კვირის ამბები,მთავარი

შეწყალების სადავო მოდელი

08.05.2016 • 2562
შეწყალების სადავო მოდელი

27 აპრილს პრეზიდენტმა 95 პატიმარი შეიწყალა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებამდე შეწყალების სახელმწიფო კომისიამ 597 მსჯავრდებულის საქმე განიხილა. ოფიციალური მონაცემით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაცილებით მეტ პატიმარს იწყალებს, ვიდრე მისი წინამორბედი, თუმცა შეწყალების აქტი, ორივე პრეზიდენტის დროს, ხშირად ხდება კრიტიკის საგანი.

კვლევა, რომელიც შეწყალების ქართულ მოდელსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ჩაატარა ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, ასეთი დასკვნით სრულდება: „შეწყალების არსებული მოდელი დემოკრატიულია, მაგრამ რიგი საკითხები საჭიროებს გაუმჯობესებას, რათა მსჯავრდებულებსა და საზოგადოებას არ დარჩეს ბუნდოვანებისა და არაობიექტურობის განცდა პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის გამოცემისას“. შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე ამ კვლევას მიზანმიმართულ პოლიტიკურ ინტერესს უკავშირებს.

დასაბუთება შეწყალების არსებული მოდელის ყველაზე მნიშვნელოვან ნაკლოვანებად დასახელდა. შეწყალების მოდელის კვლევის ფარგლებში გამოკითხულმა ადვოკატებმა თქვეს, რომ მსჯავრდებულების უკმაყოფილებას იწვევს გაურკვევლობა – რის საფუძველზე იწყალებენ ამა თუ იმ პატიმარს. კვლევის ერთ-ერთი ავტორი, თამარ ავალიანი „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ ამბობს, რომ შეწყალების წესის არსებობის მიუხედავად, „განსაკუთრებული გარემოებები“, რის საფუძველზეც შეწყალებაზე დადებითი დასკვნა იდება, უნდა დაკონკრეტდეს და გახდეს განჭვრეტადი: „შეწყალების სახელმწიფო კომისიამ უნდა შეიმუშავოს შეწყალების წესით განსაზღვრულ განსაკუთრებულ გარემოებათა ამომწურავი ჩამონათვალი, რათა მსჯავრდებულებმა იცოდნენ, ძირითადად, რას მიიჩნევს კომისია განსაკუთრებულ გარემოებად და რა შემთხვევაში შეუძლიათ მათ მიმართონ კომისიას“. თამარ ავალიანის აზრით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს იმას, რომ ცრუ მოლოდინები არ ჰქონდეთ პატიმრებს და მეორე მხრივ, აღარ გაჩნდება არაობიექტურობის განცდა.

„შეწყალება არ შეიძლება იყოს განჭვრეტადი, შეწყალება არის სიურპრიზი,“ – ამბობს შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, ზვიდ ქორიძე. მისი განმარტებით, არც ერთ მსჯავრდებულს არ უნდა ჰქონდეს შეწყალების მოლოდინი. „მათ უნდა ჰქონდეთ ამის სურვილი და თუკი იარსებებს განჭვრეტადი კრიტერიუმები, ანუ განზოგადდება შეწყალების აქტი, შესაძლებელია მსჯავრდებულს გაუჩნდეს ლეგიტიმური მოლოდინი და თუ არ შეიწყალეს, შეიძლება, იჩივლოს კიდეც. ეს სრულია აბსურდია,“ –  განმარტავს ზვიად ქორიძე.

კვლევაში მოყვანილია სხვადასხვა ქვეყანაში არსებული შეწყალების მოდელი, მათ შორის, ჩეხეთი, სადაც საქართველოს მსგავსად, შეწყალების იმპერატიული უფლება კონსტიტუციის მიხედვით მხოლოდ პრეზიდენტს აქვს და სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მთავარი მიზეზი სწორედ შეწყალება გახდა: ყოფილმა პრეზიდენტმა, ვაცლავ კლაუსმა დაახლოებით 5 ათასი განაცხადიდან 412 დააკმაყოფილა და რამდენიმე შემთხვევაში პრეზიდენტს ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითეს. ჩეხეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრთან ერთად იღებს.

კვლევის „შეწყალების ქართული მოდელი და საერთაშორისო გამოცდილება“ ავტორები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლია შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, ანუ პირდაპირი წესითაც, უნდა დაასაბუთოს იგი. „გიორგი მარგველაშვილის ცოლის ძმის შეწყალება არ დასაბუთებულა, არც შეწყალების კომისიას განუხილავს ეს საკითხი. ეს კითხვები არსებობდა პრეზიდენტ სააკაშვილის დროსაც, როცა მან ისარგებლა შეწყალების უფლებამოსილებით გირგვლიანის საქმის შემთხვევაში,“ – ყვება თამარ ავალიანი.

ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს დასაბუთების ვალდებულება პირდაპირი წესით შეწყალების შემთხვევაშიც: „რაც შეეხება პრეზიდენტის ცოლის ძმის შეწყალებას, ამ დროს კომისიის პირველი სხდომაც კი არ იყო გამართული, გიორგი მარგველაშვილმა მასთან ერთად სხვა მსჯავრდებულებიც შეიწყალა და საჯაროდ ახსნა ეს გადაწყვეტილება.“ შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარისთვის გაუგებარია, რატომ ისმება კითხვები პრეზიდენტის ცოლის ძმაზე და არა მასთან ერთად შეწყალებულ სხვა მსჯავრდებულებზე.

პრეზიდენტისთვის შეწყალების დასაბუთებას მოითხოვს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი გოცირიძე: „კარგი იქნება, თუკი პრეზიდენტს ექნება დასაბუთების ვალდებულება, რადგან ეს კითხვის ნიშნებს შეამცირებს და გაზრდის სანდოობას შეწყალების ინსტიტუტის მიმართ“.

კვლევის სარეკომენდაციო ნაწილში ასევე წერია: „განჭვრეტადად უნდა გაიწეროს შეწყალების კომისიის მუშაობის წესი და კომპეტენცია“… ნორმატიული აქტის დონეზე განისაზღვროს შეწყალების კომისიის ფორმირების წესი, პროცედურა და წევრთა შერჩევის კრიტერიუმები“.

„თავად შეწყალების მექანიზმი არის უსამართლო,“ – აცხადებს ზვიად ქორიძე და კონცეპტუალურ შეცდომად მიიჩნევს კვლევის ავტორების რეკომენდაციებს, რომელიც შეწყალების სამართლებრივ რეგულირების დაწესებას ითვალისწინებს. „პრეზიდენტს ექსკლუზიურად აქვს შეწყალების უფლება იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ჰუმანიზაციის პროცესს. შეწყალება ეს არ არის მართლმსაჯულებაში ხარვეზების აღმოფხვრის მექანიზმი, ჩვენ არ უნდა შევიდეთ საქმის არსებით განხილვაში. რთულია ამ დროს გადაწყვეტილების მიღება, რადგან არ უნდა დაირღვეს რაციონალურობის პრინციპი: თუკი პრეზიდენტი ნებისმიერს შეიწყალებს, საზოგადოება ამას არ მიიღებს“, – განმარტავს შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი. მას ეჭვი აქვს, რომ კვლევა მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილია: „ვაფასებ იმ შრომას, რომელიც კვლევის ავტორებმა გასწიეს, მაგრამ მათ ცოტა უფრო მეტი სიღრმიდან რომ ემოქმედათ და გაეანალიზებიათ საკუთარი ადგილი ამ პროცესში, კარგი იქნებოდა. შეწყალების აქტს და პრეზიდენტის ინსტიტუტს ხშირად აყენებენ ზიანს როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი ჯგუფები. სამწუხაროდ, ეს კვლევა ამ პოლიტიკურ კონტექსტში ჩაჯდა“.

პრეზიდენტს წელს არ შეუწყალებია არც ერთი მსჯავრდებული, ვისაც უვადოდ თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. 2013 წლიდან დღემდე ასეთი სასჯელის მქონე სულ 5 პატიმარი შეიწყალა პრეზიდენტმა და მათი სასჯელი 20-წლიანი პატიმრობით განისაზღვრა. „4 წლის განმავლობაში 5 ადამიანის შეწყალება არ არის კარგი მაჩვენებელი. უფრო ლიბერალური მიდგომა უნდა დამკვიდრდეს და შეწყალების მექანიზმი აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული უვადო პატიმრობის კუთხით,“ –  ამბობს თამარ ავალიანი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი.

ზვიად ქორიძის თქმით, ამჯერად კომისიას ორმა მსჯავრდებულმა მიმართა, ვისაც უვადოდ თავისუფლება აქვს აღკვეთილი. კომისიამ ამ ეტაპზე მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.

შეწყალებულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი – 63 პროცენტი (2013-2015) ნარკოდანაშაულისთვის პატიმრობაში მყოფ პირებს შეეხო. ამ ნაწილში კვლევის ავტორებსა და შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელს ერთნაირი პოზიცია აქვთ – ეს არის გზავნილი პარლამენტისთვის, რომ უფრო ლიბერალური მიდგომა შემუშავდეს ნარკოტიკის მომხმარებლების მიმართ. „ბოლო შეწყალების აქტშიც პროცენტულად ყველაზე მეტი ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულები იყვნენ. კომისია ძალიან ფრთხილია, როცა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის გამო იხდის ადამიანი სასჯელს. ჩვენი მიდგომა არის საკმაოდ ლოიალური ნარკომომხარებლების მიმართ და ეს მიდგომა გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში რადიკალურად უნდა შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა“.

წელს სააღდგომოდ შეწყალებული 95 პატიმრიდან 69 უკვე დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს, მათ შორის, 10 ქალი და 2 არასრულწლოვანია. 26 მსჯავრებულიდან, ვისაც სასჯელი შეუმცირდა, 2 ქალი და 2 არასრულწლოვანია. შეწყალებულთა შორის არც ერთია ისეთი, ვინც განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იხდიდა სასჯელს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: