მთავარი,სიახლეები

საჯარო ლექცია უმაღლესი განათლების მნიშვნელობაზე

15.05.2016 • 1758
საჯარო ლექცია უმაღლესი განათლების მნიშვნელობაზე

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მიმდინარეობს საჯარო ლექცია-მოხსენება თემაზე –  უმაღლესი განათლების მნიშვნელობა და როლი.

მოხსენებებს კითხულობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ლევან ბერძენიშვილი და ლევან გიგინეიშვილი.

საჯარო ლექცია-მოხსენება ბსუ-ში

საჯარო ლექცია-მოხსენება ბსუ-ში

„ვილაპარაკებ ჰუმანიტარული განათლების მნიშვნელობაზე. ჩვენს ეპოქაშიც არის თუ არა ამ ჰუმანიტარულ განათლებაში ის, რასაც უწოდებენ „ლებერალარტს“, მარადიული განზომელება, დანიშნულება… მე ვეცდები დავამტკიცო, რომ არის. შევეცდები ცოტა კონტრბალანსი გავაკეთო თანამედროვე წარმატების კულტის იდეასთან, იმ ყველაზე ფუნდამენტური იდეით განათლებაზე, რაც გაჩნდა საერთოდ აკადემიურ ტრადიციაში საბერძნეთში“, – უთხრა „ბათუმელებს“  ლევან გიგინეიშვილმა.

ლევან ბერძენიშვილმა კი „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ  მას არ მიაჩნია სხვა რამე განათლებად, გარდა მხატვრული განათლებისა. მისი თქმით საფუძველთა საფუძველს  გამოგონილი სამყარო და ლიტერატურა წარმოადგენს.

ლევან ბერძენიშვილი ასევე ყურადღებას ამახვილებს თანამედროვე საქართველოს განათლების სისტემაზე: „დღევანდელი უმაღლესი განათლების სისტემა ვერ გაუძლებს კრიტიკის ქარცეცხლს, რომელსაც ჩვენ დავატრიალებთ. იმედი მაქვს, რომ დისკუსიაში ჩაერთვება დარბაზიც, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი კრიტიკული აზრი დაგვიგროვდა განათლების სისტემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, უმაღლესი განათლების სისტემასთან დაკავშირებით. დღეს საქართველოში 85 უნივერსიტეტი და უმაღლესი სკოლაა, რაც წარმოუდგენელია ასეთი პატარა და ასეთი გაუნათლებელი ქვეყნისთვის, როგორც ჩვენ ვართ. ერთ სულ მოსახლეზე, დიპლომირებული ადამიანების რიცხვით, საქართველო პირველ ადგილზეა და წიგნიერების რიცხვით კი ერთ-ერთ ბოლო ადგილზე მსოფლიოში. ამაზე ვილაპარაკებთ“.

დისკუსია დღეს, 15 მაისს, დღის 2 საათზე დაიწყო და 5 საათამდე გაგრძელდება. ღონისძიება ტარდება თანამშრომლობის და განვითარების რეგიონული ქსელი – „RNCD“-ს პროექტის – „უმაღლესი განათლების წახალისება და პოპულარიზაცია აჭარის რეგიონური განვითარებისათვის“ ფარგლებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: