სიახლეები

ბათუმი – შავი ზღვის კულტურული პორტი

16.11.2015 • 3538
ბათუმი – შავი ზღვის კულტურული პორტი

 

პროექტის პარტნიორები არიან: სტამბულისა და კოჩის უნივერსიტეტები (თურქეთი), კავალას მუნიციპალიტეტი (საბერძნეთი); კონსტანცას ნაციონალური ისტორიისა და არქეოლოგიის მუზეუმი (რუმინეთი); ოდესის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტი (უკრაინა); ვარნას მუნიციპალიტეტი (ბულგარეთი). პროექტის მხარდამჭერები არიან: შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC), შავი და აზოვის ზღვების პორტების ასოციაცია (BASPA), შავი ზღვის საერთაშორისო კლუბი (IBSC).

 

საქართველოში პროექტი „ლიმენის“ ლიდერი ორგანიზაციაა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი. ლიმენის ქართული ქსელის წევრი ორგანიზაციები არიან: აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, ქალაქ ბათუმის მერია, ბათუმის საზღვაო ნავსადგური, სამეცნიერო-აკადემიური დაწესებულებები: ბათუმის შოთა  რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი და თანამედროვე ხელოვნების ცენტრი CAC.

 

პროექტის მიზანი

 

პროექტის მიზანია შავი ზღვის რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარება და „კულტურის ევროპული დედაქალაქის“ გამოცდილების გამოყენებით ახალი ინსტიტუციის „შავი ზღვის კულტურული პორტის“ იდეისა და სტრატეგიის შემუშავება. „შავი ზღვის კულტურული პორტის“ ინსტიტუციის მიზანია შავი ზღვის აუზის ქალაქი-პორტების მემკვიდრეობისა და სპეციფიკური ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია: ქალაქი-პორტების მდგრადი და თანასწორი თანამშრომლობის ეკონომიკური და კულტურული პლატფორმის მომზადება.

 

რა არის საჭირო პროექტის მიზნის მისაღწევად

 

„შავი ზღვის კულტურული პორტის“ ინსტიტუციას, კულტურული მემკვიდრეობის, როგორც მნიშვნელოვანი ფასეულობის აღიარება უდევს საფუძვლად. როგორც გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მარიამ დიდებულიძე ამბობს, „ამ იდეის განსახორციელებლად თავდაპირველად შეიქმნება ისტორიული პორტების ერთიანი ქსელი, რომელიც დაეხმარება თავის წევრებს მათი კულტურის  უკეთ წარმოჩენასა და რეკლამირებაში. ასევე, უნდა შეიქმნას ერთიანი ტურისტული მარშრუტები, ნიშნულების ერთიანი სისტემა, საინფორმაციო ბუკლეტები, ცნობარები, ფირნიშები. დღევანდელ მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებულია, რომ კულტურულ მემკვიდრეობას სათანადო დაცვისა და განვითარების პირობებში მატერიალური კეთილდღეობის მოტანა შეუძლია“.

 

რა აქტივობები განხორციელდა პროექტის ფარგლებში

 

ადგილობრივი ქსელების ჩამოყალიბების გარდა, ყველა პორტისათვის შემუშავებული ერთიანი სქემის მიხედვით მომზადდა კონკრეტული პროდუქტები: ვებგვერდი https://www.limenproject.net, სადაც ინგლისურ ენაზე მოცემულია ინფორმაცია პროექტის მონაწილე შვიდი საპორტო ქალაქის ისტორიული და ბუნებრივ-კულტურული ღირსშესანიშნაობების შესახებ, რომლებიც თითოეული ქალაქის უნიკალურ სახეს ქმნის. ბათუმის შესახებ ინფორმაციაც საერთო თემატური სქემის მიხედვით მომზადდა: არქეოლოგიური ძეგლები (ბათუმისციხე, გონიო-აფსაროსი, პეტრა-ციხისძირი), დაცული ტერიტორიები (მტირალა, ისპანი), ქალაქის ურბანული მემკვიდრეობის ნიმუშები, რელიგიური ნაგებობები, უმაღლესი სასწავლებლები, მუზეუმები, კულტურის დაწესებულებები, თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშები, კულტურული პროექტები. ასევე ატვირთულია კლიპი ბათუმისა და მისი შემოგარენის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ. დაიბეჭდა გზამკვლევები და საინფორმაციო ბუკლეტები მოკლე ანოტაციებით ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ამ მასალებს წარმატებით გამოიყენებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და ტურისტული სააგენტოები.

 

მომზადდა მარშრუტები, რომლებიც ძირითადად განკუთვნილია ქალაქში კრუიზით ჩამოსული ტურისტებისათვის. ვინაიდან კრუიზის მონაწილეები ჩვეულებრივ ერთი დღით ან დაახლოებით რვა საათით ჩერდებიან ხოლმე პორტებში, ამიტომ მარშრუტები შედგენილია ისე, რომ ვიზიტორებმა შეძლონ როგორც ფეხით გასეირნება ქალაქში, ასევე სურვილის მიხედვით აირჩიონ არქეოლოგიური ძეგლებისა და მუზეუმების მონახულება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მარშრუტები საკრუიზო ტურისტებზეა გათვლილი, ნებისმიერ ტურისტულ სააგენტოს შეუძლია მათი პრაქტიკულად გამოყენება და ნებისმიერი კომბინაციით მათი შეთავაზება სხვა ტიპის ტურისტებისთვისაც. ეს მარშრუტები განსხვავდება აქამდე არსებული ტურისტული მარშრუტებისაგან სიახლით და მეცნიერულად გამართული ანოტაციებით. მთავარი აქცენტი გაკეთებულია კულტურულ მემკვიდრეობაზე, რითაც ბათუმი და, ზოგადად, აჭარის რეგიონი არის უნიკალური.

 

ორგანიზატორების მიერ მოწოდებული მოდელის მიხედვით, მზადდება ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისი დიზაინითა და გამძლე მასალით შესრულებული ფირნიშები. ფირნიშები განთავსდება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ შერჩეულ ძეგლებთან და მათ ადგილზე განთავსებასაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო უზრუნველყოფს.

 

პროექტის დასასრულს, ამა წლის დეკემბრის დასაწყისში, ჯერ თბილისში და შემდეგ ბათუმში ჩატარდება ფოტოგამოფენა „ნაოსნობა ბიზანტიიდან და ბიზანტიისკენ: შუა საუკუნეების პორტები შავი ზღვიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთისაკენ“. მსგავსი ფოტოგამოფენა პროექტის მონაწილე ყველა ქვეყანაში ჩატარდა. აღსანიშნავია ასევე, რომ ფოტოგამოფენის მასალები დარჩება ბათუმში. ეს ძალიან ძვირფასი შენაძენი იქნება ქალაქისთვის, რადგან მას დიდი შემეცნებითი და საგანმანათლებლო მნიშვნელობა გააჩნია.

 

პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო საკრუიზო გემზე „ზურმუხტის პრინცესა“ (სიდიდით მეხუთე გემი მსოფლიოში) ბიზანტიური და პოსტბიზანტიური ძეგლების ევროპული ცენტრისა და სტამბულის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სიმპოზიუმი „საპორტო ქალაქები ეგეოსიდან შავ ზღვამდე. შუა საუკუნეების და თანამედროვეობის კავშირები“. სიმპოზიუმი გაიმართა ამა წლის 22-28 აგვისტოს. „კულტურული კრუიზის“ ფარგლებში მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება გასცნობოდნენ საბერძნეთის ქალაქ ვოლოსის (რაც სიმბოლურია, რადგან ამ ქალაქიდან დაიწყო ლეგენდარული „არგოს“ მოგზაურობა შავი ზღვისკენ), კ.ქიოსის, კონსტანცასა და ვარნას ღირსშესანიშნაობებსა და მუზეუმებს. დაუვიწყარი სანახაობა იყო საკრუიზო გემით შესვლა ბოსფორში და ზღვიდან დანახული სტამბული – ძველი კონსტანტინოპოლი. მოგზაურობა დასრულდა სტამბულში ფოტოგამოფენით „სამი ზღვა და შვიდი პორტი: კულტურული მარშრუტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე“, რომელიც წარმოდგენილი იყო კოჩის მუზეუმის სპეციალურ დარბაზში. სამეცნიერო სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, კულტურისა და ტურიზმის სფეროში მომუშავე სპეციალისტები, კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები ბრიუსელის ევროპული დაწესებულებებიდან. ყველა ქვეყნის 60-მა მონაწილემ წარმოადგინა მოხსენებები, სადაც განხილული იყო როგორც სამეცნიერო კვლევის საკითხები, ასევე ახალი გეგმები და იდეები დაკავშირებული შავი ზღვის საპორტო ქალაქების კულტურულ და ტურისტულ განვითარებასთან.

 

სიმპოზიუმის მუშაობაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები. სიმპოზიუმის მოხსენებები ნოემბრის ბოლოს დაიბეჭდება.

 

სიმპოზიუმის მთავარი მიზანი იყო შავი ზღვის კულტურული პორტის ინსტიტუციის დაფუძნებისთვის საფუძვლის მომზადება. შავი ზღვის კულტურული პორტის ინსტიტუციის დაარსებამ ხელი უნდა შეუწყოს ეგეოსისა და შავი ზღვის რეგიონების კულტურული თვალსაზრისით დაკავშირებას და კულტურული ტურიზმის განვითარებას.

 

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ  ბათუმმა მომავალში მოიპოვოს შავი ზღვის კულტურული პორტის სტატუსი

 

შავი ზღვის კულტურული პორტის სტატუსის მოპოვება სამეცნიერო კვლევით ორგანიზაციებთან ერთად იმ სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობასა და ოპერატიულობაზეა დამოკიდებული, რომლებიც მონაწილეობენ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებასა და რეკომენდაციების შესრულებაში. ამას პროექტის გაგრძელებისთვის არსებითი მნიშვნელობა ექნება.

 

საქართველოში პროექტის ხელმძღვანელი მარიან დიდებულიძე იმედოვნებს, რომ პროექტი ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონში ტურიზმის განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ, წინ წამოწევს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობას, მისი დაცვის, მოვლისა და შენარჩუნების საკითხებს.

 

„ლიმენის“ პროექტის ერთ-ერთი მონაწილის ნინო ინაიშვილის აზრით, შავი ზღვის კულტურული პორტის ტიტულის მოპოვებისათვის კონკურენციაში ჩაბმა მნიშვნელოვანი გამოწვევაა ბათუმისთვის, თუმცა მას საამისო პოტენციალი გააჩნია. ვინაიდან ეს პროგრამა ფართო კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ მიზნებს უკავშირდება, ამიტომ სახელისუფლებო სტრუქტურების მხრიდან საჭიროა ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის: პოლიტიკოსების, კულტურისა და ბიზნესსექტორების, აკადემიური წრეების, მოქალაქეებისა და ადგილობრივი თემების ჩართულობა. სწრაფვა აღნიშნული ტიტულის მოსაპოვებლად უნდა იქნას გამოყენებული ქალაქის მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად და უნდა შეესაბამებოდეს ადგილობრივი ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგიას. ფაქტობრივად, ეს პროექტი გვთავაზობს ქალაქისა და რეგიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიზნების მიღწევას კულტურის მეშვეობით. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება კულტურული ტურიზმის განვითარებას, რომლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ქალაქის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა. ქალაქის განსაკუთრებულობისა და ისტორიის, გარემოს კულტურული იდენტობის წარმოჩენა და კრეატიული ინდუსტრიების განვითარება ხელს შეუწყობს ბათუმისა და, ზოგადად, აჭარის, როგორც კულტურული რეგიონის იმიჯის დამკვიდრებას შავი ზღვის აუზში.

 

„შავი ზღვის კულტურული პორტის“ ინიციატივა უფრო გლობალურ მიზნებსაც ემსახურება, კერძოდ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბებას და კულტურათა შორის დიალოგის ხელშეწყობას. პროექტის ავტორებსა და პარტნიორებს სწამთ, რომ განსაკუთრებით ახლა, ამ კონფლიქტების დროს, კულტურას შეუძლია გახდეს უმნიშვნელოვანესი იარაღი ამ არეალში ურთიერთკავშირისა და მეგობრობის დამყარებისათვის. კულტურას შესწევს ძალა, დააკავშიროს, გააერთიანოს ადამიანები და თავისი წვლილი შეიტანოს როგორც რეგიონის, ისე მისი მოქალაქეების განვითარებაში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: