მთავარი,სიახლეები

6 მაისის პარკში მოკლულის ოჯახი კომპანია “ზიმო 7”-ის მეწილეა

16.05.2016
6 მაისის პარკში მოკლულის ოჯახი კომპანია “ზიმო 7”-ის მეწილეა

14 მაისს, ბათუმში, 6 მაისის პარკთან მოკლული ირაკლი აბუსერიძე კომპანია „ზიმოს“ მეწილე იყო – ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდება. „ბათუმელებს“ კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ირაკლი აბუსერიძეს უშუალოდ კომპანია „ზიმოსთან“ კავშირი არ ჰქონდა, თუმცა მისი დედა,  მარინე მანგალაძე არის „ზიმოს“ პარტნიორი კომპანიის – „ზიმო-7“-ის დირექტორი.

რეესტრის, 2016 წლის მარტის ამონაწერის მიხედვით  „ზიმო-7“-ის 73% წილს ირაკლი აბუსერიძის მამა ფლობდა [ბეგლარ აბუსერიძე, რომელიც გარდაცვლილია]. „ზიმო-7“-ის 25% წილს კი კომპანია „ზიმო“ ფლობს [„ზიმოს“, ციხისძირიდან ურეკში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში მრავალწლოვანი ხეები გადააქვს].

6 მაისის პარკთან ავტომანქანა ჯიპში მყოფ ირაკლი აბუსერიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ბრალდებულმა სამი ტყვია ესროლა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი მოქალაქეებმა მისივე მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში, ისე, რომ სასწრაფო დამხმარების მანქანას არ დალოდებიან, მსროლელი კი პარკის გასწვრივ, ბულვარის მიმართულებით გაიქცა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1980 წელს დაბადებული არჩილ ფ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით: „6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე [ბრალდებულმა] ირაკლი ა.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ირაკლი ა. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებული ბრალდებას უარყოფს, თუმცა ის გარდაცვლილის მეუღლემ და სხვა თვითმხილველებმაც ამოიცნეს. ჩვენივე ინფორმაციით, მომხდარი, სავარაუდოდ, მოკლულის ბიზნესსაქმიანობას არ უკავშირდება. მოკლულსა და ბრალდებულს რამდენიმე წლის წინ ჰქონდათ პირადი კონფლიქტი, რა დროსაც გარდაცვლილმა აბუსერიძემ ბრალდებული დაჭრა [გარდაცვლილის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ბრალდებული გარდაცვლილის ოჯახისგა ფულის გამოძალვას ცდილობდა. კონფლიქტ სწორედ აქედან გამომდინარე წარმოიშვა. ფაქტი 2010 წელს მოხდა] . ადრე  ბრალდებულიც ნასამართლევია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.