სიახლეები

ბათუმის პირსს დაანგრევენ

07.02.2015
ბათუმის პირსს დაანგრევენ

ბათუმის მერიის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელის ირაკლი მოქიას განმარტებით, აღსრულებამდე პირსის გადასარჩენად კომპანიას ერთადერთი შანსი რჩება – „მშენებლობა კანონთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს“.

უკვე უკანონოდ აშენებული პირსის კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად კომპანიას მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი, დადებითი პასუხი გარემოს დაცვის სამინისტროსგან და ბათუმის არქიტექტურის სამსახურის ნებართვა სჭირდება. ამას ემატება ისიც, რომ ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მშენებლობა ბულვარში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანხმობას საჭიროებს.

35 მეტრი სიგრძის ხიდით პირსის შენობის აგება ბათუმის პლაჟზე მერიის ქონების მართვის სამსახურსა და შპს „ BATTUN“ -ს შორის შეთანხმების მთავარი პირობა იყო. ხელშეკრულება 2010 წელს გააფორმეს. სანაცვლოდ კომპანიამ ბათუმის მერიისგან პლაჟზე, ბულვარის მთავარ შესასვლელთან ახლოს, 7 392 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი 29-წლიანი სარგებლობის უფლებით მიიღო. ამ ადგილზე კომპანიამ სპორტულ-გასართობი კომპლექსი „PIER BATUMI“ გახსნა. სახელშეკრულებო პირობა კომპანიის მხრიდან ბათუმის ბიუჯეტში ყოველწლიურად 15 000 ლარის ოდენობით საიჯარო გადასახადსაც ითვალისწინებდა.

გასართობი კომპლექსი ღია და დახურულ რესტორანს, ორ მაღაზიას, სწრაფი კვების ობიექტსა და ჩილიმ ბარს აერთიანებს, მომსახურებაში შედის უკაბელო ინტერნეტით სარგებლობაც.

ბათუმის პირსი

შპს „BATTUN“ -მა მერიასთან დადებული პირობა შეასრულა, მაგრამ კომპანიამ პლაჟზე, ბულვარის მთავარ შესასვლელთან, 35 მეტრი სიგრძის პირსის შენობა ისე ააშენა, რომ არც სამშენებლო ნებართვა ჰქონია და არც გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი.

2013 წლის ნოემბერში კომპანია უკანონო მშენებლობის გამო 3000 ლარით დააჯარიმეს და ნებართვის მისაღებად სამთვიანი ვადა მისცეს. სამი თვის შემდეგ კი კომპანიას კანონმდებლობის შესაბამისად გაორმაგებული ჯარიმა 9 000 ლარი გადაახდევინეს.

სპეციალისტების განმარტებით კანონმდებლობა უკანონოდ აშენებული შენობის კანონის შესაბამისობაში მოყვანის საშუალებას იძლევა : „ კომპანიის მიმართვის საფუძველზე შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან თუ ის სტანდარტებს აკმაყოფილებს, შეიძლება ნებართვაც გაიცეს“

შპს „BATTUN“- მა თავის დროზე ბულვარში 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ირაკლი ახალაძის ინფორმაციით, კომპანიას მშენებლობის კანონის ფარგლებში მოსაყვანად მერიის არქიტექტურის სამსახურზე ჯერ არ მიუმართავს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.