დღეს, 5 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა ჟურნალისტები უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, მერაბ ხალვაშთან ღია შეხვედრის ჩასატარებლად მიიწვია. ადგილზე მისულ ჟურნალისტებს საშუალება არ მიეცათ შეხვედრას დასწრებოდნენ, მერაბ ხალვაში ხარაზს რამდენიმე სტუდენტთან ერთად შეხვდა. შეხვედრის შემდეგ რეზო ხარაზმა და მერაბ ხალვაშმა განცხადებები გააკეთეს.
რეზო ხარაზის თქმით, იგი მერაბ ხალვაშისგან ითხოვდა ინფორმაციას მწვანე კონცხის დასახლებაში ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიისა და სასწავლებლის შენობის გასხვისების საკითხებზე.
„სამწუხაროა, რომ დღეს რექტორი უარს ამბობს ჟურნალისტების თანდასწრებით საუბარზე, ის საუბრობდა წლების წინ გასხვისებულ უნივერსიტეტის ქონებაზე. ჩვენ ყოველ დღე მოვალთ აქ და ასეთი ლექტორები თუ დაგვხვდება, მე მზად ვარ, მათთან ერთად ვიბრძოლო. წლების განმავლობაში ჩვენ მათ ვებრძოდით, რადგან ისინი ებრძოდნენ ცოდნას და იყვნენ უნივერსიტეტის კლანურ მმართველობაში“, – განაცხადა რეზო ხარაზმა. მას მხედველობაში ჰყავდა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი არმაზ კახიძე, რომელიც მანამდე დაცვას ჟურნალისტებისა და რეზო ხარაზის შენობიდან გაყვანას სთხოვდა. არმაზ კახიძე აცხადებდა, რომ ხარაზს უნივერისიტეტში პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლებას არ მისცემდა.
უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მერაბ ხალვაშის თქმით, უნივერსიტეტის ქონების გასხვისების პროცესი ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, როდესაც სახელმწიფომ უნივერსიტეტთან შეუთანხმებლად გაასხვისა ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის შენობა და მიწის ნაკვეთი.
მწვანე კონცხზე ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი გასულ წელს გასხვისდა, უნივერსიტეტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შორის შეთანხმების საფუძველზე. შეთანხმების თანახმად, მთავრობა უნივერსიტეტს სთავაზობს, რომ „განიხილება დაბა ჩაქვში, მეგენეიშვილის ქ. №25 მდებარე უძრავი ქონების სარგებლობაში გადმოცემის საკითხი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სარგებლობაშია“. ამ პირობით უნივერსიტეტმა აღნიშნული უძრავი ქონების სარგებლობაზე უარი განაცხადა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კი იგი „ბიზნეს დეველოპმენტზე“ გაასხვისა.
მერაბ ხალვაშის თქმით, უნივერსიტეტისთვის სტრატეგიულად მომგებიანია მსგავსი გაცვლა, თუმცა „ბათუმელების“ შეკითხვაზე, თუ რა გარანტიები არსებობს, რომ მთავრობა აუცილებლად გადასცემს უნივერსიტეტს აჭარის უმაღლესი საბჭოს საკუთრებაში მყოფ აღნიშნულ უძრავ ქონებას სარგებლობაში, რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ მას სჯერა, ასე იქნება: „მე არ ვფიქრობ, რომ არ გადმოგვეცემა, სხვა გარანტია რა უნდა მოეცათ, ახლა შუა საუკუნეები არ არის, რომ ულვაში მოეცათ ხომ?! წერილია გადმოგზავნილი“. მისივე თქმით, ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სასწავლებლის შენობა კვლავ უნივერსიტეტის სარგებლობაშია და სარგებლობაზე უარის თქმის მოთხოვნა დღემდე არ მიუღია უნივერსიტეტს.სტუდენტები, რომლებიც მწვანე კონცხზე სწავლობდნენ, ამ დროისათვის გრიშაშვილის #5-ში მდებარე აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის შენობაში სწავლობენ.
ამავე თემაზე:
ენმ: ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი შესასვლელი ივანიშვილმა მიისაკუთრა