ნეტგაზეთი • RU

შსს-ს შეკვეთილი ვახშამი რესტორნებში და გაურკვეველი სტუმრები

 

შსს-ს ცენტრალური აპარატის მიერ 2013-2014 წლებში გაწეულია 2,9 მილიონი ლარის წარმომადგენლობითი ხარჯი, თუმცა, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევისას ზოგიერთ შემთხვევებში გაურკვეველია სტუმრების ვინაობა და რაოდენობა. აუდიტის დასკვნით, მთელი რიგი შეუსაბამობებია სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვებისა თუ სხვა საქმიანობის დროსაც.

 

 2013 წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ, „წარმომადგენლობითი ხარჯების“ ქვემუხლით, გაწეულია 1 მილიონ 859 ათას 700  ლარის ხარჯი, ხოლო 2014 წლის განმავლობაში – 1  მილიონ 82 ათას 200 ლარის ხარჯი. თუმცა, ამ ხარჯების გაწევისას „ზოგიერთ შემთხვევებში გაურკვეველია სტუმრების ვინაობა და რაოდენობა“. – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში, სადაც რამდენიმე მაგალითია მოყვანილი:


2014 წლის 8 მაისს ქ. ბათუმში გაიმართა ვახშამი, რისთვისაც შპს „აჭარულ-ლაზურისთვის“ გადახდილია 3,6 ათასი ლარი; ასევე ქ. ბათუმში, 2014 წლის 30 მაისს, პოლიციელის დღის აღსანიშნავად გაიმართა დაჯილდოების ცერემონია და ვახშამი მოწვეული სტუმრებისთვის. ვახშამი გაიმართა სასტუმრო „შერატონში“ 400 პერსონაზე, რისთვისაც სს „ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთისთვის“ გადახდილია 55,6 ათასი ლარი.


ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, წარმოდგენილი დოკუმენტებით, არ ფიქსირდება თუ ვინ და რამდენი პირი იმყოფებოდა სტუმრის რანგში.

 

2014 წლის 11 მარტს გაიმართა ვახშამი 20 პირზე რესტორანში „მცხეთის დარბაზი“ სტუმრების გასამასპინძლებლად, რისთვისაც შპს „გუჯარისთვის“ გადახდილია 4,5 ათასი ლარი. სტუმრების რანგში იმყოფებოდნენ ბელორუსიის საგანგებო   სიტუაციების სამინისტროს დელეგაცია (5 პირი).


ამავე დღეს რესტორან „კოპალაში“ გაიმართა ვახშამი 20 პირზე იმავე ბელორუსი სტუმრების გასამასპინძლებლად, რისთვისაც შპს „კოპალასთვის“ გადახდილია 3,7 ათასი ლარი.


მეორე დღეს (2014 წლის 12 მარტს) რესტორან „ფუნიკულიორში“ გაიმართა ვახშამი 20 პირზე იმავე ბელორუსი სტუმრების გასამასპინძლებლად, რისთვისაც შპს „ჯი-ემ-თი მთაწმინდისთვის“ გადახდილია 8,2 ათასი ლარი;

 

2014 წლის 24 აპრილს რესტორან „ფუნიკულიორში“ გაიმართა ვახშამი 25 პირზე ისრაელიდან სტუმრად მყოფი პირების გასამასპინძლებლად, რისთვისაც შპს „ჯი-ემ-თი მთაწმინდისთვის“ გადახდილია 9,5 ათასი ლარი;

 

2014 წლის 4 სექტემბერს ქ. მცხეთაში რესტორან მუზეუმ „გუჯარში“ გაიმართა ვახშამი 15 პერსონაზე უკრაინული დელეგაციის გასამასპინძლებლად, რისთვისაც შპს „რესტორან მუზეუმ გუჯარისთვის“ გადახდილია 5,2 ათასი ლარი;

                                                                                                                                 

2014 წლის 29 ნოემბერს ქ. მცხეთაში რესტორან მუზეუმ „გუჯარში“ გაიმართა ვახშამი 14 პერსონაზე უკრაინული დელეგაციის გასამასპინძლებლად, რისთვისაც შპს „რესტორან მუზეუმ გუჯარისთვის“ გადახდილია 7 ათასი ლარი;

 

2013 წლის 2 იანვარს რესტორან „სენატში“ გაიმართა ვახშამი, რისთვისაც შპს „სენატისთვის“ გადახდილია 15,5 ათასი ლარი. წარმოდგენილ დოკუმენტებში დაფიქსირებული არ არის სტუმრების ვინაობა და რაოდენობა;

 

ანალოგიურად, 2013 წლის 19 აპრილს რესტორან „სენატში“ გაიმართა ვახშამი 50 კაცზე, რისთვისაც შპს „სენატისთვის“ გადახდილია 9,8 ათასი ლარი. დაფიქსირებული არ არის სტუმრების ვინაობა და ხარჯის გაწევის აუცილებლობა.

 

2013 წლის 1 აგვისტოს რესტორან „ფუნიკულიორში“ გაიმართა ვახშამი აზერბაიჯანელი სტუმრების საპატივცემულოდ, რისთვისაც შპს „ჯი-ემ-თი მთაწმინდისთვის“ გადახდილია 22,9 ათასი ლარი. უცნობია, თუ რამდენი პირი ესწრებოდა ვახშამს და მათ შორის რამდენი იყო სტუმარი;

 

იმავე დღეს რესტორან „კოპალაში“ გაიმართა ვახშამი ასევე აზერბაიჯანელი სტუმრების საპატივცემულოდ, რისთვისაც შპს „კოპალასთვის“ გადახდილია 9,7 ათასი ლარი. მიღება-ჩაბარების აქტიდან ირკვევა, რომ ვახშამი გაიმართა 45 პირზე. დაფიქსირებული არ არის თუ რამდენი იყო სტუმარი;

 

ხოლო 8 აგვისტოს, იმავე რესტორან „კოპალაში“ გაიმართა ვახშამი სომხეთიდან ვიზიტად მყოფი სტუმრების საპატივცემულოდ, რისთვისაც შპს „კოპალასთვის“ გადახდილია 9,6 ათასი ლარი. მიღება-ჩაბარების აქტიდან ირკვევა, რომ ვახშამი გაიმართა 40 პირზე. გაურკვეველია აქედან რამდენი იყო სტუმარი;

 

ანალოგიურად, 2013 წლის 9 აგვისტოს რესტორან „ფუნიკულიორში“ გაიმართა ვახშამი ისევ აზერბაიჯანელი სტუმრების საპატივცემულოდ, რისთვისაც შპს „ჯი-ემ-თი მთაწმინდისთვის“ გადახდილია 16,3 ათასი ლარი. ასევე უცნობია, თუ რამდენი პირი ესწრებოდა ვახშამს და მათ შორის რამდენი იყო სტუმარი;

 

2013 წლის 31 დეკემბრიდან 2014 წლის 3 იანვრამდე პერიოდში შსს დელეგაცია ვიზიტით იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ქ. ანაკლიაში სასტუმროში განთავსებისთვის შპს „ლაზისთვის“ გადახდილია 3,8 ათასი ლარი. წარმოდგენილი დოკუმენტებიდან გაირკვა, რომ დაქირავებული იყო სასტუმროს 19 ნომერი ერთი დღე-ღამით, თუმცა გაურკვეველია ვინ და რამდენმა პირმა იცხოვრა სასტუმროში. ვიზიტთან დაკავშირებით გაიმართა ასევე ვახშამი 62 პირზე, რისთვისაც იმავე შპს „ლაზისთვის“ გადახდილია 7,4 ათასი ლარი. დაფიქსირებული არ არის თუ ვინ ესწრებოდა ვახშამს და რა აუცილებლობით იყო გამოწვეული მისი გამართვა.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში ახლახან გამოაქვეყნა. აუდიტის ინფორმაციით შემოწმდა 2013-2014 წლებში გაწეული საფინანსო–ეკონომიკური საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობა, შესაბამისი პერიოდების წლიური ბალანსები და მასთან დაკავშირებულ ანგარიშები. ზემოაღნიშნულთან გარდა სამსახურმა გამოავლინა მთელი რიგი შეუსაბამობები, მაგალითად:

 

„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებით ცალკეულ შემთხვევებში შეინიშნება, რომ ტენდერების გამოცხადებისას არასწორად არის განსაზღვრული შესყიდვის სავარაუდო ღირებულებები. ასეთ შემთხვევებში [თუ ტენდერში მონაწილეობას არ ღებულობს ბევრი პრეტენდენტი და ადგილი არ აქვს კონკურენციას], ცალკეული კომპანიები სარგებლობენ შექმნილი სიტუაციით და გამარჯვებულად ცხადდებიან სატენდერო წინადადებების ღირებულებებით, რომელიც აღემატება საბაზრო ღირებულებას;

 

2013 წლის განმავლობაში სამინისტროს ცენტრალური აპარატის მიერ ქვეყნის გარეთ მივლინებებზე გაწეულია 964,4 ათასი ლარის საკასო ხარჯი, ხოლო 2014 წლის განმავლობაში – 1 მილიონ 16 ათას შვიდასი ლარის საკასო ხარჯი. აუდიტის ჯგუფისთვის ვერ იქნა წარმოდგენილი ქვეყნის გარეთ მივლინებების მიწვევები. სამივლინებო თანხები ანაზღაურებულია ბრძანებებში მითითებული პირობების შესაბამისად. ვერ მოხერხდა ბრძანებებში მითითებული პირობების შედარება მიწვევებში დაფიქსირებულ პირობებთან. ადგილი ჰქონდა აუდიტის მასშტაბის შეზღუდვას;

 

გათვალისწინებული არ არის საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნები სამინისტროს მიერ დაქირავებულთათვის გაწეულ მომსახურებასა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოების დროსაც;


მაგალითად:

 

ბინის ქირაზე სამინისტროს 2013 წლის განმავლობაში გაწეული აქვს 138,9 ათასი ლარის, ხოლო 2014 წლის განმავლობაში – 287,6 ათასი ლარის ხარჯი. აღნიშნული ხარჯები გაწეულია სამინისტროს ბრძანებების საფუძველზე, რომელთა მიხედვითაც სამინისტროს თანამშრომლებს დაუქირავდათ საცხოვრებელი ბინები. აუდიტის დასკვნის მიხედვით, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის მომსახურების მიწოდებისას [ასევე საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემისას] საიჯარო ქირის წლიური საბაზრო ღირებულება განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. სამინისტროს მიერ აღნიშნული გადასახადის ბიუჯეტის ხარჯებში გათვალისწინების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი გადაუხდელი საშემოსავლო გადასახადის თანხა შეადგენს 106,5 ათას ლარს;

 

ანალოგიურად, 296,3 ათასი ლარი არ არის გადახდილი ბიუჯეტში, მინისტრის 2013 წლის 22 ნოემბრის ბრძანების შესრულების შედეგად, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები [მათ შორის შტატგარეშეები], დაღუპულ მოსამსახურეთა ოჯახის წევრები და შპს „სუფთა სამყაროს“ თანამშრომლები [რომლებიც ემსახურებიან სამინისტროს] დაჯილდოებული იქნენ საახალწლო ფასიანი საჩუქრებით [აღნიშნული ღონისძიების განხორციელების მიზნით სამინისტრომ გააფორმა ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვებზე გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შპს „გუდვილთან“ – 877,2 ათას ლარზე; შპს „ბადაგონთან“ – 134,2 ათას ლარზე; სს „ბაგრატიონი 1882“-თან – 174 ათას ლარზე]“.

 

„ჩვენი აზრით სამინისტროს საქმიანობა ზემოთ მოტანილი ფაქტების გამოკლებით შესაბამისობაშია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან“ აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.



ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე