მთავარი

რა შეუძლია მოქალაქეს ძველი ბათუმის დასაცავად

06.05.2016 • 2409
რა შეუძლია მოქალაქეს ძველი ბათუმის დასაცავად

როგორი იქნება ბათუმი, თუ კი ქალაქში ისტორიული შენობების ნგრევა არ შეჩერდა? რა პასუხისმგებლობა აქვთ ამ პროცესში მოქალაქეებს და რა მიმართულებით უნდა შეცვალოს ხელისუფლებამ კულტურული მემკვიდრეობის მართვის პოლიტიკა? – თემაზე „ბათუმელებს“ კულტუროლოგი, ურბანისტი, „ტფილისის ჰამქარის“ წევრი ცირა ელისაშვილი ესაუბრა.

გასულ კვირას ბათუმში მშენებელმა კომპანიამ დაანგრია ბათუმის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ბათუმური ბელეტაჟი, რომელსაც არ ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუმცა ასწლოვანი შენობა იყო. თქვენი აზრით, რას კარგავს ქალაქი მსგავსი შენობების დანგრევის შედეგად?

„ერთსართულიანი ბათუმი“ წარმოადგენს იმ ფასეულობას და ღირებულებას, რომლითაც ზოგადად განისაზღვრება ბათუმის მნიშვნელობა ურბანული თვალსაზრისით. იმიტომ, რომ ის მასშტაბი, რომელიც აქვს ამ ქალაქს [რაც საქართველოს სხვა ქალაქებში არ იგრძნობა], სწორედ ასეთი, ერთსართულიანი, ე.წ. ბელეტაჟის მაგვარი შენობებით იქმნება და თუ კი ეს მახასიათებელი დაიკარგება ბათუმში, ბათუმი დაკარგავს თავის ისტორიულ სახეს, იმას, რითაც არის გამორჩეული.

ამდენად, მნიშვნელოვანია ამ ტიპის შენობების შენარჩუნება და უფრო მეტიც, თუ ამ ტიპის შენობებს არ აქვს ძეგლის სტატუსი, ეს არ უნდა იყოს მიზეზი მისი დანგრევის, არამედ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უნდა იზრუნოს, რომ ასეთი ტიპის შენობებს მიენიჭოს ძეგლის სტატუსი, რათა სამართლებრივ რეჟიმში მოხდეს მათი დაცვა.

მოსახლეობის დიდი ნაწილი ისტორიული შენობების მიმართ ხშირად გულგრილია. ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ ძველს ახალი სჯობია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში მცხოვრებნი ხშირად იმედით და სიხარულითაც კი ელოდებიან როდის შესთავაზებენ მათ სახლის დანგრევის სანაცვლოდ მატერიალურ კომპენსაციას, ახალ და უფრო დიდ ბინას… რა შეიძლება დაუპირისპირდეს ამ მოცემულობას, თან მაშინ, როცა ძირითადად ეს ყველაფერი წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან?

ეს უკვე კომპლექსური პრობლემაა. საქმე ისაა, რომ მოსახლეობის მდგომარეობაში შესვლაც შეიძლება როდესაც ინვესტორს ვახსენებთ, იქ სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე მიდის ხოლმე ლაპარაკი, ამიტომ ნებისმიერი ისეთი ადამიანი, ვისაც არ აქვს გაცნობიერებული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა, ელოდება ინვესტორს, მიუხედავად იმისა, ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში ცხოვრობს თუ არა. ეს არის პრობლემა, რომელიც განათლების ხაზზე გადის და ჩვენთვის ამის აღმოფხვრა ძნელი პერსპექტივაა, მაგრამ უნდა არსებობდეს მექანიზმები სახელმწიფოს მხრიდან, პირველ რიგში პოლიტიკური ნება იმისა, რომ ქვეყანამ გაიაზროს, გაითავისოს საერთაშორისო გამოცდილება ამ კუთხით, რომელიც არსებობს ისტორიული ქალაქების განვითარების თვალსაზრისით. ანუ ის საშეღავათო პირობები, რომლებიც უკვე აპრობირებულია ბევრ ისტორიულ ქალაქში, რომლითაც რეალურად სარგებლობს როგორც ის მოსახლეობა, რომელიც ასეთი ტიპის შენობებში ცხოვრობს, ასევე ინვესტორი, რომელიც უკვე, ვთქვათ, არა სართულიანობის ზრდაზე გააკეთებს აქცენტს, არამედ ისტორიული ქალაქის რეაბილიტაციაზე, იმიტომ, რომ ისარგებლებს რეალური საგადასახადო შეღავათით, მაგრამ ეს თემა, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, აქტუალური არ არის ხელისუფლებისთვის.

ანუ სახელმწიფომ რაიმე სახის ცვლილებები უნდა შეიტანოს კანონმდებლობაში და ინვესტორი წაახალისოს ამ მხრივ?

დიახ. არსებობს, ასე ვთქვათ, დისციპლინა, რომელიც ცალკე საგნად ისწავლება _ კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკა. ეს უკვე ნიშნავს, რომ კულტურულ მემკვიდრეობასაც მოაქვს მოგება და არა მარტო ახალმშენებლებს. კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკის საფუძველი არის გადასახადების ლიბერალიზაცია: ინვესტორი, ანუ ბიზნესი არის მოგებაზე ორიენტირებული, რაც ნიშნავს, რომ მოგება მან უნდა ნახოს არა სართულიანობის გაზრდით, ძველი სახლის დანგრევით და ახალის აშენებით, არამედ, როდესაც თანხას ჩადებს რეაბილიტაციაში და სანაცვლოდ ის თავის ძირითად საქმიანობაში მიიღებს საგადასახადო შეღავათებს. ეს პაკეტები უნდა მომზადდეს, რა თქმა უნდა, კანონპროექტის სახით, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს და მერე უკვე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა აღასრულოს. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც, „ტფილისის ჰამქარმა“ რამდენჯერმე დავაყენეთ დღის წესრიგში ეს საკითხი, ჩამოვიყვანეთ ორი ჰოლანდიელი სპეციალისტი, რომლებმაც დადეს დასკვნა ამასთან დაკავშირებით, ამის იქით ეს საქმე არ წასულა, იმიტომ, რომ ამ კუთხით პოლიტიკური ნება ჯერჯერობით არ არსებობს.

თუ გახსენდებათ საქართველოში მაგალითი, როდესაც ხელისუფლებამ იხელმძღვანელა სწორი სტრატეგიით და რომელიმე კულტურული ძეგლი შენარჩუნდა, თუნდაც ინვესტორთან მოლაპარაკების ან სხვა გზებით?

სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ქმედება დადებითი კონტექსტით არასოდეს დამთავრებულა. თუ რაიმე მაგალითი გვაქვს იმისა, რომ გადავარჩინეთ რომელიმე შენობა, მხოლოდ იმიტომ, რომ სამოქალაქო სექტორი იყო აქტიური და არა იმიტომ, რომ ხელისუფლება იყო მოწოდების სიმაღლეზე.

როგორია კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში მოქალაქეების როლი? მოქალაქეები ხშირად ამბობენ, რას შევცვლით, როცა ქალაქის მერია, ეკონომიკის სამინისტრო, გადაწყვეტილების მიმღები ყველა უწყება, მთელი სისტემა წყვეტს ამას. არის მაგალითები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ისტორიაში, როცა მოქალაქეებმა შეძლეს ნგრევის შეჩერება?

მოქალაქეების როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში არის უმნიშვნელოვანესი და ეს როლი ასმაგად იზრდება მაშინ, როდესაც ხელისუფლება ახორციელებს არასწორ პოლიტიკას კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. მარტივად რომ გითხრათ, როდესაც ქალაქს არ ჰყავს პატრონი ხელისუფლების სახით, ეს პატრონი უნდა იყოს ყველა მოქალაქე. მე ახლა უკვე ვხედავ ამ ტენდენციას ბათუმში, ბულვარის თემაზე გააქტიურებული სამოქალაქო სექტორის სახით. რაც შეეხება მაგალითებს, მე შემიძლია ჩვენი ორგანიზაციის [„ტფილისის ჰამქარი“] მაგალითზე გითხრათ, რომ გუდიაშვილის მოედანი გადარჩა, მიუხედავად დიდი დანაკარგისა რამდენიმე შენობის სახით, რაც იმ საზოგადოების დამსახურებაა, რომელიც წლების განმავლობაში სიცივეში, წვიმაში, ყინვაში იდგა და აპროტესტებდა იმ პოლიტიკას, რომელსაც ახორციელებდა ქალაქი ამ მოედანთან მიმართებაში. ის, რომ „იმელის“ შენობა გადარჩა, ესეც იმ საზოგადოების დამსახურებაა, რომელიც ხან რუსთაველს კეტავდა, ხან ცოცხალ ჯაჭვს აკეთებდა და ა.შ. ჩვენ გადავარჩინეთ კონკრეტული შენობა თბილისში, იალბუზის 18 ნომერში და ეს იყო პრეცედენტი, როდესაც ინვესტორი წამოვიდა პირველივე, ასე ვთქვათ, ჩვენს განაცხადზე და მიიღო ქალაქისათვის სასიკეთო გადაწყვეტილება. ეს იყო „სოკარ ჯგუფი“, რომლის სათავო ოფისიც არის თბილისში და მათ მიიღეს გადაწყვეტილება და შენობა, რომელსაც არ ჰქონდა ძეგლის სტატუსი, მაგრამ ნამდვილად იმსახურებდა, შეინარჩუნეს. ძალიან რთულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სამოქალაქო სექტორის როლი – ხშირ შემთხვევაში ეს ფაქტი არ მთავრდება გამარჯვებით, თუმცა ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია ძველი ბათუმის გადარჩენა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა ხომ არ მოხდება ისე, რომ ბათუმში დარჩება ისტორიული ქუჩები ისტორიული სახლების გარეშე?

უკვე ძალიან ბევრია დაკარგული და ეს პროცესი შეუქცევადია, იმ თვალსაზრისით, რომ იმ დანაკარგს ვერასოდეს ავანაზღაურებთ, მაგრამ ის, რაც თუნდაც კუნძულების სახით რჩება ძველი ბათუმის ტერიტორიაზე, ნამდვილად ღირს ბრძოლად.

თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, მივიღებთ ქალაქს, რომელსაც ერქმევა ბათუმი, მაგრამ ის ურბანული შინაარსის თვალსაზრისით, დაცლილი იქნება იმ დამოკიდებულებისაგან და იმ სიყვარულისაგან, რაც გვაკავშირებს თითოეულ ჩვენგანს ბათუმთან. ანუ ეს იქნება ბათუმი, მაგრამ არა ბათუმური ხასიათის მქონე ქალაქი. რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება ამ კუთხით გაკეთდეს, სამწუხაროა, რომ დღეს აჭარაში ის ინსტიტუცია, რომელიც კანონის მიხედვით მოწოდებული უნდა იყოს პირველ რიგში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისაკენ, ხშირ შემთხვევაში პასიურობს და უმრავლეს შემთხვევაში, პირიქით, ხელს უწყობს ამ ტენდენციის გაღრმავებას, მე ვგულისხმობ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია ასეთ დროს ქალაქის მოსახლეობამ საკუთარ თავზე აიღოს დაცვის მისია და თუ სახელმწიფო, ქალაქის მესვეურები ამას არ აკეთებენ, მაშინ სწორედ სამოქალაქო სექტორმა უნდა აიძულოს ხელისუფლება, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. რა ძნელი გზაც არ უნდა იყოს გასავლელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: