მთიანი აჭარა

ქაღალდზე დასრულებული პროექტები

17.11.2015 • 2422
ქაღალდზე დასრულებული პროექტები


სოფელ პირველი მაისის ცენტრში მდებარე შენობაში სოფლის დაწყებითი სკოლა, მედპუნქტი, მოსახლეობის თავშეყრის ადგილი და თემის კლუბი ფუნქციონირებს. ორსართულიანი შენობის ეზოს პროექტი ერთ-ერთი იმ პროექტთაგანია, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ობიექტების მიმღებმა კომისიამ დაუსრულებლად ჩაიბარა. ეზოს კეთილმოწყობაზე ელექტრონული ტენდერი ქედის გამგეობამ 2013 წელს 6 488 ლარზე გამოაცხადა, რომელშიც შპს „სტეპ“-მა გაიმარჯვა. ხელშეკრულება გამგეობამ ამ კომპანიასთან 5 422 ლარზე გააფორმა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას სატენდერო პირობების მიხედვით გაწერილი სამუშაოები შესრულებული არ ჰქონდა, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმღებმა კომისიამ ობიექტი ჩაიბარა, მაშინ როცა მთიდან ჩამონადენი წყალი, სანიაღვრე არხის ნაცვლად პირდაპირ ეზოში ჩაედინებოდა. კომპანიამ ეზოში არც ის ფილები დააგო, რომელიც ეზოს მიმდებარედ, სოფლის სტადიონზე დასაწყობებული იყო. 

 

მრავალფუნქციური შენობის ეზო სოფელ პირველ მაისში. ფოტო 'ბათუმელების' არქივდან. ამჟამად ეზოს კეთილმოწყობა დასრულებულია
მრავალფუნქციური შენობის ეზო სოფელ პირველ მაისში. ფოტო 'ბათუმელების' არქივდან. ამჟამად ეზოს კეთილმოწყობა დასრულებულია

 

მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2013 წელს ქედაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ამ ეზოს კეთილმოწყობაც ჩაწერა, თუმცა სამუშაოები შესრულებულად მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტებში დარჩა, რეალურად – არა.

 

ობიექტის გამართვაზე ქედის გამგეობამ ტენდერი მეორედ, მიმდინარე წელს გამოაცხადა 5 892 ლარზე. ეზოს კეთილმოწყობაზე პასუხისმგებლობა ტენდერით მეორედ აქ შპს „გიომ~ აიღო. კომისიას ობიექტი ჯერ არ ჩაუბარებია.

 

ეს არ არის ერთადერთი ინფრასტრუქტურული ობიექტი, რაზედაც თანხა ქედის ბიუჯეტიდან არაეფექტურად დაიხარჯა. მაგალითად, ქედის კულტურის ცენტრის შენობაზე მოწყობილი პანდუსით დღემდე არავის უსარგებლია, რადგან პანდუსის დახრილობა დასაშვებ ნორმას ბევრად აჭარბებს.

 

უსარგებლო პანდუსი ქედის კულტურის სახლში
უსარგებლო პანდუსი ქედის კულტურის სახლში

დაბა ქედის, სოფლების: პირველი მაისის, ახოს, გოგიაშვილების, მერისის, ვაიოს, საჯარო სკოლებსა და ქედის კულტურის ცენტრის შენობაზე პანდუსების მოსაწყობად ქედის გამგეობამ გასულ წელს 2 499 ლარი გამოიყო. პანდუსები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „საბა 555“-მა 1905 ლარით მოაწყო, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ქედის კულტურის ცენტრის შენობაზე მოწყობილი პანდუსით სარგებლობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის შეუძლებელი იყო, მოაჯირის გასაკეთებლად და რიგ სკოლებზე გაკეთებული პანდუსის მოსაპირკეთებლად ქედის გამგეობამ თანხა მეორედ გამოყო. ტენდერის შედეგად ხელშეკრულება გამგეობამ ისევ „საბა 555“- თან გააფორმა, თუმცა კომპანიას კულტურის ცენტრის შენობის პანდუსზე მოაჯირი არ გაუკეთებია.
ახოს, პირველი მაისისა და დაბა ქედის საჯარო სკოლებზე პანდუსების გამართვა ქედის გამგეობამ წელს ისევ შეიტანა სატენდერო პირობებში, ამჯერად მესამედ.

 

დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული პარკის, უჩხითის, ზედა ბზუბზუს, აწჰესის, კოლოტაურის, პირველი მაისის, ცხმორისის, სოფელ ახოს, ახოს #1 და გეგელიძების საჯარო სკოლებში პანდუსების მოსაწყობად ტენდერი გამგეობამ 15 ოქტომბერს 17 690 ლარზე გამოაცხადა, ხელშეკრულება 26 ოქტომბერს ინდმეწარმე ავთანდილ სანიკიძესთან გაფორმდა. ერთსა და იმავე ობიექტზე პანდუსის მოსაწყობად ქედის გამგეობამ თანხა მესამედ გამოყო.

 

ქედის გამგეობის მიერ გასულ წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ყველაზე ძვირადღირებული პროექტი საკანალიზაციო სისტემის პროექტია, რაზეც შარშან ქედაში 1 199 900 ლარი დაიხარჯა. საკანალიზაციო სისტემა ინდმეწარმე რევაზ დიდმანიძის პროექტით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „გზამ“ მოაწყო. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტი ჩაბარებულია, ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე ფეკალური მასისთვის სპეციალურად მოწყობილი ავზი ჯერ ისევ ღიაა; პროექტის ავტორის თქმით კი, პროექტის მიხედვით ავზი უნდა გადახურულიყო. 9 აპრილის ქუჩაზე სალექარებიდან გამოსული გაუფილტრავი ფეკალიები კი თვეობით მდინარეში ჩაედინებოდა.

 

რატომ იბარებს დაუსრულებელ ან ცუდად შესრულებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს ქედის გამგეობა? – ამ კითხვით ქედის გამგეობის სამუშაოების მიმღები კომისიის თავმჯდომარეს და გამგებლის მოადგილეს გურამ ბერიძეს დავუკავშირდით. ის დარწმუნებულია, რომ „არც ერთი დაუსრულებელი ობიექტი არ ჩაუბარებია“.

 

პროექტების შესრულების თვალსაზრისით პრობლემებს ვერ ხედავს ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე:
„საკანალიზაციო სისტემაში არსებული ხარვეზი კომპანიამ აღმოფხვრა. ავზის გადახურვა კი პროექტის მიხედვით გათვლილი არ იყო. გადახურვას სამომავლოდ ვფიქრობთ. რაც შეეხება პანდუსებს, მშენებლებს ჰქონდათ ხარვეზები, თუმცა გამოსწორებადი, მუშაობენ და წლის ბოლოსთვის ისე იქნება გაკეთებული, რასაც სტანდარტი ითვალისწინებს. აქილევსის ქუსლად გვრჩება მხოლოდ ქედის კულტურის სახლის პანდუსი, ვფიქრობთ, ან ესკალატორი მოვაწყოთ, ან ლიფტი. პირველი მაისის სკოლის ეზოს რაც შეეხება, სანიაღვრე არხი, რომელიც იმ დროს გაკეთდა, ქვა-ღორღით აივსო, თან არხს გასასვლელი არ ჰქონდა, რამაც პრობლემები შექმნა. წელს თანხა აქ მხოლოდ სანიაღვრე არხის პრობლემის მოგვარებას მოხმარდა“.

 

კითხვაზე, რატომ ვერ ითვალისწინებს გამგეობა იმ ფაქტორებს, რაც ობიექტის ჩაბარების შემდეგ იჩენს თავს, გამგებელი პასუხობს, რომ შეუძლებელია ყველაფერი გამგებელმა და მოადგილემ გადაამოწმოს. გამგებლის თქმით, ქედის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურში ოთხი ადამიანი მუშაობს. მისი აზრით, „ეს ოთხი თანამშრომელი საკმარისია, უბრალოდ, მეტი მონდომებაა საჭირო“.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც შესრულებული პროექტების ხარისხს მიადევნებდნენ თვალს, ქედის მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით არ მუშაობენ. „ბათუმელებმა“ დასრულებული პროექტების შეფასება ქედის საკრებულოს ოპოზიციას სთხოვა. საკრებულოს წევრი უშანგი ბერიძე ამბობს, რომ მოსახლეობის უკმაყოფილებიდან გამომდინარე, აპრილშივე მოითხოვეს პროექტებზე დახარჯული თანხის გადამოწმება:


„გვაინტერესებდა, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემაზე გახარჯული თანხები. შვიდ თვეზე მეტი გავიდა და საკრებულოს საკითხი არ განუხილავს. ესენი [საკრებულოს უმრავლესობა და გამგეობა] ბიუჯეტის შესრულებად თვლიან, როცა ბანკიდან ფული გადის და რომელიმე კომპანიას ერიცხება. ასე სრულდებოდა ბიუჯეტი ორი წელია, ფული გადის და საქმე არ კეთდება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: