მთავარი,სიახლეები

გამოხმაურება რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებებზე

07.05.2016 • 1682
გამოხმაურება რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებებზე

„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ პრემიერ-მინისტრთან არსებული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. მუსლიმთა კავშირში ფიქრობენ, რომ სახელმწიფო მოხელის მხრიდან „არაკორექტული და გაუზრებელი განცხადებები“ დააზარალებს მუსლიმი თემის ნდობას სახელმწიფოს მიმართ და ხელს შეუწყობს მარგინალიზაციას.

საუბარია 6 მაისს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავდნენ და რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, არჩილ მეტრეველმა თქვა: „მიზანმიმართულად საუბრობენ იმაზე, რომ სახელმწიფო მართლმადიდებელ თემთან ერთად მუსლიმ თემს ჩაგრავს. რეგიონში არსებული საერთაშორისო კონტექსტის გათვალისიწნებით, ასეთი განცხადება პრაქტიკულად ტერორისტული და რადიკალური ძალების საქართველოში მოწვევაა მუსლიმთა უფლებების დასაცავად, იმ ძალების, რომლებიც ბოლო პერიოდში რეგიონში აქტიურობენ“ .

რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლის, არჩილ მეტრეველის თქმით, ამის ადვოკატირებას სამოქალაქო სექტორი არ უნდა აკეთებდეს. შენიშვნა ძირითადად „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრისადმი“ იყო მიმართული, რომლის ხელმძღვანელიც ამ განხილვას ესწრებოდა. თამთა მიქელაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ რელიგიის სახელმწიფო სააგენტო სამოქალაქო ორგანიზაციას თავს დაესხა.

„რელიგიის სააგენტოსთვის ღირებულება არის არა ადამიანის უფლებები, არამედ პრობლემის მიჩქმალვა. მათ უნდათ, შექმნან ილუაზია, რომ თითქოს არაფერი ხდება ამ კუთხით. ჩვენ სისტემატურად ვმუშაობთ მუსლიმურ თემზე და ვააქტიურებთ პრობლემებს, ასევე ვაკრიტიკებთ რელიგიის სააგენტოს, რომელიც დაპირისპირების მოსაგვარებლად ეფექტურ ნაბიჯებს არ დგამს და ძირითადად სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის დაფინანსების მენეჯმენტითაა დაკავებული. არჩილ მეტრეველის გუშინდელი განცხადება იყო ჩვენზე თავდასხმა. მმართველ პოლიტიკურ გუნდში არ არის ერთმნიშვნელოვანი ხედვა ამ პრობლემებზე, მაგრამ მნიშვნმელოვანია კონკრეტულად რელიგიის სააგენტო როგორ აღიქვამს მუსლიმთა თემის პრობლემებს“ – ამბობს თამთა მიქელაძე.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლის შეფასებებს იწონებს დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე.

„ასეთი განცხადებები, რომ მუსლიმთა თემი იჩაგრება, ავიწროვებენ, უფრო მეტ რადიკალიზმს შექმნის. როგორც ჩანს, ვიღაცას სურს, რომ ორ რელიგიას შორის შუღლი ჩამოაგდოს. ისტორიულად ყოველთვის ერთად ცხოვრობდნენ ამ ქვეყანაში ქრისტიანები და მუსლიმები და დღეს ჩვენ უფრო მეტი თავისუფლება გვაქვს, ვიდრე აქამდე“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბეგლარ ქამაშიძემ.

ქობულეთში მუსლიმური პანსიონისთვის ღორის თავის მიჭედება და სხვა ფაქტები, რომლებიც დღემდე გამოძიებული არ არის – „ეს არის, რა თქმა უნდა, მიუღებელი და დანაშაული. ეს უნდა გამოიძიონ და იმედია, ასეც იქნება. რატომ ვერ მოხერხდა აქამდე ვინმეს დასჯა, ეს არ ვიცი“ – გვიპასუხა ბეგლარ ქამაშიძემ.

„მუსლიმთა სამმართველოს რელიგიის საკითხთა კომიტეტი აკონტროლებს. რა თქმა უნდა, მუფთის პოზიცია დაემთხვეოდა არჩილ მეტრეველის პოზიციას. სამუფთო არის სააგენტოსთან პირდაპირ დაქვემდებარებაში. ესენი ერთი და იგივე ენით ლაპარაკობენ.“ – ამბობს თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი.

„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია: „ვფიქრობთ, რომ აღნიშნული განცხადებები რელიგიის საკითხთა სახელმწიფოს სააგენტოს იმ პოლიტიკის ნათელი ლუსტრაციაა, რომელიც მთლიანად უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს და რელიგიური ორგანიზაციებისა და თემის კონტროლისკენაა მიმართული. სააგენტოს განცხადებები საკუთარი უფლებებისა და თანასწორობისთვის მუსლიმი თემის მცდელობების დასუსტებისკენაა მიმართული. მითითება იმაზე, რომ სამოქალაქო სექტორის კრიტიკის გამო შეიძლება სახელმწიფოს მუსლიმი თემის მიმართ მტრის ხატი შეექმნას, რაც თემს თვითიზოლაციაში მოქცევას შეუწყობს ხელს, მუსლიმი თემის დაშინების მცდელობაა და სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან, რომლის მიზანი სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა უნდა იყოს, აბსოლუტური უპასუხისმგებლობაა. ძალიან რთულია, როცა რელიგიის საკითხთა სააგენტოს ხელმძღვანელობა ვერ აღიქვამს, რას ნიშნავს სამლოცველოს აშენებაზე უარის თქმა, რას ნიშნავს სამლოცველოზე ღორის თავის აკვრა, რას ნიშნავს საკუთარ წინამძღვრის ღამით გათავისუფლება და დილით სხვა წინამძღვრის დანიშვნა ისე, რომ მუსლიმი მრევლი აბსოლუტურად იგნორირებულია, რას ნიშნავს, როცა მინარეთს გიხერხავენ და მის დასაცავად მისულ მორწმუნეებს ავტომატის კონდახებით ყრიან მანქანაში და განყოფილებაში უზომოდ ამცირებენ, რას ნიშნავს პარასკევის ლოცვაზე მიმავალ მორწმუნეს, გზად რომ გადაუდგებიან და ლოცვის საშუალებას არ მისცემენ. სამწუხაროდ აქამდე მომხდარი ყველა ინციდენტი გამოუძიებელია“

მუსლიმ თემთან დაკავშირებული ფაქტების გამოძიება მოთხოვნილია სახალხო დამცველის ანგარიშშიც. ომბუდსმენმა გუშინდელ სხდომაზე ხაზი გაუსვა იმას, რომ ეფექტური გამოძიება არ ხდება და სახელმწიფო ლოიალურ დამოკიდებულებას ავლენს რელიგიური უმცირესობების სირთულეებზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: