადა არასაკმარისია მსხვერპლის სრულფასოვანი რეაბილიტაციისთვის. უმრავლესობას აქვს როგორც ფიზიკური, ასევე ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმები, რომელთა მოშუშებასაც დრო სჭირდება. სახალხო დამცველის ცნობით, ქალების უმრავლესობას, ოჯახიდან წასვლისას თან ახლავთ მცირეწლოვანი შვილები, რომლებიც მხოლოდ დედის იმედად რჩებიან, სანამ მამას ალიმენტი არ დაეკისრება. პრაქტიკიდან გამომდინარე, ალიმენტების დაკისრებისა და ქონების გაყოფის ფაქტები მწირია, ამიტომაც მსხვერპლ ქალებს ხშირად საკუთარი ძალებით უწევთ ცხოვრების გაგრძელება.
მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა თავშესაფრებში ბავშვთა კვების პრობლემა – თავშესაფრებში ხილისა და ბოსტნეულის მცირე ჩამონათვალია, ასევე არ არის თევზეული და აუცილებელი სხვა პროდუქტები. ერთ-ერთმა რესპონდენტმა განმარტა, რომ მის შვილს ვირუსული ინფექციის გამო ექიმმა გამოუწერა პრეპარატები, რომლებიც თავშესაფარში არსებული მედიკამენტების ნუსხაში არ შედიოდა.
პრეპარატის მიღება აუცილებელი იყო დაუყოვნებლივ, ბავშვს კი წამალი სამ დღეს ვერ მიეწოდა. მონიტორინგის ჯგუფის წევრების ინფორმაციით, თავშესაფრებში ასევე არ ჰყავთ ბავშვთა ფსიქოლოგი.
ანგარიშში წერია, რომ თავშესაფრები კეთილსაიმედოდაა მოწყობილი, ყველა მათგანში არის სისუფთავე და სითბო, ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები. გათვალისწინებულია ბავშვთა საწოლები, დაცულია სანიტარული ნორმები. ასევე აუცილებელია რკინის კარი და 24-საათიანი დაცვა. რაც თავშესაფრებს აქვთ.
გარდა ამისა, საქართველოში ფუნქციონირებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა ორი თავშესაფარი: თბილისსა და ბათუმში. ისინი შესაბამისი სახელმწიფო ფონდის სტრუქტურული ერთეულებია და ბიუჯეტიდან ფინანსდება. ორგანიზაციის ცნობით, წელიწადში მათი დაფინანსება 6 მილიონზე მეტი ლარია. „იხარჯება იმდენი, რამდენიც საჭიროა“, – განუმარტეს “ბათუმელებს” ფონდში. „ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა იმის გარკვევა, კონკრეტულად რამდენი ადამიანი მუშაობს მსხვერპლების რეაბილიტაციაზე, ან რა თანხა დაიხარჯა ბენეფიციარებისთვის ერთ წელში. შეპირების მიუხედავად ბიუჯეტის დეტალური ხარჯთაღრიცხვა ფონდიდან არ მოგვაწოდეს.
სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის წევრების ცნობით, ამ დაწესებულებას თბილისში ერთდროულად 10 ბენეფიციარის მიღება შეუძლია, განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება მათი რიცხვი გაიზარდოს. ბათუმშიც თავშესაფარში 10 სრულწლოვანი პირის მიღება არის შესაძლებელი. 2014-2015 წლის მონაცემებით, ორივე თავშესაფრის მომსახურებით გაცილებით მეტმა ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა ისარგებლა, ვიდრე ტრეფიკინგის. თბილისის თავშესაფარში ხშირად ხდება იძულებითი შრომის მსხვერპლების განთავსება. თუმცა, არიან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლებიც, ხოლო ბათუმში თავშესაფარს მხოლოდ სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლები ითხოვენ.
ბათუმში განსაკუთრებით მაღალია სექსტრეფიკინგის შემთხვევები – ამ საკითხზე სახალხო დამცველი 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც საუბრობდა: „თავშესაფრების ეზოები არ არის კეთილმოწყობილი, არ აქვს მაღალი ღობე ან დაცვის სხვა გარანტიები, რაც მცხოვრებ პირებს (განსაკუთრებით ბავშვებს) შესაძლებლობას მისცემდა ესარგებლათ ეზოთი. ტერიტორიის დაცვის საკითხი მნიშვნელოვანია იმ რისკებიდან გამომდინარე, რაც პირის მსხვერპლობის ისტორიას შეიძლება უკავშირდებოდეს“.
უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ხშირად ძალადობის მსხვერპლ ქალთა დასაცავად არ იყენებენ იმ მექანიზმებს, რაც კანონით არის გათვალისწინებული. მისი არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ ღიად რჩება სოციალურ მუშაკთა როლი ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისათვის. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, სამართალდამცავების ჩართულობა ყოველთვის არასაკმარისია. „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, სოციალურ მუშაკთა პასუხისმგებლობის ძალაში შესვლის თარიღად 2015 წლის 1-ელი სექტემბერი განისაზღვრა. თუმცა, რესურსების სიმცირიდან გამომდინარე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არ გეგმავს ძალადობის საკითხებზე სპეციალიზებული სოციალური მუშაკების დამატებას“.
არასამთავრობო ორგანიზაციები
საქართველოში ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან. ზოგს აქვს თავშესაფარი, ზოგი სამართლებრივად ეხმარება მათ. ქალთა საკონსულტაციო ცენტრ „სახლის“ თბილისის წარმომადგენელი ნანა ხოშტარია პროფესიით ფსიქოლოგია. ის „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათ ორგანიზაციას აქვს კრიზისული ცენტრი, სადაც მსხვერპლს ათავსებენ 10-12 დღით. ეს ორგანიზაცია წელიწადში 20-25 მსხვერპლს იღებს. ნანა ხოშტარია ამბობს, რომ მსხვერპლებს ყველაზე მეტად თავშესაფრის პრობლემა აქვთ: „რომ დატოვოს ძალადობრივი ურთიერთობა, სჭირდება წასასვლელი. არის მსხვერპლი, ვისაც მშობლები იღებენ უკან, თუმცა უმეტესად არ აქვთ წასასვლელი“.
ბათუმში, ქუთაისის #7-ში, ორგანიზაცია „იდენტობას“ იურისტი გვანცა ლომაია მე-6 თვეა მუშაობს ოჯახში ძალადობის საკითხზე და უკვე 14 ქალს დაეხმარა სასამართლოში. დავები ეხებოდა მოძალადე მეუღლესთან განქორწინებას, ალიმენტის დაკისრებას, ქონების განაწილებას, ბავშვის მიკუთვნებას. იურისტი პერიოდულად ატარებს ტრენინგებს ოჯახში ძალადობის თემატიკაზე და ასევე, ზოგადად, ქალთა უფლებებზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ეროვნულ კანონმდებლობაში ქალთა უფლებების უკეთ რეალიზების ხელშეწობას ემსახურება, ცვლილებები და დამატებები შევიდა 17 კანონში, რაც პირველი აპრილიდან ამოქმედდება. ცვლილებებს დადებითად აფასებს იურისტი გვანაცა ლომაია: „თუმცა, მწვავე პრობლემად რჩება ის ფაქტი, რომ სახელმწიფოში არ ფუნქციონირებს არც ერთი კრიზისული ცენტრი. საქმე ის არის, რომ სახელმწიფო თავშესაფრები მხოლოდ იმ ქალებს ეხმარება, ვისაც მსხვერპლის სტატუსი აქვს. ხშირ შემთხვევაში, ქალებს არ სურთ ან ეშინიათ დაუკავშირდნენ საპატრულო პოლიციას, რომელმაც მათთვის სტატუსის მინიჭებაზე უნდა იზრუნოს. ამის ერთ-ერთი მიზეზი უნდობლობაა. პოლიციის მიმართ უნდობლობასაც რომ დავანებოთ თავი, სტატუსის მინიჭება დროში გაწელილი პროცესია, მსხვერპლი ქალები კი მყისიერ დახმარებას საჭიროებენ. სწორედ ამისთვისა აუცილებელი კრიზისული ცენტრების არსებობა, სადაც ისეთ ქალებს შეიფარებენ, რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი არ აქვთ“.
IT სპეციალისტის ვაკანსია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში
სასურველია კანდიდატს ჰქონდეს მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება ინფორმაციული-ტექნოლოგიის სფეროში. ასევე კომპიუტერულ და პერიფერიულ მოწყობილობებთან, ოპერატიულ სისტემებთან (DOS/WINDOWS/LINUX/MACOS), ქსელურ მოწყობილობებთან (სერვერები, სვიჩები, მარშუტიზატორები, უსადენო კავშირის სისტემები), გრაფიკულ და საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება – ჯერ გადაირჩევა აპლიკაციები, შემდეგ კი შერჩეულ აპლიკანტებთან მოხდება გასაუბრება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა განაცხადი ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინონ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე. აპლიკაციის შევსების დროს “ჩემი რეზიუმე”-ს “დამატებითი დოკუმენტაციის” ბლოკში უნდა ატვირთონ და გააგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
– უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
– ნამსახურობისა და სამსახურის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (შრომის წიგნაკი – არსებობის შემთხვევაში ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) ასლი.
– პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება 2015 წლის 30 ნოემბერს, მეორე ეტაპი – 2015 წლის 8 დეკემბერს. განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 26 ნოემბერი.
რატომ იზრდება ავტოავარიების რიცხვი? – 514 გარდაცვლილი ერთ წელიწადში
მაია, რამდენი პროცენტით არის გაზრდილი ავტოავარიების შემთხვევა ბოლო წლებში?
19-დან 25 წლამდე ახალგაზრდებში ნომერ პირველი მკვლელი არის ავტოავარიები მთელ მსოფლიოში და არც საქართველოში გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა. თუმცა, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში გაცილებით მძიმე სტატისტიკა გვაქვს. თუ ევროპის ქვეყნებში ასი ათას კაცზე 6 ადამიანი იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევით, საქართველოში ეს ციფრი გაორმაგებულია და 12-ს და უფრო მეტსაც აღწევს. მარტო გასული წლის მონაცემებით, დაიღუპა 514 ადამიანი და 8 536 დაშავდა. საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს ციფრი ძალიან მაღალია. მაშინ, როცა ამ ავტოკატასტროფების 95 პროცენტის თავიდან აცილება შესაძლებელია.
კონფერენციაზე იყო რომელიმე უწყების მხრიდან რაიმე ანალიზი წარმოდგენილი, თუ რა მიზეზით იმატა ავტოსაგზაო შემთხვევებმა?
ავტოსაგზაო შემთხვევა არის კომპლექსური საკითხი და, ბუნებრივია, კომპლექსურ გადაწყვეტას მოითხოვს. ერთი მხრივ, უნდა იყოს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, მეორე მხრივ, ადამიანების თვითშეგნება უნდა იყოს მაღალი. ამაში ჩვენს ორგანიზაციასაც შეაქვს თავისი წვლილი – საგანმანათლებლო კამპანიას ვეწევით. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი სახელმწიფო პრიორიტეტად გამოცხადდეს, ისევე როგორც ბევრ განვითარებულ სახელმწიფოში. შს სამინისტროს, მერიის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების ერთობლივი ამოქმედებით ვითარება უნდა შეიცვალოს.
ერთობლივ ქმედებებში რას გულისხმობთ?
იგულისხმება ჯარიმები, რადგან როცა ავტომანქანა გაჩერებულია იქ, სადაც არ უნდა იყოს გაჩერებული, მათ შორის ტროტუარებზე, რომელიც ქვეითების სავალი ნაწილია, უნდა დაჯარიმდეს მძღოლი. ჯარიმებმა გაამართლა ღვედებთან დაკავშირებით და მეტ-ნაკლებად მოიხსნა ეს პრობლემა. რა თქმა უნდა, უკეთესია, რომ ადამიანი თვითშეგნებით იცავდეს წესებს, მაგრამ, რადგან ეს კულტურა საქართველოში არ არის, ჯარიმების დახმარებით უნდა მოწესრიგდეს. ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის საკითხების მოგვარებას რაც შეეხება, უნდა მოწესრიგდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ ადამიანებისთვის კომფორტული იყოს გადაადგილება და აღარ იყოს გადატვირთული ქუჩები და გზები. აქედან დაიწყო ბევრმა მაღალგანვითარებულმა ქვეყანამ.
წინა წლებშიც სახელდებოდა იდენტური მიზეზები, ვთქვათ – ნასვამობა, გადაჭარბებული სიჩქარე, საგზაო წესების დარღვევა და ა.შ. ეს მიზეზები არ იცვლება. თქვენ ახსენეთ საგანმანათლებლო კამპანია, კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს და რა იქნება უფრო ეფექტური, რომ ადამიანები უფრო მეტად დაფიქრდნენ თავიანთ ქმედებაზე?
ნასვამობასთან დაკავშირებით 2011 წლიდან გვქონდა კამპანია „საჭესთან ფხიზლად! ამ კამპანიის ერთი კომპონენტი იყო საგანმანათლებლო აქციები – თბილისისა და რვა რეგიონის სკოლებში გვქონდა საინფორმაციო შეხვედრები და სემინარები. მეორე კომპონენტი იყო ამ საკითხის ადვოკატირება და შეიცვალა კანონმდებლობა – 2014 წლიდან მოქმედებს მართვის მოწმობების ჩამორთმევა და მცირედი ცვლილებები არის ამ მიმართულებით.
ბევრ ქვეყანაში მიმართავენ სხვადასხვა ტიპის კამპანიას, ბანერები, ვიდეორგოლები და ა.შ. რა უფრო იმოქმედებს ქართველ მძღოლებზე და ხომ არ აპირებთ სამომავლოდ რაიმე ახალი კამპანიის წარმოებას ამ მიმართულებით?
ჩვენს ვებგვერდზე ბევრი ინფორმაციაა სიჩქარეზე, ნასვამობასა თუ სხვა მიზეზებზე, ჩვენი კამპანიის ფარგლებში ბანერებიც გვქონდა ქუჩებში განთავსებული. ამ ეტაპზე ვაგრძელებთ საგანმანათლებლო მუშაობას ახალგაზრდებში, მეორე მხრივ, სატელევიზიო რგოლებსა და ადვოკატორებაზე ვმუშაობთ. გვაქვს პროექტი ქვეითებთან დაკავშირებით, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება. მომავალი წლის მარტის ბოლოსკენ გვაქვს დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა დღის აღნიშვნის ღონისძიებას თითქმის ყველა პასუხისმგებელი ორგანოს წარმომადგენელი ესწრებოდა. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ აქტიურობის დროა და უნდა ვიმუშავოთ ერთობლივად.
ქედის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო

საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით კომისიებმა და ფრაქციებმა შენიშვნები 24 ნოემბრამდე უნდა წარადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმართველობა დეპუტატების შენიშვნებს არ გაითვალისწინებს.
„რიგგარეშე სხდომაზე მხოლოდ ერთი – ქედის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო ადმინისტრაციულ წარმოების საკითხი განვიხილეთ, ბიუჯეტთან დაკავშირებით თუ რაიმე სახის შენიშვნები იქნება ფრაქციამ, ან კომისიამ 24 ნოემბერს დღის 3 საათამდე უნდა შემოიტანოს, არსებული შენიშვნები გამგეობას 5 დეკემბერს გადაეცემა, გამგეობამ ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი 10 დეკემბერს უნდა მოგვაწოდოს, 24 დეკემბერს კი ადგილობრივი ბიუჯეტი დამტკიცდება“ – აცხადებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე.
აქცია გენერალ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე წიგნების მაღაზიაში
წიგნის მაღაზია სხვადასხვა გამომცემლობების მიერ გამოცემული უახლესი მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის ფართო არჩევანს გთავაზობთ. მაღაზია ლუდის ქარხნის დასახლებაში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის 5 ნომერში მდებარეობს [ფიროსმანის ქუჩის ბოლო]. ღიაა ყოველდღე, დილის 11 საათიდან საღამოს 7 საათამდე.




აჭარის უმაღლესი საბჭო ავტომანქანას ყიდულობს
სატენდერო დოკუმენტების თანახმად, სედანის ტიპის ავტომობილი უნდა იყოს ახალი, 2014 – 2015 წლებში გამოშვებული, ექსპლუატაციში არ მყოფი, განბაჟებული, ფერი შეთანხმებით.
პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: გააჩნდეს ბაზარზე საქმიანობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; გააჩნდეს არანაკლებ ერთი სერვისცენტრი ბათუმში ან ქობულეთში, სადაც უნდა განხორციელდეს თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმიური ფასიანი მომსახურება.
ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ ავტოტრანსპორტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
ტენდერში წინადადებების მიღება 20 ნოემბერს დასრულდება.
„კრიტიკული მეგობარი“ – რა ევალება ფასილიტატორს სკოლაში?

ქალბატონო ია, როგორც ვიცით, ფასილიტატორებს სკოლა სამი წლით ირჩევს და მათი ძირითადი მოვალეობა თავიანთი კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვაა. კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს მზრუნველობა?
შეიქმნა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ფასილიტატორი არის ჟანდარმი, რომელიც ამოწმებს და სჯის მასწავლებელს. რაღაც შიშის ფაქტორი წარმოიშვა, რაც აბსოლუტურად არასწორია. სიტყვა „ფასილიტატორი“ დამხმარეს ნიშნავს და მისი პირდაპირი მოვალეობაც ეგ არის, დაეხმაროს მასწავლებელს მანამ, ვიდრე არ შეძლებს ნორმალური, მუშა გაკვეთილის ჩატარებას მისი სამივე ფაზით, იქნება ეს მოტივაციიდან, გამოწვევებიდან დაწყებული, რეფლექციით დამთავრებული.
სამი წლის განმავლობაში მასწავლებელი ატარებს ორ სამოდელო ვიდეოგაკვეთილს. შეფასება ხდება ერთობლივად, შეფასების ჯგუფის მიერ და ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, თუნდაც იმისთვის, რომ გაჩნდეს კრიტიკული აზრი, მსჯელობა სკოლებში და პედაგოგებმა შეძლონ თანამშრომლობა.
რას უფასებთ პედაგოგს?
კრიტერიუმები არის ბევრი და გამჭვირვალე, მრავალმხრივად ხდება შეფასება – არის თუ არა გაკვეთილში ყველა ფაზა გამოყენებული, ჩართულობა, თანმიმდევრობა, იყენებს თუ არა პედაგოგი თვალსაჩინოებას, როგორ კომუნიკაციას ამყარებს ბავშვებთან, აქვს თუ არა უკუკავშირი, ინტერაქტივი, მეტყველება როგორი აქვს და ა.შ. უკუკავშირი მნიშვნელოვანია, რადგან ასე ვხვდებით, გაიგო თუ არა მოსწავლემ გაკვეთილი. თუ მასწავლებელი ჩათვლის, რომ სამოდელო გაკვეთილი არ შედგა, მას უფლება აქვს, მეორედ ჩაატაროს.
ფასილიტატორი მუდმივად უნდა თანამშრომლობდეს მასწავლებელთან, ის არის მისი კრიტიკული მეგობარი, რომელიც უზიარებს გამოცდილებას, თვითშესაფების კითხვარის შევსების პროცესში ეხმარება ყველა იმ საჭიროებების გამოვლენასა და ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შემუშავებაში, რაც პედაგოგს მისი სამომავლო განვითარებისთვის სჭირდება.
როცა რამდენიმე ფასილიტატორია სკოლაში, რა ნიშნით უნდა განისაზღვროს, ვინ რომელ პედაგოგთან იმუშავებს?
მე ვარ ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და ჩემი ზედამხედველობის ქვეშ 22 პედაგოგია. მათ შორის არიან ფილოლოგები, ისტორია-გეოგრაფიისა და დაწყებითის მასწავლებლები, რომლებიც ქართულს ატარებენ. ფიზიკის მასწავლებელიც გვყავს ფასილიტატორი და მისი ზედამხედველობის ქვეშ მოხვდნენ მათემატიკოსები და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები, ერთი ფასილიტატორიც უცხო ენის კათედრიდან არის არჩეული. ასე, რომ სპეციფიკა მაინც გათვალისწინებულია. თუმცა, საგნობრივი ჯგუფის წევრი მაინც ესწრება შეფასებით გაკვეთილებს.
იყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლებელია ფასილიტატორები გარკვეული წნეხის ქვეშ მოექცნენ კოლეგების მხრიდან ან თვალი დახუჭონ კოლეგის პროფესიულ ნაკლოვანებებზე პიროვნული ურთიერთობებიდან გამომდინარე, რამდენად რეალურია ეს მოსაზრება?
ასე რომ არ მოხდეს, სქემაში ეს ნიუანსიც გათვალისწინებულია. თუ კოლეგებს შორის პრობლემური ურთიერთობა არსებობს, ფასილიტატორს შეუძლია დაწეროს განაცხადი და აცილება გააკეთოს. რაც შეეხება კეთილგანწყობას, მე ყველა ჩემი კოლეგის მიმართ კეთილგანწყობილი ვარ. სწორედ ამიტომ შედის შეფასების ჯგუფში არა ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის დირექტორი. თუ შეფასებაში არ დამეთანხმებიან და აზრი გაიყოფა, იქნება მსჯელობა და ფაქტის განმეორების შემთხვევაში, გადაწყვეტილებას დირექტორი მიიღებს.
ფასილიტატორის შერჩევის კრიტერიუმებში წერია, რომ მას უნდა ჰქონდეს ანალიტიკური აზროვნების უნარი. რა ფორმით შემოწმდა ეს უნარი, რაიმე ტესტი გაიარეთ ფასილიტატორებმა? ისიც მსმენია, რომ ზოგიერთი მხოლოდ იმიტომ აირჩიეს ფასილიტატორად, რომ კომპიუტერთან მუშაობა იცის.
სკოლამ აირჩია ის პედაგოგები, რომლებიც ჩათვალა ამ სამუშაოს შემძლედ და მნიშვნელოვნად ასეთ საკითხში. თუკი სკოლამ მარტო იმიტომ აირჩია ფასილიტატორი, რომ კომპიუტერი იცის, გამოდის ამ სკოლას სხვა მოთხოვნები არ აქვს. იმ სკოლასაც და იმ ფასილიტატორსაც ბევრი სამუშაო ექნებათ თავიანთ თავზე. მე პედაგოგს არ შევუვსებ თვითშეფასების კითხვარს. ჩვენ 21-ე საუკუნეზე ვსაუბრობთ. პედაგოგმა უნდა დაიდოს კომპიუტერი და იმეცადინოს კლავიატურაზე. მხოლოდ ეს მოეთხოვება ტექნიკურად.
გარდა 22 მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა, თქვენ საკუთარ განვითარებაზე ზრუნვაც გიწევთ, რომ შეინარჩუნოთ ან მიიღოთ ახალი სტატუსი. როგორც ფასილიტატორი კი, მხოლოდ სამ ქულას აიღებთ. გარდა ამისა, მუშაობთ კერძო სკოლაშიც და დამატებით ამზადებთ მოსწავლეებს. ეს საკმაოდ დაძაბული რეჟიმია, როგორ აპირებთ ასეთ რუტინას გაუმკლავდეთ?
რთულია, მაგრამ მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია. ბუნებრივია, მეც მომიწევს სამოდელო გაკვეთილების ჩატარება და კარიერულ ზრდაზე მუშაობა. მენტორის სტატუსის მისაღებად დოქტორანტურაშიც უნდა ჩავაბარო. თუ არ ვითარდები, აღარ ხარ საჭირო, ამიტომ იძულებული ვარ, ვარეგულირო რეჟიმი. მე მიყვარს ჩემი სპეციალობა და ეს ჩემთვის საკმარისი მოტივაციაა.
როგორ ფიქრობთ, თუ პროფესიული განვითარების სქემას თავს გაართმევენ პედაგოგები, რამდენ ხანში აისახება ეს სკოლებში?
როცა მოსწავლის ცოდნა ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ ყველა ინდიკატორს უპასუხებს, ეს იქნება ჩვენი შრომის შედეგი. რეალურად, შედეგი დაახლოებით ხუთ წელიწადში უნდა აისახოს.
მერიის განმარტება აღმზრდელის გათავისუფლებაზე, რომელმაც ბაღში ბავშვზე ძალადობა გადაიღო

საზოგადოება რომ არ შევიყვანოთ შეცდომაში, ეს ფაქტი თავიდან ბოლომდე უნდა გავიაროთ. ძიძა, რომელიც ბავშვზე ძალადობდა, სამსახურიდან გათავისუფლებულია. ამას მნიშვნელობა არ აქვს, პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა, თუ ისე. თუ არ დაწერდა განცხადებას, მაშინ იქნებოდა ბრძანება.
მეორე – დისციპლინარული კომისია სწავლობს იმავე ჯგუფის აღმზრდელების პასუხისმგებლობასაც, ანუ ვინც დაუშვა ეს ფაქტი და, ალბათ, მათ მიმართაც მიღებული იქნება ხისტი გადაწყვეტილება, კანონის შესაბამისად. მე არ მაქვს უფლება, სანამ დისციპლინარული კომისიის დასკვნა არ გაჟღერდება, ხმამაღლა ვთქვა ეს, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ გადაწყვეტილება იქნება ხისტი და კანონთან შესაბამისი.
რაც შეეხება ნათია ცინცაძეს, ის 3 წუთის განმავლობაში ჩუმად იღებდა ბავშვზე ზეწოლას, მაშინ, როდესაც მისი ვალდებულება იყო ბავშვს მიშველებოდა. მაგრამ მარტო ეს არ არის მისი გათავისუფლების მიზეზი. ერთადერთი შენიშვნა ქალაქის მერის მხრიდან იყო ის, რომ თქვენ ქალბატონო ნათია, როგორც ბაღის აღმზრდელს (მართალია იმ ჯგუფის არა, სადაც ეს ფაქტი მოხდა, არამედ სხვა ჯგუფის), როგორც დედას, რა გულმა მოგითმინათ, რომ იქ ბავშვს ეჩხუბებოდნენ და ამას იღებდით და რატომ ბავშვს არ მიეშველეთო? მეც გამიჩნდა ეს გრძნობა.
თქვენ წერთ, რომ გია ერმაკოვმა მითხრა, რატომ არ გალახეო [ძიძა]. არადა, გია ერმაკოვმა მისცა შენიშვნა, რა გულმა მოგითმინა, რომ იღებდი და ბავშვს არ მიეშველეო.
თუკი ხისტი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ქალბატონ ნათიას მიმართ (მე აქ ეთიკური ნორმების დარღვევაზე არ ვლაპარაკობ, მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია გაჩვენოთ ბავშვის დედის განცხადება, რომელიც მის გათავისუფლებას ითხოვს), ეს იმიტომ, რომ სხვა პრეტენზია გვაქვს ჩვენ ქალბატონ ნათიასთან: 10 დღის განმავლობაში ამ საბავშვო ბაღში ორჯერ იქნა პატრული გამოძახებული, მე მგონი ეს სამარცხვინოა და შემაშფოთებელი. ორშაბათს პატრული იმიტომ იყო გამოძახებული, რომ ქალბატონი ნათია არ უშვებდა ბაღის გამგეს და ასევე თანამშრომლებს შენობაში. ჩაშლილი იქნა სასწავლო პროცესი. რა უფლება აქვს აღმზრდელს, ასე მოიქცეს.
ბავშვზე ძალადობის ფაქტი მოხდა პარასკევს. იმავე დღეს ბაღში მოხდა კიდევ ერთი ფიზიკური შეხლა-შემოხლა, ქალბატონ ნათიასა და მეთოდისტს შორის, სულ სხვა თემაზე. მთელი კვირის განმავლობაში ჩვენთან მოდიოდა ინფორმაცია, რომ ქალბატონი ნათია აკეთებს რაღაცა დესტრუქციულ ქმედებებს, დემარშებს. ხელს უშლის აღმზრდელობით პროცესის მსვლელობას. მთავარი უბედრურება ეს არის და ამაზე მუშაობს დისციპლინარული კომისია.
თქვენ ამბობთ, რომ ამ საქმის წარმოება დისციპლინარულ კომისიას ჯერ არ დაუსრულებია?
არ დაუსრულებია. უახლოეს დღეებში დაწერს კომისია დასკვნას და ხისტ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს არის მერიის პოზიცია. იმავე დღეს, როცა ფაქტი მოხდა, გია ერმაკოვმა [ბათუმის მერი] მთელი მასალები, მიუხედავად იმისა, რომ საღამო იყო, გადააგზავნა შს სამინისტროში.
სხვა ფაქტებსაც იკვლევს კომისია?
კი, დისციპლინარული კომისია სწავლობს მაგას. გამათავისუფლეს სამსახურიდანო იძახის, ვინ გაუჟღერა მაგას, რომ გაათავისუფლეს სამსახურიდან?
მე, მაგალითად, გიორგი სურმანიძემ [ბაღების გაერთიანების იურისტი] მითხრა, რომ ნათია ცინცაძე ნამდვილად გათავისუფლებულია სამსახურიდან და რომ დისციპლინურმა კომისიამ დაწერა კიდეც ამაზე თავისი დასკვნა.
დასკვნა შეიძლება დაწერილია, მაგრამ მუშავდება. მეც მინდა გავეცნო ამ დასკვნას, სანამ მივიღებთ გადაწყვეტილებას.
ანუ გინდათ თქვათ, რომ ნათია ცინცაძე ჯერ გათავისუფლებული არ არის სამსახურიდან?
მე როგორც ბაღების გაერთიანების კურატორი, მთელი პასუხისმგელობით ვაცხადებ, რომ ბრძანება ჯერ დაწერილი არ არის. დასკვნა არსებობს, სადაც იკვეთება ძალიან ცუდი გარემოებები. უფრო მეტს გეტყვით, პირადად გახლდით მე-6 ბაღში და საკუთარი თვალით ვნახე, როგორ არ უშვებდა ნათია ცინცაძე თანამშრომლებს საბავშვო ბაღში. ამაზე უფროსი აღმზრდელის ირინა სურგულაძისა და მუსიკის მასწავლებლის მაია ფირცხალაიშვილის მოხსენებითი ბარათია შემოსული.
ეს პიროვნება მუდმივად ქმნის კონფლიქტს საბავშვო ბაღში, რაც აღმზრდელობით პროცესს უშლის ხელს.
მასალებით, რასაც თქვენ სწავლობთ, რა დგინდება, რომ მთელ პროცესს მარტო ერთი პირი, ნათია ცინცაძე უშლის ხელს?
ვსწავლობთ საკითხს იმ ჯგუფის აღმზრდელების მიმართაც, ვის ჯგუფშიც მოხდა ბავშვზე ძალადობა. ვნახოთ, გათავისუფლება იქნება თუ სასტიკ საყვედურს მიიღებენ. დამერწმუნეთ, კანონის დაცვით მივიღებთ გადაწყვეტილებას.
ახლა როგორი ვითარებაა ბაღში, ისევ დაძაბულ გარემოში უხდებათ ბავშვებს ყოფნა?
ახლა ქალბატონი ნათია საავადმყოფოს ფურცელზეა და ბაღიც სკანდალების გარეშე ცხოვრობს, სიწყნარეა.
შსს-მ ქობულეთში მდებარე იმ სასტუმროს მეპატრონე დააკავა, სადაც სამი მოზარდი ხანძარს ემსხვერპლა
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ზაზა ა. სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
2015 წლის 10 მაისს, გამთენიისას, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, ზაზა ა-ს. კუთვნილ, ე.წ. „ხასანას“ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა. ამ დროს სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლ „სიხარული-2“-ის წევრები, მათ შორის, არასრულწლოვნები, რომელთაგანაც სამი ადგილზე დაიღუპა. ქობულეთის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა და მაშველებმა ალმოდებული შენობიდან 45 ადამიანი, მათ შორის 30 მოზარდი, გამოიყვანეს. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაინიშნა სხვადასხვა სახის კომპლექსური ექსპერტიზა. საინჟინრო ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ სასტუმროში დარღვეული იყო სამშენებლო ნორმები და წესები, ხოლო სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ხანძრის გაჩენა დაკავშირებული იყო ელექტროტექნიკურ გაუმართაობასთან. აღსანიშნავია, რომ ცეცხლის კერა იყო იმ ოთახში, სადაც გარდაცვლილი მოზარდები იმყოფებდნენ.
გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
<!** Image 1 align="middle" alt="სასტუმრო ქობულეთში ხანძრის შემდეგ" sub="სასტუმრო ქობულეთში ხანძრის შემდეგ" width="600" height="1944" >
საკრებულოს თავმჯდომარეები ოცნების რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებად
რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად პარტიამ ქედაში მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის ამირან ცინცაძის, ხოლო შუახევში ნოდარ ქარცივაძის კანდიდატურა დაასახელა. პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატები დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს.

ქედის საკრებულოს თავმჯდომარე და „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ამირან ცინცაძე აცხადებს, რომ მან ხმათა სრული რაოდენობა მიიღო და დასძენს, რომ პარტიის სამოქმედო გეგმა, პირველ ეტაპზე, პარტიული ოფისის გაძლიერებაა.
„140 დელეგატიდან პარტიულ ყრილობას ქედაში 101 დელეგატი ესწრებოდა. ყველამ დამიჭირა მხარი, ჩვენი სამოქმედო გეგმა, პირველ ეტაპზე, პარტიული ოფისის გაძლიერებაა და, რაც მთავარია, წინასწარ ვიცი, რომ 2016 წლის არჩევნებში ტრიუმფალურად გავიმარჯვებთ“, – აცხადებს ამირან ცინცაძე.

ნოდარ ქარცივაძე ამბობს, რომ პარტიული მუშაობა საკრებულოს საქმიანობაში ხელს არ შეუშლის.
„102 დელეგატიდან 95 გამოცხადდა და აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა მივიღე. პარტიამ შუახევში მხოლოდ ჩემი კანდიდატურა წარადგინა, სხვა კანდიდატურა არ დასახელებულა. რაც შეეხება მუშაობას, საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობაში ხელს არ შემიშლის, ვიყავი როგორც პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე და მშვენივრად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ძირითადი საკითხების გამშუქებელი და შემსრულებელი აღმასრულებელი მდივანია“, – აცხადებს ნოდარ ქარცივაძე.
პარტიულ ყრილობას აჭარის მაღალმთიანეთში ის საჯარო მოხელეებიც ესწრებოდნენ, რომლებიც პარტიის წევრები და დელეგატები არიან. ახალარჩეული ორგანიზაციის თავმჯდომარეები აცხადებენ, რომ ის საჯარო მოხელეები, რომლებიც პარტიულ ყრილობას ესწრებოდნენ, ერთდღიან შვებულებაში იყვნენ გასული და კანონი არ დაურღვევიათ.
„მეც გავედი ერთდღიან შვებულებაში, საკრებულოს კომისიის ოთხი წევრიც და ის საჯარო მოხელეებიც, ვინც პარტიულ ყრილობას ესწრებოდა“, – აცხადებს ნოდარ ქარცივაძე.

დღეს პარტიული ყრილობა გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტშიც. ქობულეთშიც, ისე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე არ შეცვლილა და კვლავაც ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე იქნება.
პარტიულ ყრილობას ქედაში, შუახევსა და ქობულეთში პარტიის აღმასრულებელი მდივანი კახი კალაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ესწრებოდნენ.
წყლის ახალი ონკანები ბათუმის ქუჩებში
„ხიმშიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში თანამედროვე ტიპის სასმელი წყლის ონკანების მონტაჟი მიმდინარეობს. ამ ტერიტორიაზე 48 ერთეული წყლის ონკანი დამონტაჟდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გეოლოდი“ ასრულებს. ქალაქის ბიუჯეტიდან პროექტისთვის 31 ათას 104 ლარი გამოიყო“, – წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მერიაში მიაჩნიათ, რომ ახალი ონკანები ჩაენაცვლება ქალაქის ცენტრში არსებულ უსახურ წყლის ონკანებს.
ადაპტირებულია თუ არა სკოლები აჭარის მთიანეთში შშმ მოსწავლეებისათვის

საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა ხელშემწყობი პროგრამები მოქმედებს, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცის შესაბამისად მოწყობასა და სტანდარტთან მიახლოვებას გულისხმობს.
საგანმანათლებლო პროგრამით განათლებას ხულოს მუნიციპალიტეტში სპეციალური საჭიროების მქონე 36 ბავშვი იღებს, აქედან 8 ბავშვი „შინ სწავლების“ პროგრამაშია ჩართული – პედაგოგი მათ ოჯახებში ასწავლის. რვა ბავშვიდან ოთხი ეტლით მოსარგებლეა. ხულოს რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი ნათია ჯოყილაძე აბობს, რომ ეტლით მოსარგებლე მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ ისინი `შინ სწავლების~ პროგრამაში არიან ჩართული და სკოლაში არ დადიან.
ხულოს საჯარო სკოლებს არც პანდუსები აქვთ და არც სპეციალური ოთახები, სადაც ბავშვებს პროგრამის მიხედვით დამატებითი აქტივობა უნდა ჩაუტარდეს.
„ეტლით მოსარგებლე ბავშვები ქედლების, ღურტის, დაბა ქედისა და ტუნაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. 36 მოსწავლეს 17 პედაგოგი ასწავლის ხულოში. პანდუსები და სპეციალური ოთახები სკოლებში არ არის, თუ იქნება ისეთი საკლასო ოთახები, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია, კარგი იქნება“, – ამბობს ნათია ჯოყილაძე.
ხულოს მუნიციპალიტეტისგან განსხვავებით, როგორც შუახევის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე გვიხსნის, შედარებით უკეთესი გარემოა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. მისი თქმით, სპეციალიზებული საკლასო ოთახები აქ რიგ სკოლებში არის და ბავშვებს დამატებითი აქტივობაც უტარდებათ.
„10 სკოლაში სპეციალური საჭიროების მქონე 14 მოსწავლე გვყავს, მათ 10 პედაგოგი ასწავლის. ყველა ბავშვი დადის სკოლაში და ისე იღებენ განათლებას. რაც შეეხება ეტლით მოსარგებლეებს, სოფელ ნიგაზეულის, უჩამბისა და გომარდულის სკოლებში ასეთი თითო მოსწავლე გვყავს – ისინი „შინ სწავლების“ პროგრამაში არიან ჩართული. პედაგოგი მათ სახლში ასწავლის, მაგრამ არის დღეები, როდესაც ბავშვები სკოლაში მოჰყავთ, ტრანსპორტი ემსახურება, რომ მოსწავლეებთან ინტეგრაცია მოხდეს. რაც შეეხება პანდუსებს, ამ სამი სკოლიდან პანდუსი მხოლოდ გომარდულში არ არის. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების უმრავლესობა დაწყებით და საბაზო საფეხურზე სწავლობს. ამირან მამალაძის სახელობის ბარათაულის საჯარო სკოლაში ოთხი მოსწავლე გვყავს, გომარდულში ორი და დანარჩენში – თითო. რაც შეეხება პედაგოგს, ათივე სკოლაში შესაბამისი პედაგოგი გვყავს, პროგრამულად ჯგუფში შვიდ ბავშვამდე გათვალისწინებულია ერთი სპეცპედაგოგი. შვიდ ბავშვზე მეტი არც ერთ სკოლაში არ გვყავს და პედაგოგების რაოდენობა სრულიად საკმარისია“, – ამბობს ედუარდ გოგრაჭაძე.
რესურსცენტრის უფროსი იმედოვნებს, რომ პანდუსები და სპეციალური საკლასო ოთახები სამომავლოდ ყველა სკოლაში მოეწყობა.
„ყველა სკოლაში იგეგმება პანდუსების მოწყობა, გარდა პანდუსებისა, ის სკოლები, რომლებსაც არ აქვთ სპეციალური საკლასო ოთახები, ინდივიდუალურად გეგმავენ სამომავლოდ გაკეთებას“, – ამბობს ედუარდ გოგრაჭაძე.
კითხვაზე, რამდენად ადაპტირებული გარემოა შექმნილი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ქედაში? – ქედის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი ამბობს, რომ ქედაში სკოლების დიდ ნაწილს პანდუსები აქვს, თუმცა ეტლით მოსარგებლისთვის შიდა სართულებში გადაადგილების პრობლემა ისევ რჩება.
„სკოლების დიდი ნაწილი კომუნისტების დროს არის აშენებული, იმ დროს კი პანდუსები არ კეთდებოდა. სკოლებში, რომლებიც ახლა შენდება, თითქმის ყველგან ეწყობა პანდუსი. მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი გაკეთდეს“, – ამბობს დურმიშხან შავიშვილი.
საქართველოს განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრი ციალა ტუღუში ამბობს, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვისთვის საგანმანათლებლო დაწესებულება იმის მიხედვით უნდა მოეწყოს, რა საჭიროებაც კონკრეტულ მოსწავლეს აქვს:
„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა კეთდება, სასწავლო გეგმას სპეცპედაგოგი ადგენს ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე, ეს ძალიან მოქნილი სისტემაა. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოეწყოს საგანმანათლებლო დაწესებულება, ეს სასწავლო გეგმაში გაწერილი არ არის, თუმცა შეიძლება გაწერილი იყოს თუ რა დამხმარე საშუალება უნდა გამოიყენოს პედაგოგმა სწავლების პროცესში. ადაპტირებულ გარემოში მხოლოდ პანდუსი არ მოიაზრება – სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ინდივიდუალური საჭირო გარემოს შექმნა იგულისხმება. მაგალითად, მოაჯირები, ხმის გამაძლიერებელი, კარგი განათება, მერხებს შორის დაშორება. სკოლამ უნდა იფიქროს პირველ რიგში მას რა სჭირდება, რადგან ყველა სკოლას სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლე ეყოლება. გარემოც ამის მიხედვით უნდა მოაწყოს“.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა რაოდენობა დედამიწის მოსახლეობის თითქმის 10%-ს შეადგენს, აქედან 120 მილიონი ბავშვი და მოზარდია. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში დღეს 200 000-მდე შშმ პირია, არაოფიციალურით კი – დაახლოებით ორჯერ მეტი.
ორი იმპერიის სამართალი აჭარაში – ყადი მოსამართლედ
სწორედ ეს ჩანაწერები ამტკიცებს, რომ ოსმალეთის იმპერიის კანონები, მის განაპირა რეგიონში – აჭარაში, დიდად არ მოქმედებდა. მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ამბავი (გარდა გადასახადებისა), იმპერიის გულში მაინცადამაინც არც აწუხებდათ, აქ მცხოვრებლებს კი მით უფრო. სამეზობლო დავა, ცოლის მიერ ქმრის ღალატი, ოჯახის გაყოფა თუ სხვა პრობლემები ჩვეულებათა სამართლით განიხილებოდა.
აი, რას წერდა გაზეთი „დროება“ 1876 წელს:
„მმართებლობის წევრებს ხალხის შინაურს ცხოვრებაზე არავითარი გავლენა არა აქვს… მმართებლობისაგან დანიშნული ყადი და ხალხისაგან ამორჩეული მეჯლიშები მხოლოდ მსაჯულები არიან… იმათი გადაწყვეტილება ქობულეთელის დანაშაულობისა ცარიელ გადაწყვეტილებადა რჩება, თუ დამნაშავემ თითონ არ ისურვა და მსაჯულების წინ თავის ნებით არ გამოცხადდა. თუ გადაწყვეტილება რამე შედგა ქობულეთელზე და თითონ ის გამოეცხადა მმართებლობას, ის შეიქმნა ამითი ფირალად… ამ გვარად ქობულეთში თითქმის მუდამ არის ასობით ფირალები, რომელთაც სასამართლო მაინცა-და-მაინც ვერ ჰკიდებს ხელსა და აღარც დიდი მონდომებით ეძებს; თითონ ხალხი კი თავის დღეში არ გასცემს, თუკი სისხლი არ მართებს, და სისხლიც რომ ემართოს, სამართალში არ მიიქცევა, თუ მეტად აბდალაი (უხეირო) არ არის“.
იმავე ჩანაწერების მიხედვით, ყადს აჭარაში ნაკლებად ენდობოდნენ ორი მიზეზის გამო – ეს იყო მექრთამეობა და ენის ბარიერი. სწორედ ამაზე გვიყვება იურისტი ოთარ ზოიძე თავის კვლევაში „სასამართლო ორგანიზაცია აჭარაში ჩვეულებითი სამართლის მიხედვით“. როგორც ოთარ ზოიძე წერს, კორესპონდენციაში გადმოცემულია ანონიმი ქობულეთელის საუბარი, რომელიც 1876 წელს “სასოფლო გაზეთის” პირველ ნომერში გამოქვეყნებულა და იმ პერიოდს ეხება, როდესაც აჭარა ჯერ კიდევ ოსმალეთის შემადგენლობაშია:
„ჩვენ ყველამ თათრული თუ ვიცოდეთ, რაცხას კი გავაგონებთ, მარა არ ვიცით, ზოგიერთმა აღაებმა კი იციან, მარა იგინს ვინ კითხავს; თარჯიმანიც კი გვყავს, მაგრამ მაინც ვერაფერი სამართალი კაიმაკამმა ვერ ქნა ძიავ; მოვა, დაჯდება ბუსავით ოდაში, დაიძახებს: „ბუირუმო ყადიო აღიებოვო, ოთურ მენჯლიშო!“ დაჯდებიან, ილაპარაკებენ, ყავეს და თუთუნს სმენ და მერმე ილოცვენ და გათავდა მათი სამართალი… თათარში, ძიავ, ეს სამართალია: მობრძანდი ძიავ, ფარა, ბუირუმ – ფარა, სალამ-ალეიქუმ – ფარა, ოთურ – ფარა, ადექი – ფარა, წადი – ფარა! სულ ფარა და ფარა! ჩვენ ფარას ვინ მოგვცემს ძიავ, ფუხარა ვართ და ქე მოგვეღო ბოლო სუნთლად ძიავ!“
ოთარ ზოიძის კვლევის თანახმად, ყადების მექრთამეობაზე კიდევ ერთი თქმულება მიუთითებს. აი, ეს თქმულებაც: „ყადისთვის ერთ მომჩივანს ქრთამად ერთი ცული მიუტანია. მოპირდაპირე მხარეს ეს რომ გაუგია, დეკეული მიუყვანია მისთვის; სასამართლო პროცესზე თურმე ყადი აშკარად იცავდა დეკეულის მიმყვანს. როცა ეს ცულის მიმტანს შეუნიშნავს, უფიქრია, ალბათ, ყადს დავავიწყდიო და დაუძახია: „შენმა სამართალმა ცულივით უნდა გასჭრასო“. ყადმა კი თურმე მას ასე უპასუხა: „შენს ცულს ტარზე დეკეულმა გადააფუნაო“.
მაგრამ, ცხადია, არც ისე უნდა წარმოვიდგინოთ, რომ იმპერიის ტერიტორიაზე სრულად იგნორირებული იყო ყადის ინსტიტუტი. ესეც გიორგი ყაზბეგის ჩანაწერები, რომელმაც აჭარაში 1874 წელს, ანუ თურქული მმართველობის პერიოდში იმოგზაურა: „ღორჯომში სოფლის მმართველობა მეჯლისის ხელშია, რომელსაც ყადი თავმჯდომარეობს და შედგება რამდენიმე არჩეული პირისაგან. კვირაში ერთხელ (პარასკეობით) მართლმორწმუნენი მეჩეთში იკრიბებიან, სადაც ლოცვის შემდეგ მეჯლისი არჩევს მცხოვრებთა საჩივარს“.
1874 წელსვე აჭარაში თავისი მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე ყვება დიმიტრი ბაქრაძეც: „ხულაში… ყოველდღე ახლო-მახლო სოფლებიდან საქმეზე ჩამოსულ უამრავ ხალხს ვხედავდი. საერთოდ ასეთი თავყრილობა იყო ყველგან ჩურუქ-სუსა და აჭარაში კაიმაკამებისა და მუდირების ადგილსამყოფელში, როგორც ადმინისტრაციისა და სასამართლოს დაბალი ინსტანციების რეზიდენციაში…“
მაგრამ წარმოიდგინეთ აჭარლები, რომლებიც ძირითადად მესაქონლეობას მისდევენ, შესაბამისად, ზაფხულობით იაილებზე გადაჰყავთ პირუტყვი და მათი ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია ამ პირუტყვის დაცვაა როგორც ნადირისგან, ისე ქურდებისგნ. და მაინც, თუ ვიღაცამ მოიპარა პირუტყვი, როგორ შეიძლება დაზარალებული დაელოდოს ყადის გადაწყვეტილებას, რომელიც იაილებზე არ იმყოფება. ამიტომ პირუტყვის მესაკუთრე იაილებზევე მყოფ „წინა კაცების“ ჩარევით ცდილობს ნაქურდალის დაბრუნებას. და ზოგ შემთხვევაში ახერხებს კიდეც ამას, საადათო სამართლის საფუძველზე.
ოთარ ზოიძის აზრით, ოსმალეთის იმპერიის მცხოვრებ აჭარლებში „წესი“, ანუ ჩვეულებითი სამართლის ნორმა ვერ დაჩაგრა რელიგიურმა ნორმამ“: „შარიათი… ქურდისთვის ხელის მოკვეთას მოითხოვდა, მაგრამ აჭარაში საერთოდ არ არსებობდა დამასახიჩრებელი სასჯელები, ქურდს ნაპარევს ანაზღაურებინებდნენ ხოლმე ან, უკიდურეს შემთხვევაში, ნაპარევის ანაზღაურებასთან ერთად, გამაწბილებელ სასჯელს მიუსჯიდნენ“.
მაგრამ ყადებს, ერთგვარი ექსკლუზიური უფლება ჰქონდათ განქორწინების საკითხებში, ერთი შეხედვით, ეს ასე ჩანდა. თუმცა, სინამდვილეში თემი ამ საკითხსაც ხშირად თავისი შეხედულებით წყვეტდა.
ოსმალეთის იმპერიის მცხოვრები აჭარლები ქორწინებისა და განქორწინების პროცესში ერთობ საინტერესო ფორმით ურთიერთობდნენ და ამ წესრიგს უფრო ოსმალური საფუძველი ჰქონდა: ქორწინებაში მყოფი წყვილის ურთიერთობას არეგულირებდა წინასწარ შემუშავებული ერთგვარი „ხელშეკრულება“, რომელსაც აჭარლები „ნიქაღს“ ეძახდნენ. „ნიქაღი“ ფორმდებოდა ქორწინების წინა პერიოდში, რომელსაც თავის „ბეჭედს“ ასვამდა ყადი, ზოგ შემთხვევაში კი „სოფლის წინაი კაციც“.
„ნიქაღის“ დოკუმენტში ზედმიწევნით ზუსტად იწერებოდა, თუ რას ჩუქნიდა შეყვარებული მამაკაცი თავის მომავალ მეუღლეს – ეს, ძირითადად, იყო ოქროსა და ვერცხლის ნივთები, სამკაულები, ზოგ შემთხვევაში კი უძრავი ქონებაც. მაგრამ, როგორც წესი, ქალს უძრავ ქონებას, ვთქვათ, მიწის ნაკვეთს იშვიათად ჩუქნიდნენ. „ნიქაღის“ ფურცელს თითქმის იურიდიული ძალა ჰქონდა და სავალდებულოდ შესასრულებელი იყო მამაკაცისთვის: განქორწინების შემთხვევაში „ნიქაღის“ ფურცელში შეყვანილი ყველა ნივთი, ქონება, ყოველგვარი განხილვის გარეშე ქალს რჩებოდა საკუთრებაში.
განქორწინების „წესრიგის“ შემადგენელი ნაწილი ყოფილა აჭარაში „შვილის საკითხის“ გადაწყვეტაც. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალეთის იმპერიის წესებით, წყვილის განქორწინების შემთხვევაში, თუ მამა მოისურვებდა შეეძლო შვილი დედისთვის წაერთმია, აჭარაში ასე არ ხდებოდა – განქორწინებული ოჯახის შვილი დედასთან რჩებოდა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დედა თავად არ იტყოდა უარს შვილის მასთან დატოვებაზე. სამართლის ნორმებით, დედისთვის შვილის წართმევაზე პრეტენზია მამას იმ შემთხვევაშიც შეიძლებოდა გამოეთქვა, თუ განქორწინების საფუძველი ქალის მხრიდან „ბოზობა“ იყო.
განქორწინების შესახებ ცნობებს, როგორც წესი, ბევრი ტკივილიანი ისტორა ახლავს თან. ხშირად საქმის გარჩევებში მონაწილეობას იღებდნენ განქორწინების მოსურნე ორივე წყვილის ნათესავები (ძირითადად, გვარების უფროსები) და დიდხანს ბჭობდნენ შესათანხმებელ დეტალებზე. თუ შეთანხმება ვერ შედგებოდა, შემდეგ საქმეში ერეოდა „ბერების მოყრა“ (ასაკოვანი მამაკაცები). ოჯახები საქმის გარჩევაში მონაწილეობის მისაღებად თავად იწვევდნენ „წინაი კაცებს“.
რაც შეეხება ქალის მხრიდან ქმრის ღალატს, ეს ოსმალეთის იმპერიის დროინდელ აჭარაში დიდ სირცხვილად მიიჩნეოდა, ცოდვად და, შესაბამისად, სასჯელიც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო. ამ შემთხვევაში, როგორც ოთარ ზოიძე წერს, საქმეში შემოდის სრულიად ახალი ინსტიტუტი – „მოყრიანობა“. აი, რას წერს ამაზე ოთარ ზოიძე თავის კვლევაში:
„მოყრიანობა თვითმმართველობის ორგანოს წარმოადგენდა, რომელიც სასამართლოს ფუნქციითაც იყო აღჭურვილი. მოყრიანობა, როგორც სასამართლო ორგანო, იკრიბებოდა მხოლოდ მაშინ, როცა სოფელსა თუ თემში რაიმე მძიმე დანაშაული (ღალატი, ბოზობა, ქურდობა…) მოხდებოდა. მოყრიანობაზე დასწრების უფლება ჰქონდა მხოლოდ სრულწლოვან მამაკაცს. მას წარმართავდნენ თავკაცები“.
ოთარ ზოიძეს ქმრის ღალატისთვის ქალის სიკვდილით დასჯაზე თავის კვლევაში ვლადიმერ მგელაძის ერთ-ერთი ჩანაწერი მოჰყავს: „…დამნაშავე ქალი ჯოჭოს თემის ოლქობას სიკვდილითაც დაუსჯია“.
სიკვდილით ისჯებოდა ადამიანის გატაცება და გაყიდვაც. ამის შესახებაც ვლადიმერ მგელაძეს შეუგროვებია მონაცემები. „ქვედა მარადიდში (კირნათის თემი) ჩაწერილი მასალით, ბავშვის ქურდი მამაკაცი ოლქობის გადაწყვეტილებით ღელეში დაუხრჩვიათ“, – წერს ვლადიმერ მგელაძე.
ანუ ოლქმა, მოყრიანობამ, ყოველგვარი ყადის ჩარევის გარეშე მიიღო ისეთი გადაწყვეტილებაც კი, რასაც ადამიანის სიკვდილით დასჯა ჰქვია. ვლადიმერ მგელაძე კირნათში მცხოვრებთა მონათხრობს ასე აღწერს: „ჩხლიდან (სოფელი მარადიდთან ახლოს) ჩამოსულან 25-დან 50 კაცამდე და სოფელში ჩაწოლილან. მომქურდველი ნახეს. ბავშვი უკვე გაყიდული იყო. ქურდი ხაილაღა დააკავეს. სკოლასთან ღრემში ღელისპირზე ხელ-ფეხი შეუკრეს და წყალში გადაუშვეს. ხალხს უთხრეს, ყველას თითო ქვა ესროლა. დაახრჩვეს“.
1878 წლამდე აჭარა შედიოდა ლაზისტანის საფაშოში, რომელიც მოიცავდა 11 ოლქს. მათგან 6 ოლქში შედიოდა დღევანდელი აჭარის შემდეგი ტერიტორიები: ბათუმი, ქობულეთი, ზემო და ქვემო აჭარა, მაჭახელა და გონიო.

გაათავისუფლეს მასწავლებელი, რომელმაც საბავშვო ბაღში ბავშვზე ძალადობა გადაიღო

ბაღის აღმზრდელი ნათია ცინცაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის ის ავადმყოფობს და შესაბამისი სამედიცინო ცნობის საფუძველზე სამსახურში არ დადის. მან ასევე იცის, რომ დისციპლინური კომისიის ხელმძღრვანელმა, ბაღების გაერთიანების იურისტმა გიორგი სურმანიძემ #6 ბაღის თანამშრომლებს ნათია ცინცაძის გათავისუფლების შესახებ აცნობა. „მე, ალბათ, ამის შესახებ 27-ში მაცნობებენ, როცა გავალ სამსახურში“, – ამბობს ბაღის აღმზრდელი ნათია ცინცაძე, რომელიც აპირებს დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.
ნათია ცინცაძე ამბობს, რომ ის ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტის გასაჯაროების გამო ისჯება, თორემ მის წინააღმდე რამე ინფორმაცია რომ ჰქონოდათ, ამ ფაქტს არ დაელოდებოდნენ.
ნათია ცინცაძე ყვება, თუ რა მოიმოქმედა კადრების გადაღების შემდეგ: „სასწარფოდ ჩავედი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, გურანდა გობაძესთან, რომელმაც მითხრა, რომ ფაქტი არ უნდა გამეხმაურებინა. ჩემი ცვლა იყო პირველის ნახევრიდან შვიდის ნახევრამდე, მაგრამ გურანდა გობაძემ იმ დღეს გამათავისუფლა და მითხრა, რომ დავმშვიდებულიყავი. როცა დავრწმუნდი, რომ გურანდა გობაძე არაფრის გაკეთებას არ აპირებდა, შვიდის ნახევარზე დავუკავშირდი ბაღების გაერთიანების დირექტორს ქალბატონ ზაირა ქაჯაიასთან ერთად. მან გვითხრა, რომ აქ არ არის ისეთი ფაქტი და ძალიან გთხოვთ დამშვიდითო. იქედნა პირდაპირ გიორგი ემაკოვთან [ბათუმის მერი] შევიტანე ეს ვიდეო. ერმაკოვმა სასაცილო რამე მითხრა – რატომ არ გალახე ის ძიძაო“.
ნათია ცინცაძე მის მიმართ დისციპლინური კომისიის სავარაუდო პრეტენზიას – მიატოვა ჯგუფი და კადრები გადაიღო, არ იზიარებს: „ჩვენ ორი აღმზრდელი ვართ ჯგუფში. ამ დროს მე მქონდა უფლება ჯგუფიდან გამოსვლის, ბავშვები რომ მიტოვებული მყოლოდა, მაშინ კი იქნებოდა პრობლემა, მაგრამ ბავშვებთან სხვა აღმზრდელი იყო და მე მქონდა გარეთ გამოსვლის უფლება“.
ნათია ცინცაძე ამბობს, რომ დისციპლინურ კომისია მას არც შეხვედრია და კითხვები არც სხვა ფორმატში დაუსვამს.
ბაღების გაერთიანების იურისტმა, გიორგი სურმანიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ნათია ცინცაძის გათავისუფლებაზე დისციპლინურმა კომისიამ დასკვნა გასულ პარასკევს დაწერა. მისივე თქმით, ამ საკითხზე განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ.
ბავშვზე ძალადობაში მხილებული ძიძა სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.
რას უპირებს მთავრობა აგრარულ უნივერსიტეტსა და უმაღლეს საბჭოს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს დღეს, 18 ნოემბერს, ამ საკითხზე საუბრისას არაფერი უთქვას, თუ სად და როდის აპირებს მთავრობა უმაღლესი საბჭოსთვის შენობის აშენებას. შესაბამისად, ვიდრე მთავრობა უმაღლეს საბჭოს შენობას არ გადასცემს, აგრარული უნივერსიტეტი, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს იმ შენობას, სადაც ახლა უმაღლესი საბჭო არის განთავსებული. ეს, თავის მხრივ, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ აგრარულ უნივერსიტეტს საქმიანობაში შეიძლება ხელი შეეშალოს.
როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს განაცხადა, „გეგმა მთავრობას უკვე შემუშავებული აქვს და მასში მონაწილე „სამეული“ საბოლოო ჯამში კმაყოფილი დარჩება. არჩილ ხაბაძის შეხედულება „აჭარის ქონების კარუსელის“ შესახებ დღეს მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა:
„უკვე არსებული სქემის მიხედვით, აგრარული უნივერისტეტის ყოფილი შენობა, რომელიც ბოტანიკური ბაღი მდებარეობს და არის ამორტიზებული, თუმცა საინვესტიციოდ მიმზიდველი – გასხვისდება. აგრარული უნივერსიტეტის შენობა საჭიროებს რეაბილიტაციას, თუმცა თავად უნივერსიტეტს ამისათვის ფინანსები არ გააჩნია.
ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ უნივერსიტეტს 5 ათასი კვ/მ უფრო კეთილმოწყობილი შენობა გადავცეთ, ანუ რასაც მოიცავს მთლიანობაში ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობა.
მზად ვართ უნივერისტეტს უმაღლესი საბჭოს შენობა გადავცეთ, რომელიც განთავსებულია ჩაქვში და მოიცავს 3 ათას კვ/მ-ს. შენობა საკმაოდ კეთილმოწყობილია და შესანიშნავი ნაგებობაა სასწავლო დაწესებულებისათვის. დამატებით, ბათუმის ტერიტორიაზე გამოვყოფთ 2 ათას კვ/მ გარემონტებულ ფართს, რომელსაც უნივერსიტეტი შემდგომ საკუთარი მიზნებისათვის გამოიყენებს.
საერთო ჯამში, ვგეგმავთ, რომ 5000 კვ/მ კეთილმოწყობილი ფართი შევთავაზოთ უნივერსიტეტს, სანაცვლოდ კი წამოვიღოთ 5000 კვ/მ ფართი – საინვესტიციო მიზნებისთვის. ამის შემდგომ გვინდა უმაღლესი საბჭოსთვის, ქალაქის ტერიტორიაზე გამოვყოთ ფართი და საბჭოს ავუშენოთ შენობა“.
ინვესტორი, რომელიც მწვანე კონცხზე ტურისტულ ობიექტის ასაშენებლად 200 მილიონ დოლარს დახარჯავს, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ – ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული.
ხაბაძე: არ არის გამორიცხული, რომ ამ კომპანიის უკან ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყოს
იმას, რომ ამ კომპანიის უკან ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იდგეს, არ გამორიცხავს თავად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. დღეს მან ამ საკითხზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მე მინდა ვთქვა, რომ თუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იქნება ამ კომპანიის უკან და ამ პროექტის განმახორციელებელი, ვფიქრობ, რომ ბათუმს და აჭარას ერთი ლამაზი ობიექტი… რომელიც აჩუქებს იმის სახით, რომ, ჩუქება პირდაპირი მნიშვნელობით არ მაქვს, ინვესტიციას განახორციელებს, რომელიც მინიმუმ 200 მილიონ დოლარს მიაღწევს. იქნება პროექტი რამდენიმე კვირაში, რომელსაც კომპანია რამდენიმე კვირაში წარმოადგენს და საზოგადოებას ამას აუცილებლად ვაცნობებთ“.
მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთის ახალი მფლობელი შპს „ბიზნეს დეველოპმენტია“, რომელიც 2015 წლის ივნისში დაფუძნდა. მის წილების 100% შპს „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“ ფლობს. „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“, კომპანიის საიტის მიხედვით, 2005 წელს შეიქმნა და ის ინდუსტრიულ და კომერციულ სექტორებში კლიენტებს ძირითადად იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს.
თანამშრომლობს თუ არა კომპანია საპარტნიორო ფონდთან, რომელი კომპანიები არიან მისი პარტნიორები მწვანე კონცხის პროექტში, რა გეგმები გაქვთ და ან რა კავშირები იმ ფირმებთან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს სახელს უკავშირდება? – ამ კითხვების პასუხად კომპანიიდან შემდეგი SMS-ს შეტყობინება მივიღეთ: „სამწუხაროდ „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“ ვერ მოგაწოდებთ ინფორმაციას თქვენ მიერ დასმული კითხვების და საკითხის გარშემო, ვინაიდან ამ ეტაპისთვის ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია“.
ამერიკელი ექიმები კოლეგებს ბავშვთა გულის მანკების მართვის გაიდლაინებს გააცნობენ
კონფერენციას მეიოს კლინიკის ნეონატოლოგიური დეპარტამენტის უფროსი ქრისტოფერ კოლბი, ასევე მეიოს კლინიკის ნეონატოლოგი ვილიამ ქერი გაუძღვებიან და ქართველ ექიმებს კრიტიკულ პაციენტებში თანდაყოლილი გულის მანკების მართვის საერთაშორისო გაიდლაინებს გააცნობენ.
სამდღიანი კონფერენცია სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება და მასში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, თბილისისა და თელავის ნეონატოლოგები და ბავშვთა კარდიოლოგები.
კონფერენცია გაიმართება სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ორგანიზებით და საქართველოს ნეონატოლოგთა ასოცოციაციის ეგიდით. კონფერენცია 21 ნოემბერამდე გაგრძელდება.
220 ათასი ლარი გონიოს ყოფილი პოლიგონის განაღმვისთვის
საქართველოს მთავრობის 9 ნოემბრის განკარგულებით, გონიოს პოლიგონის განაღმისთვის თავდაცვის სამინისტროზე გადასაცემი 220 ათასი ლარი სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსთვის გათვალისწინებული თანხის შემცირების ხარჯზე გამოიყოფა.
2010 წლის 14 იანვარს ხელვაჩაურში, გონიოს პოლიგონზე, ჯართად შეგროვებულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს ბილვანიძეების ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი წლის ბავშვი. მაშინ თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ არსებობდა გეგმა, რომელიც იმ ტერიტორიების „დასუფთავებას“ ითვალისწინებდა, სადაც რუსული ბაზა იყო განთავსებული. სამინისტროს მაშინდელი ინფორმაციით, გონიოს პოლიგონი, სავარაუდოდ, 2010 წლის ბოლომდე უნდა გაწმენდილიყო.

კვირის ბოლოს აჭარაში გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით უნალექო ამინდი ბათუმში 25 ნოემბრამდე შენარჩუნდება და ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს.
დღეის მონაცემებით ბათუმში ჰაერის ტემპერატურა +10,+12 გრადუსია. წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება ბათუმში ხვალაც, 18 ნოემბერს.
18-25 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი ხელვაჩაურში. ჰაერის ტემპერატურა +10-დან +17 გრადუსს მიაღწევს.
წინასწარი მონაცემებით, 18 ნოემბრიდან გამოიდარებს ქედაშიც. 18 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე სააგენტოს მონაცემებით, ქედაში უნალექო ამინდს უნდა ველოდოთ, ჰაერის ტემპერატურა +12,+17 გრადუსამდე გათბება.
უნალექო ამინდებია მოსალოდნელი შუახევშიც. წინასწარი მონაცემებით, 18 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე შუახევში ჰაერის ტემპერატურა +10, +17 გრადუსი იქნება.
18-დან 25 ნოემბრამდე მზიანი ამინდებია მოსალოდნელი ხულოში. წინასწარი პროგნოზით ჰაერის ტემპერატურა აქ +10, +17 გრადუსი იქნება.
შსს-ს შეკვეთილი ვახშამი რესტორნებში და გაურკვეველი სტუმრები
2013 წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ, „წარმომადგენლობითი ხარჯების“ ქვემუხლით, გაწეულია 1 მილიონ 859 ათას 700 ლარის ხარჯი, ხოლო 2014 წლის განმავლობაში – 1 მილიონ 82 ათას 200 ლარის ხარჯი. თუმცა, ამ ხარჯების გაწევისას „ზოგიერთ შემთხვევებში გაურკვეველია სტუმრების ვინაობა და რაოდენობა“. – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში, სადაც რამდენიმე მაგალითია მოყვანილი:
2014 წლის 8 მაისს ქ. ბათუმში გაიმართა ვახშამი, რისთვისაც შპს „აჭარულ-ლაზურისთვის“ გადახდილია 3,6 ათასი ლარი; ასევე ქ. ბათუმში, 2014 წლის 30 მაისს, პოლიციელის დღის აღსანიშნავად გაიმართა დაჯილდოების ცერემონია და ვახშამი მოწვეული სტუმრებისთვის. ვახშამი გაიმართა სასტუმრო „შერატონში“ 400 პერსონაზე, რისთვისაც სს „ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთისთვის“ გადახდილია 55,6 ათასი ლარი.
ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, წარმოდგენილი დოკუმენტებით, არ ფიქსირდება თუ ვინ და რამდენი პირი იმყოფებოდა სტუმრის რანგში.
2014 წლის 11 მარტს გაიმართა ვახშამი 20 პირზე რესტორანში „მცხეთის დარბაზი“ სტუმრების გასამასპინძლებლად, რისთვისაც შპს „გუჯარისთვის“ გადახდილია 4,5 ათასი ლარი. სტუმრების რანგში იმყოფებოდნენ ბელორუსიის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დელეგაცია (5 პირი).
ამავე დღეს რესტორან „კოპალაში“ გაიმართა ვახშამი 20 პირზე იმავე ბელორუსი სტუმრების გასამასპინძლებლად, რისთვისაც შპს „კოპალასთვის“ გადახდილია 3,7 ათასი ლარი.
მეორე დღეს (2014 წლის 12 მარტს) რესტორან „ფუნიკულიორში“ გაიმართა ვახშამი 20 პირზე იმავე ბელორუსი სტუმრების გასამასპინძლებლად, რისთვისაც შპს „ჯი-ემ-თი მთაწმინდისთვის“ გადახდილია 8,2 ათასი ლარი;
2014 წლის 24 აპრილს რესტორან „ფუნიკულიორში“ გაიმართა ვახშამი 25 პირზე ისრაელიდან სტუმრად მყოფი პირების გასამასპინძლებლად, რისთვისაც შპს „ჯი-ემ-თი მთაწმინდისთვის“ გადახდილია 9,5 ათასი ლარი;
2014 წლის 4 სექტემბერს ქ. მცხეთაში რესტორან მუზეუმ „გუჯარში“ გაიმართა ვახშამი 15 პერსონაზე უკრაინული დელეგაციის გასამასპინძლებლად, რისთვისაც შპს „რესტორან მუზეუმ გუჯარისთვის“ გადახდილია 5,2 ათასი ლარი;
2014 წლის 29 ნოემბერს ქ. მცხეთაში რესტორან მუზეუმ „გუჯარში“ გაიმართა ვახშამი 14 პერსონაზე უკრაინული დელეგაციის გასამასპინძლებლად, რისთვისაც შპს „რესტორან მუზეუმ გუჯარისთვის“ გადახდილია 7 ათასი ლარი;
2013 წლის 2 იანვარს რესტორან „სენატში“ გაიმართა ვახშამი, რისთვისაც შპს „სენატისთვის“ გადახდილია 15,5 ათასი ლარი. წარმოდგენილ დოკუმენტებში დაფიქსირებული არ არის სტუმრების ვინაობა და რაოდენობა;
ანალოგიურად, 2013 წლის 19 აპრილს რესტორან „სენატში“ გაიმართა ვახშამი 50 კაცზე, რისთვისაც შპს „სენატისთვის“ გადახდილია 9,8 ათასი ლარი. დაფიქსირებული არ არის სტუმრების ვინაობა და ხარჯის გაწევის აუცილებლობა.
2013 წლის 1 აგვისტოს რესტორან „ფუნიკულიორში“ გაიმართა ვახშამი აზერბაიჯანელი სტუმრების საპატივცემულოდ, რისთვისაც შპს „ჯი-ემ-თი მთაწმინდისთვის“ გადახდილია 22,9 ათასი ლარი. უცნობია, თუ რამდენი პირი ესწრებოდა ვახშამს და მათ შორის რამდენი იყო სტუმარი;
იმავე დღეს რესტორან „კოპალაში“ გაიმართა ვახშამი ასევე აზერბაიჯანელი სტუმრების საპატივცემულოდ, რისთვისაც შპს „კოპალასთვის“ გადახდილია 9,7 ათასი ლარი. მიღება-ჩაბარების აქტიდან ირკვევა, რომ ვახშამი გაიმართა 45 პირზე. დაფიქსირებული არ არის თუ რამდენი იყო სტუმარი;
ხოლო 8 აგვისტოს, იმავე რესტორან „კოპალაში“ გაიმართა ვახშამი სომხეთიდან ვიზიტად მყოფი სტუმრების საპატივცემულოდ, რისთვისაც შპს „კოპალასთვის“ გადახდილია 9,6 ათასი ლარი. მიღება-ჩაბარების აქტიდან ირკვევა, რომ ვახშამი გაიმართა 40 პირზე. გაურკვეველია აქედან რამდენი იყო სტუმარი;
ანალოგიურად, 2013 წლის 9 აგვისტოს რესტორან „ფუნიკულიორში“ გაიმართა ვახშამი ისევ აზერბაიჯანელი სტუმრების საპატივცემულოდ, რისთვისაც შპს „ჯი-ემ-თი მთაწმინდისთვის“ გადახდილია 16,3 ათასი ლარი. ასევე უცნობია, თუ რამდენი პირი ესწრებოდა ვახშამს და მათ შორის რამდენი იყო სტუმარი;
2013 წლის 31 დეკემბრიდან 2014 წლის 3 იანვრამდე პერიოდში შსს დელეგაცია ვიზიტით იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ქ. ანაკლიაში სასტუმროში განთავსებისთვის შპს „ლაზისთვის“ გადახდილია 3,8 ათასი ლარი. წარმოდგენილი დოკუმენტებიდან გაირკვა, რომ დაქირავებული იყო სასტუმროს 19 ნომერი ერთი დღე-ღამით, თუმცა გაურკვეველია ვინ და რამდენმა პირმა იცხოვრა სასტუმროში. ვიზიტთან დაკავშირებით გაიმართა ასევე ვახშამი 62 პირზე, რისთვისაც იმავე შპს „ლაზისთვის“ გადახდილია 7,4 ათასი ლარი. დაფიქსირებული არ არის თუ ვინ ესწრებოდა ვახშამს და რა აუცილებლობით იყო გამოწვეული მისი გამართვა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში ახლახან გამოაქვეყნა. აუდიტის ინფორმაციით შემოწმდა 2013-2014 წლებში გაწეული საფინანსო–ეკონომიკური საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობა, შესაბამისი პერიოდების წლიური ბალანსები და მასთან დაკავშირებულ ანგარიშები. ზემოაღნიშნულთან გარდა სამსახურმა გამოავლინა მთელი რიგი შეუსაბამობები, მაგალითად:
„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებით ცალკეულ შემთხვევებში შეინიშნება, რომ ტენდერების გამოცხადებისას არასწორად არის განსაზღვრული შესყიდვის სავარაუდო ღირებულებები. ასეთ შემთხვევებში [თუ ტენდერში მონაწილეობას არ ღებულობს ბევრი პრეტენდენტი და ადგილი არ აქვს კონკურენციას], ცალკეული კომპანიები სარგებლობენ შექმნილი სიტუაციით და გამარჯვებულად ცხადდებიან სატენდერო წინადადებების ღირებულებებით, რომელიც აღემატება საბაზრო ღირებულებას;
2013 წლის განმავლობაში სამინისტროს ცენტრალური აპარატის მიერ ქვეყნის გარეთ მივლინებებზე გაწეულია 964,4 ათასი ლარის საკასო ხარჯი, ხოლო 2014 წლის განმავლობაში – 1 მილიონ 16 ათას შვიდასი ლარის საკასო ხარჯი. აუდიტის ჯგუფისთვის ვერ იქნა წარმოდგენილი ქვეყნის გარეთ მივლინებების მიწვევები. სამივლინებო თანხები ანაზღაურებულია ბრძანებებში მითითებული პირობების შესაბამისად. ვერ მოხერხდა ბრძანებებში მითითებული პირობების შედარება მიწვევებში დაფიქსირებულ პირობებთან. ადგილი ჰქონდა აუდიტის მასშტაბის შეზღუდვას;
გათვალისწინებული არ არის საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნები სამინისტროს მიერ დაქირავებულთათვის გაწეულ მომსახურებასა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოების დროსაც;
მაგალითად:
ბინის ქირაზე სამინისტროს 2013 წლის განმავლობაში გაწეული აქვს 138,9 ათასი ლარის, ხოლო 2014 წლის განმავლობაში – 287,6 ათასი ლარის ხარჯი. აღნიშნული ხარჯები გაწეულია სამინისტროს ბრძანებების საფუძველზე, რომელთა მიხედვითაც სამინისტროს თანამშრომლებს დაუქირავდათ საცხოვრებელი ბინები. აუდიტის დასკვნის მიხედვით, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის მომსახურების მიწოდებისას [ასევე საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემისას] საიჯარო ქირის წლიური საბაზრო ღირებულება განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. სამინისტროს მიერ აღნიშნული გადასახადის ბიუჯეტის ხარჯებში გათვალისწინების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი გადაუხდელი საშემოსავლო გადასახადის თანხა შეადგენს 106,5 ათას ლარს;
ანალოგიურად, 296,3 ათასი ლარი არ არის გადახდილი ბიუჯეტში, მინისტრის 2013 წლის 22 ნოემბრის ბრძანების შესრულების შედეგად, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები [მათ შორის შტატგარეშეები], დაღუპულ მოსამსახურეთა ოჯახის წევრები და შპს „სუფთა სამყაროს“ თანამშრომლები [რომლებიც ემსახურებიან სამინისტროს] დაჯილდოებული იქნენ საახალწლო ფასიანი საჩუქრებით [აღნიშნული ღონისძიების განხორციელების მიზნით სამინისტრომ გააფორმა ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვებზე გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შპს „გუდვილთან“ – 877,2 ათას ლარზე; შპს „ბადაგონთან“ – 134,2 ათას ლარზე; სს „ბაგრატიონი 1882“-თან – 174 ათას ლარზე]“.
„ჩვენი აზრით სამინისტროს საქმიანობა ზემოთ მოტანილი ფაქტების გამოკლებით შესაბამისობაშია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან“ აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.

”არც არაფერი” – ვინ როგორ დაეხმარება ომარ როდონაიას

50 წლის ომარ როდონაიას შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას – „ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ადამიანი აღარ ვარ“, არაერთი გამოხმაურება მოჰყვა – ვინ ომარისთვის საწოლის ჩუქება მოინდომა, ვინ ჭურჭლის და ვინ კიდევ საკვების. ყველა მათგანი „ბათუმელებს“ ომარ როდონაიას საკონტაქტო ინფორმაციასა თუ საბანკო მონაცემებს სთხოვდა.
გასული კვირის განმავლობაში გარკვეული თანხა მართლაც ჩაირიცხა ომარ როდონაიას საბანკო ანგარიშზე. ეს, ცხადია, არ არის საკმარისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაწყვეტად.
ომარის დახმარების პირველი ინიციატივა საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხის გადაცემა „რეალური სივრცის“ ჟურნალისტებისგან წამოვიდა. მათ გადაწყვიტეს ომარს საცხოვრებელი ბინა უქირავონ. მოგვიანებით მათ სხვებიც შეუერთდნენ.
„გამოჩნდა დაახლოებით 30 ისეთი ადამიანი, ვინც მზად არის საკუთარი ხელფასიდან გამოყოს თანხა, რომლითაც ომარს დაეხმარებიან ყოველთვიურად – ბინის ქირას გადაუხდიან. ცხადია, თანხის დანიშნულება შეიცვლება, თუ ომარს ხელისუფლება საცხოვრებელს გადასცემს. მეორე ამბავი არის ის, რომ თავად ჩემი ორგანიზაცია დაინტერესდა ომარის მხარდაჭერით. ჩვენი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაა, რომ ომარი დავასაქმოთ ჩვენს ორგანიზაციაში. მისი მუშაობა ასე წარმოგვიდგენია: თვეში მინიმუმ ერთ ისეთ ადამიანს მოძებნის, რომელიც არის შშმ პირი, მარტოხელა და მიუსაფრად გრძნობს თავს ან არის დაავადების მატარებელი. ჩვენ ამ ადამიანებს დავეხმარებით სამართლებრივად, სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოებს მივაწვდით მათ ხმას და ეს იქნება პრეცედენტი სხვაგვარი ქველმოქმედების“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
მალხაზ ჭკადუას თქმით, ახალგაზრდების იგივე ჯგუფი, ომარ როდონაიას გარდა, კიდევ ორ ოჯახს დაეხმარება ყოველთვიურად 300-300 ლარით. „ერთი ოჯახი ქობულეთში ცხოვრობს უკიდურეს სიღატაკეში, მეორე – მუყაოს ქალაქში“, – თქვა მალხაზ ჭკადუამ.
მალხაზის ინფორმაციით, მათი ორგანიზაცია ასევე აპირებს დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლითაც შესაძლებელი გახდება „ქველმოქმედების შედეგად ბენეფიციარების ანგარიშზე დასმული თანხა არ იქნეს აღქმული როგორც შემოსავალი, რის გამოც მათ სოციალურ დახმარებას მოუხსნიან“.
ომარ როდონაიას ისტორიას გამოეხმაურა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი. მან „ბათუმელებს“ ომართან დაკავშირებული თავისი სამოქმედო გეგმა გააცნო: „მე განვიხილავ ორ ვარიანტს: თუ სამართლებრივად გვექნება საშუალება, ამ ადამიანს საცხოვრებელს გადავცემთ. თუ ეს ვარიანტი გამოირიცხება, მაშინ გაზეთის მეშვეობით პირობას ვდებ, რომ პირადად ჩემი სახსრებით, ჩემი კოლეგების მხარდაჭერით მის ყოფას გავაუმჯობესებთ – რემონტსაც გავუკეთებთ, საპირფარეშოსაც ავუშენებთ და საყოფაცხოვრებო ტექნიკასაც შევუძენთ. ჩვენ უკვე დავადგინეთ იმ სახლის მესაკუთრის ვინაობა, სადაც ახლა ცხოვრობს ბატონი ომარი. გვჭირდება მისი თანხმობა, საპირფარეშო რომ გავუკეთოთ. შეჯამების სახით ვიტყვი: ამ კვირას ზუსტად გვეცოდინება რას გავაკეთებთ. საკუთრებაში მივცემთ საცხოვრებელ სახლს, თუ ეს შესაძლებელი იქნება სამართლებრივად, მაგრამ თუ ეს შესაძლებელი არ იქნება, საცხოვრებელ პირობებს გავუუმჯობესებთ“.
ბათუმში იმყოფებოდა და ომარ როდონაიას მიწური უკვე მოინახულა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აჭარა, სამეგრელო, ზემოსვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსმა – მანუჩარ ჩილაჩავამ. მან ასევე ისაუბრა იმ სამართლებრივ გზებზე, რაც ომარ როდონაიას დახმარების შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფოს.
მანუჩარ ჩილაჩავა: „ამ პიროვნებას აჭარა, სამეგრელო, ზემოსვანეთი ტერიტორიული ორგანოსთვის სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით არ მოუმართავს. როგორც თვითონ აცხადებს, მან ამ საკითხზე წერილობით მიმართა აფხაზეთის მთავრობას, რომელიც ამ შემთხვევაში არ არის კომპეტენტური ორგანო. სტატუსის აღდგენაზე წერილობით ჩვენ უნდა მოგვმართოს, გაივლის შესაბამის კომისიას და თუ რეალურად არის დევნილი, მიენიჭება დევნილის სტატუსი. ჩვენი სამინისტრო ყოველნაირად ეცდება, რომ ის საცხოვრებელი ფართობით დააკმაყოფილოს“.
ომარ როდონაია ბოლო ექვსი წელია ცხოვრობს მიწურში, რომელსაც საპირფარეშოც კი არ აქვს.
ქაღალდზე დასრულებული პროექტები
სოფელ პირველი მაისის ცენტრში მდებარე შენობაში სოფლის დაწყებითი სკოლა, მედპუნქტი, მოსახლეობის თავშეყრის ადგილი და თემის კლუბი ფუნქციონირებს. ორსართულიანი შენობის ეზოს პროექტი ერთ-ერთი იმ პროექტთაგანია, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ობიექტების მიმღებმა კომისიამ დაუსრულებლად ჩაიბარა. ეზოს კეთილმოწყობაზე ელექტრონული ტენდერი ქედის გამგეობამ 2013 წელს 6 488 ლარზე გამოაცხადა, რომელშიც შპს „სტეპ“-მა გაიმარჯვა. ხელშეკრულება გამგეობამ ამ კომპანიასთან 5 422 ლარზე გააფორმა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას სატენდერო პირობების მიხედვით გაწერილი სამუშაოები შესრულებული არ ჰქონდა, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმღებმა კომისიამ ობიექტი ჩაიბარა, მაშინ როცა მთიდან ჩამონადენი წყალი, სანიაღვრე არხის ნაცვლად პირდაპირ ეზოში ჩაედინებოდა. კომპანიამ ეზოში არც ის ფილები დააგო, რომელიც ეზოს მიმდებარედ, სოფლის სტადიონზე დასაწყობებული იყო.

მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2013 წელს ქედაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ამ ეზოს კეთილმოწყობაც ჩაწერა, თუმცა სამუშაოები შესრულებულად მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტებში დარჩა, რეალურად – არა.
ობიექტის გამართვაზე ქედის გამგეობამ ტენდერი მეორედ, მიმდინარე წელს გამოაცხადა 5 892 ლარზე. ეზოს კეთილმოწყობაზე პასუხისმგებლობა ტენდერით მეორედ აქ შპს „გიომ~ აიღო. კომისიას ობიექტი ჯერ არ ჩაუბარებია.
ეს არ არის ერთადერთი ინფრასტრუქტურული ობიექტი, რაზედაც თანხა ქედის ბიუჯეტიდან არაეფექტურად დაიხარჯა. მაგალითად, ქედის კულტურის ცენტრის შენობაზე მოწყობილი პანდუსით დღემდე არავის უსარგებლია, რადგან პანდუსის დახრილობა დასაშვებ ნორმას ბევრად აჭარბებს.

დაბა ქედის, სოფლების: პირველი მაისის, ახოს, გოგიაშვილების, მერისის, ვაიოს, საჯარო სკოლებსა და ქედის კულტურის ცენტრის შენობაზე პანდუსების მოსაწყობად ქედის გამგეობამ გასულ წელს 2 499 ლარი გამოიყო. პანდუსები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „საბა 555“-მა 1905 ლარით მოაწყო, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ქედის კულტურის ცენტრის შენობაზე მოწყობილი პანდუსით სარგებლობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის შეუძლებელი იყო, მოაჯირის გასაკეთებლად და რიგ სკოლებზე გაკეთებული პანდუსის მოსაპირკეთებლად ქედის გამგეობამ თანხა მეორედ გამოყო. ტენდერის შედეგად ხელშეკრულება გამგეობამ ისევ „საბა 555“- თან გააფორმა, თუმცა კომპანიას კულტურის ცენტრის შენობის პანდუსზე მოაჯირი არ გაუკეთებია.
ახოს, პირველი მაისისა და დაბა ქედის საჯარო სკოლებზე პანდუსების გამართვა ქედის გამგეობამ წელს ისევ შეიტანა სატენდერო პირობებში, ამჯერად მესამედ.
დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული პარკის, უჩხითის, ზედა ბზუბზუს, აწჰესის, კოლოტაურის, პირველი მაისის, ცხმორისის, სოფელ ახოს, ახოს #1 და გეგელიძების საჯარო სკოლებში პანდუსების მოსაწყობად ტენდერი გამგეობამ 15 ოქტომბერს 17 690 ლარზე გამოაცხადა, ხელშეკრულება 26 ოქტომბერს ინდმეწარმე ავთანდილ სანიკიძესთან გაფორმდა. ერთსა და იმავე ობიექტზე პანდუსის მოსაწყობად ქედის გამგეობამ თანხა მესამედ გამოყო.
ქედის გამგეობის მიერ გასულ წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ყველაზე ძვირადღირებული პროექტი საკანალიზაციო სისტემის პროექტია, რაზეც შარშან ქედაში 1 199 900 ლარი დაიხარჯა. საკანალიზაციო სისტემა ინდმეწარმე რევაზ დიდმანიძის პროექტით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „გზამ“ მოაწყო. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტი ჩაბარებულია, ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე ფეკალური მასისთვის სპეციალურად მოწყობილი ავზი ჯერ ისევ ღიაა; პროექტის ავტორის თქმით კი, პროექტის მიხედვით ავზი უნდა გადახურულიყო. 9 აპრილის ქუჩაზე სალექარებიდან გამოსული გაუფილტრავი ფეკალიები კი თვეობით მდინარეში ჩაედინებოდა.
რატომ იბარებს დაუსრულებელ ან ცუდად შესრულებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს ქედის გამგეობა? – ამ კითხვით ქედის გამგეობის სამუშაოების მიმღები კომისიის თავმჯდომარეს და გამგებლის მოადგილეს გურამ ბერიძეს დავუკავშირდით. ის დარწმუნებულია, რომ „არც ერთი დაუსრულებელი ობიექტი არ ჩაუბარებია“.
პროექტების შესრულების თვალსაზრისით პრობლემებს ვერ ხედავს ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე:
„საკანალიზაციო სისტემაში არსებული ხარვეზი კომპანიამ აღმოფხვრა. ავზის გადახურვა კი პროექტის მიხედვით გათვლილი არ იყო. გადახურვას სამომავლოდ ვფიქრობთ. რაც შეეხება პანდუსებს, მშენებლებს ჰქონდათ ხარვეზები, თუმცა გამოსწორებადი, მუშაობენ და წლის ბოლოსთვის ისე იქნება გაკეთებული, რასაც სტანდარტი ითვალისწინებს. აქილევსის ქუსლად გვრჩება მხოლოდ ქედის კულტურის სახლის პანდუსი, ვფიქრობთ, ან ესკალატორი მოვაწყოთ, ან ლიფტი. პირველი მაისის სკოლის ეზოს რაც შეეხება, სანიაღვრე არხი, რომელიც იმ დროს გაკეთდა, ქვა-ღორღით აივსო, თან არხს გასასვლელი არ ჰქონდა, რამაც პრობლემები შექმნა. წელს თანხა აქ მხოლოდ სანიაღვრე არხის პრობლემის მოგვარებას მოხმარდა“.
კითხვაზე, რატომ ვერ ითვალისწინებს გამგეობა იმ ფაქტორებს, რაც ობიექტის ჩაბარების შემდეგ იჩენს თავს, გამგებელი პასუხობს, რომ შეუძლებელია ყველაფერი გამგებელმა და მოადგილემ გადაამოწმოს. გამგებლის თქმით, ქედის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურში ოთხი ადამიანი მუშაობს. მისი აზრით, „ეს ოთხი თანამშრომელი საკმარისია, უბრალოდ, მეტი მონდომებაა საჭირო“.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც შესრულებული პროექტების ხარისხს მიადევნებდნენ თვალს, ქედის მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით არ მუშაობენ. „ბათუმელებმა“ დასრულებული პროექტების შეფასება ქედის საკრებულოს ოპოზიციას სთხოვა. საკრებულოს წევრი უშანგი ბერიძე ამბობს, რომ მოსახლეობის უკმაყოფილებიდან გამომდინარე, აპრილშივე მოითხოვეს პროექტებზე დახარჯული თანხის გადამოწმება:
„გვაინტერესებდა, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემაზე გახარჯული თანხები. შვიდ თვეზე მეტი გავიდა და საკრებულოს საკითხი არ განუხილავს. ესენი [საკრებულოს უმრავლესობა და გამგეობა] ბიუჯეტის შესრულებად თვლიან, როცა ბანკიდან ფული გადის და რომელიმე კომპანიას ერიცხება. ასე სრულდებოდა ბიუჯეტი ორი წელია, ფული გადის და საქმე არ კეთდება“.
ქონების კარუსელი აჭარის მთავრობაში – სასტუმრო მწვანე კონცხზე, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სასწავლებლის ტერიტორიის ნაწილი – 25 160 კვ/მ მიწის ფართობი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო, აჭარის ქონებად სექტემბერში დაარეგისტრირა; აქედან 1 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს დანიშნულება შეუცვალა და მთელი ეს ქონება, 200 კვ/მ ფართობის ნაგებობებთან ერთად, საკუთრებაში გაფორმებიდან ერთ კვირაში პირობებიან აუქციონზე გაიტანა. საწყისი გასაყიდი ფასი – 2,8 მილიონი ლარი იყო.
ელექტრონული აუქციონის ვებგვერდის მიხედვით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ „ბიზნეს დეველოპმენტმა“ და ქონება 12 ოქტომბერს 2 მილიონ 856 ათას ლარად შეიძინა. აუქციონის პირობების თანახმად, „ბიზნეს დეველოპმენტი“ ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი წლის ვადაში აქ ააშენოს არანაკლებ 150-ნომრიანი სასტუმრო, ავტოსადგომით, ღია და დახურული ტიპის აუზებით, კვების ობიექტებით, გამაჯანსაღებელი სპაცენტრით. აღნიშნულ პროექტში კომპანიამ არანაკლებ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

შპს „ბიზნეს დეველოპმენტი“ 2015 წლის ივნისში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 100% წილს შპს „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“ ფლობს. „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“, კომპანიის საიტის მიხედვით, 2005 წელს შეიქმნა და ის ინდუსტრიულ და კომერციულ სექტორებში კლიენტებს ძირითადად იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს.
თანამშრომლობს თუ არა კომპანია საპარტნიორო ფონდთან, რომელი კომპანიები არიან მისი პარტნიორები მწვანე კონცხის პროექტში, რა გეგმები გაქვთ და ან რა კავშირები იმ ფირმებთან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს სახელს უკავშირდება? – ამ კითხვების პასუხად კომპანიიდან შემდეგი SMS-ს შეტყობინება მივიღეთ: `სამწუხაროდ „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“ ვერ მოგაწოდებთ ინფორმაციას თქვენს მიერ დასმული კითხვების და საკითხის გარშემო ვინაიდან ამ ეტაპისთვის ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია“.
არაოფიციალური ინფორმაციით, მწვანე კონცხზე აღნიშნული ტერიტორიით სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული.

მწვანე კონცხზე სასწავლებლის შენობისა და დარჩენილი ტერიტორიის ბედი გაურკვეველია. გამორიცხული არ არის ისიც გაიყიდოს. საქმე იმაშია, რომ უნივერსიტეტი ალტერნატიული ფართობის გადაცემის შემთხვევაში ამ ტერიტორიას დათმობს. ასეთი შეთავაზება კი უნივერსიტეტისადმი აჭარის მთავრობას წერილობითაც ჰქონდა.
„მაქ არის დიდი ფართობი, რომელიც უნივერსიტეტს არ სჭირდება. თან ტერიტორიაზე შემოჭრილი არიან მოქალაქეები, მიტაცებული აქვთ ნაკვეთები და იმათთან ცალკე პრობლემები იქმნება. ტერიტორიის მოვლას კიდევ ადმინისტრაციული ხარჯები სჭირდება, რომელიც თავისთავად პრობლემური სისტემაა. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტი ქობულეთში და მიწის ნაკვეთიც. ვფიქრობთ, მას გამოვიყენებთ“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა ჯემალ ანანიძემ.
კანცლერის ინფორმაციით, აჭარის მთავრობისგან იყო წერილი რამდენად შეიძლებოდა განხილულიყო ამ ფართობის ამოღება და მთავრობისთვის გადაცემა, სანაცვლოდ კი უნივერსიტეტს სხვა ფართობს გადასცემდნენ. მთავრობის ამ წინადადებას, საქართველოს შესაბამისი სამინისტროების თანხმობით, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოც დაეთანხმა. განიხილება უნივერსიტეტისთვის ჩაქვში მდებარე აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის გადაცემაც. შესაძლოა აგრარული მიმართულების სტუდენტები ჩაქვში ერთი წლის შემდეგ გადავიდნენ სასწავლებლად.
„მაგრამ, ამ შენობას, რომელსაც სასწავლო პროცესისთვის ვიყენებდით მწვანე კონცხზე, მაინც უნდა ჩავუტაროთ ექსპერტიზა. თან ამბობენ, რომ ეს მცოცავი ფერდობია. იმ ვარიანტსაც განვიხილავთ – გავარემონტოთ თუ არა. თანხაც რომ რამე, ისევ მთავრობას უნდა მოვთხოვოთ, დაახლოებით 4 მილიონი დასჭირდება გარემონტებას. შემოთავაზება, რომ მთლიანად დავუთმოთ ეს ტერიტორია, არ ყოფილა, თუმცა პერსპექტივაში რა იქნება, ვერაფერს გეტყვით. ჩვენთვის მთავარია სასწავლო პროცესი იყოს გამართული,“ – განაცხადა ჯემალ ანანიძემ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქობულეთში მდებარე ყოფილი კვლევითი ინსტიტუტიც, რომელზეც კანცლერი საუბრობს, უნივერსიტეტისთვის პრობლემური იქნება, ვინაიდან ის თავის დროზე მთავრობამ კერძო ფიზიკურ პირს 1 ლარად გადასცა.
რამდენადაც „ბათუმელებმა“ გაარკვია, გამორიცხული არ არის მწვანე კონცხზე სასწავლებლის დარჩენილი ტერიტორია ინვესტორს იმ პირობით გადაეცეს, რომ ის ააშენებს ახალ შენობას ბათუმში უმაღლესი საბჭოსთვის, ხოლო უმაღლესი საბჭოს არსებული შენობა მწვანე კონცხის სანაცვლოდ უნივერსიტეტს გადაეცემა.
უნივერსიტეტში ამბობენ, რომ მწვანე კონცხის ტერიტორია სახელმწიფო ქონებაა, მათ კი აგრარული სექტორისთვის 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთიც ეყოფათ. უნივერსიტეტში პარალელურად იმაზეც მუშაობენ, თუ რა დაუჯდებათ ახალი შენობის აგება.
სად დაიდებს ბინას უმაღლესი საბჭო, გაურკვეველია. იმ ნაკვეთზე, რომელიც უმაღლეს საბჭოს ახალი შენობის ასაშენებლად უნდოდა, მერია აცხადებს, რომ სარეკრეაციო ზონაა. საუბარია ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე. მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ უმაღლესი საბჭოსთვის ტერიტორიის გამოყოფაზე მათთვის ოფიციალურად არავის მიუმართავს.
„თავიდან საუბარი იყო უმაღლესი საბჭოს შენობა ხელოვნების უნივერსიტეტის გვერდით აშენებულიყო, თუმცა მერია აცხადებს, რომ რეკრეაციულ ზონას აკეთებს და მაგის წინააღმდეგ ნამდვილად არ წავალთ. ჩვენ არ ვითხოვთ ქალაქში კონკრეტულ ადგილს, ჩვენ ვითხოვთ ნებისმიერ ტერიტორიას – ჭაობის მხარე იქნება ეს, ხორცკომბინატის ტერიტორია თუ ახალი ბულვარი. ნებისმიერ ადგილას, ოღონდ ქალაქში“, – განაცხადა უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩიტიშვილმა. მისივე თქმით, მთავრობა მუშაობს ბათუმში შესაბამისი ტერიტორიის შერჩევაზე: „სახელმწიფომ რომ ხარჯი არ გაიღოს, მოსაძებნია ინვესტორი, რომელიც ჩაქვის შენობას გამოიყენებს და სანაცვლოდ ახალ შენობას ააშენებს. რამდენიმე ვარიანტი განიხილება. შეიძლება მწვანე კონცხი უფრო მომგებიანია ინვესტორისთვის, ვიდრე ჩვენი ტერიტორია. მიწის ფართობიც დიდი გვაქვს და შესაძლოა უნივერსიტეტი გადმოვიდეს აქ. მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, ტექნიკური საკითხებია“.
ალექსანდრე ჩიტიშვილის თქმით, 2016 წელში უმაღლესი საბჭოს ახალი შენობის პროექტის გაკეთება მაინც უნდა მოესწროს, რაზეც მთავრობა იმუშავებს, თუმცა მანამდე ტერიტორიაა გამოსაყოფი.

შსს-მ ბათუმში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღო
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 20,60612 გრ ჰეროინის შემცველი ნივთიერება, 11 აბი “მეტადონი” და 0,2224 გრ ნივთიერება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შეიცავს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით ).
შსს არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების პროცესში ერთვება
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 2015 წლის არასტანდარტული მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უნდა უზრუნველყოს სამუშაო ჯგუფის შექმნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით.
„დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობისას, უზრუნველყოს არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების კონტროლი, წესრიგის დაცვა და უსაფრთხოება“, – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.
საქართველოს ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები კი ვალდებულნი არიან, 2015 წლის მანდარინის (არასტანდარტული) მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად, საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გაითვალისწინონ 2 000 000 ლარი.
ფინანსთა სამინისტროს პასუხი 72 108 128 ლარის შემოწირულობაზე
როგორც სამინისტროს წერილიდან ირკვევა, გადამხდელების შესახებ ინფორმაციას სამინისტრო იმ მიზეზით არ გვაწვდის, რომ „აღნიშნული მოიცავს პირად ინფორმაციას და დაკავშირებულია კერძო საკითხებთან“;
სამინისტრო არც იმ ინფორმაციას იძლევა, თუ კონკრეტულად რა ღონისძიებებში დაიხარჯა ბიუჯეტში შემოწირულობით შესული თანხა, ვინაიდან, როგორც სამინისტროს წერილშია აღნიშნული – „ბიუჯეტის ყველა შემოსულობა მიიმართება საერთო გადასახდელების დასაფინანსებლად“.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პასუხი:
„თქვენი მიმდინარე წლის 19 ოქტომბრის №1833 განცხადებასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ჩარიცხული თანხების შესახებ ინფორმაციას ცალკეული გადამხდელების მიხედვით ვერ მოგაწოდებთ, ვინაიდან აღნიშნული მოიცავს პირად ინფორმაციას და დაკავშირებულია კერძო საკითხებთან.
რაც შეეხება 2013, 2014 და 2015 წლებში ნებაყოფლობითი ტრანსფერების, გრანტების გარდა, სახეში ჩარიცხული თანხების საერთო ოდენობას, სახაზინო სამსახურმა გაცნობათ 2015 წლის 13 ოქტომბრის N146389-18 წერილით.
აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-4 მუხლის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, ბიუჯეტის ყველა შემოსულობა მიიმართება საერთო გადასახდელების დასაფინანსებლად“.

ლიმიტი გაიზარდა – მიიღეთ 1200 ლარი 15 წუთში!

იხილეთ გაზრდილი ლიმიტები დონეების მიხედვით:
- აფრენა : სწრაფი ონლაინ სესხი 500-დან 800 ლარამდე 15 წუთში, 5-დან 31 დღის ვადით.
- პილოტაჟი: სწრაფი ონლაინ სესხი 801-დან 1000 ლარამდე 15 წუთში, 5-დან 31 დღის ვადით.
- ტურბო: სწრაფი ონლაინ სესხი 1001-დან 1200 ლარამდე 15 წუთში, 1-დან 2 თვემდე ვადით.
- სუპერტურბო: სწრაფი ონლაინ სესხი 1001-დან 1200 ლარამდე 15 წუთში, 3-დან 4 თვემდე ვადით.
გახსოვდეთ, სწრაფი ონლაინ სესხების კომპანია მანიმენი ყოველ შემდგომ სესხზე გაუმჯობესებულ პირობებს გთავაზობთ: თანხა და ვადა იზრდება, პროცენტი კი მცირდება. კომპანია აფასებს ლოიალურ კლიენტებს და ზრუნავს მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე. მათ რიგებში ყოფნა თითოეულ თქვენგანს შეუძლია.
სასურველი თანხის მოთხოვნა ნებისმიერი ინტერნეტში ჩართული მოწყობილობით შეგიძლიათ. ანდროიდებისთვის შექმნილი ახალი აპლიკაციის საშუალებით კი MoneyMan-ის ვებგვერდის ნებისმიერ ფუნქციით შეძლებთ სარგებლობას, როგორც სესხის გადავადებით, ისე მისი დაფარვით და თქვენთვის სასურველი სხვა ფუნქციით. აპლიკაციის გადმოწერა შეგიძლიათ შემდეგი ბმულიდან: https://bit.ly/AndroidGooglePLay
ნუ გადადებთ ცხოვრებას ხელფასამდე – აიღეთ სესხი დღესვე, გაუმჯობესებული პირობებით!
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 322 470017 ან შეგვეხმიანეთ facebook-ზე: https://www.facebook.com/MoneyMan.ge/
17 ქალი აჭარიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში
საინჟინრო ბრიგადის კაპრალი, 30 წლის ინგა მამალაძე ერთ-ერთი მათგანია. იგი ბათუმიდანაა, თუმცა ახლა თბილისში, ვარკეთილის მეურნეობაში, თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ბრიგადის J1-ის სპეციალისტის თანამდებობა უკავია. მას ძირითადად საქმისწარმოება ევალება.
ინგა შავი ქამრის მფლობელია კარატეში. სკოლის ასაკიდან ვარჯიშობდა და როცა უნივერსიტეტში, პედაგოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა, კარატეში უკვე მწვრთნელის სტატუსი ჰქონდა.
ინგა ამბობს, რომ ამ ე.წ. “არაქალური სპორტის” სიყვარულის გამო როცა 2008 წელს ჯარში წასვლის სურვილი გამოთქვა, ოჯახში დიდადარ გაჰკვირვებიათ: “არავის გაკვირვებია ჩემი გადაწყვეტილება, არც დაუშლიათ, იმიტომ, რომ იქამდეც “ნაკლებადქალურ” საქმეში ვიყავი. როცა პირველად ჯარში მიღება დაიწყო ხელვაჩაურში, მეც ვცადე, მივედი და გამიმართლა. გასაუბრების შედეგად დამტოვეს. ასე დავიწყე მუშაობა ჯარში”.

ინგა ამბობს, რომ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ქალის ჯარში წასვლა უკვირს, მცდარი წარმოდგენა აქვს ქალის ფიზიკურ შესაძლებლობებზე. “ფიქრობენ, რომ ქალი ჯარში ვერ გაუძლებს ისეთივე დატვირთვას, როგორსაც მამაკაცი უძლებს. საქმე ისაა, რომ, რაც ძალიან გინდა, ყოველთვის გააკეთებ, ჯარი იქნება ეს თუ სხვა რამ. გარდა ამისა, ჯარში არ არის ისეთი დატვირთვა, რომ ადამიანმა, კაცი იქნება ის თუ ქალი – ვერ გაუძლოს. კი, შესაძლოა რთული იყოს იმ მხრივ, რომ ცოტა უხეში საქმეა სხვა პროფესიებთან შედარებით, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არ არის. ქალის ჯარში ყოფნა კი, ძირითადად, ისეთ კაცებს უკვირთ, რომელთაც თავად ეზარებათ ჯარში წასვლა”, – ამბობს ინგა.
მიუხედავად ასეთი შეხედულებებისა, ინგა მამალაძე მიიჩნევს, რომ ადრინდელთან შედარებით საზოგადოება დღეს მაინც ნაკლებად სტერეოტიპულია ქალი სამხედროების მიმართ. “ადრე, როცა კარატეზე დავდიოდი, ხშირად მეხუმრებოდნენ: `ვა, კარატისტი, თან შავი ქამარი? ვაი, შენვის ოჯახშიც შეხვალ…”, თუმცა ეს აგრესიულად მაინც არ განმაწყობდა. ადრე უფრო მძაფრად იყო განწყობა, რა უნდა ქალს პოლიციაში, ჯარში… ვფიქრობ, ნელ-ნელა საზოგადოება ეგუება იმ აზრს, რომ ქალი არ არის “სუსტი სქესი”, ახლა ბევრი სიამაყითაც გვიყურებს და ეს ძალიან სასიამოვნოა”, – ამბობს ინგა.
ინგას ქმარი სამოქალაქო პირია, მათ ერთი წლის წინ იქორწინეს და ახლა 6 თვის შვილი ჰყავთ. ორსულობის პერიოდში კაპრალი მამალაძე შვებულებაში არ გასულა, თუმცა ამბობს, რომ შეღავათებით სარგებლობდა და არ გასჭირვებია.
ამ ეტაპზე, მცირეწლოვანი ბავშვის გამო, რვასაათიანი სამუშაო გრაფიკი აქვს. როცა სახლში არ არის, ბავშვის მოვლაში დედა ეხმარება. “ხდება ისეც, რომ ზოგჯერ გვიან მიძახებენ სამსახურში, მაგალითად, მაშინ, თუ სწავლებები დაიწყო ან სასწრაფოდ გასაკეთებელია რამე, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია და ეს სირთულეს არ წარმოადგენს”, – ამბობს ინგა.
ჯარში მომუშავე ქალების დღის განრიგი, ისევე როგორც კაცების, სამსახურში დილით ადრე გამოცხადებას, მოსამზადებელ ვარჯიშებს, სამსახურის განრიგს, ლექციებსა და ფიზიკურ მომზადებას მოიცავს. ჯარში მომუშავე ქალები ამბობენ, რომ ოჯახსა და სამსახურს შორის დროის გადანაწილება არ უჭირთ და დედობასაც თავისუფლად ართმევენ თავს.
კიდევ ერთი სამხედრო ქალი აჭარიდან, მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალი, ორი შვილის დედა, 31 წლის ნატო კობალაძეა. იგი ქობულეთიდანაა და ახლა სენაკში, დასავლეთ სარდლობის ბაზაზე მსახურობს. მისი საქმიანობაც საქმისწარმოებას უკავშირდება.
ნატო კობალაძე ამბობს, რომ სამხედრო სამსახური ბავშვობიდან აინტერესებდა და ამის საწინააღმდეგო არც მშობლებს ჰქონიათ რამე, რადგან მათ დაწინაურებასაც გეგმავს. ამბობს, რომ როცა სერჟანტობის კურსები დაიწყება, აუცილებლად გაივლის, შემდეგ კი საოფიცრო კურსებზეც იფიქრებს. ოჯახში უკვე ჰყავდათ რამდენიმე სამხედრო პირი.
“ჩემი ორი ბიძა, მამაჩემის ძმები, ყოფილი სამხედროები არიან, აქედან გამომდინარე თავიდანვე ახლოს ვიყავი ამ სფეროსთან და ყოველთვის მომწონდა სამხედრო სამსახური. სწორედ ამიტომ დავამთავრე საავიაციო სასწავლებელი. თუმცა მეგობრებს მაინც გაუკვირდათ ქალის წასვლა ჯარში, უკვირდათ თუნდაც ის, რომ მინდოდა ფორმა მეტარებინა”, – ამბობს ნატო.
მიუხედავად ოჯახის წევრების პოზიტიური დამოკიდებულებისა, ნატო მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში ქალის ჯარში სამსახურთან დაკავშირებით სხვადასხვა მცდარი წარმოდგენა არსებობს. ერთ-ერთი მათგანი მაღალ ანაზღაურებას უკავშირდება: `ყოფილა შემთხვევები, როცა ძალიან გაჰკვირვებიათ ჩემი ჯარში სამსახური, ბევრჯერ უკითხავთ – რა გაჭირვება გაქვს, რომ ჯარში მსახურობ? ანუ ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ჯარში მაღალი ანაზღაურების გამო წავედი, რაც, რა თქმა უნდა, არ არის სიმართლე”, – ამბობს ის.

ნატოს ქმარი ყოფილი სამხედროა, მათი უფროსი შვილი 10 წლისაა, უმცროსი კი – 7 თვის. “ჩემს ბიჭს ძალიან ეამაყება, რომ ჯარისკაცი დედა ჰყავს, ხშირად ახსენებს ხოლმე სკოლაშიც. უნდა, რომ სამსახურშიც წამომყვეს, რომ დავათვალიერებინო იქაურობა, ნახოს ჯარისკაცების ცხოვრება. როცა სკოლაში ფორმით ვაკითხავ, ბავშვები მოდიან და მეკითხებიან, იარაღი თუ მაქვს, თუ ვისვრი, როგორ ვისვრი და ასე შემდეგ. ქუჩაშიც უკითხავთ ბავშვებს, სროლებზე თუ დადიხართო… რა თქმა უნდა, ინტერესი სხვა ჯარისკაცების მიმართაც უჩნდებათ, მაგრამ ქალი ჯარისკაცი მაინც უფრო აინტერესებთ”, – ამბობს ნატო.
იმისთვის, რომ კაპრალმა უფრო მაღალი სამხედრო წოდება მიიღოს, სპეციალური კურსები უნდა გაიაროს. ნატო რვა წელია ჯარში მსახურობს და დაწინაურებასაც გეგმავს. ამბობს, რომ როცა სერჟანტობის კურსები დაიწყება, აუცილებლად გაივლის, შემდეგ კი საოფიცრო კურსებზეც იფიქრებს.
დემოკრატიული კონტროლისა და შეიარაღებული ძალების ჟენევის ცენტრის (DCAF) სახელმძღვანელოში “შეიარაღებული ძალების შიდა ზედამხედველობაში, გენდერული ასპექტების ინტეგრირების შესახებ” წერია, რომ ქალებისა და მამაკაცებისგან შემდგარ ჯგუფებს უკეთ შეუძლიათ გაზარდონ შეიარაღებული ძალების უსაფრთხოება. მაგალითად, ავღანეთში ქალი სამხედრო პერსონალის საქმიანობის საშუალებით შეიარაღებული ძალებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ის ინფორმაცია, რაც მანამდე ხელმიუწვდომელი იყო.
ასევე, ქალი პერსონალის გამოყენებამ ადგილობრივი ქალების გაჩხრეკის მიზნით და მათთან ურთიერთობის დამყარებამ, შეამცირა მტრული დამოკიდებულება სამხედრო მისიის მიმართ.
“სხვადასხვა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების დიდმა ნაწილმა გააცნობიერა, რომ დისლოკაციის ადგილებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან კარგი ურთიერთობების დამყარების მიზნით, საჭიროა ადგილობრივ მცხოვრებლებში ქალებისა და მამაკაცების სხვადასხვა როლისა და საჭიროების გაგება”, – წერია სახელმძღვანელოში.
ამის მისაღწევად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სპეციალურად დანიშნული გენდერული მრჩევლები მუშაობენ, რომლებიც სამხედრო დანაყოფებს გენდერის შესახებ სემინარებს უტარებენ.
მალე ბათუმში ტერფის პრობლემების მქონე პაციენტებს საშუალება ექნებათ, მიიღონ პოდიატრიული მომსახურება

დიაბეტური ტერფის სინდრომი (დტს) დიაბეტის უხშირესი გართულებაა, რომელიც საფრთხეს უქმნის პაციენტის ჯანმრთელობას და აუარესებს მისი სიცოცხლის ხარისხს. ხშირად არასწორად ან დაგვიანებით დიაგნოსტირებული/ნამკურნალევი დტს-ის გამოსავალი კიდურის ამპუტაციაა და შეიძლება დადგეს პაციენტის სიკვდილიც. ამიტომ, მნიშვნელოვანია ტერფის კვალიფიციური მოვლა, როგორც დტს-ს პირველადი, ასევე მეორეული პროფილაქტიკის მიზნით: ტერფის შემოწმება, დაზიანებების (ჭრილობები, ნევროლოგიური, სისხლძარღვოვანი) აღმოჩენა, სათანადო მოვლა და ა.შ.
ამჟამად საქართველოში არ არსებობს ტერფის მოვლის კვალიფიციური სამსახური. მართალია, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება სთავაზობს პაციენტებს მსგავს სერვისს, რომელიც სხვადასხვა ექიმი-სპეციალისტის ერთობლივ მუშაობას გულისხმობს, მაგრამ ეს მიდგომა საკმაოდ არახარჯთეფექტურია, ვინაიდან მოითხოვს მნიშვნელოვან მატერიალურ ტექნიკურ, ადამიანურ თუ დროით რესურსებს. პროექტის ფარგლებში კი შეიქმნება კვალიფიციური, მაღალი ხარისხის პოდიატრული სამსახურები, რომლებიც მოემსახურებიან ტერფის პრობლემებით შეწუხებულ ყველა პაციენტს. აღსანიშნავია, რომ პროექტი საშუალებას აძლევს სოციალურად დაუცველ პირებს, ისარგებლონ უფასო პოდიატრიული მომსახურებით.
სწორედ ამ მიზნით 19-25 ოქტომბერს ქ. თბილისში მომზადდნენ ექთან-პოდიატრისტები. სწავლებას უძღვებოდნენ უცხოელი ტრენერები, რომლებმაც ცოდნა დიდ ბრიტანეთში მიიღეს და აქვთ პოდიატრიაში პრაქტიკული მუშაობის რამდენიმეწლიანი პრაქტიკა. სწავლება წარიმართა ქ. თბილისში, დიაბეტის კვლევის ეროვნულ ცენტრში, სადაც მონაწილეებს ყველა საშუალება ჰქონდათ სრულყოფილად მიეღოთ თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა. პროექტის ფარგლებში შერჩეული სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვა პოდიატრიული სამსახურისთვის საჭირო ყველა ინვენტარით დასრულდება ნოემბრის შუა რიცხვებში, რის შემდეგაც პაციენტებს შეეძლებათ ისარგებლონ პოდიატრიული სერვისებით.
პროექტის ან პოდიატრიული სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ: „ველფეარ ფაუნდეიშენი“;
ელფოსტა: wf@welfarefoundation.org.ge
ტელ.: +995 32 2912699

ბათუმი – შავი ზღვის კულტურული პორტი
პროექტის პარტნიორები არიან: სტამბულისა და კოჩის უნივერსიტეტები (თურქეთი), კავალას მუნიციპალიტეტი (საბერძნეთი); კონსტანცას ნაციონალური ისტორიისა და არქეოლოგიის მუზეუმი (რუმინეთი); ოდესის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტი (უკრაინა); ვარნას მუნიციპალიტეტი (ბულგარეთი). პროექტის მხარდამჭერები არიან: შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC), შავი და აზოვის ზღვების პორტების ასოციაცია (BASPA), შავი ზღვის საერთაშორისო კლუბი (IBSC).
საქართველოში პროექტი „ლიმენის“ ლიდერი ორგანიზაციაა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი. ლიმენის ქართული ქსელის წევრი ორგანიზაციები არიან: აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, ქალაქ ბათუმის მერია, ბათუმის საზღვაო ნავსადგური, სამეცნიერო-აკადემიური დაწესებულებები: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი და თანამედროვე ხელოვნების ცენტრი CAC.
პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია შავი ზღვის რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარება და „კულტურის ევროპული დედაქალაქის“ გამოცდილების გამოყენებით ახალი ინსტიტუციის „შავი ზღვის კულტურული პორტის“ იდეისა და სტრატეგიის შემუშავება. „შავი ზღვის კულტურული პორტის“ ინსტიტუციის მიზანია შავი ზღვის აუზის ქალაქი-პორტების მემკვიდრეობისა და სპეციფიკური ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია: ქალაქი-პორტების მდგრადი და თანასწორი თანამშრომლობის ეკონომიკური და კულტურული პლატფორმის მომზადება.
რა არის საჭირო პროექტის მიზნის მისაღწევად
„შავი ზღვის კულტურული პორტის“ ინსტიტუციას, კულტურული მემკვიდრეობის, როგორც მნიშვნელოვანი ფასეულობის აღიარება უდევს საფუძვლად. როგორც გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მარიამ დიდებულიძე ამბობს, „ამ იდეის განსახორციელებლად თავდაპირველად შეიქმნება ისტორიული პორტების ერთიანი ქსელი, რომელიც დაეხმარება თავის წევრებს მათი კულტურის უკეთ წარმოჩენასა და რეკლამირებაში. ასევე, უნდა შეიქმნას ერთიანი ტურისტული მარშრუტები, ნიშნულების ერთიანი სისტემა, საინფორმაციო ბუკლეტები, ცნობარები, ფირნიშები. დღევანდელ მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებულია, რომ კულტურულ მემკვიდრეობას სათანადო დაცვისა და განვითარების პირობებში მატერიალური კეთილდღეობის მოტანა შეუძლია“.
რა აქტივობები განხორციელდა პროექტის ფარგლებში
ადგილობრივი ქსელების ჩამოყალიბების გარდა, ყველა პორტისათვის შემუშავებული ერთიანი სქემის მიხედვით მომზადდა კონკრეტული პროდუქტები: ვებგვერდი https://www.limenproject.net, სადაც ინგლისურ ენაზე მოცემულია ინფორმაცია პროექტის მონაწილე შვიდი საპორტო ქალაქის ისტორიული და ბუნებრივ-კულტურული ღირსშესანიშნაობების შესახებ, რომლებიც თითოეული ქალაქის უნიკალურ სახეს ქმნის. ბათუმის შესახებ ინფორმაციაც საერთო თემატური სქემის მიხედვით მომზადდა: არქეოლოგიური ძეგლები (ბათუმისციხე, გონიო-აფსაროსი, პეტრა-ციხისძირი), დაცული ტერიტორიები (მტირალა, ისპანი), ქალაქის ურბანული მემკვიდრეობის ნიმუშები, რელიგიური ნაგებობები, უმაღლესი სასწავლებლები, მუზეუმები, კულტურის დაწესებულებები, თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშები, კულტურული პროექტები. ასევე ატვირთულია კლიპი ბათუმისა და მისი შემოგარენის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ. დაიბეჭდა გზამკვლევები და საინფორმაციო ბუკლეტები მოკლე ანოტაციებით ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ამ მასალებს წარმატებით გამოიყენებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და ტურისტული სააგენტოები.
მომზადდა მარშრუტები, რომლებიც ძირითადად განკუთვნილია ქალაქში კრუიზით ჩამოსული ტურისტებისათვის. ვინაიდან კრუიზის მონაწილეები ჩვეულებრივ ერთი დღით ან დაახლოებით რვა საათით ჩერდებიან ხოლმე პორტებში, ამიტომ მარშრუტები შედგენილია ისე, რომ ვიზიტორებმა შეძლონ როგორც ფეხით გასეირნება ქალაქში, ასევე სურვილის მიხედვით აირჩიონ არქეოლოგიური ძეგლებისა და მუზეუმების მონახულება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მარშრუტები საკრუიზო ტურისტებზეა გათვლილი, ნებისმიერ ტურისტულ სააგენტოს შეუძლია მათი პრაქტიკულად გამოყენება და ნებისმიერი კომბინაციით მათი შეთავაზება სხვა ტიპის ტურისტებისთვისაც. ეს მარშრუტები განსხვავდება აქამდე არსებული ტურისტული მარშრუტებისაგან სიახლით და მეცნიერულად გამართული ანოტაციებით. მთავარი აქცენტი გაკეთებულია კულტურულ მემკვიდრეობაზე, რითაც ბათუმი და, ზოგადად, აჭარის რეგიონი არის უნიკალური.
ორგანიზატორების მიერ მოწოდებული მოდელის მიხედვით, მზადდება ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისი დიზაინითა და გამძლე მასალით შესრულებული ფირნიშები. ფირნიშები განთავსდება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ შერჩეულ ძეგლებთან და მათ ადგილზე განთავსებასაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო უზრუნველყოფს.
პროექტის დასასრულს, ამა წლის დეკემბრის დასაწყისში, ჯერ თბილისში და შემდეგ ბათუმში ჩატარდება ფოტოგამოფენა „ნაოსნობა ბიზანტიიდან და ბიზანტიისკენ: შუა საუკუნეების პორტები შავი ზღვიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთისაკენ“. მსგავსი ფოტოგამოფენა პროექტის მონაწილე ყველა ქვეყანაში ჩატარდა. აღსანიშნავია ასევე, რომ ფოტოგამოფენის მასალები დარჩება ბათუმში. ეს ძალიან ძვირფასი შენაძენი იქნება ქალაქისთვის, რადგან მას დიდი შემეცნებითი და საგანმანათლებლო მნიშვნელობა გააჩნია.
პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო საკრუიზო გემზე „ზურმუხტის პრინცესა“ (სიდიდით მეხუთე გემი მსოფლიოში) ბიზანტიური და პოსტბიზანტიური ძეგლების ევროპული ცენტრისა და სტამბულის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სიმპოზიუმი „საპორტო ქალაქები ეგეოსიდან შავ ზღვამდე. შუა საუკუნეების და თანამედროვეობის კავშირები“. სიმპოზიუმი გაიმართა ამა წლის 22-28 აგვისტოს. „კულტურული კრუიზის“ ფარგლებში მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება გასცნობოდნენ საბერძნეთის ქალაქ ვოლოსის (რაც სიმბოლურია, რადგან ამ ქალაქიდან დაიწყო ლეგენდარული „არგოს“ მოგზაურობა შავი ზღვისკენ), კ.ქიოსის, კონსტანცასა და ვარნას ღირსშესანიშნაობებსა და მუზეუმებს. დაუვიწყარი სანახაობა იყო საკრუიზო გემით შესვლა ბოსფორში და ზღვიდან დანახული სტამბული – ძველი კონსტანტინოპოლი. მოგზაურობა დასრულდა სტამბულში ფოტოგამოფენით „სამი ზღვა და შვიდი პორტი: კულტურული მარშრუტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე“, რომელიც წარმოდგენილი იყო კოჩის მუზეუმის სპეციალურ დარბაზში. სამეცნიერო სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, კულტურისა და ტურიზმის სფეროში მომუშავე სპეციალისტები, კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები ბრიუსელის ევროპული დაწესებულებებიდან. ყველა ქვეყნის 60-მა მონაწილემ წარმოადგინა მოხსენებები, სადაც განხილული იყო როგორც სამეცნიერო კვლევის საკითხები, ასევე ახალი გეგმები და იდეები დაკავშირებული შავი ზღვის საპორტო ქალაქების კულტურულ და ტურისტულ განვითარებასთან.
სიმპოზიუმის მუშაობაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები. სიმპოზიუმის მოხსენებები ნოემბრის ბოლოს დაიბეჭდება.
სიმპოზიუმის მთავარი მიზანი იყო შავი ზღვის კულტურული პორტის ინსტიტუციის დაფუძნებისთვის საფუძვლის მომზადება. შავი ზღვის კულტურული პორტის ინსტიტუციის დაარსებამ ხელი უნდა შეუწყოს ეგეოსისა და შავი ზღვის რეგიონების კულტურული თვალსაზრისით დაკავშირებას და კულტურული ტურიზმის განვითარებას.
რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ ბათუმმა მომავალში მოიპოვოს შავი ზღვის კულტურული პორტის სტატუსი
შავი ზღვის კულტურული პორტის სტატუსის მოპოვება სამეცნიერო კვლევით ორგანიზაციებთან ერთად იმ სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობასა და ოპერატიულობაზეა დამოკიდებული, რომლებიც მონაწილეობენ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებასა და რეკომენდაციების შესრულებაში. ამას პროექტის გაგრძელებისთვის არსებითი მნიშვნელობა ექნება.
საქართველოში პროექტის ხელმძღვანელი მარიან დიდებულიძე იმედოვნებს, რომ პროექტი ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონში ტურიზმის განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ, წინ წამოწევს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობას, მისი დაცვის, მოვლისა და შენარჩუნების საკითხებს.
„ლიმენის“ პროექტის ერთ-ერთი მონაწილის ნინო ინაიშვილის აზრით, შავი ზღვის კულტურული პორტის ტიტულის მოპოვებისათვის კონკურენციაში ჩაბმა მნიშვნელოვანი გამოწვევაა ბათუმისთვის, თუმცა მას საამისო პოტენციალი გააჩნია. ვინაიდან ეს პროგრამა ფართო კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ მიზნებს უკავშირდება, ამიტომ სახელისუფლებო სტრუქტურების მხრიდან საჭიროა ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის: პოლიტიკოსების, კულტურისა და ბიზნესსექტორების, აკადემიური წრეების, მოქალაქეებისა და ადგილობრივი თემების ჩართულობა. სწრაფვა აღნიშნული ტიტულის მოსაპოვებლად უნდა იქნას გამოყენებული ქალაქის მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად და უნდა შეესაბამებოდეს ადგილობრივი ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგიას. ფაქტობრივად, ეს პროექტი გვთავაზობს ქალაქისა და რეგიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიზნების მიღწევას კულტურის მეშვეობით. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება კულტურული ტურიზმის განვითარებას, რომლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ქალაქის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა. ქალაქის განსაკუთრებულობისა და ისტორიის, გარემოს კულტურული იდენტობის წარმოჩენა და კრეატიული ინდუსტრიების განვითარება ხელს შეუწყობს ბათუმისა და, ზოგადად, აჭარის, როგორც კულტურული რეგიონის იმიჯის დამკვიდრებას შავი ზღვის აუზში.
„შავი ზღვის კულტურული პორტის“ ინიციატივა უფრო გლობალურ მიზნებსაც ემსახურება, კერძოდ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბებას და კულტურათა შორის დიალოგის ხელშეწყობას. პროექტის ავტორებსა და პარტნიორებს სწამთ, რომ განსაკუთრებით ახლა, ამ კონფლიქტების დროს, კულტურას შეუძლია გახდეს უმნიშვნელოვანესი იარაღი ამ არეალში ურთიერთკავშირისა და მეგობრობის დამყარებისათვის. კულტურას შესწევს ძალა, დააკავშიროს, გააერთიანოს ადამიანები და თავისი წვლილი შეიტანოს როგორც რეგიონის, ისე მისი მოქალაქეების განვითარებაში.
ხელვაჩაურის ”მაჭახელას” ფეხბურთელი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მკვლელი უკვე დაკავებულია. უწყებისვე ინფორმაციით მკვლელი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ურთიერთშელაპარაკებისას, დანით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ფერცელიძეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
„მაჭახლის“ ფანკლუბის ინფორმაციის თანახმად, თენგო ფერცელიძე დაბადების დღეზე იმყოფებოდა.
„სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ჩვენი გუნდის მაისურით, სამწუხაროდ ბოლო მატჩი ჩაატარა და გატანილი გოლით დაგვამახსოვრა თავი. კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ფანებთან და გუნდის წევრებთან. 20 წლის დამწყები ფეხბურთელი იყი, მთელი კარიერა წინ ჰქონდა“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ფანკლუბში.
თენგო ფერცელიძე კლუბ „გაგრაში“ თამაშობდა „მაჭახელაში“ კი წელს გადავიდა.
მისი მკლელობის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით – განხრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 15 წლამდე.
WADA-მ სპორტსმენებისთვის აკრძალული პრეპარატების სია განაახლა

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტო აკრძალულ სიას ყოველწლიურად ამტკიცებს. ეს იმას ნიშნავს, რომ აკრძალული სია ყოველწლიურად იცვლება, ემატება ან აკლდება პრეპარატების ჩამონათვალი და პრეპარატების მიღების მეთოდები. აკრძალული პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში სპორტსმენის წინააღმდეგ ხორციელდება სხვადასხვა სახის სანქცია, მათ შორის დისკვალიფიკაცია (როგორც რამდენიმე წლით, ისე სამუდამოდ) და შედეგების გაუქმება.
წელს ცვლილებები შევიდა ჰორმონულ, შარმდენი პრეპარატების, სტიმულატორებისა და ალკოჰოლური ნივთიერებების ჯგუფებში. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტო WADA-ს უფლებამოსილი ორგანოა, აკრძალული სია საქართველოშიც პირველი იანვირდან ამოქმედდება.
„წელს სერიოზული ცვლილება შევიდა აკრძალულ სიაში. გულის კუნთების მკვებავი პრეპარატი მილდრონატი, რომელსაც ფართოდ ხმარობდნენ სპორტსმენები, აღმოჩნდა, რომ სპორტში ხელოვნურად აძლიერებს შედეგებს. ამის დასადგენად 5-წლიანი კვლევა ჩაატარეს, წელს კი აკრძალულ სიაში შეიტანეს“, – უთხრა „ბათუმელებს“ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარემ, პროფესორმა პავლე კასრაძემ.
„მილდრონატი“, იგივე „მელდრონიუმი“, აკრძალულ სიაში ჰორმონებისა და მეტაბოლური მოდულატორების ჯგუფს განეკუთვნება. პავლე კასრაძის თქმით, ამ წამალს გულთან დაკავშირებული პრობლემების დროს იყენებენ. წამლის ანოტაციაში კი წერია, რომ მისი გამოყენების შედეგად ორგანიზმი იძენს დატვირთვის ატანისა და ენერგეტიკული რეზერვების სწრაფი აღდგენის უნარს.
გარდა ამ ერთი პრეპარატის აკრძალვისა, კორექტურა შევიდა სპორტის ზოგ სახეობაში შარდმენდი პრეპარატებისა და ალკოჰოლის მიღების რეგულაციებში – დასაშვები გახდა შარდმდენი პრეპარატების ჯგუფში შემავალი საშუალებების ოფთალმოლოგიური მიზნით გამოყენება. ეს ცვლილება კვლევის მეთოდების განვითარებას უკავშირდება. „დაიხვეწა მეთოდები, რითაც არკვევენ პრეპარატის მიღების გზას. აქედან გამომდინარე შესაძლებელია დადგენა სპორტსმენმა ცხვირში ჩაიწვეთა პრეპარატი, თუ ვენაში გაიკეთა“, – გვითხრა პავლე კასრაძემ.
ბათუმელი საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში

– მირანდა, რამდენი ხანია რაც ჭადრაკს თამაშობ?
– რვა წლიდან ვთამაშობ ჭადრაკს, რამდენიმე თვის დაწყებული მქონდა ჭადრაკის თამაში, რომ 10-წლამდე გოგონებში ყველასთვის მოულოდნელად გავხდი აჭარის ჩემპიონი. მეორე მთავარი მიზეზი იყო ნონა გაფრინდაშვილთან ერთდროული ამაშის სეანსის დროს ყაიმი, მაშინ შემაქო ქალბატონმა ნონამ. ეს იყო ჩემთვის დიდი სტიმული და სიხარული. აქედან დაიწყო ჩემი კარიერა ჭადრაკის სამყაროში.
– რა არის ყველაზე რთული მოჭადრაკისთვის?
– დიდ შრომას მოითხოვს, დღეში მინიმუმ ექვსი საათი მაინც აუცილებელია ვარჯიში, პატარა ბავშვისთვის კი ძალიან ძნელია, როცა თანატოლები ეზოში თამაშობენ, შენ კი საათობით ჭადრაკის დაფასთან უნდა იჯდე და იმეცადინო. ასევე აუცილებელია ძლიერი ნებისყოფა, თითო პარტია საშუალოდ 4-6 საათამდე გრძელდება.
– როგორ შეცვალა ჭადრაკმა შენი ცხოვრება?
– რვა წლიდან ვმონაწილეობ ტურნირებში. იყო ბევრი დასანანი მარცხი, რამაც ძალიან დამწყვიტა გული, განვიცდიდი, მაგრამ ყოველთვის ვაგრძელებდი შემდეგი ტურნირისთვის მზადებას. ეს დიდ ენერგიას და ნებისყოფას მოითხოვს. თუმცა ამ სირთულეების მიღმა იყო ასევე საინტერესო სპორტსმენის ცხოვრება – რვა წლიდან ვმოგზაურობ სხვადასხვა ქვეყანაში, რაც ყოველთვის მაინტერესებდა. მახსოვს, პირველად რომ ჩამაბარეს მშობლებმა ჯგუფის ხელმძღვანელს და საბერძნეთში წავედი შეჯიბრზე, 12 დღით.
– თუ მოგბეზრებია ჭადრაკის თამაში და თუ გიფიქრია დაგენებებია თამაშისთვის თავი?
– კი იყო ასეთი მომენტი, 2003 წელს გავხდი ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ორ კვირაში კი მსოფლიო ჩემპონატზე უნდა წავსულიყავი. სამწუხაროდ, მაშინ დაფინანსებაზე უარი მითხრეს და მსოფლიო ჩემპიონი გახდა ის, ვისაც მე ევროპის ჩემპიონატზე მოვუგე. ძალიან მძიმე გადასატანი იყო, ექვსი თვე საერთოდ ვეღარ ვმეცადინეობდი, მაგრამ შემდეგ გადავლახე ეს ფსიქოლოგიური ბარიერი და მალევე, 14 წლის ასაკში 20-წლამდე საქართველოს ჩემპიონი გავხდი.
– სპორტის სხვა სახეობებში, მაგალითად, ფეხბურთში, ტანვარჯიშში… საჭიროა ყოველდღიური და ინტენსიური ვარჯიში. ასეთი ყოველდღიური ვარჯიში თუ არის საჭირო ჭადრაკში და რატომ? რა სახის ვარჯიშებს ითვალისწინებს?
– აუცილებელია სადებიუტო მომზადება, კლასიკური პარტიების გარჩევა, საჭადრაკო ამოცანების ამოხსნა და ა.შ. ჭადრაკში კარგად რომ მოემზადო, ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი კომპიუტერი, რადგან დებიუტებს კომპიუტერზე ვარჩევთ. მინდა განსაკუთრებით პატივისცემით აღვნიშნო ჩემი მწვრთნელი ლეონიდ ნეურონოვი, ჩემი ყველა მნიშვნელოვანი მიღწევა ამ ადამიანის დამსახურებაა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის საქართველოს მასშტაბით გამორჩეული მწვრთნელი, თავისი საქმის პროფესიონალია.
– რით განისაზღვრება ძლიერი მოჭადრაკეობა? ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ მას ყველაზე მეტი სვლა და კომბინაციები უნდა ჰქონდეს დაზეპირებული?
– როგორც ყველა სპორტში, ტიტულებით. ძლიერი და სუსტიც ერთნაირ სვლებს აკეთებს, მაგრამ დიდოსტატმა იცის, როდის რა სვლა უნდა გააკეთოს.
– ახლა თუ ემზადები და რა ინტენსივობით, რა ტურნირი გელის წინ?
– მაისში ბათუმში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, სადაც შევასრულე ნორმა და გავხდი ქალთა შორის დიდოსტატი. ახლა ვემზადები საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში სათამაშოდ. ცამეტიდან თექვსმეტ წლამდე თავდაუზოგავად ვმუშაობდი ზაფხულში, ფაქტობრივად, მთელი დღე, 8-10 საათიც კი. შემდეგ ჩავაბარე უნივერსიტეტში და, სამწუხაროდ, ისე ვეღარ ვმეცადინეობდი, როგორც საჭიროა.
– რომელია შენთვის განსაკუთრებული თამაში, ვისთან შეხვედრას გამოყოფდი?
– ჩემი სამი წლის შვილი, ბარბარე დაინტერესებულია ჭადრაკით, ჭადრაკის ფიგურები მისთვის საყვარელი სათამაშოებია. ყველაზე სასიამოვნო და საინტერესო მასთან თამაში იქნება.
– ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ წევრი ხარ, რამდენი ხანია ამ კლუბში თამაშობ?
– კლუბ „ნონას“ წევრი დაარსების დღიდან ვარ, სისტემატურად ვემზადები კლუბის დახმარებით და დაფინანსებით, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმის მერიას და კლუბის დირექტორს გიორგი ჭანტურიას.

– როგორ შეაფასებ „ნონას“ ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე – რა არის მისი წარმატების საფუძველი?
– კლუბი ორი წელია ბრწყინვალედ ასპარეზობს ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე უძლიერეს გუნდებში, ორი წელია ზედიზედ 7 ტურიდან 7 ტურის მოგება ეს წარმოუდგენელიც კია, ძალიან გახარებულები ვართ. წარმატების მიზეზი ბევრი ფაქტორია, მთავარი მაინც საუკეთესო გოგონების გუნდია, სადაც თამაშობს ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ასევე გუნდის ხელმძღვანელების მონდომება და მერიის ფინანსური მხარდაჭერა.
– როგორ ხედავ მომავალში შენ თავს ჭადრაკში, რას გააკეთებ, როცა აღარ ითამაშებ?
_ ალბათ გავაგრძელებ სამწვრთნელო საქმიანობას. უკვე მყავს რამდენიმე მოსწავლე და მონდომებით ვამეცადინებ. მინდა წარმატებას მიაღწიონ. ბავშვის მიყვანა ჭადრაკზე უკვე ოთხი წლიდან შეიძლება. ჭადრაკი ბავშვს ინტელექტუალური შრომისადმი ინტერესს აღუძრავს, აიძულებს ჯერ დაფიქრდეს, შემდეგ – იმოქმედოს. ეს სასარგებლო უნარია. ჭადრაკისთვის ასევე აუცილებელი და მნიშვნელოვანია ფიზიკური მომზადება, ცურვა, ვარჯიში და ძლიერი კომპიუტერი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ვარიანტების გარჩევა. სამწუხაროდ, ეს ფუფუნება ბევრს არ აქვს.
სოფელი ნიგაზეული [ფოტო]








