მთავარი

“ეროვნული ფორუმი“ – ოპოზიცია თანამდებობრივი პრივილეგიებით

13.05.2016 • 2261
“ეროვნული ფორუმი“ – ოპოზიცია თანამდებობრივი პრივილეგიებით

„ეროვნულმა ფორუმმა“ პარლამენტში უმრავლესობა დატოვა და ოპოზიციურ ფლაგზე გადაინაცვლა, მაგრამ რეგიონებში ფორუმელები თანამდებობებსაც ინარჩუნებენ და უმრავლესობაშიც რჩებიან. პარტიის ყრილობაზე დელეგატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ეროვნული ფორუმის“ დამოუკიდებლად მონაწილეობას. როგორ აღიქვამს ამომრჩეველი „ეროვნულ ფორუმს“ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალად, თუკი მისი წარმომადგენლები დღემდე არჩევით ორგანოებში მმართველ ძალას არ ემიჯნებიან? -„ბათუმელების“ შეკითხვებს უპასუხა დავით ანანიძემ, „ეროვნული ფორუმის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ.

ბატონო დავით, რა რესურსი აქვს „ეროვნულ ფორუმს“ გადალახოს საა¬რჩევნო ბარიერი, თუ მიზანი მხოლოდ პოლიტიკურ ველზე დარჩენაა?

პოლიტიკურ ველზე დარჩენა არ არის მხოლოდ ჩვენი მიზანი. „ეროვნული ფორუმი“ აუცილებლად გადალახავს ბარიერს. ამას გვაფიქრებინებს ის ხალხი, ვინც ჩვენთან მოდის. ჩვენი პარტია 2006 წელს ჩამოყალიბდა და დამოუკიდებლად აქამდე არასდროს გვიცდია ბედი. პარტიაში სულ 15-ათასამდე წევრია, აჭარაში დაახლოებით – 800. მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში გადავედით, განსაკუთრებით ახალგაზრდების დაინტერესება იგრძნობა. როგორც ჩანს, მათ აღელვებთ ეროვნული ფასეულობები, რომელიც ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

მაგალითად, რომელია ასეთი ღირებულება, რის გამოც პარტიაში შემოსვლის სურვილი გაუჩნდება ვინმეს?

მაგალითად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება ჩვენი საარჩევნო პროგრამის მთავარი თემა. ხედავთ ალბათ გამოკითხვებიდან, რომ იმ საკითხებს შორის, რომელიც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს, ამ საკითხმა თანდათან უკან გადაიწია. ჩვენ დავარწმუნებთ ამომრჩეველს, რომ პრობლემის მოგვარება შეგვიძლია. პირდაპირ უნდა ვესაუბროთ ოსებს და აფხაზებს.

ამისთვის დროც გქონდათ და რესურსიც – უმრავლესობას ახლახან გაემიჯნეთ. თქვენ იმავეს დაჰპირდით ამომრჩეველს ოთხი წლის წინაც. შემდეგ პრემიერ-მინისტრის რანგში ბიძინა ივანიშვილის კომენტარი მოვისმინეთ, არ მეგონა, თუ ასეთი რთული დარჩებოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაო.

გარედან პრობლემის მოგვარება მართლაც უფრო იოლი ჩანს, არ გავურბივართ პასუხისმგებლობას, მაგრამ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ამომრჩეველი უნდა ენდოს ჩვენს სახეებს – კახაბერ შარტავას, რეზო შავიშვილს, გუბაზ სანიკიძეს. ისინი აქამდე არასდროს ყოფილან დიდ პოლიტიკაში და არ ჰქონიათ იმის შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად მიეღოთ გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, დღემდე ასეა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას ენდობა ლიდერების გამო. ჩვენ უნდა აღვადგინოთ მეზობლური ურთიერთობები რუსეთთან. დასავლეთთანაც უნდა შევინარჩუნოთ ის კურსი, რომელიც ქვეყანას აქვს. არ უნდა იმართებოდეს ქვეყანა რომელიმე უცხო ქვეყნიდან, პროდასავლეთელობა ან პრორუსულობა მიუღებელია. ნეიტრალიტეტი არაა ეს, მაგრამ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ. კარგი დიპლომატიის პირობებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია.

თქვენი ეს გზავნილი ემთხვევა ნინო ბურჯანაძის დაპირებებს. რით უნდა გამოგარჩიოთ ამომრჩეველმა? თქვენ ელექტორატი სწორედ იმ პარტიებს უნდა წაართვათ, ვინც რუსეთთან ურთიერთობების დათბობაზე აკეთებს განსაკუთრებულ აქცენტს.

რატომ უნდა წავართვათ ვინმეს ამომრჩეველი? გამოკითხვებიდან ჩანს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცეს ხმა. ჩვენ ამ ნაწილზე ვიმუშავებთ. ვფიქრობ, „ეროვნულ ფორუმს~ ისინი დაინახავენ, როგორც ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს თავისი ხედვები. მაგალითად, ჩვენს პროგრამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ადმინისტრაციული ორგანოების იმგვარად მოწყობის საკითხი იქნება, რომ მოქალაქეთა ინტერესები იყოს დაცული.

სამართლიანობის აღდგენას დავპირდით ხალხს და საპირისპირო მივიღეთ: თუ ნახავთ სასამართლო სტატისტიკას, უფრო და უფრო მატულობს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ორგანოს უჩივიან. იმის გარდა, რომ ამ საქმეებზე იხარჯება დრო და ადამიანური რესურსი, ხალხის ჯიბის ხარჯზე ხდება შემდეგ კომპენსაციის გადახდა, ჩინოვნიკების მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების გამო. ასევე სერიოზული ცვლილებებია შესატანი სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, მაგალითად, პროკურატურას არ აქვს გამოძიების კონკრეტული ვადები და საქმის ძიება შეიძლება წლობით გაგრძელდეს. თაროდან მაშინ იღებენ ამ საქმეებს, როცა ვინმეს პოლიტიკურად სჭირდება.

თქვენ ექვსი დეპუტატი გყავთ პარლამენტში. რამ შეგიშალათ ხელი თუნდაც ამ კუთხით მოგემზადებინათ კანონპროექტი?

ჩვენ არ ვართ წარმოდგენილი იურიდიულ ან ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში. მესმის, რომ ეს არ არის არგუმენტი, მაგრამ დეპუტატებმა სხვადასხვა კანონში შეიტანეს მნიშვნელოვანი ცვლილებები. რატომღაც, აქამდე ვერ მივიდა საქმე.

როგორ უნდა აღგიქვათ ამომრჩეველმა ოპოზიციურ ძალად, როცა თქვენი წარმომადგენლები რჩებიან თანამდებობებზე და ინარჩუნებენ პრივილეგიებს, მაგალითად, აჭარის უმაღლეს საბჭოში, ასევე ხელვაჩაურის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარე ფორუმელია. ასევე ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე…

პრივილეგიის გამო არ რჩებიან ისინი თანამდებობებზე. უმაღლესი საბჭოს წევრს ისედაც მაღალი ხელფასი აქვს და კომისიის თავმჯდომარეობა კომფორტს არ ნიშნავს. იმიტომ არ დატოვა მერაბ აბაშიძემ თანამდებობა, რომ მისი წამოსვლით კომისია გაუქმდებოდა. „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგა და თავის კანდიდატს ვერ გაიყვანდა, „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს ახალ თანამდებობებზე და დანარჩენ დეპუტატებს ისედაც აქვთ თანამდებობები. ჩვენ რეგიონის დონეზე გადავწყვიტეთ არ დაგვეტოვებინა თანამდებობა, კრიზისი რომ არ შექმნილიყო. ვფიქრობ, ამომრჩევლის ნაწილი გაიგებს, რატომაც მოვიქეცით ასე.

„ეროვნული ფორუმის“ გუნდის წევრები აჭარაში

„ეროვნული ფორუმის“ გუნდის წევრები აჭარაში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: