სიახლეები

„კრიტიკული მეგობარი“ – რა ევალება ფასილიტატორს სკოლაში?

19.11.2015 • 7104
„კრიტიკული მეგობარი“ – რა ევალება ფასილიტატორს სკოლაში?

 

ია კუპრაძე
ია კუპრაძე


ქალბატონო ია, როგორც ვიცით, ფასილიტატორებს სკოლა სამი წლით ირჩევს და მათი ძირითადი მოვალეობა თავიანთი კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვაა. კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს  მზრუნველობა?

 

შეიქმნა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ფასილიტატორი არის ჟანდარმი, რომელიც  ამოწმებს და სჯის მასწავლებელს. რაღაც შიშის ფაქტორი წარმოიშვა, რაც აბსოლუტურად არასწორია. სიტყვა „ფასილიტატორი“ დამხმარეს ნიშნავს და მისი პირდაპირი მოვალეობაც ეგ არის, დაეხმაროს მასწავლებელს მანამ, ვიდრე არ შეძლებს ნორმალური, მუშა გაკვეთილის ჩატარებას მისი სამივე ფაზით, იქნება ეს მოტივაციიდან, გამოწვევებიდან დაწყებული, რეფლექციით დამთავრებული.

 

სამი წლის განმავლობაში მასწავლებელი ატარებს ორ სამოდელო ვიდეოგაკვეთილს. შეფასება ხდება ერთობლივად, შეფასების ჯგუფის მიერ და ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, თუნდაც იმისთვის, რომ გაჩნდეს კრიტიკული აზრი, მსჯელობა სკოლებში და პედაგოგებმა შეძლონ თანამშრომლობა.

 

რას უფასებთ პედაგოგს?

 

კრიტერიუმები არის ბევრი და გამჭვირვალე, მრავალმხრივად ხდება შეფასება – არის თუ არა გაკვეთილში ყველა ფაზა გამოყენებული, ჩართულობა, თანმიმდევრობა, იყენებს თუ არა პედაგოგი თვალსაჩინოებას, როგორ კომუნიკაციას ამყარებს ბავშვებთან, აქვს თუ არა უკუკავშირი, ინტერაქტივი, მეტყველება როგორი აქვს და ა.შ. უკუკავშირი მნიშვნელოვანია, რადგან ასე ვხვდებით, გაიგო თუ არა მოსწავლემ გაკვეთილი. თუ მასწავლებელი ჩათვლის, რომ სამოდელო გაკვეთილი არ შედგა, მას უფლება აქვს, მეორედ ჩაატაროს.

 

ფასილიტატორი მუდმივად უნდა თანამშრომლობდეს მასწავლებელთან, ის არის მისი კრიტიკული მეგობარი, რომელიც უზიარებს გამოცდილებას, თვითშესაფების კითხვარის შევსების პროცესში ეხმარება ყველა იმ საჭიროებების გამოვლენასა და ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შემუშავებაში, რაც პედაგოგს მისი სამომავლო განვითარებისთვის სჭირდება.

 


როცა რამდენიმე ფასილიტატორია სკოლაში, რა ნიშნით უნდა განისაზღვროს, ვინ რომელ პედაგოგთან იმუშავებს?

 

მე ვარ ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და ჩემი ზედამხედველობის ქვეშ 22 პედაგოგია. მათ შორის არიან ფილოლოგები, ისტორია-გეოგრაფიისა და დაწყებითის მასწავლებლები, რომლებიც ქართულს ატარებენ. ფიზიკის მასწავლებელიც გვყავს ფასილიტატორი და მისი ზედამხედველობის ქვეშ მოხვდნენ მათემატიკოსები და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები, ერთი ფასილიტატორიც უცხო ენის კათედრიდან არის არჩეული. ასე, რომ სპეციფიკა მაინც გათვალისწინებულია. თუმცა, საგნობრივი ჯგუფის წევრი მაინც ესწრება შეფასებით გაკვეთილებს.

 

იყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლებელია ფასილიტატორები გარკვეული წნეხის ქვეშ მოექცნენ კოლეგების მხრიდან ან თვალი დახუჭონ კოლეგის პროფესიულ ნაკლოვანებებზე  პიროვნული ურთიერთობებიდან გამომდინარე, რამდენად რეალურია ეს მოსაზრება?

 

ასე რომ არ მოხდეს, სქემაში ეს ნიუანსიც გათვალისწინებულია. თუ კოლეგებს შორის პრობლემური ურთიერთობა არსებობს, ფასილიტატორს შეუძლია დაწეროს განაცხადი და აცილება გააკეთოს. რაც შეეხება კეთილგანწყობას, მე ყველა ჩემი კოლეგის მიმართ კეთილგანწყობილი ვარ. სწორედ ამიტომ შედის შეფასების ჯგუფში არა ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის დირექტორი. თუ შეფასებაში არ დამეთანხმებიან და აზრი გაიყოფა, იქნება მსჯელობა და ფაქტის განმეორების შემთხვევაში, გადაწყვეტილებას დირექტორი მიიღებს.

 

ფასილიტატორის შერჩევის კრიტერიუმებში წერია, რომ მას უნდა ჰქონდეს ანალიტიკური აზროვნების უნარი. რა ფორმით შემოწმდა ეს უნარი, რაიმე ტესტი გაიარეთ ფასილიტატორებმა? ისიც მსმენია, რომ ზოგიერთი მხოლოდ იმიტომ აირჩიეს ფასილიტატორად, რომ კომპიუტერთან მუშაობა იცის.

 

სკოლამ აირჩია ის პედაგოგები, რომლებიც ჩათვალა ამ სამუშაოს შემძლედ და მნიშვნელოვნად ასეთ საკითხში. თუკი სკოლამ მარტო იმიტომ აირჩია ფასილიტატორი, რომ კომპიუტერი იცის, გამოდის ამ სკოლას სხვა მოთხოვნები არ აქვს. იმ სკოლასაც და იმ ფასილიტატორსაც ბევრი სამუშაო ექნებათ თავიანთ თავზე. მე პედაგოგს არ შევუვსებ თვითშეფასების კითხვარს. ჩვენ 21-ე საუკუნეზე ვსაუბრობთ. პედაგოგმა უნდა დაიდოს კომპიუტერი და იმეცადინოს კლავიატურაზე. მხოლოდ ეს მოეთხოვება ტექნიკურად.

 

გარდა 22 მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა, თქვენ საკუთარ განვითარებაზე ზრუნვაც გიწევთ, რომ შეინარჩუნოთ ან მიიღოთ ახალი სტატუსი. როგორც ფასილიტატორი კი, მხოლოდ სამ ქულას აიღებთ. გარდა ამისა, მუშაობთ კერძო სკოლაშიც და დამატებით ამზადებთ მოსწავლეებს. ეს საკმაოდ დაძაბული რეჟიმია, როგორ აპირებთ ასეთ რუტინას გაუმკლავდეთ?

 

რთულია, მაგრამ მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია. ბუნებრივია, მეც მომიწევს სამოდელო გაკვეთილების ჩატარება და კარიერულ ზრდაზე მუშაობა. მენტორის სტატუსის მისაღებად დოქტორანტურაშიც უნდა ჩავაბარო. თუ არ ვითარდები, აღარ ხარ საჭირო, ამიტომ იძულებული ვარ, ვარეგულირო რეჟიმი. მე მიყვარს ჩემი სპეციალობა და ეს ჩემთვის საკმარისი მოტივაციაა.

 

როგორ ფიქრობთ, თუ პროფესიული განვითარების სქემას თავს გაართმევენ პედაგოგები, რამდენ ხანში აისახება ეს სკოლებში?

 

როცა მოსწავლის ცოდნა ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ ყველა ინდიკატორს უპასუხებს, ეს იქნება ჩვენი შრომის შედეგი. რეალურად, შედეგი დაახლოებით ხუთ წელიწადში უნდა აისახოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: