სიახლეები

გაათავისუფლეს მასწავლებელი, რომელმაც საბავშვო ბაღში ბავშვზე ძალადობა გადაიღო

18.11.2015
გაათავისუფლეს მასწავლებელი, რომელმაც საბავშვო ბაღში ბავშვზე ძალადობა გადაიღო

 

ნათია ცინცაძე
ნათია ცინცაძე

ბაღის აღმზრდელი ნათია ცინცაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის ის ავადმყოფობს და შესაბამისი სამედიცინო ცნობის საფუძველზე სამსახურში არ დადის. მან ასევე იცის, რომ დისციპლინური კომისიის ხელმძღრვანელმა, ბაღების გაერთიანების იურისტმა გიორგი სურმანიძემ #6 ბაღის თანამშრომლებს ნათია ცინცაძის გათავისუფლების შესახებ აცნობა. „მე, ალბათ, ამის შესახებ 27-ში მაცნობებენ, როცა გავალ სამსახურში“, – ამბობს ბაღის აღმზრდელი ნათია ცინცაძე, რომელიც აპირებს დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

 

ნათია ცინცაძე ამბობს, რომ ის ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტის გასაჯაროების გამო ისჯება, თორემ მის წინააღმდე რამე ინფორმაცია რომ ჰქონოდათ, ამ ფაქტს არ დაელოდებოდნენ.

 

ნათია ცინცაძე ყვება, თუ რა მოიმოქმედა კადრების გადაღების შემდეგ: „სასწარფოდ ჩავედი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, გურანდა გობაძესთან, რომელმაც მითხრა, რომ ფაქტი არ უნდა გამეხმაურებინა. ჩემი ცვლა იყო პირველის ნახევრიდან შვიდის ნახევრამდე, მაგრამ გურანდა გობაძემ იმ დღეს გამათავისუფლა და მითხრა, რომ დავმშვიდებულიყავი. როცა დავრწმუნდი, რომ გურანდა გობაძე არაფრის გაკეთებას არ აპირებდა, შვიდის ნახევარზე დავუკავშირდი ბაღების გაერთიანების დირექტორს ქალბატონ ზაირა ქაჯაიასთან ერთად. მან გვითხრა, რომ აქ არ არის ისეთი ფაქტი და ძალიან გთხოვთ დამშვიდითო. იქედნა პირდაპირ გიორგი ემაკოვთან [ბათუმის მერი] შევიტანე ეს ვიდეო. ერმაკოვმა სასაცილო რამე მითხრა – რატომ არ გალახე ის ძიძაო“.

 

ნათია ცინცაძე მის მიმართ დისციპლინური კომისიის სავარაუდო პრეტენზიას – მიატოვა ჯგუფი და კადრები გადაიღო, არ იზიარებს: „ჩვენ ორი აღმზრდელი ვართ ჯგუფში. ამ დროს მე მქონდა უფლება ჯგუფიდან გამოსვლის, ბავშვები რომ მიტოვებული მყოლოდა, მაშინ კი იქნებოდა პრობლემა, მაგრამ ბავშვებთან სხვა აღმზრდელი იყო და მე მქონდა გარეთ გამოსვლის უფლება“.

 

ნათია ცინცაძე ამბობს, რომ დისციპლინურ კომისია მას არც შეხვედრია და კითხვები არც სხვა ფორმატში დაუსვამს. 

 

ბაღების გაერთიანების იურისტმა, გიორგი სურმანიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ნათია ცინცაძის გათავისუფლებაზე დისციპლინურმა კომისიამ დასკვნა გასულ პარასკევს დაწერა. მისივე თქმით, ამ საკითხზე განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ.

 

ბავშვზე ძალადობაში მხილებული ძიძა სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: