სიახლეები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქვემო სილეზიის მარშალს შეხვდა

15.05.2016
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქვემო სილეზიის მარშალს შეხვდა

დღეს, 15 მაისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე ქვემო სილეზიის მარშალს ცეზარ ფშიბილსკის და პოლონური დელეგაციის სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდა.

„მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის სფერო მართლაც მრავალფეროვანია. სილეზიის სტრატეგიული განვითარების ინსტიტუტი მზადაა გაგვიზიაროს მათი გამოცდილება რეგიონის სტრატეგიული დოკუმენტების იმპლემენტაციისა და მონიტორინგის კუთხით, ასევე ევროპის ბაზარზე ციტრუსის შეტანისათვის გამარტივებული საბაჟო გადასახადებისა და პროდუქტის ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიმართულებით. პოლონურ-ქართული მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ორი რეგიონის დაახლოების საქმეში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს კულტურული აქტივობები“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დაიგეგმა ფოტოხელოვანთა და მხატვართა ორმხრივი გამოფენების ორგანიზება და ფოლკლორული ტურნე ქვემო სილეზიაში. თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებად დაისახა ასევე სოფლის მეურნეობის, საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროები.

დღესვე პოლონეთის ოფიციალური დელეგაცია შეხვედრას გამართავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. ეს ქვემო სილეზიის საპასუხო ვიზიტია – 29 მარტიდან პირველ აპრილამდე ქვემო სილეზიას აჭარის მთავრობის დელეგაცია სტუმრობდა, რის შედეგადაც სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ივნისის თვეში, ვროცლავში დაგეგმილია სასწავლო ტური, რომელიც ითვალისწინებს აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისათვის პოლონური გამოცდილების გაზიარებას თვითმმართველობების მუშაობისა და დეცენტრალიზაციის მიმართულებით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: