კვირის ამბები,რეკლამა

ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც სულერთი არ არის ქვეყნის ბედი

16.05.2016 • 2285
ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც სულერთი არ არის ქვეყნის ბედი

გვეშველება!

კარს მოგვადგა არჩევნები და კვლავ დაიწყო მარათონი პარლამენტში ადგილების  დასაკავებლად. სამწუხაროდ, კვლავ ვერ ვხედავთ ძალას, რომელიც  ქვეყანას გამოიყვანს ამჟამად არსებული „მოჯადოებული წრიდან“.

ჩვენს მიერ „არჩეულ“ პარლამენტარებს 4 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ ქვეყნისათვის გარდა იმისა, რომ თავიანთი „მოღვაწეობით“ „ვანოს შოუს“ ძალიან საინტერესო მასალას აწვდიდნენ.

თუ პარტიების მიერ წარმოდგენილ პროგრამებში ხალხმა ვერ დაინახა ქვეყნის გადარჩენის გზა, სავარაუდოა, რომ ან არ წავა არჩევნებზე, ან ისევ ცუდ არჩევანს გააკეთებს.

ყველასათვის ცნობილია, რომ ჩვენი საპარლამენტო არჩევნები ტარდება არა პარტიების  ღირსებისა და პროგრამის მიხედვით, არამედ არსებული ხელისუფლების მოშორების მიზნით, “ოღონდ ესენი არრრააა-ს“ პრინციპით. და  ხალხი  დაუფიქრებლად აძლევდა ხმას არარეალური პროგრამებით აღჭურვილ პარტიებს, შედეგი კი სახეზეა – კიდევ ერთხელ უშედეგოდ ჩავლილი 4 წელი, მოტყუებული ხალხი, ნიჰილიზმი, უიმედობა…

ჩემი აზრით, ხალხისთვის არავითარ შედეგს არ მოიტანს რომელიმე ყოფილი ხელისუფლების ქება ან ძაგება, ან იმ დეპუტატებზე ლაპარაკი, რომლებმაც  ოთხჯერ ან ხუთჯერ მოახახერხეს პარლამენტში „შეძრომა“, გაკეთებით კი არაფერი გაუკეთებიათ ქვეყნისთვის, მაგრამ სანამ შეიძლება ასე გაგრძელდეს, ხომ უნდა იყოს რაღაც გზა, გზა ხსნისა?!…

ბატონმა კახი კავსაძემ დასვა კითხვა „გვეშველება რამე?“ პასუხიც თვითონ მიგვანიშნა, მაგრამ საზოგადოებას და ხელისუფალთ არ გაუციათ ამ კითხვაზე პასუხი, მცდელობაც კი არ ჰქონიათ გამოესწორებინათ სიტუაცია.

ვიფიქრე ამ პრობლემებზე და მინდა შემოგთავაზოთ ქვეყნის გადარჩენის ჩემეული ხედვა, თუ როგორ უნდა დაკომპლექტდეს  პარლამენტი  ღირსეული ადამიანებით, რომლებიც  აიღებენ პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე. აღარ მინდა კვლავ უღირსი ადამიანები უტიფრად გვმოძღვრავდნენ პარლამენტის ტრიბუნიდან და დაუმსახურებლად, პირიქით – საქმის გაფუჭებაში იღებდნენ პრემიებსა და დანამატებს.

საქართველოში ნებისმიერი მეწარმე, რომელიც მონაწილეობს სახელმწიფოს გამოცხადებულ 200-ლარიან ტენდერში ან კონკურსში, მოსაკრებლის სახით იხდის  მინიმუმ 51 ლარს და გარანტიას 20 ლარს. ნუთუ პარლამენტარობა ისეთი უმნიშვნელო რამ არის, რომ არავითარი პასუხისმგებლობა ან გარანტია არ უნდა სჭირდებოდეს? თუ ისევ ულვაშის იმედზე უნდა ვიყოთ?

თავდაპირველად უნდა შევიმუშაოთ პროგრამა მინიმუმი, რომელიც მოეთხოვება პარლამენტარებს 4 წლის მუშაობის განმავლობაში. მიზანი უნდა იყოს  ჩამოყალიბებული იმ პრობლემების დასაძლევად, რასაც პრიორიტეტად თვლის ქვეყნის მოსახლეობა.

ცნობილია, რომ გამოკითხვების მიხედვით საქართველოს მოსახლეობა I ადგილზე უმუშევრობას და ეკონომიკურ  მდგომარეობას აყენებს.

ქვეყნის განვითარებულობა მრავალი პარამეტრით ფასდება, მათგან უმნიშვნელოვანესია  მ.შ.პ.

2014 წლის სტატისტიკის  მიხედვით საქართველოში  მ.შ.პ. ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 3790 $ – მსოფლიოში 116 ადგილი.

ჩვენი მთავარი პრიორიტეტის შესასრულებლად  უახლოესი 4 წლის განმავლობაში მ.შ.პ. ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით უნდა გაორმაგდეს, რაც სწორად მუშაობის შემთხვევაში შესაძლებელია. ეს შეძლო კიდეც საქართველოს ხელისუფლებამ 2003-2007 წლებში, მაგრამ  რის ხარჯზე, ესეც გასათვალისწინებელია.

ჩემი აზრით დეპუტატის პასუხისმგებლობის დასამკვიდრებლად კანდიდატებზე უნდა გამოცხადდეს კონკურსი შემდეგი პირობებით: პარტიის მიერ უნდა შეიქმნას  საბანკო ანგარიში, რომელზეც თითოეული კანდიდატი შეიტანს მონაწილეობის მოსაკრებლის  თანხას (10 000 ლარი), რომელიც მოხმარდება წინასაარჩევნო საორგანიზაციო საქმიანობას.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი გაიმარჯვებს არჩევნებში, სანამ დამტკიცდება  პარლამენტში, საქართველოს ეროვნულ ბანკში შეიქმნება საბანკო ანგარიში მომგებიან დეპოზიტზე, სადაც ჩაიდება საგარანტიო თანხა, კანდიდატის დეკლარირებული ქონების 20% (მაგრამ არანაკლებ 100 000 ლარისა). თანხა დაუბრუნდებათ დარიცხული მოგებით  დასახული მიზნის მიღწევისას, საპარლამენტო მოღვაწეობის დასრულებისას სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ.

ასევე დაპირების შესრულების შემდეგ თითოეული პარლამენტარი, სტატისტიკის შედეგების გამოქვეყნებისთანავე ქვეყნის ბიუჯეტიდან მიიღებს უმრავლესობიდან (იგულისხმება ახალი პარტიის უმრავლესობით მოსვლა, ან არსებული პარტიების მიერ ამ პრინციპით მონაწილეობა) 1 000 000 ლარს, ხოლო უმცირესობიდან 200 000 ლარს,  თუ მათი მოღვაწეობის შედეგად საქართველოს თითოეული მოქალაქის ბიუჯეტი გაიზრდება ორჯერ. ეს მეთოდი შეაკავშირებს პარლამენტარებს და მისცემს სტიმულს ერთად იღვაწონ ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მიმართულებით.

აქ განხილული გვაქვს მხოლოდ ერთი მიმართულებით წინსვლა, სხვა მიმართულებები, რომლებიც აქტუალურია საქართველოს მოსახლეობისათვის, უნდა ჩამოყალიბდეს კანდიდატთა გამოვლენისა და შეკრების შემდეგ, პარტიის ბირთვის შექმნისთანავე. ასეთი პარტიის შექმნა ნაკლებ შანსს დაუტოვებს დღემდე მოქმედ პარტიებს, მაგრამ პარლამენტში ალბათ ისინიც მოხვდებიან და მიეცემათ საშუალება ქვეყნის საკეთილდღეოდ მოღვაწეობისა.

თუ ამ პარტიის ასეთი სისტემით არჩეული პარლამენტარები ვერ შეადგენენ საპარლამენტო უმრავლესობას, ან უმრავლესობის კოალიციას იმ კანდიდატებთან ერთად, რომელთაც თავისი პარტიით გაიზიარეს ზემოთხსენებული მოდელი, კანდიდატები უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე, დათმობენ თავიანთ ადგილებს და მათ ადგილს დაიკავებს სხვა პარტიების პროპორციული სიით გასული კანდიდატები, რადგან აზრი აღარ ექნება მათ მოღვაწეობას პარლამენტში, უმცირესობით შესვლისას მივიღებთ იგივე სტილის პარლამენტს, როგორიც გვქონდა დღემდე. სჯობს საერთოდ არ იყო პარლამენტარი, ვიდრე იყო დარბაზის შემავსებელი, იღებდე ხელფასს და არაფრის შეცვლა არ შეგეძლოს.

უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში ახალი პარტიის პარლამენტარები უარს იტყვიან ყოველგვარ სახელფასო დანამატზე და 4,5 წლის შემდეგ, პროგრამის შესრულების შემთხვევაში, პატიოსნად მიიღებენ ბიუჯეტიდან გათვალისწინებულ 1 მლნ. ლარს. ეს მეთოდი  გამორიცხავს ნებისმიერი ოლიგარქის ჩარევას პარლამენტის საქმიანობაში და პარლამენტარებზე ზემოქმედებას.

ამ იდეის მიხედვით კანდიდატების შერჩევისას პარტიისათვის მნიშვნელოვნად შემცირდება წინასაარჩევნო დანახარჯები, რადგან ხალხი დიდი აგიტაციის გარეშეც  დაუჭერს მხარს ასეთი პროგრამის მქონე პარტიებს. საჭირო იქნება მხოლოდ არჩევნების ჩატარება პატიოსნად, გაყალბების გარეშე, რაც უნდა განაპირობოს საზოგადოების სიფხიზლემ და დამკვირვებელთა ზედმიწევნით კარგად მუშაობამ.

ქასთინგზე მოხვედრის მსურველი მთელი საქართველოდან, მიუხედავად ჩვენი ერის ნიჭიერებისა, ალბათ 200 კანდიდატზე  მეტი არ იქნება, რადგან არა მგონია თავისი არაკომპეტენტურობის წარმოჩენა და 10 000 ლარის დაკარგვის ალბათობა აინტერესებდეს ვინმეს. გარდა მომავალი პარლამენტარის უნარებისა და მაღალკვალიფიციურობისა კანდიდატი კარგად უნდა  ახერხებდეს ქართულად „წერას, კითხვას და ლაპარაკს“. უნდა წარმოადგინოს ამ იდეის გარშემო თავისი ხედვა და პროგრამა. ასევე  ნარკო ტესტი, ფსიქო, ზოგადი ჯანმრთელობის ცნობა,  თავისი სუსტი და ძლიერი მხარეები. კანდიდატების შერჩევისას დაცული უნდა იყოს გენდერული თანასწორობა, უმცირესობების ინტერესები და მაჟორიტარები ყველა ოლქიდან. ყველა თვითონ წარმოაჩენს თავის თავს. თავიდან პარტიას არ ეყოლება ლიდერი, რომლის გარშემოც ვინმეს ექნებოდა სურვილი ეკეკლუცა და უკანა კარიდან მოენდომებინა მოხვედრა. სულ აირჩევა 120 კანდიდატი, უმცირესობისთვისაც ვტოვებთ შანსს. უმრავლესობით გასვლის შემთხვევაში არ არის გამორიცხული სამინისტროებში სხვა პარტიათა ან უპარტიოთა მაღალრეიტინგული წარმომადგენლების წარდგენა. 4,5 წლის შემდეგ დაპირების შეუსრულებლობის შემთხვევაში, განიცადონ ყოფილმა დეპუტატებმაც “როგორია იპოთეკარის ბედი“.

ამ იდეის აქტუალურობის დასამტკიცებლად საქართველოს მოსახლეობას ვთავაზობ ინტერნეტ სივრცეში აქტიურ მონაწილეობას უფასო დალაიქებით. თუ ეს იდეა  დააგროვებს 1 თვეში მილიონ ლაიქს, მაშინ შეიქმნება ახალ პარტია, რომელიც  საქართველოს გამოიყვანს უპასუხისმგებლო პარლამენტართა მოჯადოებული წრიდან და ქვეყანას შეუქმნის ნათელ მომავალს.

მე პირადად არავითარი ამბიცია არა მაქვს პოლიტიკოსობასა და პარლამენტარობაზე, მაგრამ როგორც თქვენთვის, ასევე ჩემთვისაც სულერთი არ არის ქვეყნის ბედი ვის ხელში იქნება და როგორი ოთხი წელიწადი გვექნება. სანამ გამოვაქვეყნებდი ამ სტატიას  იდეის არსი გავაცანი რამოდენიმე სხვადასხვა ფენისა და შეხედულებების ადამიანს. იდეა ყველასათვის საინტერესო და მისაღები აღმოჩნდა.

დღეისათვის საქართველოში მოქმედ არცერთ პარტიას არა აქვს ამ დონის პასუხისმგებლობა აღებული ხალხის წინაშე. ნუღარ გავაგრძელებთ უპასუხისმგებლო პარტიებთან თანამშრომლობას, ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა. საქრთველოში დღეისათვის 219 პარტიაა რეგისტრირებული, მათგან არც ერთს არ აუღია რეალური პასუხისმგებლობა თავიანთ ნამოღვაწარზე. ყოველთვიურად კვლავ ჩნდებიან ახალ-ახალი პარტიები, რომლებიც ერთმანეთისგან იწერენ პროგრამებსა და დაპირებებს, მათ შორის განსხვავება მხოლოდ სახელებშია, ხოლო პასუხისმგებლობა – ნულოვანი.

ყველა ამბიციურ კანდიდატს ვთავაზობ გახდეს ამ ახალი პარტიის წევრი და პარლამენტში მოხვედრა გარანტირებული ექნებათ. ნუღარ დახარჯავენ თავიანთ სახსრებს უნაყოფოდ, რადგან ამ იდეის გახმოვანების შემდეგ, მათი რაც უნდა კარგი, მაგრამ უგარანტიო დაპირებების აღარავის სჯერა. მივმართავ მილიარდერებს, მიუხედავად ქვეყნის წინაშე თავიანთი უდიდესი და დაუფასებელი ღვაწლისა, თუ სურვილი აქვთ მოხვდნენ პარლამენტში, ძალიან მცირე შანსი რჩებათ პარლამენტში უმრავლესობით მოხვედრისა. ვთავაზობ ქასტინგის გაუვლელად გაწევრიანდნენ პასუხისმგებლობის ამღებ პარტიაში, შეიტანონ თავიანთი ქონების 20 %  4,5 წლის ვადით მითითებულ საგარანტიო ანგარიშზე, რაც უზრუნველყოფს მათ პარლამენტარობას და როგორც მოქალაქეებმა იბრძოლონ ქვეყნის გასაძლიერებლად. ხოლო რეფორმატორთა ახალგაზრდულ გუნდს, რომლებიც ახლა აპირებენ შექმნან ახალი პარტია, ისედაც არ ექნებათ პრობლემა გააოცონ ჟიური თავიანთი ღრმა ერუდიციითა და მოტივაციით. არ იქნება შეზღუდვა არც იმ ძველ სახეებზე, რომელთაც არ შეულახავთ თავიანთი და ქვეყნის  ღირსება.

დავესესხები დიდ ილიას: „ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი, ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს“.

ახალი მოდელით კანდიდატების შერჩევა წაადგება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ განვითარებად სამყაროს, რომელთაც იგივე პრობლემები აწუხებთ, როგორც ჩვენ. ეს მეთოდი არ საჭიროებს კონსტიტუციის ან საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს, რადგან სხვა პარტიებს არავინ ავალდებულებს ასევე მოქცევას.

მინდოდა მხარდაჭერისთვის მიმემართა საქართველოს პრეზიდენტისათვისაც, მაგრამ სანამ არ მოვისმენთ მისგან, რომ – აღიარებს შეცდომად და დანაშაულად მის შეტევას „თავისუფალ უნივერსიტეტზე“, ყველაზე დიდ მონაპოვარზე, რაც კი ბოლო პერიოდში შექმნილა საქართველოს მომავლისათვის, – ვებუტები.

ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდება ჭეშმარიტი დემოკრატია, ეკონომიურ წარმატებებთან ერთად გაძლიერდება საერთაშორისო მხარდაჭერა და ავტორიტეტი.  მხოლოდ ამის შემდეგ გამოიხედავენ ჩვენსკენ დროებით ჩამოშორებული ძმები და გაუჩნდებათ სურვილი საქართველოს გამთლიანებისა.

მეოცნებეთა დრო წავიდა, აღარ გაიყიდება საქართველო კვლავ „ფოჩიან კამფეტებზე“. თავის დროზე არ მოვუსმინეთ ერის მამებს, მივატოვეთ მარტოდ თავიანთ იდეებთან ერთად, დავკარგეთ მთელი ეპოქები და დარჩა მათი შეგონებანი ღაღადისად უდაბნოსა შინა. ნუღარ გავიმეორებთ ძველ შეცდომებს.

 

ავტორი: „ილია X (იქსი)“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: