მთავარი,სიახლეები

გადაწყვეტილება ხელვაჩაურში მოკლული ქალის საქმეზე

06.05.2016
გადაწყვეტილება ხელვაჩაურში მოკლული ქალის საქმეზე

25 წლით პატიმრობა მიესაჯა მ.მ.-ს ხელვაჩაურში ქალის მკვლელობის გამო. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო. იმის გამო, რომ მსჯავრდებული შეურაცხადია, პატიმრობას იგი სრულ გამოჯანმრთელებამდე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოიხდის. მსჯავრდებული სასამართლო სხდომებს მას შემდეგ აღარ დასწრებია, რაც დაცვის მხარემ ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნები წარმოადგინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. პროკურორი რამაზ შავაძე მოსამართლეს მკვლელობაში ბრალდებულისთვის უმკაცრესი სასჯელის გამოყენებას სთხოვდა.

“მკვლელობისთვის მ.მ.-ს მიუსაჯეს 20 წლით პატიმრობა. ამას დაემატა 4 წელი სხვა პირის მკვლელობის მცდელობისთვის და 1 წელი იარაღის უკანონოდ ტარებისთვის. მოსამართლემ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოთხოვნა, რომ მისთვის უვადოდ თავისუფლების აღკვეთა არ მიესაჯათ” – უთხრა “ბათუმელებს” ადვოკატმა დავით კეკელიძემ.

მკვლელობა ხელვაჩაურის გზატკეცილზე გასული წლის 2 სექტემბერს მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებულმა 39 წლის ქალს მრავლობითი ჭრილობები იმიტომ მიაყენა, რომ ორი ბოთლი ლუდის ნისიად გაცემაზე მიიღო უარი. მან ასევე დანით დაჭრა პირი, რომელიც ქალის მკვლელობის დროს სუპერმარკეტში აღმოჩნდა. მძიმედ დაჭრილი ამ საქმის ერთადერთი თვითმხილველი იყო. მოკლულს სამი ჭრილობა მარტო გულის არეში, რვა კი კისერში ჰქონდა მიყენებული. მოკლულს 300 დოლარის ღირებულების ოქროს ყელსაბამი მოგლიჯა მსჯავრდებულმა და სახლში წავიდა. ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: