კვირის ამბები

17 ქალი აჭარიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში

16.11.2015 • 3886
17 ქალი აჭარიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში

საინჟინრო ბრიგადის კაპრალი, 30 წლის ინგა მამალაძე ერთ-ერთი მათგანია. იგი ბათუმიდანაა, თუმცა ახლა თბილისში, ვარკეთილის მეურნეობაში, თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ბრიგადის J1-ის სპეციალისტის თანამდებობა უკავია. მას ძირითადად საქმისწარმოება ევალება.

ინგა შავი ქამრის მფლობელია კარატეში. სკოლის ასაკიდან ვარჯიშობდა და როცა უნივერსიტეტში, პედაგოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა, კარატეში უკვე მწვრთნელის სტატუსი ჰქონდა.

ინგა ამბობს, რომ ამ ე.წ. “არაქალური სპორტის” სიყვარულის გამო როცა 2008 წელს ჯარში წასვლის სურვილი გამოთქვა, ოჯახში დიდადარ გაჰკვირვებიათ: “არავის გაკვირვებია ჩემი გადაწყვეტილება, არც დაუშლიათ, იმიტომ, რომ იქამდეც “ნაკლებადქალურ” საქმეში ვიყავი. როცა პირველად ჯარში მიღება დაიწყო ხელვაჩაურში, მეც ვცადე, მივედი და გამიმართლა. გასაუბრების შედეგად დამტოვეს. ასე დავიწყე მუშაობა ჯარში”.

ინგა მამალაძე

ინგა ამბობს, რომ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ქალის ჯარში წასვლა უკვირს, მცდარი წარმოდგენა აქვს ქალის ფიზიკურ შესაძლებლობებზე. “ფიქრობენ, რომ ქალი ჯარში ვერ გაუძლებს ისეთივე დატვირთვას, როგორსაც მამაკაცი უძლებს. საქმე ისაა, რომ, რაც ძალიან გინდა, ყოველთვის გააკეთებ, ჯარი იქნება ეს თუ სხვა რამ. გარდა ამისა, ჯარში არ არის ისეთი დატვირთვა, რომ ადამიანმა, კაცი იქნება ის თუ ქალი – ვერ გაუძლოს. კი, შესაძლოა რთული იყოს იმ მხრივ, რომ ცოტა უხეში საქმეა სხვა პროფესიებთან შედარებით, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არ არის. ქალის ჯარში ყოფნა კი, ძირითადად, ისეთ კაცებს უკვირთ, რომელთაც თავად ეზარებათ ჯარში წასვლა”, – ამბობს ინგა.

მიუხედავად ასეთი შეხედულებებისა, ინგა მამალაძე მიიჩნევს, რომ ადრინდელთან შედარებით საზოგადოება დღეს მაინც ნაკლებად სტერეოტიპულია ქალი სამხედროების მიმართ. “ადრე, როცა კარატეზე დავდიოდი, ხშირად მეხუმრებოდნენ: `ვა, კარატისტი, თან შავი ქამარი? ვაი, შენვის ოჯახშიც შეხვალ…”, თუმცა ეს აგრესიულად მაინც არ განმაწყობდა. ადრე უფრო მძაფრად იყო განწყობა, რა უნდა ქალს პოლიციაში, ჯარში… ვფიქრობ, ნელ-ნელა საზოგადოება ეგუება იმ აზრს, რომ ქალი არ არის “სუსტი სქესი”, ახლა ბევრი სიამაყითაც გვიყურებს და ეს ძალიან სასიამოვნოა”, – ამბობს ინგა.

ინგას ქმარი სამოქალაქო პირია, მათ ერთი წლის წინ იქორწინეს და ახლა 6 თვის შვილი ჰყავთ. ორსულობის პერიოდში კაპრალი მამალაძე შვებულებაში არ გასულა, თუმცა ამბობს, რომ შეღავათებით სარგებლობდა და არ გასჭირვებია.

ამ ეტაპზე, მცირეწლოვანი ბავშვის გამო, რვასაათიანი სამუშაო გრაფიკი აქვს. როცა სახლში არ არის, ბავშვის მოვლაში დედა ეხმარება. “ხდება ისეც, რომ ზოგჯერ გვიან მიძახებენ სამსახურში, მაგალითად, მაშინ, თუ სწავლებები დაიწყო ან სასწრაფოდ გასაკეთებელია რამე, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია და ეს სირთულეს არ წარმოადგენს”, – ამბობს ინგა.

ჯარში მომუშავე ქალების დღის განრიგი, ისევე როგორც კაცების, სამსახურში დილით ადრე გამოცხადებას, მოსამზადებელ ვარჯიშებს, სამსახურის განრიგს, ლექციებსა და ფიზიკურ მომზადებას მოიცავს. ჯარში მომუშავე ქალები ამბობენ, რომ ოჯახსა და სამსახურს შორის დროის გადანაწილება არ უჭირთ და დედობასაც თავისუფლად ართმევენ თავს.

კიდევ ერთი სამხედრო ქალი აჭარიდან, მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალი, ორი შვილის დედა, 31 წლის ნატო კობალაძეა. იგი ქობულეთიდანაა და ახლა სენაკში, დასავლეთ სარდლობის ბაზაზე მსახურობს. მისი საქმიანობაც საქმისწარმოებას უკავშირდება.

ნატო კობალაძე ამბობს, რომ სამხედრო სამსახური ბავშვობიდან აინტერესებდა და ამის საწინააღმდეგო არც მშობლებს ჰქონიათ რამე, რადგან მათ დაწინაურებასაც გეგმავს. ამბობს, რომ როცა სერჟანტობის კურსები დაიწყება, აუცილებლად გაივლის, შემდეგ კი საოფიცრო კურსებზეც იფიქრებს. ოჯახში უკვე ჰყავდათ რამდენიმე სამხედრო პირი.

“ჩემი ორი ბიძა, მამაჩემის ძმები, ყოფილი სამხედროები არიან, აქედან გამომდინარე თავიდანვე ახლოს ვიყავი ამ სფეროსთან და ყოველთვის მომწონდა სამხედრო სამსახური. სწორედ ამიტომ დავამთავრე საავიაციო სასწავლებელი. თუმცა მეგობრებს მაინც გაუკვირდათ ქალის წასვლა ჯარში, უკვირდათ თუნდაც ის, რომ მინდოდა ფორმა მეტარებინა”, – ამბობს ნატო.

მიუხედავად ოჯახის წევრების პოზიტიური დამოკიდებულებისა, ნატო მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში ქალის ჯარში სამსახურთან დაკავშირებით სხვადასხვა მცდარი წარმოდგენა არსებობს. ერთ-ერთი მათგანი მაღალ ანაზღაურებას უკავშირდება: `ყოფილა შემთხვევები, როცა ძალიან გაჰკვირვებიათ ჩემი ჯარში სამსახური, ბევრჯერ უკითხავთ – რა გაჭირვება გაქვს, რომ ჯარში მსახურობ? ანუ ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ჯარში მაღალი ანაზღაურების გამო წავედი, რაც, რა თქმა უნდა, არ არის სიმართლე”, – ამბობს ის.

ნატო კობალაძე

ნატოს ქმარი ყოფილი სამხედროა, მათი უფროსი შვილი 10 წლისაა, უმცროსი კი – 7 თვის. “ჩემს ბიჭს ძალიან ეამაყება, რომ ჯარისკაცი დედა ჰყავს, ხშირად ახსენებს ხოლმე სკოლაშიც. უნდა, რომ სამსახურშიც წამომყვეს, რომ დავათვალიერებინო იქაურობა, ნახოს ჯარისკაცების ცხოვრება. როცა სკოლაში ფორმით ვაკითხავ, ბავშვები მოდიან და მეკითხებიან, იარაღი თუ მაქვს, თუ ვისვრი, როგორ ვისვრი და ასე შემდეგ. ქუჩაშიც უკითხავთ ბავშვებს, სროლებზე თუ დადიხართო… რა თქმა უნდა, ინტერესი სხვა ჯარისკაცების მიმართაც უჩნდებათ, მაგრამ ქალი ჯარისკაცი მაინც უფრო აინტერესებთ”, – ამბობს ნატო.

იმისთვის, რომ კაპრალმა უფრო მაღალი სამხედრო წოდება მიიღოს, სპეციალური კურსები უნდა გაიაროს. ნატო რვა წელია ჯარში მსახურობს და დაწინაურებასაც გეგმავს. ამბობს, რომ როცა სერჟანტობის კურსები დაიწყება, აუცილებლად გაივლის, შემდეგ კი საოფიცრო კურსებზეც იფიქრებს.

დემოკრატიული კონტროლისა და შეიარაღებული ძალების ჟენევის ცენტრის (DCAF) სახელმძღვანელოში “შეიარაღებული ძალების შიდა ზედამხედველობაში, გენდერული ასპექტების ინტეგრირების შესახებ” წერია, რომ ქალებისა და მამაკაცებისგან შემდგარ ჯგუფებს უკეთ შეუძლიათ გაზარდონ შეიარაღებული ძალების უსაფრთხოება. მაგალითად, ავღანეთში ქალი სამხედრო პერსონალის საქმიანობის საშუალებით შეიარაღებული ძალებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ის ინფორმაცია, რაც მანამდე ხელმიუწვდომელი იყო.

ასევე, ქალი პერსონალის გამოყენებამ ადგილობრივი ქალების გაჩხრეკის მიზნით და მათთან ურთიერთობის დამყარებამ, შეამცირა მტრული დამოკიდებულება სამხედრო მისიის მიმართ.

“სხვადასხვა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების დიდმა ნაწილმა გააცნობიერა, რომ დისლოკაციის ადგილებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან კარგი ურთიერთობების დამყარების მიზნით, საჭიროა ადგილობრივ მცხოვრებლებში ქალებისა და მამაკაცების სხვადასხვა როლისა და საჭიროების გაგება”, – წერია სახელმძღვანელოში.

ამის მისაღწევად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სპეციალურად დანიშნული გენდერული მრჩევლები მუშაობენ, რომლებიც სამხედრო დანაყოფებს გენდერის შესახებ სემინარებს უტარებენ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: