მთავარი,სიახლეები

რვა ოჯახი ქობულეთში, ყოფილი სკოლის შენობაში შეიჭრა

03.05.2016 • 2357
რვა ოჯახი ქობულეთში, ყოფილი სკოლის შენობაში შეიჭრა

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლის ყოფილ შენობაში რვა ოჯახი შეიჭრა. შენობაში არც წყალია, არც ელექტროენერგია და არც კარ-ფანჯარა. შეჭრილები ამბობენ, რომ მათი ეს ნაბიჯი მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ განაპირობა და ყველას თავ-თავისი ისტორია აქვს. რამდენიმე წარმომადგენელი დღეს ქობულეთის პოლიციაში დაკითხეს.

„ჯერ მოვიდა სოფლის გამგებელი რუსლან ანთაძე, ცუდად არაფერი უთქვამს. დაგვპირდა, თუ რამე შეგვეძლება, გავაკეთებთო. მერე მოვიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი და გვითხრა, პოლიციელი ვარო. წაგვიყვანეს სამი ქალი პოლიციის განყოფილებაში და დაგვკითხეს” – ამბობს „ბათუმელებთან“ ვარდო მოწყობილი.

ვარდო მოწყობილის ოჯახი მარტვილიდანაა. მისი თქმით, ოჯახში „ბევრი დაგროვდნენ“ და იძულებული გახდა, ქობულეთში გადმოსახლებულიყო: „შევთანხმდით, რომ სახლს მოვუვლიდი და ქირის გადახდა არ მომიწევდა. ახლა სახლის პატრონმა ქირა მომთხოვა და ქუჩაში დავრჩი მცირეწლოვან შვილებთან ერთად. აქ ზოგიერთი ეკომიგრანტი ოჯახია წალკიდან, ვინც ასევე ქირის გადახდა ვეღარ შეძლო და აჭარაში დაბრუნდა“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას ამ მოქალაქეების გამოკითხვის შესახებ. უწყების პრესსამსახურის ცნობით, მათ შენობის დაცლისთვის ვადა ხვალამდე მისცეს “გავითვალისწინეთ ამ ოჯახების მძიმე სოციალური მდგომარეობა. მათ შორის რამდენიმე ფეხმძიმე ქალია. თუკი ისინი ნებაყოფლობით არ დატოვებენ შენობას, მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ ზომებს” – განმარტავენ შსს-ს პრესსამსახურში.

კომენტარს არ აკეთებენ ქობულეთის გამგეობასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. ამ უწყებათა პრესსამსახურებში გვითხრეს, რომ ყოფილი სკოლის შენობა ბობოყვათში ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს ეკუთვნის და ისინი ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ.

ბობოყვათში, ყოფილი საჯარო სკოლის შენობა, რამდენიმე მეტრითაა დაშორებული ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიას. რეზიდენცია [149 796 კვ/მ მიწის ნაკვეთი, 4 662,21 კვ/მ შენობა-ნაგებობები და მათში განთავსებული მოძრავი ქონება] შარშან, საქართველოს მთავრობამ საქართველოს საპატრიარქოს გადასცა საკუთრებაში.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: