სიახლეები

ქონების კარუსელი აჭარის მთავრობაში – სასტუმრო მწვანე კონცხზე, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე

17.11.2015 •
ქონების კარუსელი აჭარის მთავრობაში – სასტუმრო მწვანე კონცხზე, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სასწავლებლის ტერიტორიის ნაწილი – 25 160 კვ/მ მიწის ფართობი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო, აჭარის ქონებად სექტემბერში დაარეგისტრირა; აქედან 1 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს დანიშნულება შეუცვალა და მთელი ეს ქონება, 200 კვ/მ ფართობის ნაგებობებთან ერთად, საკუთრებაში გაფორმებიდან ერთ კვირაში პირობებიან აუქციონზე გაიტანა. საწყისი გასაყიდი ფასი – 2,8 მილიონი ლარი იყო.

 

ელექტრონული აუქციონის ვებგვერდის მიხედვით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ „ბიზნეს დეველოპმენტმა“ და ქონება 12 ოქტომბერს 2 მილიონ 856 ათას ლარად შეიძინა. აუქციონის პირობების თანახმად, „ბიზნეს დეველოპმენტი“ ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი წლის ვადაში აქ ააშენოს არანაკლებ 150-ნომრიანი სასტუმრო, ავტოსადგომით, ღია და დახურული ტიპის აუზებით, კვების ობიექტებით, გამაჯანსაღებელი სპაცენტრით. აღნიშნულ პროექტში კომპანიამ არანაკლებ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

 

მწვანე კონცხი / სასწავლებლის შენობა

 

შპს „ბიზნეს დეველოპმენტი“ 2015 წლის ივნისში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 100% წილს შპს „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“ ფლობს. „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“, კომპანიის საიტის მიხედვით, 2005 წელს შეიქმნა და ის ინდუსტრიულ და კომერციულ სექტორებში კლიენტებს ძირითადად იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს.

 

თანამშრომლობს თუ არა კომპანია საპარტნიორო ფონდთან, რომელი კომპანიები არიან მისი პარტნიორები მწვანე კონცხის პროექტში, რა გეგმები გაქვთ და ან რა კავშირები იმ ფირმებთან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს სახელს უკავშირდება? – ამ კითხვების პასუხად კომპანიიდან შემდეგი SMS-ს შეტყობინება მივიღეთ: `სამწუხაროდ „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“ ვერ მოგაწოდებთ ინფორმაციას თქვენს მიერ დასმული კითხვების და საკითხის გარშემო ვინაიდან ამ ეტაპისთვის ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია“.

 

არაოფიციალური ინფორმაციით, მწვანე კონცხზე აღნიშნული ტერიტორიით სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული.

 

მწვანე კონცხი / სასწავლებლის ეზო და შენობა

 

მწვანე კონცხზე სასწავლებლის შენობისა და დარჩენილი ტერიტორიის ბედი გაურკვეველია. გამორიცხული არ არის ისიც გაიყიდოს. საქმე იმაშია, რომ უნივერსიტეტი ალტერნატიული ფართობის გადაცემის შემთხვევაში ამ ტერიტორიას დათმობს. ასეთი შეთავაზება კი უნივერსიტეტისადმი აჭარის მთავრობას წერილობითაც ჰქონდა.

 

„მაქ არის დიდი ფართობი, რომელიც უნივერსიტეტს არ სჭირდება. თან ტერიტორიაზე შემოჭრილი არიან მოქალაქეები, მიტაცებული აქვთ ნაკვეთები და იმათთან ცალკე პრობლემები იქმნება. ტერიტორიის მოვლას კიდევ ადმინისტრაციული ხარჯები სჭირდება, რომელიც თავისთავად პრობლემური სისტემაა. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტი ქობულეთში და მიწის ნაკვეთიც. ვფიქრობთ, მას გამოვიყენებთ“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა ჯემალ ანანიძემ.

 

კანცლერის ინფორმაციით, აჭარის მთავრობისგან იყო წერილი რამდენად შეიძლებოდა განხილულიყო ამ ფართობის ამოღება და მთავრობისთვის გადაცემა, სანაცვლოდ კი უნივერსიტეტს სხვა ფართობს გადასცემდნენ. მთავრობის ამ წინადადებას, საქართველოს შესაბამისი სამინისტროების თანხმობით, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოც დაეთანხმა. განიხილება უნივერსიტეტისთვის ჩაქვში მდებარე აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის გადაცემაც. შესაძლოა აგრარული მიმართულების სტუდენტები ჩაქვში ერთი წლის შემდეგ გადავიდნენ სასწავლებლად.

 

„მაგრამ, ამ შენობას, რომელსაც სასწავლო პროცესისთვის ვიყენებდით მწვანე კონცხზე, მაინც უნდა ჩავუტაროთ ექსპერტიზა. თან ამბობენ, რომ ეს მცოცავი ფერდობია. იმ ვარიანტსაც განვიხილავთ – გავარემონტოთ თუ არა. თანხაც რომ რამე, ისევ მთავრობას უნდა მოვთხოვოთ, დაახლოებით 4 მილიონი დასჭირდება გარემონტებას. შემოთავაზება, რომ მთლიანად დავუთმოთ ეს ტერიტორია, არ ყოფილა, თუმცა პერსპექტივაში რა იქნება, ვერაფერს გეტყვით. ჩვენთვის მთავარია სასწავლო პროცესი იყოს გამართული,“ – განაცხადა ჯემალ ანანიძემ.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქობულეთში მდებარე ყოფილი კვლევითი ინსტიტუტიც, რომელზეც კანცლერი საუბრობს, უნივერსიტეტისთვის პრობლემური იქნება, ვინაიდან ის თავის დროზე მთავრობამ კერძო ფიზიკურ პირს 1 ლარად გადასცა.

 

რამდენადაც „ბათუმელებმა“ გაარკვია, გამორიცხული არ არის მწვანე კონცხზე სასწავლებლის დარჩენილი ტერიტორია ინვესტორს იმ პირობით გადაეცეს, რომ ის ააშენებს ახალ შენობას ბათუმში უმაღლესი საბჭოსთვის, ხოლო უმაღლესი საბჭოს არსებული შენობა მწვანე კონცხის სანაცვლოდ უნივერსიტეტს გადაეცემა.

 

უნივერსიტეტში ამბობენ, რომ მწვანე კონცხის ტერიტორია სახელმწიფო ქონებაა, მათ კი აგრარული სექტორისთვის 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთიც ეყოფათ. უნივერსიტეტში პარალელურად იმაზეც მუშაობენ, თუ რა დაუჯდებათ ახალი შენობის აგება.

 

სად დაიდებს ბინას უმაღლესი საბჭო, გაურკვეველია. იმ ნაკვეთზე, რომელიც უმაღლეს საბჭოს ახალი შენობის ასაშენებლად უნდოდა, მერია აცხადებს, რომ სარეკრეაციო ზონაა. საუბარია ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე. მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ უმაღლესი საბჭოსთვის ტერიტორიის გამოყოფაზე მათთვის ოფიციალურად არავის მიუმართავს.

 

„თავიდან საუბარი იყო უმაღლესი საბჭოს შენობა ხელოვნების უნივერსიტეტის გვერდით აშენებულიყო, თუმცა მერია აცხადებს, რომ რეკრეაციულ ზონას აკეთებს და მაგის წინააღმდეგ ნამდვილად არ წავალთ. ჩვენ არ ვითხოვთ ქალაქში კონკრეტულ ადგილს, ჩვენ ვითხოვთ ნებისმიერ ტერიტორიას – ჭაობის მხარე იქნება ეს, ხორცკომბინატის ტერიტორია თუ ახალი ბულვარი. ნებისმიერ ადგილას, ოღონდ ქალაქში“, – განაცხადა უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩიტიშვილმა. მისივე თქმით, მთავრობა მუშაობს ბათუმში შესაბამისი ტერიტორიის შერჩევაზე: „სახელმწიფომ რომ ხარჯი არ გაიღოს, მოსაძებნია ინვესტორი, რომელიც ჩაქვის შენობას გამოიყენებს და სანაცვლოდ ახალ შენობას ააშენებს. რამდენიმე ვარიანტი განიხილება. შეიძლება მწვანე კონცხი უფრო მომგებიანია ინვესტორისთვის, ვიდრე ჩვენი ტერიტორია. მიწის ფართობიც დიდი გვაქვს და შესაძლოა უნივერსიტეტი გადმოვიდეს აქ. მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, ტექნიკური საკითხებია“.

 

ალექსანდრე ჩიტიშვილის თქმით, 2016 წელში უმაღლესი საბჭოს ახალი შენობის პროექტის გაკეთება მაინც უნდა მოესწროს, რაზეც მთავრობა იმუშავებს, თუმცა მანამდე ტერიტორიაა გამოსაყოფი.


მწვანე კონცხი / ხედი სასწავლებლის ეზოდან


გადაბეჭდვის წესი


ასევე: