მთიანი აჭარა

ადაპტირებულია თუ არა სკოლები აჭარის მთიანეთში შშმ მოსწავლეებისათვის

18.11.2015 • 2199
ადაპტირებულია თუ არა სკოლები აჭარის მთიანეთში შშმ მოსწავლეებისათვის

 

 

უსარგებლო პანდუსი ქედის კულტურის სახლში
უსარგებლო პანდუსი ქედის კულტურის სახლში

საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა ხელშემწყობი პროგრამები მოქმედებს, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცის შესაბამისად მოწყობასა და სტანდარტთან მიახლოვებას გულისხმობს.

 

საგანმანათლებლო პროგრამით განათლებას ხულოს მუნიციპალიტეტში სპეციალური საჭიროების მქონე 36 ბავშვი იღებს, აქედან 8 ბავშვი „შინ სწავლების“ პროგრამაშია ჩართული – პედაგოგი მათ ოჯახებში ასწავლის. რვა ბავშვიდან ოთხი ეტლით მოსარგებლეა. ხულოს რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი ნათია ჯოყილაძე აბობს, რომ ეტლით მოსარგებლე მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ ისინი `შინ სწავლების~ პროგრამაში არიან ჩართული და სკოლაში არ დადიან.

 

ხულოს საჯარო სკოლებს არც პანდუსები აქვთ და არც სპეციალური ოთახები, სადაც ბავშვებს პროგრამის მიხედვით დამატებითი აქტივობა უნდა ჩაუტარდეს.

 

„ეტლით მოსარგებლე ბავშვები ქედლების, ღურტის, დაბა ქედისა და ტუნაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. 36 მოსწავლეს 17 პედაგოგი ასწავლის ხულოში. პანდუსები და სპეციალური ოთახები სკოლებში არ არის, თუ იქნება ისეთი საკლასო ოთახები, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია, კარგი იქნება“, – ამბობს ნათია ჯოყილაძე.

 

ხულოს მუნიციპალიტეტისგან განსხვავებით, როგორც შუახევის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე გვიხსნის, შედარებით უკეთესი გარემოა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. მისი თქმით, სპეციალიზებული საკლასო ოთახები აქ რიგ სკოლებში არის და ბავშვებს დამატებითი აქტივობაც უტარდებათ.

 

„10 სკოლაში სპეციალური საჭიროების მქონე 14 მოსწავლე გვყავს, მათ 10 პედაგოგი ასწავლის. ყველა ბავშვი დადის სკოლაში და ისე იღებენ განათლებას. რაც შეეხება ეტლით მოსარგებლეებს, სოფელ ნიგაზეულის, უჩამბისა და გომარდულის სკოლებში ასეთი თითო მოსწავლე გვყავს – ისინი „შინ სწავლების“ პროგრამაში არიან ჩართული. პედაგოგი მათ სახლში ასწავლის, მაგრამ არის დღეები, როდესაც ბავშვები სკოლაში მოჰყავთ, ტრანსპორტი ემსახურება, რომ მოსწავლეებთან ინტეგრაცია მოხდეს. რაც შეეხება პანდუსებს, ამ სამი სკოლიდან პანდუსი მხოლოდ გომარდულში არ არის. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების უმრავლესობა დაწყებით და საბაზო საფეხურზე სწავლობს. ამირან მამალაძის სახელობის ბარათაულის საჯარო სკოლაში ოთხი მოსწავლე გვყავს, გომარდულში ორი და დანარჩენში – თითო. რაც შეეხება პედაგოგს, ათივე სკოლაში შესაბამისი პედაგოგი გვყავს, პროგრამულად ჯგუფში შვიდ ბავშვამდე გათვალისწინებულია ერთი სპეცპედაგოგი. შვიდ ბავშვზე მეტი არც ერთ სკოლაში არ გვყავს და პედაგოგების რაოდენობა სრულიად საკმარისია“, – ამბობს ედუარდ გოგრაჭაძე.

 

რესურსცენტრის უფროსი იმედოვნებს, რომ პანდუსები და სპეციალური საკლასო ოთახები სამომავლოდ ყველა სკოლაში მოეწყობა.

 

„ყველა სკოლაში იგეგმება პანდუსების მოწყობა, გარდა პანდუსებისა, ის სკოლები, რომლებსაც არ აქვთ სპეციალური საკლასო ოთახები, ინდივიდუალურად გეგმავენ სამომავლოდ გაკეთებას“, – ამბობს ედუარდ გოგრაჭაძე.

 

კითხვაზე, რამდენად ადაპტირებული გარემოა შექმნილი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ქედაში? – ქედის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი ამბობს, რომ ქედაში სკოლების დიდ ნაწილს პანდუსები აქვს, თუმცა ეტლით მოსარგებლისთვის შიდა სართულებში გადაადგილების პრობლემა ისევ რჩება.

 

„სკოლების დიდი ნაწილი კომუნისტების დროს არის აშენებული, იმ დროს კი  პანდუსები არ კეთდებოდა. სკოლებში, რომლებიც ახლა შენდება,  თითქმის ყველგან ეწყობა პანდუსი. მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი გაკეთდეს“, – ამბობს დურმიშხან შავიშვილი.

 

საქართველოს განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრი ციალა ტუღუში ამბობს, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვისთვის საგანმანათლებლო დაწესებულება იმის მიხედვით უნდა მოეწყოს, რა საჭიროებაც კონკრეტულ მოსწავლეს აქვს:

 

„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა კეთდება, სასწავლო გეგმას სპეცპედაგოგი ადგენს ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე, ეს ძალიან მოქნილი სისტემაა. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოეწყოს საგანმანათლებლო დაწესებულება, ეს სასწავლო გეგმაში გაწერილი არ არის, თუმცა შეიძლება გაწერილი იყოს თუ რა დამხმარე საშუალება უნდა გამოიყენოს პედაგოგმა სწავლების პროცესში. ადაპტირებულ გარემოში მხოლოდ პანდუსი არ მოიაზრება – სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ინდივიდუალური საჭირო გარემოს შექმნა იგულისხმება. მაგალითად, მოაჯირები, ხმის გამაძლიერებელი, კარგი განათება, მერხებს შორის დაშორება. სკოლამ უნდა იფიქროს პირველ რიგში მას რა სჭირდება, რადგან ყველა სკოლას სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლე ეყოლება. გარემოც ამის მიხედვით უნდა მოაწყოს“.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა რაოდენობა დედამიწის მოსახლეობის თითქმის 10%-ს შეადგენს, აქედან 120 მილიონი ბავშვი და მოზარდია. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში დღეს 200 000-მდე შშმ პირია, არაოფიციალურით კი – დაახლოებით ორჯერ მეტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: