მთავარი,სიახლეები

„ტელეარხი 25“-ის საქმის განხილვა დასრულდა

06.05.2016 • 1623
„ტელეარხი 25“-ის საქმის განხილვა დასრულდა

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ უკვე დაასრულა „ტელეარხი 25“-დან გათავისუფლებული ჟურნალისტების სარჩელის განხილვა. გადაწყვეტილება 17 მაისს გამოცხადდება. ჟურნალისტები: მაია მერკვილაძე, ნინო ხელაძე, ირმა ზოიძე და ჯაბა ანანიძე გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენას და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მათ ინტერესებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს.

„თანახმა ვარ ამ ჟურნალისტებს გადავუხადო კომპენსაცია, მაგრამ მათი ტელევიზიაში დაბრუნება გამორიცხულია,“ – თქვა „ტელეარხი 25“-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა გია სურმანიძემ, როცა მოსამართლემ მხარეებს მორიგებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, ტელევიზიაში დღემდე არ ფორმდება ხელშეკრულებები, დანიშვნა-გათავისუფლების ბრძანებებიც არ იწერება, რადგან თანამშრომლებს შორის ახლო ურთიერთობები არსებობს. „ამ ჟურნალისტების გათავისუფლების გადაწყვეტილება ემოციურ ნიადაგზე მივიღე, მაგრამ არ ვნანობ. მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცი,“ – თქვა გია სურმანიძემ.

სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა ტელევიზიის არც ერთი თანამშრომელი, რომლებსაც მოწმის სახით უნდა მიეცათ ჩვენებები. მოწმეების იძულებით წარმოდგენაზე მოსარჩელე ჟურნალისტებმა უარი თქვეს, ტელევიზიის ხელმძღვანელმა  გია სურმანიძემ კი იმავეზე უარი მას შემდეგ განაცხადა, როცა მას მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ განუმარტა, რომ სამოქალაქო საქმეზე მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა: „წარმოიდგინეთ,  რომ რამდენიმე პოლიციელი შემოდის ტელევიზიაში და იქედან ძალით მოჰყავს ჟურნალისტები სასამართლოში ჩვენების მისაცემად. ეს არ უნდა იყოს სასარგებლო თავად მედიასაშუალებისთვის“.

მოწმის სახით დაბარებულ ჟურნალისტებს უნდა ეთქვათ, რის გამო გაათავისუფლეს ტელევიზიიდან ჟურნალისტები, რომლებსაც გათავისუფლების შესახებ ბრძანებები არ ჩაბარებიათ. მათ მხოლოდ უწყისები გაუგზავნეს იმის შესახებ, რომ ტელევიზიაში რეორგანიზაციაა ფინანსური პრობლემის გამო. მოგვიანებით, სასამართლო სარჩელის შესაგებელში ტელევიზიის ხელმძღვანელობამ გათავისუფლების სხვა საფუძველი დაასახელა – კონფლიქტური სიტუაციის შექმნა სხვა თანამშრომლებთან.

ტელევიზიიდან წამოსული ოთხივე ჟურნალისტი ამბობს, რომ სამართლებრივი დავა დაიწყეს, რადგან პრობლემა შეექმნა მედიათავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპს – მიუკერძოებლობას: „ტელეარხ 25“-ის დამფუძნებლებმა საინფორმაციო სამსახურის უფროსი, მაია მერკვილაძე გასული წლის დეკემბერში გაუშვეს იძულებით შვებულებაში. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ტელევიზიის ეთერით ერთ-ერთი თანამშრომლის მამის დაკავების შესახებ გასული  რეპორტაჟი გახდა, რის გამოც განაწყენებულმა თანამშრომელმა საინფორმაციო სამსახურის  უფროსს საჯაროდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტებმა ხელმძღვანელობის „სასჯელი“ საჯაროდ მას შემდეგ გააპროტესტეს, როცა ვერ მიიღეს დასაბუთება, რის გამო ისჯებოდა საინფორმაციო სამსახურის უფროსი. მათი აზრით, ეს იყო ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობა: „თუკი ჩვენს გათავისუფლებას სასამართლო უკანონოდ მიიჩნევს, ეს შექმნის პრეცედენტს, რომ ჟურნალისტებს პროფესიული პრინციპების დაცვის გამო ვეღარ გაათავისუფლებენ“.

„ეს საქმე სცილდება შრომითი დავის ფარგლებს. ეს პირდაპირ უკავშირდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას…” – თქვა თავის დასკვნითი სიტყვაში გიორგი ხიმშიაშვილმა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.

„ტელეარხ 25“-ის დამფუძნებლებმა 31 დეკემბერს, საღამოს, ტელევიზიის მაუწყებლობა შეწყვიტეს და რეორგანიზაცია გამოაცხადეს. ტელევიზიამ მუშაობა 11 იანვრიდან განაახლა. თუმცა 8 იანვარს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ უწყისები ჩაბარდათ: საინფორმაციო სამსახურის უფროსს მაია მერკვილაძეს, გადაცემა „დიალოგის“ პროდიუსერს ირმა ზოიძეს და ამავე გადაცემის წამყვანს ჯაბა ანანიძეს [ეს გადაცემა ეთერში აღარ გადის]. საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ნინო ხელაძემ კი ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა. ტელევიზიამ კონკურსის გზით ახალი ჟურნალისტები უკვე შეარჩია, საინფორმაციო სამსახურის უფროსად კი პირველი მარტიდან ჟურნალისტი ირინა ყურუა დაინიშნა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: