ფოტოზე ერთ-ერთი პატრულია ბათუმიდან, რომელიც არ არის ერთადერთი და რომლის დანახვაც აჩენს კითხვას – რამდენად არის იგი მზად, მაგალითად, დაედევნოს სავარაუდო დამნაშავეს, ოპერატიულად მოახდინოს რეაგირება სხვადასხვა დარღვევაზე?
ფიზიკური მომზადება და მისი რეგულარული დაცვა კანონით განსაზღვრული, აუცილებელი მოთხოვნაა იმისთვის, რომ იყო პოლიციელი. „პოლიციის შესახებ“ კანონში წერია, რომ პიროვნული და საქმიანი თვისებების, ასევე განათლებისა და ჯანმრთელობის გარდა, პოლიციაში სამუშაოდ მიიღება პირი, ვინც ფიზიკურად მომზადებულია იმისთვის, რომ სათანადოდ შეასრულოს პოლიციელის ფუნქციები.
როგორ მოწმდება პატრულის თანამშრომელი ფიზიკურ მომზადებაში და დაითხოვეს თუ არა ვინმე ნორმატივების ჩაუბარებლობის გამო? – „ბათუმელების“ ამ შეკითხვას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციაში არ უპასუხეს. უწყების პრესსამსახურმა ელექტრონულ მისამართზე მხოლოდ ის მოგვწერა, რომ მინისტრის ბრძანებით მოსამსახურეთა ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით, დადგენილია ფიზიკური მომზადების ნორმატივების ჩაბარება ყოველი წლის ოქტომბერ-ნოემბერში. წერილში ასევე ნათქვამია, რომ ნორმატივების ჩაბარების ორგანიზება შსს-ს საპატრულო დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს აქვს დავალებული. ნორმატივებს იბარებს კომისია, რომელშიც ყველა მთავარი სამმართველოს უფროსი ყოფილა წარმოდგენილი.
„ნორმატივების ჩაუბარებლობის გამო ჯერ არავინ გაუშვიათ სამსახურიდან“, – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის საპატრულო პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა. მის ვინაობას ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ. მისი თქმით, ფიზიკური მომზადების კუთხით მოთხოვნა ბოლო წლებში შემცირდა.
„წინა ხელისუფლების დროს, მახსოვს, რამდენიმე თანამშრომელს მისცეს გამოსაცდელი ვადა, ფორმაში თუ არ მოხვალთ, გაგიშვებთო. ვარჯიშობდნენ ინტენსიურად და გადარჩნენ. მაშინ ფიზიკური მომზადების ჩასაბარებლად თბილისში ჩავდიოდით, იქ გავდიოდით 10 დღის განმავლობაში როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს. ამის შემდეგ კი, პოლიციის აკადემია გვიტარებდა გამოცდებს. ბოლო რამდენიმე წელი თბილისში ჩასვლა აღარ გვიწევს, ადგილზე ჩამოდიან და აქ გვამოწმებენ. წინასწარი მომზადება აღარ ტარდება“, – გვიყვება პატრულის თანამშრომელი.
რამდენად შეიცვალა ნორმატივები? – პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ფიზიკურ მომზადებაზე გვესაუბრა, ამბობს, რომ მათ ისევ ამოწმებენ გარბენაში კილომეტრსა და მეტრზე, ასევე ღერძზე აზიდვებში, მუცლის პრესში: „ნორმატივი განსაზღვრულია წონის, სიმაღლის, ასაკისა და სქესის მიხედვით. ყველას ერთი და იგივე არ მოგვეთხოვება. ნორმატივები არც ისე მკაცრია, მაგრამ, წესით, ყველა ვერ უნდა აბარებდეს, რადგან მეც მინახავს თანამშრომელი, ვისაც სიმსუქნის გამო გარბენა უჭირს საჭირო დროს. არ ვიცი, ალბათ, გადაწყვეტილების მიმღები პირები ასეთ შემთხვევაში ანგარიშს უწევენ პოლიციელის სხვა დადებით თვისებას და არა ფიზიკურ მომზადებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს აუცილებლად მოგვეთხოვება“.