სიახლეები

მერიის განმარტება აღმზრდელის გათავისუფლებაზე, რომელმაც ბაღში ბავშვზე ძალადობა გადაიღო

19.11.2015 • 1909
მერიის განმარტება აღმზრდელის გათავისუფლებაზე, რომელმაც ბაღში ბავშვზე ძალადობა გადაიღო

 

ალექსანდრე მითაიშვილი
ალექსანდრე მითაიშვილი

საზოგადოება რომ არ შევიყვანოთ შეცდომაში, ეს ფაქტი თავიდან ბოლომდე უნდა გავიაროთ. ძიძა, რომელიც ბავშვზე ძალადობდა, სამსახურიდან გათავისუფლებულია. ამას მნიშვნელობა არ აქვს, პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა, თუ ისე. თუ არ დაწერდა განცხადებას, მაშინ იქნებოდა ბრძანება.

 

მეორე – დისციპლინარული კომისია სწავლობს იმავე ჯგუფის აღმზრდელების პასუხისმგებლობასაც, ანუ ვინც დაუშვა ეს ფაქტი და, ალბათ, მათ მიმართაც მიღებული იქნება ხისტი გადაწყვეტილება, კანონის შესაბამისად. მე არ მაქვს უფლება, სანამ დისციპლინარული კომისიის დასკვნა არ გაჟღერდება, ხმამაღლა ვთქვა ეს, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ გადაწყვეტილება იქნება ხისტი და კანონთან შესაბამისი.

 

რაც შეეხება ნათია ცინცაძეს, ის 3 წუთის განმავლობაში ჩუმად იღებდა ბავშვზე ზეწოლას, მაშინ, როდესაც მისი ვალდებულება იყო ბავშვს მიშველებოდა. მაგრამ მარტო ეს არ არის მისი გათავისუფლების მიზეზი. ერთადერთი შენიშვნა ქალაქის მერის მხრიდან იყო ის, რომ თქვენ ქალბატონო ნათია, როგორც ბაღის აღმზრდელს (მართალია იმ ჯგუფის არა, სადაც ეს ფაქტი მოხდა, არამედ სხვა ჯგუფის), როგორც დედას, რა გულმა მოგითმინათ, რომ იქ ბავშვს ეჩხუბებოდნენ და ამას იღებდით და რატომ ბავშვს არ მიეშველეთო? მეც გამიჩნდა ეს გრძნობა.

 

თქვენ წერთ, რომ გია ერმაკოვმა მითხრა, რატომ არ გალახეო [ძიძა]. არადა, გია ერმაკოვმა მისცა შენიშვნა, რა გულმა მოგითმინა, რომ იღებდი და ბავშვს არ მიეშველეო.

 

თუკი ხისტი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ქალბატონ ნათიას მიმართ (მე აქ ეთიკური ნორმების დარღვევაზე არ ვლაპარაკობ, მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია გაჩვენოთ ბავშვის დედის განცხადება, რომელიც მის გათავისუფლებას ითხოვს), ეს იმიტომ, რომ სხვა პრეტენზია გვაქვს ჩვენ ქალბატონ ნათიასთან: 10 დღის განმავლობაში ამ საბავშვო ბაღში ორჯერ იქნა პატრული გამოძახებული, მე მგონი ეს სამარცხვინოა და შემაშფოთებელი. ორშაბათს პატრული იმიტომ იყო გამოძახებული, რომ ქალბატონი ნათია არ უშვებდა ბაღის გამგეს და ასევე თანამშრომლებს შენობაში. ჩაშლილი იქნა სასწავლო პროცესი. რა უფლება აქვს აღმზრდელს, ასე მოიქცეს.

 

ბავშვზე ძალადობის ფაქტი მოხდა პარასკევს. იმავე დღეს ბაღში მოხდა კიდევ ერთი ფიზიკური შეხლა-შემოხლა, ქალბატონ ნათიასა და მეთოდისტს შორის, სულ სხვა თემაზე. მთელი კვირის განმავლობაში ჩვენთან მოდიოდა ინფორმაცია, რომ ქალბატონი ნათია აკეთებს რაღაცა დესტრუქციულ ქმედებებს, დემარშებს. ხელს უშლის აღმზრდელობით პროცესის მსვლელობას. მთავარი უბედრურება ეს არის და ამაზე მუშაობს დისციპლინარული კომისია.

 

თქვენ ამბობთ, რომ ამ საქმის წარმოება დისციპლინარულ კომისიას ჯერ არ დაუსრულებია?

არ დაუსრულებია. უახლოეს დღეებში დაწერს კომისია დასკვნას და ხისტ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს არის მერიის პოზიცია. იმავე დღეს, როცა ფაქტი მოხდა, გია ერმაკოვმა [ბათუმის მერი] მთელი მასალები, მიუხედავად იმისა, რომ საღამო იყო, გადააგზავნა შს სამინისტროში.

 

სხვა ფაქტებსაც იკვლევს კომისია?

კი, დისციპლინარული კომისია სწავლობს მაგას. გამათავისუფლეს სამსახურიდანო იძახის, ვინ გაუჟღერა მაგას, რომ გაათავისუფლეს სამსახურიდან?

 

მე, მაგალითად, გიორგი სურმანიძემ [ბაღების გაერთიანების იურისტი] მითხრა, რომ ნათია ცინცაძე ნამდვილად გათავისუფლებულია სამსახურიდან და რომ დისციპლინურმა კომისიამ დაწერა კიდეც ამაზე თავისი დასკვნა.

დასკვნა შეიძლება დაწერილია, მაგრამ მუშავდება. მეც მინდა გავეცნო ამ დასკვნას, სანამ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

 

ანუ გინდათ თქვათ, რომ ნათია ცინცაძე ჯერ გათავისუფლებული არ არის სამსახურიდან?

მე როგორც  ბაღების გაერთიანების კურატორი, მთელი პასუხისმგელობით ვაცხადებ, რომ ბრძანება ჯერ დაწერილი არ არის. დასკვნა არსებობს, სადაც იკვეთება ძალიან ცუდი გარემოებები. უფრო მეტს გეტყვით, პირადად გახლდით მე-6 ბაღში და საკუთარი თვალით ვნახე, როგორ არ უშვებდა ნათია ცინცაძე თანამშრომლებს საბავშვო ბაღში. ამაზე უფროსი აღმზრდელის ირინა სურგულაძისა და მუსიკის მასწავლებლის მაია ფირცხალაიშვილის მოხსენებითი ბარათია შემოსული.

 

ეს პიროვნება მუდმივად ქმნის კონფლიქტს საბავშვო ბაღში, რაც აღმზრდელობით პროცესს უშლის ხელს.

 

მასალებით, რასაც თქვენ სწავლობთ, რა დგინდება, რომ მთელ პროცესს მარტო ერთი პირი, ნათია ცინცაძე უშლის ხელს?

ვსწავლობთ საკითხს იმ ჯგუფის აღმზრდელების მიმართაც, ვის ჯგუფშიც მოხდა ბავშვზე ძალადობა. ვნახოთ, გათავისუფლება იქნება თუ სასტიკ საყვედურს მიიღებენ. დამერწმუნეთ, კანონის დაცვით მივიღებთ გადაწყვეტილებას.

 

ახლა როგორი ვითარებაა ბაღში, ისევ დაძაბულ გარემოში უხდებათ ბავშვებს ყოფნა?

ახლა ქალბატონი ნათია საავადმყოფოს ფურცელზეა და  ბაღიც სკანდალების გარეშე ცხოვრობს, სიწყნარეა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: