მთავარი,სიახლეები

ოდეერები ბსუ-ში და ყველგან

14.03.2016 • 2819
ოდეერები ბსუ-ში და ყველგან

„ყველამ ვიცით მათი არსებობის შესახებ და თავს რატომ ვიტყუებთ. თანაც დღეს სრულიად უკანონო სტატუსით იმყოფებიან ისინი. ვაღიაროთ და გავთავისუფლდეთ მათგან“, – ეს კომენტარი ეკუთვნის სამართლის დოქტორ მალხაზ ნაკაშიძეს, რომელიც ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში მუშაობს. მან ეს კომენტარი ამავე უნივერსიტეტში ოდეერების არსებობას მიუძღვნა. ოდეერის ყოფნა საუნივერსიტეტო დაწესებულებაში უკანონობაა. ოდეერი საბჭოთა KGB-ს დროინდელი ინსტიტუტია, რომელიც ბევრ სახელმწიფო დაწესებულებას აკონტროლებს.

მალხაზ ნაკაშიძე ჯერჯერობით ერთადერთი აკადემიური თანამდებობის პირია ბათუმის უნივერსიტეტიდან, ვინც სტუდენტების მსგავსად აცხადებს, რომ ბსუ-ში არიან ოდეერები (ОДР – офицер действующего резерва). მალხაზ ნაკაშიძე ასევე იზიარებს სტუდენტების შეხედულებას, რომ ამ ჯგუფის ხელმძღვანელი ბსუ-ში არის ვინმე ენრიკო დევაძე.

იმავეს ადასტურებს ათეულობით სტუდენტი, ვისაც „ბათუმელები“ შეხვდა და ასევე რამდენიმე ადმინისტრაციული თანამდებობის პირი. სტუდენტები ამას ღიად ამბობენ, ხოლო უნივერსიტეტის თანამშრომლებს არ სურთ თავიანთი ვინაობის გამხელა.

ენრიკო დევაძე

ენრიკო დევაძე

თავის მხრივ, „ბათუმელებმა“ ენრიკო დევაძესთან დაკავშირებით შემდეგი ინფორმაციის მოძიება მოახერხა: ის არის 32 წლის, დაიბადა და ცხოვრობს ბათუმში. დაამთავრა ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი სამართლის სპეციალობით 2006 წელს. ამ დროისთვის არის ბათუმის უნივერსიტეტის დოქტორანტი ბიზნესისა და ტურიზმის მიმართულებით.

ბსუ-ს რექტორმა, მერაბ ხალვაშმა, იცის ენრიკო დევაძის შესახებ, მაგრამ ამბობს, რომ ვერ დაადასტურებს ოდეერთან ამ პირის კავშირზე გავრცელებულ ინფორმაციას. `მე პასუხი არ მაქვს იმაზე, თუ როგორ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას ამ სამსახურში.

მაგრამ მე ზუსტად ერთი რამის თქმა შემიძლია – ბათუმის უნივერსიტეტში ოდეერის შტატი არ არსებობს“, – უთხრა „ბათუმელებს“ მერაბ ხალვაშმა.

იგივე დაუდასტურეს „ბათუმელებს“ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სხვა თანამდებობის პირებმა – რომ ენრიკო დევაძე უნივერსიტეტიდან ანაზღაურებას არ იღებს, შესაბამისად, არ არის ამ დაწესებულების თანამშრომელი. არც მათ აქვთ მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ეს პირი წარმოადგენს ძალოვან უწყებას, შესაბამისად, არ შეუძლიათ თქვან, რომ ის ოდეერი, ანუ სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელია.

„ბათუმელებმა“ სცადა თავად ენრიკო დევაძესთან გადაემოწმებინა არაერთი სტუდენტური ჯგუფისა და პროფესორ-მასწავლებლის მიერ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, მაგრამ მან არც სატელეფონო ზარებს უპასუხა და არც სმს-ს შეტყობინებებს.

studentebis aqcia (2)სტუდენტების თქმით, ენრიკო დევაძე დაახლოებით 2013 წლიდან არის მივლენილი ბათუმის უნივერსიტეტში. ის, ძირითადად, ახლო ურთიერთობაშია სტუდენტურ თვითმმართველობასთან და მათთან ერთად მუშაობს სტუდენტების მობილიზაციაზე, როცა ამის საჭიროება აქვს სახელისუფლო პოლიტიკურ ძალას. არაერთი სტუდენტი ასევე ერთხმად ადასტურებს, რომ ენრიკო დევაძე უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მრავალგზის შეუნიშნავთ ცეცხლსასროლი იარაღით.

ცხადია, ენრიკო დევაძე არ არის ერთადერთი პირი, რომელიც შეიძლება ძალოვან უწყებას წარმოადგენდეს საუნივერსიტეტო დაწესებულებაში. წესით, ამ მიმართულებით უნდა მუშაობდეს გუნდი, რომლის წევრებზეც ასევე საუბრობენ ბსუ-ს სტუდენტები. თუმცა, ამ გუნდთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია არის ურთიერთგამომრიცხავი, შესაბამისად, „ბათუმელები“ მათ ვინაობას არ დაასახელებს.Set featured image

ბსუ-სგან განსხვავებით ძალოვანების წარმომადგენლების არსებობა დაადასტურა თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ, მას შემდეგ, რაც თსუ-ს სტუდენტებმა გააპროტესტეს კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის არჩევის შესაძლებლობა. სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ გიორგი გაფრინდაშვილს თსუ-ს ოდეერი ივა კავსაძე ლობირებს. სტუდენტები 7 მარტიდან მართავენ საპროტესტო აქციებს და სადღეღამისო მორიგეობა აქვთ დაწესებული უნივერსიტეტში, კანცლერი არასათანადო საათებში რომ არ აირჩიოს თსუ-ს სენატმა.

სტუდენტები ამბობენ, რომ პროტესტის პირველ ეტაპზე სისტემამ პროტესტულად განწყობილი ჯგუფების გახლეჩასთან ერთად სცადა სტუდენტების ოჯახების დაშინება. ამის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ერთ-ერთმა ბათუმელმა სტუდენტმა – ირაკლი კუპრაძემ გაავრცელა. ირაკლი საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორია თსუ-ს სტუდენტებს შორის.

ირაკლის თქმით, 20 წლის განმავლობაში არც ერთხელ მომხდარა, რომ მასთან სახლში ძალოვანები მისულიყვნენ. „გასულ კვირას კი, რაც საპროტესტო მოძრაობაში ვარ, ერთ დღეში ორჯერ მივიდნენ სახლში. წარმოიდგინეთ, როგორი სისტემური მობილიზაცია გამოაცხადეს – მე ოთხი წელია ბათუმში არ ვცხოვრობ, ამის მიუხედავად, იპოვეს ჩემი ოჯახი და მოახერხეს დედაჩემის შეშინება“.

ირაკლი კუპრაძის 41 წლის დედა დღემდე შიშობს, რომ სუს-ის თანამშრომლები მისი შვილის შესახებ ინფორმაციას აგროვებენ. „ამით მათ იმას მიაღწიეს, რომ დედამ მთხოვა შემეწყვიტა პროტესტი“, – ამბობს ირაკლი.

თუმცა, ირაკლი კუპრაძის დედასთან სუს-ს თანამშრომლების მისვლა „ბათუმელებს“ სუს-ში არ დაუდასტურეს.

სტუდენტებისა და ოდეერის ინსტიტუტის დაპირისპირებას 11 მარტს გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილმა სთხოვა გიორგი გაფრინდაშვილს, მოეხსნა თავისი კანდიდატურა თსუ-ს კანცლერის პოსტიდან.

ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირმა ოდეერს საჯაროდ მოუწოდა `წაიყვანოს თავისი კადრი“, ამ შემთხვევაში უნივერსიტეტიდან.

გიორგი გაფრინდაშვილმა გიორგი კვირიკაშვილს უპასუხა, რომ გადაწყვეტილებას დღეს, 14 მარტს, მიიღებს. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის განცხადება, შესაბამისად, პატივს ვცემ ქვეყნის მთავრობის მეთაურის აზრს, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ჩემი არჩევა აკადემიური საბჭოს მიერ განხორციელდა სამართლებრივი რეგულაციების დაცვით. აუცილებელია, მოვისმინო იმ ადამიანების აზრი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩემს კანდიდატურას. აქედან გამომდინარე ორშაბათს შევხვდები აკადემიური საბჭოს წევრებს და ამ შეხვედრის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.

თბილისში სტუდენტების ერთკვირიანი პროტესტი კვირის ბოლოს ცოტა ხნით ჩრდილში მოექცა სავარაუდოდ ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით. არსებობს მოსაზრება, რომ კადრები სწორედ უნივერსიტეტის მოვლენების გადასაფარად გავრცელდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთ ბოლო კომენტარში „რუსთავი 2“-თან პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ სამართალდამცავ სისტემაში არსებობენ ძალები, რომლებიც პრემიერ-მინისტრის მიერ არ იმართებიან და სწორედ მათ გაავრცელეს ეს კადრები:

„ეს არის ორმაგი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის მთავრობისთვის და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრის გამოწვევა. მე დარწმუნებული ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ასევე შეიძლება, მისი ცოდნის, მისი ყურადღების მიღმა არაფორმალური დავალება სპეციალური სტრუქტურებისთვის გაეცათ, მიეღოთ ეს დავალება და შეესრულებინათ ისე, რომ პრემიერ-მინისტრი არც ყოფილიყო საქმის კურსში და არც შინაგან საქმეთა მინისტრი. ამიტომ ვამბობ, რომ მოვალეობაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ყველა მოქმედი სამართალდამცავი სტრუქტურის ხელმძღვანელის, რომ არა მარტო სერიოზული სახით გააკეთონ განცხადებები და მკაცრი ტონით, არამედ საქმე მიიყვანონ ბოლომდე. რომ მოინდომონ, ამ დანაშაულის გამოძიება შესაძლებელია და მე მოვითხოვ, რომ უმკაცრესად დაისაჯონ.

მე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ხელისუფლებაში და მათ შორის, სამართალდამცავ სტრუქტურებში არიან ძალები, რომლებიც არ იმართებიან პრემიერისგან და იმართება არაფორმალურად სხვა პირების მიერ. მე დიდი ეჭვი მაქვს და დიდი ალბათობით აქედან შეიძლებოდა ყოფილიყო ეს მზაკვრული, ამორალური ნაბიჯი გადადგმული“.

ოდეერის, ანუ საბჭოთა კგბ-ს დროინდელი ინსტიტუტის გაუქმება საქართველოში ვერც შევარდნაძის, ვერც სააკაშვილისა და ვერც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს ამის მცდელობა იყო. ოდეერის გაუქმებას კატეგორიულად არ დაეთანხმა შს სამინისტრო.

თავის დროზე ამ კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა – ზვიად ოქროპირიძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ „უსაფრთხოების ოფიცრების მივლინების შენარჩუნების პრაქტიკა შსს-სთვის პრინციპული მნიშვნელობისაა“.

ოფიციალური ინფორმაციით, ოდეერი/ოფიცერი უშიშროების საკითხებში დაწესებულებაში ინიშნება “სახელმწიფო სტრატეგიული დანიშნულებისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენლობებში”.

არაოფიციალურად კი, ეს ინსტიტუტი, უსაფრთხოების დაცვის ეგიდით, ცდილობს ყველგან ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, სიტუაცია ბოლომდე რომ აკონტროლოს და ახერხებს კიდეც ამას. ოდეერს თავისი წარმომადგენლები ჰყავს, მაგალითად, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში, სამინისტროებში, ბათუმის მერიაში… საქართველოს მთავრობის ბევრ უწყებაში; ოდეერები ჰყავთ საკანონმდებლო ორგანოში.

ცხადია, დრო გამოაჩენს, ნიშნავდა თუ არა გიორგი კვირიკაშვილის თხოვნა გიორგი გაფრინდაშვილისადმი ოდეერის ინსტიტუტის გაუქმებაზე მსჯელობის დაწყებას საკანონმდებლო დონეზე. მანამდე კი დადასტურებით იმის თქმა შეიძლება, რომ ბსუ-ს 20-მდე სტუდენტით (და არც მათი ოჯახის წევრებით), რომლებმაც გასულ კვირას სოლიდარობა გამოუცხადეს თსუ-ს სტუდენტებს, სუს-ი არ დაინტერესებულა. ყოველ შემთხვევაში, „ბათუმელებში“ ამის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.

გასულ კვირას ბსუ-ს სტუდენტების ნახევარსაათიანი აქციის ძირითადი მესიჯი სწორედ ოდეერისგან თავისუფალი უნივერსიტეტი იყო. სტუდენტები მორიგ აქციას დღეისათვისაც აანონსებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: