სიახლეები

საკრებულოს თავმჯდომარეები ოცნების რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებად

18.11.2015 • 1650
საკრებულოს თავმჯდომარეები ოცნების რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებად

 

რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად პარტიამ ქედაში მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის ამირან ცინცაძის, ხოლო შუახევში ნოდარ ქარცივაძის კანდიდატურა  დაასახელა. პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატები დელეგატებმა  ერთხმად აირჩიეს.

 

ამირან ცინცაძე
ამირან ცინცაძე

ქედის საკრებულოს თავმჯდომარე და „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ამირან ცინცაძე აცხადებს, რომ მან ხმათა სრული რაოდენობა მიიღო და დასძენს, რომ პარტიის სამოქმედო გეგმა, პირველ ეტაპზე, პარტიული ოფისის გაძლიერებაა.

 

„140 დელეგატიდან პარტიულ ყრილობას ქედაში 101 დელეგატი ესწრებოდა.  ყველამ დამიჭირა მხარი, ჩვენი სამოქმედო გეგმა, პირველ ეტაპზე, პარტიული ოფისის გაძლიერებაა და, რაც მთავარია, წინასწარ ვიცი, რომ 2016 წლის არჩევნებში ტრიუმფალურად გავიმარჯვებთ“, – აცხადებს ამირან ცინცაძე.

 

ნოდარ ქარცივაძე
ნოდარ ქარცივაძე

ნოდარ ქარცივაძე ამბობს, რომ პარტიული მუშაობა საკრებულოს საქმიანობაში ხელს არ შეუშლის.

 

„102 დელეგატიდან 95 გამოცხადდა და აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა მივიღე. პარტიამ შუახევში მხოლოდ ჩემი კანდიდატურა წარადგინა, სხვა კანდიდატურა არ დასახელებულა. რაც შეეხება მუშაობას, საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობაში ხელს არ შემიშლის, ვიყავი როგორც პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე და მშვენივრად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ძირითადი  საკითხების გამშუქებელი და შემსრულებელი აღმასრულებელი მდივანია“, – აცხადებს ნოდარ ქარცივაძე.

 

პარტიულ ყრილობას აჭარის მაღალმთიანეთში ის საჯარო მოხელეებიც ესწრებოდნენ, რომლებიც პარტიის წევრები და დელეგატები არიან. ახალარჩეული ორგანიზაციის თავმჯდომარეები აცხადებენ, რომ ის საჯარო მოხელეები, რომლებიც პარტიულ ყრილობას ესწრებოდნენ, ერთდღიან შვებულებაში იყვნენ გასული და კანონი არ დაურღვევიათ.

 

„მეც გავედი ერთდღიან შვებულებაში, საკრებულოს კომისიის ოთხი წევრიც და ის საჯარო მოხელეებიც, ვინც პარტიულ ყრილობას ესწრებოდა“, – აცხადებს ნოდარ ქარცივაძე.

 

სულხან ოქროპირიძე
სულხან ოქროპირიძე

დღეს პარტიული ყრილობა გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტშიც. ქობულეთშიც, ისე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე არ შეცვლილა და კვლავაც ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე იქნება.

 

პარტიულ ყრილობას ქედაში, შუახევსა და ქობულეთში პარტიის აღმასრულებელი მდივანი კახი კალაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ესწრებოდნენ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: