მთავარი,სიახლეები

დანგრეული ასწლოვანი ბელეტაჟი – “მარდი ჰოლდინგის“ პასუხი “ბათომს”

26.04.2016 • 3236
დანგრეული ასწლოვანი ბელეტაჟი – “მარდი ჰოლდინგის“ პასუხი “ბათომს”

ბათუმში, გორგასლის #25-ში მდებარე ბელეტაჟი კომპანია „მარდი ჰოლდნგმა“ დაანგრია. გუშინ, 25 აპრილს კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ირაკლი ჯიჯავაძეს საზოგადოება „ბათომმა“ წერილით მიმართა და სთხოვა, შეენარჩუნებინა ბელეტაჟი:

„მოგმართავთ საზოგადოება “ბათომის” სახელით, რომელიც ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა და 2011 წლიდან არსებობს.

რამდენადანაც ჩვენთვის არის ცნობილი, ბათუმში, გორგასლის ქუჩის #25-ში კომპანია „მარდი ჰოლდინგი“ გეგმავს სათავო ოფისის აშენებას და აქ მდებარე სახლის, ძველი ბათუმური ბელეტაჟის დემონტაჟს.

სახლი, რომლის დემონტაჟსაც გეგმავთ, კლასიციზმის ნიმუშია. იგი მე-19 საუკუნის ბოლოსაა აგებული და ქალაქის ისტორიული განაშენიანების ნაწილია ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული მასშტაბებითა და სტილით.

საზოგადოება „ბათომი“ მოგმართავთ თხოვნით, შეინარჩუნოთ აღნიშნული შენობა, რადგან მისი შენარჩუნება აუცილებელია ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანებისათვის. ძველი ბათუმის მატერიალური ავთენტურობის და ისტორიული ღირებულების ამსახველი არქიტექტურული პოტენციალი სწორედ ამგვარ შენობებშია დაცული. ასეთი შენობების განადგურება ისტორიულ ქალაქს, ძველ ბათუმს ანგრევს.

გორგასლის #25-ში მდებარე სახლის შენარჩუნება „მარდი ჰოლდინგის“ მხრიდან იქნება ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა და მხარდაჭერა და სამშენებლო კომპანიის მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ერთადერთი მაგალითი ბათუმში.

ასწლოვანი შენობის შენარჩუნება დადებითად აისახება თქვენი კომპანიის იმიჯზე, რომლის სათაო ოფისიც სტანდარტულ, ახალ შენობაში განთავსების ნაცვლად, განთავსებული იქნება ისტორიულ შენობაში, რომელიც შეინარჩუნებს თავის როლს ქალაქის განაშენიანების ისტორიაში.

მოგეხსენებათ, ისტორიულ შენობებში სათავო ოფისების განთავსების პრაქტიკას ხშირად მიმართავენ ევროპაში. ეს აღიქმება იმიჯის ნაწილად და კომპანიის მაღალი გემოვნების, პროგრესულობის და ღირებულებების ხაზგასმად.

იმედი გვაქვს, ყურადღებით მოეკიდებით ჩვენს მომართვას და მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც “მარდი ჰოლდინგს” წარმოაჩენს როგორც პროგრესულ, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე სამშენებლო კომპანიას, რომელსაც ახალი შენობების აგების პარალელურად შეუძლია იზრუნოს ქალაქის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე.“ – აღნიშნულია წერილში.

წერილის მიღებიდან მეორე დღეს ბელეტაჟი უკვე დანგრეულია.

გორგასლის #25. ფოტო გადაღებულია 24 აპრილს.

გორგასლის #25. ფოტო გადაღებულია 24 აპრილს.

ნანგრევები ბელეტაჟის ადგილას

ნანგრევები ბელეტაჟის ადგილას

ვიმედოვნებდით, რომ ჩვენი მიმართვა კომპანიას დააფიქრებდა და „მარდი ჰოლდინგი“ პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა ისტორიული შენობის შენარჩუნებაში თავის როლს, თუმცა ასე არ მოხდა – ამბობენ საზოგადოება „ბათომში“.

„წერილის გადაცემის შემდეგ დამირეკა ირაკლი ჯიჯავაძემ, როგორც მივხვდი, მას არ ჰქონდა წერილი წაკითხული და დააზუსტა ინფორმაცია. ვკითხე, სმენია თუ არა ორგანიზაცია „ბათომის“ შესახებ, რაზეც მიპასუხა, რომ რა თქმა უნდა სმენია. მოკლედ ვუთხარი წერილის შინაარსი, რომ საზოგადოება სთხოვს მას, როგორმე შეინარჩუნოს ეს შენობა. დამოკიდებულება ჰქონდა ისეთი, რომ ვფიქრობდი, რაღაც შემხვედრ ნაბიჯს გადმოდგამდა, მინიმუმ შეგვხვდებოდა მაინც. დღეს მითხრეს, რომ შენობა უკვე დანგრეულია. არ დავიჯერე, ჩავთვალე რომ ეშლებოდათ, გავედი და ვნახე, რომ შენობას გადაუარეს ბულდოზერით. გუშინ წერილი არ გავასაჯაროვეთ, რადგან ვფიქრობდით, რომ მოლაპარაკებას აზრი ექნებოდა. როგორც ჩანს, როგორც კი დაინახეს, რომ შეიძლება ამაზე საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბდეს და ამის ნიშნები იყო სოციალურ ქსელში, მარტივად გადაჭრა პრობლემა“ – ამბობს შოთა გუჯაბიძე, საზოგადოება „ბათომის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

იგი ამბობს, რომ „მარდი ჰოლდინგის“ ეს „პასუხი“ კომპანიის დამოკიდებულებაზე მეტყველებს: „მარტო ვერ დავაბრალებთ იმას, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო მერიის მიერ და დემონტაჟის უფლება ჰქონდათ… კომპანიის დირექტორს ჰქონდა სწორი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირების შანსი, რომელიც კომპანიამ გაუშვა ხელიდან და ქალაქის კულტურული მემკვიდრეობისადმი მტრული დამოკიდებულება გამოამჟღავნა“ – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

ამ ადგილას „მარდი ჰოლდინგი“ ორსართულიანი შენობის აგებას გეგმავს.

ბათუმური ბელეტაჟები ქალაქის ისტორიული განაშენიანების ნაწილია. ბოლო ათი წლის მანძილზე ქალაქის ისტორიულ ნაწილში ბელეტაჟების რაოდენობა შემცირდა – მათ მაღალსართულიანი კორპუსები ანაცვლებს.

რატომ არ გაიზიარა “ბათომის” შეთავაზება კომპანიამ – “ბათუმელებს” “მარდი ჰოლდინგში” უთხრეს, რომ ამის შესახებ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

გორგასალის #25. შოთა გუჯაბიძის ფოტო. შენობა უკვე დანგრეულია

გორგასალის #25. შოთა გუჯაბიძის ფოტო. შენობა უკვე დანგრეულია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: