სიახლეები

ახალი სახეები და ვაკანსიები აჭარის მთავრობაში

20.11.2015 • 2138
ახალი სახეები და ვაკანსიები აჭარის მთავრობაში

 

ცოტა ხნის წინ  თანამდებობა დატოვა მერიის საფინანსო ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილემ ტიტე აროშიძემაც. ის სამუშაოდ არასამთავრობო ორგანიზაციაში გადავიდა. მისი ადგილი ბათუმში „ტაოპრივატბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის ყოფილმა მმართველმა ირაკლი ბოლქვაძემ დაიკავა. ტესტირების გავლამდე ის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს. „ვიდრე ტესტირებას არ გავივლი, გადაწყვეტილი არაფერია. არც ტიტეს ხელში მუშაობდა ეს სამსახური ცუდად, მაგრამ შევეცდები უკეთესად ვამუშაო“, – უთხრა „ბათუმელებს“ ირაკლი ბოლქვაძემ.

 

ვაკანტური აღარ არის ბათუმის მერიის სტრატეგიული დაგეგმვისა და ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობაც. ამ განყოფილებას ლაშა ნაკაშიძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ლაშა ნაკაშიძე ახლა გაეროს ურბანული განვითარების ფონდის პროექტს ხელმძღვანელობს. მისი ადგილი განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ეთუნა ლომაძემ დაიკავა. მთავარი სპეციალისტის თანამდებობა კი მერიის სტრატეგიული დაგეგმვისა და ეკონომიკური განვითარების განყოფილებაში ვაკანტურია.

 

ორი ვაკანტური ადგილია მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურში. ტესტირების შემდეგ ამ სამსახურში ვაკანტურია უფროსის მოადგილის და ერთი სპეციალისტის თანამდებობა. თითო ვაკანტური თანამდებობაა მერიის ინფორმაციულ ტექნოლოგიურ და ადმინისტრაციულ სამსახურში.

 

სპორტის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ადგილია ვაკანტურია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. ამ ვაკანსიის შესავსებად სამინისტრომ კონკურსი უკვე გამოაცხადა. საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე www.hr.gov.ge გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამინისტრო გამარჯვებულ კანდიდატს გამოსაცდელი ვადის გარეშე აიყვანს სამსახურში. ხელფასის სახით ამ თანამდებობაზე 750 ლარია განსაზღვრული.

 

ვაკანტურია სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის მოადგილის თანამდებობა, ამ თანამდებობაზეც კონკურსია გამოცხადებული. სააგენტოს ფილიალის უფროსის მოადგილის თანამდებობრივი სარგო 1200 ლარია. სოციალური მომსახურების სააგენტოს კონკურსი ორი სოციალური აგენტის ვაკანსიაზეც აქვს გამოცხადებული. სოცაგენტის ხელფასი 800 ლარია.

 

ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. სამინისტრო  კონკურსის შედეგად ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების მთავარ სპეციალისტს, ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მთავარ სპეციალისტს, ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მთავარ სპეციალისტს, ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის ურბანული განვითარების განყოფილების მთავარ სპეციალისტს, საბიუჯეტო დეპარტამენტის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმირებისა და შესრულების ანალიზის განყოფილების მთავარ სპეციალისტს შეარჩევს. სამინისტრო კონკურსში გამარჯვებულ პრეტენდენტებს სამთვიანი გამოსაცდელი ვადით აიყვანს.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დასაქმების მსურველებს სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე 1-2  ან სამწლიანი გამოცდილება მოეთხოვებათ.

 

საჯარო სამსახურში გამოცხადებულ კონკურსებში კონკურსის მონაწილეებს საქართველოს კონსტიტუციისა და სხვადასხვა სამართლებრივი აქტების, ასევე შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მოეთხოვებათ. კონკურსანტებისგან ასევე ითხოვენ უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს; შრომის წიგნაკს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელ სხვა დოკუმენტებს.

 

სამეტაპიანი კონკურსის პირველი ეტაპი იქნება განცხადების  გადარჩევა, მეორე ეტაპზე ჩატარდება ტესტირება, ხოლო მესამე ეტაპი ითვალისწინებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან გასაუბრებას. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ გასაუბრების პროცესი ჩაიწერება აუდიო და ვიდეოფორმატში.

 

ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, კონკურსის  გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში უნდა გაიარონ რეგისტრაცია და გააგზავნონ განცხადება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: https://www.hr.gov.ge

გადაბეჭდვის წესი


ასევე: