სიახლეები

”არც არაფერი” – ვინ როგორ დაეხმარება ომარ როდონაიას

17.11.2015 • 1598
”არც არაფერი” – ვინ როგორ დაეხმარება ომარ როდონაიას

 

ომარ როდონაია
ომარ როდონაია

50 წლის ომარ როდონაიას შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას – „ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ადამიანი აღარ ვარ“, არაერთი გამოხმაურება მოჰყვა – ვინ ომარისთვის საწოლის ჩუქება მოინდომა, ვინ ჭურჭლის და ვინ კიდევ საკვების. ყველა მათგანი „ბათუმელებს“ ომარ როდონაიას საკონტაქტო ინფორმაციასა თუ საბანკო მონაცემებს სთხოვდა.

 

გასული კვირის განმავლობაში გარკვეული თანხა მართლაც ჩაირიცხა ომარ როდონაიას საბანკო ანგარიშზე. ეს, ცხადია, არ არის საკმარისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაწყვეტად.

 

ომარის დახმარების პირველი ინიციატივა საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხის გადაცემა „რეალური სივრცის“ ჟურნალისტებისგან წამოვიდა. მათ გადაწყვიტეს ომარს საცხოვრებელი ბინა უქირავონ. მოგვიანებით მათ სხვებიც შეუერთდნენ.

 

„გამოჩნდა დაახლოებით 30 ისეთი ადამიანი, ვინც მზად არის საკუთარი ხელფასიდან გამოყოს თანხა, რომლითაც ომარს დაეხმარებიან ყოველთვიურად – ბინის ქირას გადაუხდიან. ცხადია, თანხის დანიშნულება შეიცვლება, თუ ომარს ხელისუფლება საცხოვრებელს გადასცემს. მეორე ამბავი არის ის, რომ თავად ჩემი ორგანიზაცია დაინტერესდა ომარის მხარდაჭერით. ჩვენი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაა, რომ ომარი დავასაქმოთ ჩვენს ორგანიზაციაში. მისი მუშაობა ასე წარმოგვიდგენია: თვეში მინიმუმ ერთ ისეთ ადამიანს მოძებნის, რომელიც არის შშმ პირი, მარტოხელა და მიუსაფრად გრძნობს თავს ან არის დაავადების მატარებელი. ჩვენ ამ ადამიანებს დავეხმარებით სამართლებრივად, სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოებს მივაწვდით მათ ხმას და ეს იქნება პრეცედენტი სხვაგვარი ქველმოქმედების“, –  ამბობს მალხაზ ჭკადუა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.

 

მალხაზ ჭკადუას თქმით, ახალგაზრდების იგივე ჯგუფი, ომარ როდონაიას გარდა, კიდევ ორ ოჯახს დაეხმარება ყოველთვიურად 300-300 ლარით. „ერთი ოჯახი ქობულეთში ცხოვრობს უკიდურეს სიღატაკეში, მეორე – მუყაოს ქალაქში“, – თქვა მალხაზ ჭკადუამ.
მალხაზის ინფორმაციით, მათი ორგანიზაცია ასევე აპირებს დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლითაც შესაძლებელი გახდება „ქველმოქმედების შედეგად ბენეფიციარების ანგარიშზე დასმული თანხა არ იქნეს აღქმული როგორც შემოსავალი, რის გამოც მათ სოციალურ დახმარებას მოუხსნიან“.

 

ომარ როდონაიას ისტორიას გამოეხმაურა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი. მან „ბათუმელებს“ ომართან დაკავშირებული თავისი სამოქმედო გეგმა გააცნო: „მე განვიხილავ ორ ვარიანტს: თუ სამართლებრივად გვექნება საშუალება, ამ ადამიანს საცხოვრებელს გადავცემთ. თუ ეს ვარიანტი გამოირიცხება, მაშინ გაზეთის მეშვეობით პირობას ვდებ, რომ პირადად ჩემი სახსრებით, ჩემი კოლეგების მხარდაჭერით მის ყოფას გავაუმჯობესებთ – რემონტსაც გავუკეთებთ, საპირფარეშოსაც ავუშენებთ და საყოფაცხოვრებო ტექნიკასაც შევუძენთ. ჩვენ უკვე დავადგინეთ იმ სახლის მესაკუთრის ვინაობა, სადაც ახლა ცხოვრობს ბატონი ომარი. გვჭირდება მისი თანხმობა, საპირფარეშო რომ გავუკეთოთ. შეჯამების სახით ვიტყვი: ამ კვირას ზუსტად გვეცოდინება რას გავაკეთებთ. საკუთრებაში მივცემთ საცხოვრებელ სახლს, თუ ეს შესაძლებელი იქნება სამართლებრივად, მაგრამ თუ ეს შესაძლებელი არ იქნება, საცხოვრებელ პირობებს გავუუმჯობესებთ“.

 

ბათუმში იმყოფებოდა და ომარ როდონაიას მიწური უკვე მოინახულა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აჭარა, სამეგრელო, ზემოსვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსმა – მანუჩარ ჩილაჩავამ. მან ასევე ისაუბრა იმ სამართლებრივ გზებზე, რაც ომარ როდონაიას დახმარების შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფოს.

 

მანუჩარ ჩილაჩავა: „ამ პიროვნებას აჭარა, სამეგრელო, ზემოსვანეთი ტერიტორიული ორგანოსთვის სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით არ მოუმართავს. როგორც თვითონ აცხადებს, მან ამ საკითხზე წერილობით მიმართა აფხაზეთის მთავრობას, რომელიც ამ შემთხვევაში არ არის კომპეტენტური ორგანო. სტატუსის აღდგენაზე წერილობით ჩვენ უნდა მოგვმართოს, გაივლის შესაბამის კომისიას და თუ რეალურად არის დევნილი, მიენიჭება დევნილის სტატუსი. ჩვენი სამინისტრო ყოველნაირად ეცდება, რომ ის საცხოვრებელი ფართობით დააკმაყოფილოს“.

ომარ როდონაია ბოლო ექვსი წელია ცხოვრობს მიწურში, რომელსაც საპირფარეშოც კი არ აქვს.



გადაბეჭდვის წესი