ნარგიზ ბასილაძე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას ითხოვს

ნარგიზ ბასილაძე აჭარის მთავრობისგან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას მოითხოვს. უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ნარგიზ ბასილაძე აჭარის არქივის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტზე უნდა აღადგინონ და სამი თვის კომპენსაცია გადაუხადონ. აჭარის მთავრობას დეკემბრიდან დღემდე ეს გადაწყვეტილება არ შეუსრულებია.

„უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებს მარტში ჩაგვბარდა. დღემდე ვერანაირი პასუხი ვერ მივიღე აჭარის მთავრობისგან, რის გამო ვერ სრულდება გადაწყვეტილება. უკვე მივმართე აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებისთვის“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნარგიზ ბასილაძემ. მისივე ინფორმაციით, არქივის უფროსის მოადგილე – თენგიზ სალუქვაძეს [ის ნარგიზ ბასილაძის ადგილას მუშაობს] ყალბი დიპლომი აქვს და მის წინააღმდეგ საქმეს პროკურატურა იძიებს.

„აჭარის მთავრობა ნებაყოფლობით აღასრულებს ამ გადაწყვეტილებას“ – გვითხრა დავით გაბაიძემ, აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა. მისი განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე გაგრძელდა, რადგან არქივის უფროსის სამი მოადგილიდან ერთ-ერთი უნდა გათავისუფლდეს, ამას კი დასაბუთება სჭირდება: „არ გვინდა, ვისაც გავათავისუფლებთ, იმანაც სასამართლოს მიმართოს. გპირდებით, კვირის ბოლომდე მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას“ – ამბობს დავით გაბაიძე.

აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით გაბაიძის თქმით, თენგიზ სალუქვაძის წინააღმდეგ მიმდინარე დავაზე ინფორმაცია მას მხოლოდ ნარგიზ ბასილაძისგან აქვს: „ჩვენ გვაქვს თენგიზ სალუქვაძის დიპლომი, რამდენად დადგინდება, რომ ის ყალბია, არ ვიცი, ეს გამოძიების საქმეა“

ნარგიზ ბასილაძე 2013 წლის თებერვალში გაათავისუფლა არქივის სამმართველოს ახლადდანიშნულმა უფროსმა – გურამ სალაძემ. „შრომისუუნარო იყო და ამიტომაც გავათავისუფლე“ – ამ სიტყვებით ახსნა მაშინ სალაძემ სამედიცინო ბიულეტენის მქონე მოადგილის გათავისუფლება. მაშინ ამ საკადრო ცვლილებაში სამოქალაქო სექტორმა პოლიტიკური დევნის ნიშნები დაინახა, რადგან ნარგიზ ბასილაძე წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა. გურამ სალაძე ფინანსურმა პოლიციამ 2014 წლის 7 მაისს დააკავა ქრთამის აღების ფაქტზე. ადვოკატის, პაატა ბოლქვაძის ინჯფორმაციით, გურამ სალაძემ უკვე მოიხადა სასჯელის სახით 2 წელი და 2 თვე. ამჟამად იგი თავისუფალია.

 

 

პატიმრის საკონსტიტუციო სარჩელი ციხიდან

პატიმარი გიორგი ქართველიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ დავობს. ის “პატიმრობის შესახებ კოდექსის” იმ ჩანაწერის ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომელიც ხანგრძლივი პაემნის უფლებას არ აძლევს. კანონის მიხედვით, განსაკუთრებული რეჟიმის მქონე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს ხანგრძლივი პაემნის უფლება არ აქვთ.

„მოსარჩელის დასაბუთება ეყრდნობა „საქართველოს კონსტიტუციის” მე-16 მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ყველა პიროვნებას აქვს თავისუფალი განვითარების უფლება, ასევე 36-ე მუხლს, სადაც წერია, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას. პატიმარი მოითხოვს, რომ მას ჰქონდეს იგივე უფლებები, რაც სხვა პატიმრებს. ამ შემთხვევაში, მოსარჩელეს მხოლოდ ერთსაათიანი პაემნით სარგებლობის უფლება აქვს, რადგან იგი განსაკუთრებული რეჟიმის მქონე დაწესებულებაში იხდის სასჯელს” – განმარტავს გიორგი დავითური, საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი სამართლებრივი მრჩეველი.

ხანგრძლივი პაემანი 23 საათს მოიცავს და მისი სარგებლობის უფლება პატიმარს თვეში ერთხელ ეძლევა. საქართველოში სულ 15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაა და აქედან ორი განსაკუთრებული რეჟიმის მქონეა, მათ შორისაა, ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულება, სადაც პატიმრებს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება არ აქვთ.

 

 

პრემიები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის წინასაარჩევნოდ

ქედის საკრებულომ ადგილობრივ ბიუჯეტში კორექტირება შეიტანა. კორექტირებისას ბიუჯეტი 843 267 ლარით გაიზარდა.

ქედის საკრებულოს 13 ივნისის გადაწყვეტილებით, გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებული თანამშრომლები წინასაარჩევნოდ 100% -იანი სახეფასო დანამატის ნაცვლად 50%-ს მიიღებენ და საპრემიო ფონდიდან გამოთავისუფლებული 42 700 ლარით ადგილობრივი თვითმართველობა ქედაში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახებისთვის სახურავების გადასახურად თუნუქის ფურცლებს შეიძენს.

ქედის საკრებულომ საკუთარი პრემიების ნაწილი მოსახლეობისთვის პირველად გაიღო, ამგვარი გადაწყვეტილება დეპუტატებს საკრებულოში დღემდე არასდროს მიუღიათ.

საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას კორუფციული და ამომრჩევლის მოსასყიდად გამიზნული უწოდა საკრებულოს  „ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ წევრმა ვაჟა ბოლქვაძემ, ნაციონალებთან ერთად აღნიშნულ საკითხს არც „ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ქედის საკრებულოს სხდომა
ქედის საკრებულოს სხდომა

„დღევანდელ ბიუჯეტის ცვლილებას კორუფციულს ვუწოდებ, რადგან ამ ყველაფერს წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოების მოსასყიდათ აკეთებენ“ – ამბობს ვაჟა ბოლქვაძე.

ოპოზიციის შენიშვნა უსაფუძვლოდ მიაჩნია საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან ცინცაძეს. ის ამბობს, რომ ამ საკითხზე საკრებულო დიდი ხანია მსჯელობდა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი ამ დროისთვის მიაღწია:

„ყველა თანამშრომელის სურვილი იყო პრემიის ნაწილი მოსახლეობისთვის მიგვემართა, ეს თავიდანვე იყო განსაზღვრული, თუმცა ბიუჯეტის კორექტირება ახლა მოხდა, ეს გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით არ მიგვიღია, ხმები ისეც გვაქვს, მოსყიდვას არც ვცდილობთ და არც გვჭირდება.“

ამირან ცინცაძის ინფორმაციით, 42 700 ლარით 25 ოჯახის საცხოვრებელი სახლი გადაიხურება.
 

 

სად შეიძლება წინასაარჩევნო პლაკატების გაკვრა ქედაში

ქედის საკრებულომ 13 ივნისს იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა დაამტკიცა, სადაც შესაძლებელია როგორც წინასაარჩევნო პლაკატების განთავსება, ასევე შეხვედრა-აგიტაციის მოწყობა.

საკრებულომ საარჩევნო სუბიექტებისთვის ამომრჩეველთან შესახვედრად ქედის სასპორტო სკოლა, სოფლის სახლები და სოფლის კლუბები შეარჩია.
რაც შეხება სააგიტაციო მასალის განთავსებას, ამგვარი მასალის განთავსება ნებადართულია ძირითადად მოსაცდელების, სოფლის სახლების ფასადებსა და სოფლის გზების დამცავი კედლების მიმდებარედ.

საარჩევნო პლაკატების განთავსება აკრძალულია ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სამხედროს აღრიცხვის გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის, სატყეო ადმინისტრაციის და სხვა საჯარო დაწესებულებების შენობებზე.

„ჩვენი გადაწყვეტილებით სააგიტაციო მასალის განთავსება უმეტესწილად მოსაცდელებზეა დასაშვები, რაც შეეხება შეხვედრა აგიტაციას ძირითადად ნებადართულია სოფლის სახლებში. იმ შემთხვევაში თუ აკრძალულ ადგილზე მოხდება წინასაარჩევნო აგიტაცია, ან აკრძალულ ადგილზე გაეკვრება პლაკატი, კანონდამრღვევზე საჯარიმო სანქცია გატარდება“  – ამბობს ქედის საკრებულოს სამნადატო საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე ამირან დევაძე.

განკარგულების მიხედვით წინასაარჩევნო პროცესსი სააგიტაციო მასალის განთავსების კანონიერებას გამგეობის ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებს.
 

ბათუმის პორტში 178 კილო ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს

ბათუმის პორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – ამის შესახებ დღეს, 13 ივნისს ბათუმის პორტთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ტრაილერი, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერება იქნა აღმოჩენილი ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოში და ბორნით უნდა გასულიყო ევროპაში, ჰოლანდიის მიმართულებით. ტრაილერს ოფიციალურად ბრინჯი გადაჰქონდა.

საბაჟო სამსახურის განცხადებით, სკანირების შედეგად მანქანის ძარაზე საიდუმლო სამალავი გუშინ ღამით დააფიქსირეს და დღეს, გამთენიისას ტრაილერზე აღმოაჩინეს დაახლოებით 178 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება, სავარაუდოდ ჰეროინი, სულ 356 ფუთა.

ტრაილერის მძღოლი ჰოლანდიის მოქალაქეა, იგი დაკავებულია.

შს ინფორმაციით გამოძიება 262-ე მუხლით მიმდინარეობს – ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა“.

რამდენიმე სოფელი დაპირებულ კომპენსაციას ითხოვს

დღეს 13 ივნისს, საზღვრისპირა სოფლების – მარადიდის, კირნათისა და აჭარისწყლის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. მოსახლეობა დაპირებულ კომპენსაციას ითხოვს. ამ სოფლებში ჰესის მშენებლობის გამო, მათ ზიანის სანაცვლოდ, ფულადი კომპენსაცია უნდა მიეღოთ.

„ერთი კვირის წინ გვითხრეს რომ  ფულადი კომპენსაციების გაცემა დაიწყებოდა, თუმცა, შემდეგი კვირა მოვიდა და პროცესი დაწყებული არ არის. ჩვენ გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს მანამდე, სანამ ხელისუფლება დანაპირებს არ შეასრულებს“- გვეუბნება საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, სოფელ კირნათის მაცხოვრებელი, რეზო დიასამიძე.

კირნათის, მარადიდის, აჭარისწყლის და კიდევ რამდენიმე სოფლის მოსახლეობა, ჰესების მშენებლობის გამო კომპენსაციას ითხოვს.
კირნათის, მარადიდის, აჭარისწყლის და კიდევ რამდენიმე სოფლის მოსახლეობა, ჰესების მშენებლობის გამო კომპენსაციას ითხოვს.

აქციის მონაწილეებს ამ წუთებში ხელვაჩაურის გამგებელი ხვდება.

ეს „ბათუმარანია“ – ოჯახში დამზადებული ღვინისა და გემრიელი კერძების არჩევანი

ნავებზე დატვირთული ქვევრებით ღვინის გადაზიდვის პროცესი ისტორიულად შავ ზღვას და ვაზით მდიდარ აჭარის რეგიონს უკავშირდება. ეს ისტორია აჭარას საუკუნეების შემდეგ ისევ ზღვიდან, ბათუმელმა მეზღვაურმა დაუკავშირა. თქვენ ისევ ნახავთ ნავებზე დატვირთულ ქვევრებს, ამჯერად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, გორგასლის №111-ში. ეს „ბათუმარანია“ – ბათუმელი მეზღვაურის იდეით დაწყებული სარესტორნო ბიზნესი.

ხმაურიანი გარესამყაროდან რესტორანში შესვლისთანავე ქალაქური სიმღერების ფონური მუსიკა სასიამოვნო, ქალაქურ სივრცეში გაგრძნობინებთ თავს. შესვლისთანავე ჩვენი მომღიმარი მენეჯერი, ზაზა დაგხვდებათ და გასაოცრად გიმასპინძლებთ. ზაზა 12 წელია, რაც ტურიზმის სექტორში, მომსახურების სფეროში მუშაობს.

ზაზა სირაძე, მენეჯერი: „სტუმრებთან ურთიერთობა, ვფიქრობ ყველაზე დიდი ხელოვნება და გამოწვევაა. ადრე სასტუმრო სექტორში ვმუშაობდი, თუმცა სარესტორნო ბიზნესი ჩემთვის გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა. აქ უშუალო პასუხისმგებლობა გაქვს თითოეული სტუმრის მიღებასა და მის გამასპინძლებაზე. კარგი მუშაობით შედეგსაც სწრაფად იღებ, რაც სერვისის გაუმჯობესების და თვითგანვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ბათუმარანის“ მენეჯერი ზაზა სირაძე  სტუმრებთან ერთად
„ბათუმარანის“ მენეჯერი ზაზა სირაძე სტუმრებთან ერთად
ქაბაბი
ქაბაბი

სასიხარულო ამბავი გვაქვს ჩვენი მომხმარებლებისთვის. რესტორანი „ბათუმარანი“ რეკომენდებულია! აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა „ბათუმარანს“ ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მიანიჭა, რაც ნიშნავს იმას, რომ „ბათუმარანი“ ხარისხის საერთაშორისო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება. ყოველივე ეს კი ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის ძალიან დიდი სტიმულია რათა გემრიელად და ხარისხიანად ვუმასპინძლოთ ჩვენ სტუმრებს.”

„ბათუმარანის“ საფირმო კერძი
„ბათუმარანის“ საფირმო კერძი

ბათუმარანი“ აჭარის, ვაზის და ზღვის ინტერიერით ქალაქში, როგორც ქართველების, ასევე უცხოელების დიდ მოწონებას იმსახურებს და შეკრების საუკეთესო ადგილადაც იქცა. იყო შემთხვევა, როდესაც უკრაინელმა სტუმრებმა რესტორნის ადმინისტრაციას ინტერიერის ფოტოების გადაღება და გაგზავნა თხოვეს. მსგავსი უკრაინაშიც რომ გაეკეთებინათ.

აჭარაში, მხოლოდ „ბათუმარანშია“ დიდი რაოდენობის ღვინისა და ოჯახში დამზადებული არყების ფართო არჩევანი, რომელიც ტრადიციული მეთოდით მთიანი აჭარის სოფლებში იწურება და მზადდება. „ბათუმარანში“ წარმოდგენილია აჭარაში დაწურული ხუთი სახის ჩამოსასხმელი ღვინო: ჩხავერი, საწური, ცოლიკაური, ალადასტური და ნოე. ასევე აქ არის არყისა და ჭაჭის მრავალი სახეობა – თაფლის არაყი, ტყემლის არაყი, უშაქრო ტყემლის არაყი, ჭაჭა, უშაქრო ჭაჭა, არაყი მუხის არომატით, ასევე თუთის, აკაციის, ხურმის, შერეული ხილის, მსხლის, და ვაშლის არაყი.

რაც მთავარია, ადგილზე დაგემოვნების გარდა, შეგიძლიათ საუკეთესო ღვინო, ჭაჭა ან არაყი აქვე შეიძინოთ.

ალკოჰოლური სასმელები
ალკოჰოლური სასმელები
ღვინის კუთხე
ღვინის კუთხე

ჩვენ სამზარეულოში კი ნამდვილი კულინარიული დუელია. მზარეულები ერთმანეთს საუცხოო გემოს, ინგრედიენტებისა და განსაკუთრებული არომატების აღმოჩენასა და შეზავებაში ეჯიბრებიან. ამიტომაა ჩვენი თითოეული კერძი ასეთი გემრიელი და არომატული. ექსპერიმენტული კულინარიული შედევრების სიაში საფირმო კერძი „ბათუმარანი“ და „სამეფო“ ლიდერობს.

დააგემოვნეთ საფირმოდ მომზადებული ხორცის ასორტი გემრიელ დანამატებთან ერთად.

ერთ-ერთი მადისაღმძვრელი კულინარიული საიდუმლო ჩვენი მომხმარებლებისთვის სულ მალე გასაჯაროვდება.

DSC_5875

„ბათუმარანში“ სტუმრობა ნამდვილი, ბათუმური ყავით გამასპინძლების გარეშე წარმოუდგენელია. კედელზე მიდგმული პატარა ჯეზვეები მხოლოდ ინტერიერის ნაწილი არ არის. აქ ნამდვილ, ქვიშაზე მოხარშულ ბათუმურ ყავას დალევთ საიდუმლო დანამატით და თუ შესაბამისი განწყობა გექნებათ, ყავის ფიგურების გამოცნობით წარსულში, აწმყოსა და მომავალში იმოგზაურებთ.

ინტერიერის ნაწილი
ინტერიერის ნაწილი

„ბათუმარანი“ თავის სტუმრებს სპეციალურ აქციებსაც სთავაზობს. ერთგული მომხმარებლებისთვის კი განსაკუთრებული ფასდაკლების ვაუჩერი მოქმედებს.

დილის საათებში ჩვენთან ბახუს მენიუს აქცია გვაქვს! მიირთვით 100 გრამი ტყემლის ჭაჭა საჩუქრად.

რესტორნის ოთხი სხვადასხვა სივრცე თქვენ შეგიძლიათ დაბადების დღის, კორპორატიული საღამოს, საქმიანი პრეზენტაციის და სხვადასხვა წვეულების ადგილად აქციოთ.

მომსახურება 10%, სიამოვნება 100%!

რესტორანი „ბათუმარანი“ ასევე გთავაზობთ რამდენიმე დამატებით სერვისს ბათუმსა და მის შემოგარენში. ფურშეტის (ქეითერინგის) მომსახურებას თქვენი წვეულების ორგანიზებისთვის და ადგილზე მიტანის სერვისს.

ჩვენ ვებგვერდზე თქვენ ნახავთ დეტალურ ინფორმაციას მენიუსა და ფასების შესახებ. ტურიზმის რეგიონალურ ფორუმზე batumarani.ge საუკეთესო ვებგვერდად დასახელდა.

ჩვენთვის მომხმარებლების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. მომსახურების სფეროს გაუმჯობესების მიზნით ვებგვერდზე შევქმენით ბლოგი, სადაც კვების ობიექტების სერვისის თემაზე საინტერესო მოსაზრებები გამოქვეყნდება.

დაგვიწერეთ მოსაზრება ბლოგის სახით batumarani.ge

გამოგვეხმაურეთ ფეისბუქზე

შეგვაფასეთ www.tripadvisor.com-ზე

მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: batumarani@gmail.com

დაგვიტოვეთ თქვენი მოსაზრება „შთაბეჭდილებების წიგნში“

დაგვირეკეთ: ტელ.: 0 422 22 78 78 ; მობ.: 555 90 30 30

რესტორანი „ბათუმარანი“
რესტორანი „ბათუმარანი“

„საოცრებათა პარკი“ კონცერტის შემდეგ

ასე გამოიყურება ბათუმში „საოცრებათა პარკი“  Maroon 5-ის კონცერტის შემდეგ. პარკის დიდი ნაწილი დაზიანებულია, ფილები დატეხილი და ალაგ-ალაგ მთლიანად ამოყრილი.

„საოცრებათა პარკში“ ფილების დიდი ნაწილი დამტვრეული და ამოყრილია.
„საოცრებათა პარკში“ ფილების დიდი ნაწილი დამტვრეული და ამოყრილია.

„ბათუმის ბულვარში“ აცხადებენ, რომ ფილების შეცვლაზე ტენდერი გამოცხადებულია და გამარჯვების გამოვლენის შემდეგ, სამუშაოები დაიწყება.

„3 მაისს გამოვაცხადეთ ტენდერი, მაგრამ გამარჯვებული არ გამოვლინდა და ტენდერი შეჩერდა“-გვეუბნებიან ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში.

მაგდა ჯაიანის თქმით, ტენდერი 1000 კ/მ-ის დაგებაზეა გამოცხადებული. სატენდერო თანხა 182 700 ლარია.

3 მაისს გამოცხადებულ გამარტივებულ ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა: „NEW GEORGIA“, „ჯ-ლაინი“ და „ნიკარემსტროი“-ის ფილიალი საქართველოში. ამ უკანასკნელს ბულვარის სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა, კომპანიამ კი ეს გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტოში გაასაჩივრა. შესაბამისად, ტენდერი შეჩერდა. თუმცა,  მაგდა ჯაიანის თქმით, კომპანია „ნიკარემსტროის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მაგდა ჯაიანის თქმით, „საოცრებათა პარკს“ სამი მეპატრონე ჰყავს. „ნაწილი არის ბათუმის მერიის საკუთრებაში, ნაწილს კერძო კომპანია ფლობს, თუ არ ვცდები ესპანური კომპანიაა, ხოლო ნაწილი არის ბულვარის შემადგენლობაში. ჩვენს საზღვრებში რაც არის იმ ნაწილში ფილები გამოიცვლება, მერია არს გეგმავს ვერ გეტყვით“-ამბობს ის.

Maroon 5-ის კონცერტის შემდეგ, ასე გამოიყურება „საოცრებათა პარკი“ ბათუმში.
Maroon 5-ის კონცერტის შემდეგ, ასე გამოიყურება „საოცრებათა პარკი“ ბათუმში.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის ბულვარში ანბანის კოშკის მიმდებარედ ფილების შესყიდვაზე [მუქი ნაცრისფერი ფილა – 200 კვ/მ. და ღია ნაცრისფერი ფილა – 800 კვ/მ] ტენდერი ბულვარის ადმინისტრაციამ 2016 წლის 2 მარტსაც გამოაცხადა, თუმცა ტენდერი მაშინ არ შედგა [ტენდერში, რომლის სატენდერო თანხა – 75 ათასი ლარი იყო, მონაწილეობა არავის მიუღია]. ზოგადად, დაზიანებული ფილების შეცვლა ბულვარისთვის გეგმიური სამუშაოებია და შესაბამის თანხას ბიუჯეტში წინასწარ ითვალისწინებენ.

ამოყრილია ფილები „საოცრებათა პარკში“
ამოყრილია ფილები „საოცრებათა პარკში“

13410722_10210212095365515_1121882028_o

თვითმმართველობებმა დღეს იმ შენობების ნუსხა უნდა შეადგინონ, სადაც საარჩევნო კამპანიის ჩატარება იქნება შესაძლებელი

უსკოს მიერ დამტკიცებული აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის შესაბამისად, დღეს, 13 ივნისს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან შეადგინონ იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია [აგიტაცია] და გადასცენ იგი საოლქო საარჩევნო კომისიას.

საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა- ნაგებობების ნუსხა გაასაჯაროოს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა, აგრეთვე უნდა გამოქვეყნდეს ცესკოს ვებგვერდზე .

თვითმმართველობებს იგივე ვალდებულება აქვთ ცესკოს მიერ დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის მიხედვითაც.

ამავე გრაფიკით, ცესკომ, 13 ივნისს, თავის ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა  საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში.

უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნებისთვის აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია [უსკო] 3 216 583 ლარს დახარჯავს.

რა შემთხვევაში გაიაფდება ელექტროენერგია

ელექტროენერგიის დღეს მოქმედი გაზრდილი ტარიფები სემეკმა დაახლოებით ერთი წლის წინ დაადგინა. მაშინ ტარიფის გაზრდის მიზეზად, ძირითადად, ვალუტის კურსის ცვლილება [ლარის გაუფასურება] დასახელდა. დღეს, ლარის კურსის გამყარების ტენდენციის ფონზე, შეიცვლება თუ არა ტარიფები და რა შემთხვევაში? – სემეკში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აკვირდებიან სიტუაციას და „ვალუტის კურსის არსებითი ცვლილების შემთხვევაში“ ტარიფებს აუცილებლად დააკორექტირებენ.

ვინაიდან ენერგეტიკის სფერო საქართველოში რეგულირებადია, ტარიფების კორექტირებას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული  კომისია [სემეკი] გეგმიურად, წელიწადში ერთხელ ახდენს და ფასებს ბაზარი ვერ არეგულირებს. შესაბამისად, ტარიფი, ზედა ზღვარი, რასაც სემეკი უდგენს ენერგოკომპანიებს, იცვლება ან იგივე რჩება. სემეკის მიერ დადგენილი ახალი ან არსებული ტარიფები ძალაში ყოველი წლის პირველი იანვრიდან შედის და ერთი წლის განმავლობაში მოქმედებს. სემეკს აქვს უფლება ტარიფები არაგეგმიურადაც დააკორექტიროს ანუ შეცვალოს.

გასულ წელს ტარიფები ლარის გაუფასურების გამო გაიზარდა, ვინაიდან, როგორც სემეკში აცხადებენ, გამანაწილებელი კომპანიები, რომლებიც ყიდიან ელექტროენერგიას მომხმარებლებზე, ამ ენერგიას ყიდულობენ გენერაციის სხვადასხვა წყაროდან, ასევე ყიდულობენ იმპორტირებულ ელექტროენერგიასაც, მიუხედავად იმისა, რომ ზოგ კომპანიას საკუთარი ელექტროსადგურებიც გააჩნია.

„შესყიდვების კალათაში არის ჰიდროსადგურებიდან, თბოსადგურებიდან შესყიდული ენერგია და მათ შორის იმპორტიც. იმპორტირებულ ელექტროენერგიას კი ყიდულობენ აშშ დოლარში [შესაბამისი კურსით ლარში]. რაც შეეხება თბოელექტროსადგურებს, ეს სადგურები მუშაობენ ბუნებრივ აირზე, რომელსაც ისინი ასევე დოლარში ყიდულობენ. ამიტომ, ვალუტის კურსის ცვლილება პირდაპირ ურტყამს ამ კომპონენტს. როცა დოლარის კურსი იზრდება _ ლარი უფასურდება, თბოელექტროსადგურების ტარიფები [გასაყიდი ფასი] ძვირდება და იზრდება იმპორტირებული დენის ტარიფიც. თბოსადგურებიდან შესყიდული ენერგიის წილი კი, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, გამანაწილებელი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია. გაიზარდა იმპორტის საფასური, გაიზარდა თბოსადგურების ტარიფები – ამიტომ გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფებიც“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სემეკის წევრმა გოჩა შონიამ.

საქართველოში დღეს ოთხი თბოელექტროსადგური ფუნქციონირებს, რომელთაგან მხოლოდ ერთია [გარდაბნის] სახელმწიფო საკუთრებაში, დანარჩენი სამი კი კერძო კომპანიების საკუთრებაშია [მათ შორის ერთი – „ჯი-თაუერი“ „ენერგო-პრო ჯორჯიას~ კუთვნილებაა და მისგან 1 კვტ/სთ ენერგიას 7,5 თეთრად ყიდულობს. ეს ტარიფიც სემეკის მიერაა დადგენილი].

რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, გოჩა შონიას თქმით, თუ ლარის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება, ანუ თუ დაღმავალი მიმართულებით გაგრძელდა პროცესი, კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ტარიფთან დაკავშირებით: „შარშან ტარიფები გავზარდეთ დაახლოებით 30-35%-ით, რადგან 1 აშშ დოლარის შესყიდვის კურსი 1,70-დან ავიდა თითქმის 2,40-ლარამდე“.

კითხვაზე, იმისთვის, რომ დენის ტარიფმა დაიკლოს, აუცილებელია დოლარის კურსი 1,7 ლარამდე დაეცეს? – სემეკის წევრი პასუხობს:  „ასე ცალსახად ვერ ვიტყვით…

ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიაში წერია, რომ ტარიფი იცვლება ვალუტის კურსის არსებითი ცვლილების შემთხვევაში. ანუ, თუ იმავე პროცენტული მაჩვენებლით დავარდება კურსი, როგორც გაძვირდა [ადრე გაიზარდა 30-35%-ით, ამჯერად კი კლება 10-15%-ია] შეგვიძლია ტარიფების კორექტირება“.

გოჩა შონია აცხადებს, რომ გამანაწილებელი კომპანიები ელექტროენერგიის შესყიდვებში არაფერს არც იგებენ და არც აგებენ: „ვთქვათ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“  1 კვტ-ის შესყიდვა უჯდება 10 ცენტი, ის იმავე 10 ცენტად ყიდის. მოგება კონკრეტულად ამ შესყიდვის კომპონენტში არ აქვს. მოგება კომპანიას აქვს საკუთარ კომპონენტში – განაწილების ტარიფში, რომელიც არის მისი შემოსავლის წყარო. მაგალითად, „თელასმა“ იყიდა 2 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია სხვადასხვა ელექტროსადგურიდან და დაუჯდა საშუალოდ 10 თეთრი 1 კვტ. ის დაამატებს თავის მარჟას – განაწილების ტარიფს რასაც ვეძახით – სიტყვაზე, 4 თეთრს და მოსახლეობას მიჰყიდის 14 თეთრად. ეს 4 თეთრი არის კალათის შემოსავალი, ხოლო 10 თეთრი ის, რაც უნდა გადაუხადოს შესაბამის გენერაციის ობიექტებს 1 კვტ ენერგიაში“.

გოჩა შონიას თქმით, სემეკი ტარიფების კორექტირების პროცესს წელს, გეგმიურად, აგვისტოდან დაიწყებს; „წესით, იანვრამდე ხუთი თვით ადრე ვიწყებთ ტარიფების გადახედვის პროცედურებს. სემეკი იმუშავებს იმაზე, რომ დაადგინოს კომპანიამ რა მიიღო ზედმეტი, თუ მიიღო რამე [შემოსავლები, ხარჯები] და არსებულ სიტუაციაში რამდენად რეალურია ის ტარიფები, რაც არის როგორც ელექტროენერგიაზე, ასევე ბუნებრივ აირზე. თუ, ვთქვათ, მოხდა ისე, რომ 35-40-50%-ით გამყარდა ლარი, ჩვენ გვაქვს უფლება, ვიმსჯელოთ და დავაკორექტიროთ, ანუ დავწიოთ ტარიფი“.

ამავე თემაზე:

რამდენით შეიძლება მოიმატოს დენის ტარიფმა

ენერგო პრო ჯორჯიას“ გენდირექტორი: ტარიფი ერთი ან ნახევარი თეთრით უნდა გაიზარდოს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობა ევროდირექტივებს ეწინააღმდეგება

ბათუმში მეხანძრე-მაშველის დღე აღნიშნეს [ფოტო]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით , მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღე საქართველოში წელს პირველად აღნიშნეს. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს, 12 ივნისს, ბათუმში ჩატარდა.

20160612_110839ღონისძიებას უშუალოდ მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მინისტრის მოადგილეები, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პირადი შემადგენლობა და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა, ხოლო სააგენტოს პენსიაზე გასული თანამშრომლები მედალიონებით დააჯილდოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ, 13 ივნისს, თბილისში ერთ-ერთ ქუჩას მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის სახელი დაერქმევა. ზურაბ მუზაშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა თბილისში წყალდიდობის დროს.

ღონისძიების დასასრულს, ხმელეთსა და ზღვაზე სამაშველო ღონისძიებების სიმულაციური ჩვენება გაიმართა.

20160612_10104820160612_10425420160612_10584120160612_10593520160612_11161020160612_11194320160612_11193320160612_11233820160612_10074020160612_11261120160612_112727

მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღე ბათუმში აღინიშნა. 12.06.2016 | ფოტო: თედო ჯორბენაძე
მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღე ბათუმში აღინიშნა. 12.06.2016 | ფოტო: თედო ჯორბენაძე

დელფინარიუმში კიდევ ერთი დელფინი დაიბადა

ბათუმის დელფინარიუმის ინფორმაციით,  დღეს 11 ივნისს კიდევ ერთი დელფინი დაიბადა. ეს მესამე დელფინია ბოლო სამი დღის განმავლობაში.

„7 ივნისს, რიგით მეორე პატარა, „მონიკას“ შეეძინა (პირველი შვილი ნინია), 10 ივნისის შუაღამით დედა დელფინი სახელად „ბელუჩი“ გახდა, ხოლო 11 ივნისს, გამთენიისას ჩვენს ოჯახს კიდევ ერთი წევრი „ცუცამ“  შემატა. პატარების სქესი ჯერჯერობით უცნობია“- აცხადებს ბათუმის დელფინარიუმის ადმინისტრაცია.

ამავე ინფორმაციით, ახალშობილებისა და მათი დედების უსაფრთხოების გამო, დროებით შეჩერებულია დელფინებთან ინტერაქტივის სერვისი, „ცვლილებები მოხდა შოუს ნომრებშიც, შესაბამისად ქრონომეტრაჟშიც“.

ადმინისტრაციის განცხადებით, ბუნებრივ პირობებთან მიახლოვებულ საარსებო გარემოში დელფინის დაბადება არც თუ ისე ხშირია. თუმცა, მსგავსი პრეცედენტი, ბათუმის დელფინარიუმში უკვე მეექვსედ დაფიქსირდა. „ეს ფაქტი უტყუარი დადასტურებაა იმისა, რომ დელფინარიუმის ბინადრები, მოვლისა და შენახვის თვალსაზრისით იდეალურ გარემოში იმყოფებიან, ყველა პრევენციული ზომების გათვალისწინებით, კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ“.

ბათუმის დელფინარიუმის ახალი ბინადარი
ბათუმის დელფინარიუმის ახალი ბინადარი

„ახალშობილები და დედები თავს კარგად გრძნობენ. მზრუნველობას არ აკლებენ პატარებს, ჩვეულებისამებრ, გარემოსთან ადაპტაციას დედა პატარას პირველივე წუთებიდანვე ასწავლის. დაბადებისთანავე, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის, დედები ახალშობილებს წყლის ზედაპირზე ამოაცურებენ ხოლმე. მას შემდეგ კი პატარები დედასთან ერთად სინქრონულად დაცურავენ. მცირე პერიოდის შემდეგ დედა პატარას რძით კვებას იწყვებს. ეს პროცესი 1 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება“.

დელფინარიუმის ცნობით, მატების სტატისტიკა ფიქსირდება ფეხფარფლიანთა განყოფილებაშიც. „გახსნის დღიდან 5 სელაპი – გუდუნა, გიგუნა, სოსო, პელე და ჯონი დაიბადა.

საპროტესტო აქცია ქობულეთში

დღეს, 11 ივნისს, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩის 376-ში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა ზღვისპირა პარკის ნაწილის გასხვისებას ეწინააღმდეგება და მოითხოვს, რომ აღნიშნული ტერიტორია რეკრეაციულ ზონად დარჩეს და აქ არ აშენდეს მაღლივი შენობები.

სადავო ტერიტორია სასტუმრო „ჯორჯია პალასის“ მიმდებარედაა. წინა ხელისუფლების დროს ტერიტორია ყაზახ ინვესტორებს გადაეცა, თუმცა  ინვესტიცია არ განხორციელებულა. „ადრე აქ კარდიოლოგიური ცენტრი ფუნქციონირებდა, რადგან მწვანე ზოლზე არსებული უნიკალური ჯიშის სამკურნალო მცენარეებია დარგული. აპირებენ ამ ტერიტორიის გასხვისებას, რისი წინააღმდეგიც ვართ,“-ამბობს მოსახლეობა.

აქციაზე დაახლოებით 70 ადამიანი იმყოფება. აქციაზე იმყოფება ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, რომელიც გვეუბნება, რომ აქციის მონაწილეებს ქობულეთის გამგებლის მოადგილე შეხვდა. „მან მოსახლეობას მისცა პირობა, რომ ტერიტორია გაიწმინდება, მოწესრიგდება, თუმცა იმის გარანტია მოსახლეობას ვერ მისცა, რომ ტერიტორიაზე სასტუმრო არ აშენდება,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე კი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ  ეს საკითხი მოლაპარაკების თემაა და მოსახლეობასთან  გარკვეულ პირობებზე შეთანხმება შეიძლება: „როცა მთავრობა უკან დაიბრუნებს ტერიტორიას, შეიძლება ნაწილი დავტოვოთ პარკად, ნაწილი კი ინვესტორზე გასხვისდეს“.

მათემატიკა – ქართული სკოლების „აქილევსის ქუსლი“

2016 წლის საატესტატო გამოცდებზე მათემატიკაში 5 600 მოსწავლე ჩაიჭრა. მათემატიკაში ჩაჭრილთა რაოდენობა აჭარაში წინა წელთან შედარებით 7-დან 12 პროცენტამდე გაიზარდა. დირექტორების აზრით, ის, რომ მასწავლებელმა შედეგი ვერ მიიღო, მისი სკოლიდან გაშვების საფუძველი ვერ გახდება. რაში ხედავენ მათემატიკის მასწავლებლები და დირექტორები წარუმატებლობის მიზეზებს?

უფროსი კატეგორიის მასწავლებელი ქემალ ხიმშიაშვილი ბათუმის 22-ე  საჯარო სკოლაში მათემატიკას ასწავლის. წელს ამ სკოლაში  მათემატიკის გამოცდა 18-მა მოსწავლემ ვერ ჩააბარა. აქედან, ექვსი მოსწავლე მეორედ გავიდა გამოცდაზე და მაინც ჩაიჭრა.

მასწავლებელი ამბობს, რომ სკოლიდან საყვედურის მოლოდინი მაინც აქვს. „მაქვს ეს განცდა, რომ შეიძლება არ დამითხოვონ, მაგრამ დიდ საყვედურს მაინც მივიღებ. შევეცდები ყველა ზომა მიიღოს სკოლამ, რომ გაკვეთილები აღარ გაცდეს.“

ზოგიერთი მოსწავლის თქმით, ჩაჭრილ მოსწავლეთაგან 1-2 პედაგოგთან კერძოდაც ემზადებოდა, თუმცა ქემალ ხიმშიაშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

„ტყუილია ეს, აბიტურის საათებიც კი არ მქონია წელს მე-12 კლასელებთან“, –  ამბობს ის.

მასწავლებლის აზრით, ჩაჭრის მიზეზი შეიძლება ემოციური ფონი იყოს, რადგან ერთ მოსწავლეს სასწრაფო დახმარებაც დასჭირდა. „არ მქონდა იმის განცდა, რომ ეს ბავშვები გამოცდას ვერ ჩააბარებდნენ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ხუთ ქულას რომ ძლივს ვუწერდი“.

პედაგოგის აზრით, წარუმატებლობის მიზეზი დაბალი მოტივაციაცაა: „დაამთავრა უმაღლესი, ვერ დასაქმდა, ოქროს მედალი აიღო და არანაირი პრივილეგია არ აქვს. ამ ყველაფერმა იმოქმედა.“

თუკი მოტივაცია დაბალი აქვთ მოსწავლეებს, მაშინ რატომ გადიან ჩაჭრილები მომდევნო წელს გადაბარებაზე? –  ქემალ ხიმშიაშვილის აზრით, ეს მენტალობის ამბავია: „რა გითხრა აბა, საქართველოა, ხომ იცით“.

რაც შეეხება სკოლის დირექტორს, გიორგი რუხაძე ამბობს, რომ მათემატიკის მასწავლებლის გაშვებას ჩაჭრილი მოსწავლეების გამო არ აპირებს. „იმის გამო, რომ შედეგი ვერ დადო, პედაგოგის სკოლიდან გაშვება არ არის სწორი. უბრალოდ, სკოლა გამოიკვლევს მიზეზებს, რაში დავუშვით შეცდომა და მონიტორინგის შემდეგ გამოვასწორებთ ამ შეცდომების.“

მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელია მიიჩნევს, რომ მათემატიკა ქართული სკოლების „აქილევსის ქუსლია“, რაშიც ნაწილობრივ პედაგოგების ბრალსაც ხედავს: „ჩვენს სკოლაში 22 მოსწავლე ჩაიჭრა და აქედან 19 მოსწავლე მათემატიკაში.  მიზეზი ის არის, რომ სუსტად არიან მოსწავლეები მომზადებული. პრობლემაა ისიც, რომ კვალიფიციურად ვერ ვასწავლით“.

დირექტორის თქმით, არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რის საფუძველზეც სკოლა ჩაჭრილი მოსწავლეების სიმრავლე-სიმცირის საფუძველზე მასწავლებელს დაითხოვს: „ეს გამორიცხულია, ამის მექანიზმი არ არსებობს. მასწავლებლის კომპეტენციის დადგენა სკოლას არ შეუძლია. სკოლას მხოლოდ ის შეუძლია, რომ მოძებნოს გზები და მათემატიკის სწავლება გააუმჯობესოს“.

მე-16 საჯარო სკოლაში მათემატიკას 64 წლის პრაქტიკოსი მასწავლებელი, ზურაბ ძველაია ასწავლის. მისი აზრით, წელს გამოცდებზე იმიტომ ჩაიჭრა ბევრი, რომ კონტროლი გამკაცრდა. „წინა წლებში ბავშვები ერთმანეთის დახმარებით აბარებდნენ. ამას ნებისმიერი მასწავლებელი დაგიდასტურებთ. წელს კი ამის საშუალება არ იყო“, – გვეუბნება ის.  მასწავლებლის თქმით, შეფასებისა და გამოცდების ცენტრში ამის შესახებ იცოდნენ _ თუმცა, `უწინ თვალს ხუჭავდნენ და წელს არ დახუჭეს თვალი“.

მე-16 საჯარო სკოლაში საატესტატო გამოცდებს მთლიანობაში 82 მოსწავლე აბარებდა.

127 მოსწავლიდან ცხრა მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკაში ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაშიც.

50-დან 18 მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკაში, ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში. სკოლის დირექტორის თამარ გოგიშვილის თქმით, წელს მეთორმეტეკლასელების აკადემიური დონე დაბალი იყო: „მასწავლებელი უნდა იყოს კვალიფიციური, რადგან უფროსი კატეგორიის მასწავლებელი მათემატიკაში მყავს ორი, მაგრამ სერტიფიკატი აღებული აქვთ 1-6 კლასების ჩათვლით, მაღალ კლასებში სერტიფიცირებული მასწავლებელი არ მყავს“. დირექტორის თქმით, მოსწავლეები არ იყენებდნენ აბიტურის საათებს მოსამზადებლად, „ათი მოსწავლე ეროვნულ გამოცდებზე იყო დარეგისტრირებული და ალბათ კერძო რეპეტიტორთან ემზადებოდნენ. ერთმა მშობელმა მითხრა, რომ 120 დოლარს იხდიდა მომზადებაში, მაგრამ მარტო რეპეტიტორი ვერ უშველის, თუ მოსწავლემ არ მოინდომა“.

118 მოსწავლიდან 22 ჩაიჭრა ბათუმის #18 საჯარო სკოლაშიც. აქედან დაახლოებით იგივე რაოდენობაა ჩაჭრილი სხვა საგნებშიც. დირექტორი რამაზ ადაძე მიიჩნევს, რომ წარუმატებლობის მიზეზი მხოლოდ პედაგოგი არ არის და მოსწავლემ კარგად უნდა გამოიყენოს აბიტურის საათები. „წელს ცოტა გამკაცრებულიც იყო საგამოცდო პროცესი, ყველაფერზე შენიშვნას აძლევდნენ და შეიძლება ამანაც იქონია გავლენა,“-  ამბობს დირექტორი.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერის, ირინა აბულაძის შეფასებით, დირექტორმა მასწავლებლის ავკარგიანობაზე გადაწყვეტილება რომ მიიღოს, ხელთ შესაბამისი ინსტრუმენტები უნდა ჰქონდეს და „ეს მხოლოდ მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდა არ არის“.

„ერთ-ერთი ინსტრუმენტი შეიძლება იყოს საგაკვეთილო პროცესის შეფასება, რომელიც სქემაშია განსაზღვრული. სკოლის შეფასების ჯგუფმა უნდა შეაფასოს მასწავლებლის პორტფოლიო და თუ შეფასების ჯგუფი დაინახავს, რომ მასწავლებელი ვერ აუმჯობესებს საგაკვეთილო პროცესს, არ აქვს გათვალისწინებული ის რეკომენდაციები, რაც ჰქონდა მიცემული, დირექტორს შეუძლია განიხილოს ეს საკითხი სკოლის სამეურვეო საბჭოსთან და პედსაბჭოსთან ერთად და მიიღოს გადაწყვეტილება პედაგოგის დათხოვნის შესახებ“- ამბობს ის.

რაც შეეხება სკოლებში მათემატიკის სწავლების გაუმჯობესებას, ირინა აბულაძის თქმით, მათემატიკაში შარშან ჩატარდა ეროვნული კვლევა, რომლის შედეგებიც მალე გახდება ცნობილი.

ირინა აბულაძის თქმით, კურუკულუმი მე-7-დან მე-12 კლასამდე მათემატიკის მიმართულებით მოსწავლეებს მაღალ სააზროვნო სტანდარტებს უწესებს: „მხოლოდ სავარჯიშოების მიცემა მათემატიკურ აზროვნებას ვერ განავითარებს, მოსწავლეს უნდა შეეძლოს მათემატიკური ფიგურების სივრცითი წარმოსახვა, სხვადასხვა სიმულაციები და ა.შ. ამიტომ მასწავლებლებთან უნდა ვიმუშაოთ ამაზე“.

ირინა აბულაძის თქმით, წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის ფარგლებში მათემატიკის მასწავლებელთა საგნობრივი ტრენინგებიც არის დაგეგმილი.

20-20 ლარი გიორგი ტატიშვილის სასარგებლოდ

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის ექვსი საჯარო სკოლა დაავალდებულა, გიორგი ტატიშვილის ორგანიზაციას – „გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოს“ საჯარო ინფორმაციის მიწოდების გარდა 20-20 ლარიც გადაუხადონ. გიორგი ტატიშვილი სარჩელში თითოეულ საჯარო სკოლას არა მარტო საჯარო ინფორმაციას, არამედ 599 ლარს, როგორც ზიანის ანაზღაურებას სთხოვდა.

დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ბათუმის მე-11 საჯარო სკოლამ მოგვაწოდა, გიორგი ტატიშვილი მათ 2011 წლიდან 2015 წლის ჩათვლით სკოლაში არსებულ ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლს თხოვდა. მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების მასალებს, რომელიც ისედაც საჯაროა და ატვირთულია ვებგვერდზე: სპა.გე

„არ ვიცი, რა არის მისი მიზანი, ინფორმაციის მიღება თუ სხვა რამ, რადგან დოკუმენტაციის დიდი ნაწილი მივაწოდეთ, ნაწილზე მივუთითეთ, რომ ისედაც საჯაროა და ატვირთულია ელექტრონულად, მაგრამ მაინც ქსეროასლებს ითხოვდა. მაშინ ჩვენ მოვითხოვეთ, რომ გადაეხადა მოსაკერებელი, რადგან დიდ ინფორმაციას ითხოვდა და ამდენი ფურცლის დაქსეროქსება არა მარტო ადამიანურ რესურს და დროს მოითხოვს, ფინანსურადაც ძვირი ჯდება. თუმცა, გიორგი ტატიშვილმა არ გადაიხადა მოსაკრებელი და სასამართლოში გვიჩივლა,“ –  ამბობს დირექტორი მანანა მიქელაძე.

სასამართლოში სკოლის ინტერესებს ბათუმის რესურსცენტრის იურისტი, მიხეილ რიჟვაძე იცავდა. ადვოკატის თქმით, სასამართლოზე, რომელიც 27 მაისს გაიმართა, გიორგი ტატიშვილმა შეამცირა საჯარო ინფორმაციის მოცულობა და მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.

„გარდა ამისა, ის ითხოვა 599 ლარს საადვოკატო მომსახურებისთვის (ორგანიზაციის ხელმძღვანელიც და ადვოკატიც თვითონ გიორგი ტატიშვილია). სასამართლომ 20-20 ლარის გადახდა ექვს საჯარო სკოლას დააკისრა,“ – გვეუბნება ადვოკატი.

სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერჯერობით მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს არ ჩაბარებია. უცნობია აპირებს თუ არა გიორგი ტატიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

„მე ჯერ არ ვაპირებ ამ 20 ლარის გადახდას, რადგან არ ვიცი რას იზამს გიორგი ტატიშვილი,“ –  ამბობს მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელია.

საჯარო სკოლები სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე აპირებენ ჩამოტვირთონ ელექტრონულად ატვირთული, ხელმისაწვდომი ინფორმაცია და შემდეგ ისევ ელექტრონულად გადაუგზავნონ გიორგი ტატიშვილის ორგანიზაციას.

საჯარო სკოლები ამბობენ, რომ გიორგი ტატიშვილმა ანალოგიური მოტივით ათეულობით სკოლას უჩივლა, მათ შორის თბილისში.

სტუდენტური მოძრაობის წერილი პრემიერს

დღეს 11 ივნისს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, სტუდენტური მოძრაობა – „ავტონომია უნივერსიტეტის“ წევრებმა განცხადება გააკეთეს. სტუდენტები საქართველოს პრემიერს და განათლების მინისტრს, წერილობით მიმართავენ.

სტუდენტების განცხადებით, წერილი შეეხება უნივერსიტეტის თვითმმართველობების საკითხს და გარე ძალების ჩარევას საუნივერსიტეტო პროცესებში.

„წერილი ასევე შეიცავს ყველა იმ ფაქტის აღწერას, რაც მოხდა უნივერსიტეტში 21 მარტიდან დღემდე. იმას, რომ არ მოხდა პროცესების ობიექტურად შეფასება და დანაშაულების გამოძიება. აქედან გამომდინარე ვითხოვთ პრობლემის გადაჭრის პოლიტიკურ ნებას“ – გვეუბნება სტუდენტური მოძრაობის წევრი, გიორგი ბაგრატიონი.

მისივე თქმით, წერილი განათლების ახალ მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავასაც გადაეგზავნება.

ველორბოლა, შეჯიბრი სირბილში – ბულვარსა და „ჰილტონის“ კიბეებზე

დღეს, 11 ივნისს „ჰილტონ ბათუმი“ ყოველწლიურ საქველმოქმედო მარათონში ჩაერთო, რომელსაც „ჰილტონის“ ქსელი მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში ახორციელებს. მარათონი – „შემოვიაროთ მსოფლიო ერთ დღეში“, ბათუმში სპორტული აქტივობებით დაიწყო. დილის 11 საათიდან, ბათუმის ბულვარში ველომარათონი მიმდინარეობს, სადაც პროფესიონალ ველომრბოლელებთან ერთად, მოყვარულებიც მონაწილეობენ.

„ზოგი 5 კილომეტრს გადის, ზოგი ცხრას. შემდეგ ჩვენ ვაჯამებთ კილომეტრებს და ასე ვაგროვებთ 40075 კმ-ს  დედამიწის გარშემო“ – გვეუბნება ჰილტონ ბათუმის“ მარკეტინგის აღმასრულებელი, თეონა დუმბაძე.

„ჰილტონის“ საქველმოქმედო სპორტული მარათონი ბათუმში
„ჰილტონის“ საქველმოქმედო სპორტული მარათონი ბათუმში

11-საათიდან 14:00 საათამდე ბულვარში გაიმართება სირბილში შეჯიბრი. წინასწარ რეგისტრირებული მონაწილეები, უნივერსიტეტიდან მოცეკვავე შადრევნებამდე, დაახლოებით ხუთი კილომეტრის დისტანციაზე ირბენენ. „სასტუმრო „ადმირალიდან“ შემოგვიერთდა 15 ადამიანი და  უკვე ირბინეს“ – გვეუბნება თეონა დუმბაძე.

15-იდან 17 საათამდე კი სასტუმრო „ჰილტონში“ კიბეებზე სირბილია დაგეგმილი.

13412878_841585432613034_9018324899678440361_n

სპორტულ აქტივობებში მონაწილეობისთვის  10-ლარიანი, 25-ლარიანი და კორპორატიული ვაუჩერის შეძენაა აუცილებელი.

პაკეტის გაყიდვიდან შემოსული თანხა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მოხმარდება. „ამ დროისთვის 1500 ლარამდეა შემოსული, ზუსტი მონაცემები გვექნება დღის ბოლოს“ – გვეუბნება თეონა დუმბაძე.

უსკომ საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [უსკო] აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა.

ანალოგიური გრაფიკი, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის, 8 ივნისს დაამტკიცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც [ცესკო].

უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის 3,2 მილიონი ლარი დაიხარჯება

უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია [უსკო] 3 216 583 ლარს დახარჯავს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნების გამართვისათვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი უსკომ 7 ივნისს დაამტკიცა.

უსკოს გადაწყვეტილებით საარჩევნო კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურებაში [ხელფასებში] დაიხარჯება – 2 319 743 ლარი; საქონელი და მომსახურებაში – 888 840 ლარი, ხოლო არაფინანსური აქტივები – 8000 ლარი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარდება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდება.

საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 3 ივნისის შესაბამისი განკარგულება, პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის შემდეგ, ძალაში მიმდინარე წლის 8 ივნისს შევიდა.

აჭარის მთავრობამ კი, სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ამჯერად უკვე წინასაარჩევნო რეჟიმში, კონკურსი უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის და კომისიის ერთი წევრის შესარჩევად ისევ გამოაცხადა.

უსკოს მოქმედი თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე მიიჩნევს, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურის გაჭიანურება უსკოს არჩევნებისთვის მომზადებას ხელს ვერ შეუშლის.

დაგვიანებული სარაგბო სტადიონი და „საჩუქარი“ ბათუმს

ბათუმში სარაგბო სტადიონის მშენებლობა ორი წლის წინ დაიწყო და გასული წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, „ვადა ტექნიკური საკითხების გამო“ გადაიწია. მიმდინარე წელს კი, მთავარი ტრიბუნის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. სტადიონი, რომელიც ბათუმის მერიისა და „ქართუს“ დაფინანსებით შენდება, 2016 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. ბათუმის ბიუჯეტიდან 3,5 მილიონი ლარი უკვე გადაერიცხა კომპანიას, რომელმაც მშენებლობა უნდა დაასრულოს.

IMG_9462„2013 წლის 27 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება ბათუმის მერიასა და ასოციაცია „ატუს“ შორის – 3 596 177 ლარზე, რაც მერიის ბიუჯეტიდან გამოიყო. ჩვენ გადავუხადეთ 3 591 434 ლარი „ატუს“. დარჩენილ სამუშაოებთან, რაც ახლა მიმდინარეობს, მერიას შეხება არ აქვს და მას უშუალოდ „ატუ“ აფინანსებს. მან აიღო ვალდებულება, რომ თავად მოიძიებს დანარჩენ თანხას. საპროექტო მონაცემებით 7 მილიონზე მეტი ჯდება სტადიონის მშენებლობა“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნუგზარ შერვაშიძემ.

„რამდენადაც ვიცი, მშენებლობას 4 მილიონი ლარით ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. ახლა მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, რათა მოედნებზე საფარი დაიგოს. აქ კეთდება როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნურსაფარიანი მოედნები. სამუშაოებს „ატუ“ აწარმოებს და დათქმულ დროში დასრულდება“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ „ატუს“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

ბათუმის მერიაში კი გვითხრეს, რომ გასულ წელს, ბათუმის მერიასა და „ატუს“ შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც მშენებლობა 2016 წლის პირველ ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.

ასოციაცია „ატუ“ სამშენებლო ჰოლდინგ „ბურჯის“ შვილობილი კომპანიაა, ხოლო თავის მხრივ „ბურჯი“, სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ შემადგენლობაშია.

IMG_9451აღსანიშნავია ისიც, რომ წელს, ზამთარში, ტრიბუნის სახურავი ჩამოინგრა. ნუგზარ შერვაშიძე ამბობს, რომ „სახურავის ნაწილი დაანგრია დიდმა ნალექმა. ქარიანი ამინდი იყო და მაგ ადგილზე მიაყარა თოვლი, სიმაღლეში 2 მეტრი დაფიქსირდა, თუ არ ვცდები… ამჯერად კეთდება და სახურავს უფრო დიდ დატვირთვაზე ანგარიშობენ“.

ვინ ზედამხედველობს სტადიონის მშენებლობას? – კომპანიაში გვითხრეს, რომ ზედამხედველი ბათუმის მერიაა, მერიაში კი აცხადებენ, რომ თავად კომპანიას ჰყავს სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამოწმებს მშენებლობის ხარისხს: „დღეს ჩვენ  ოფიციალურად არ ვზედამხედველობთ, უბრალოდ, ვინტერესდებით მიმდინარე სამუშაოებით, ვინაიდან ქალაქის ბიუჯეტიდანაა გადახდილი თანხა და ობიექტი უნდა გახდეს მუნიციპალიტეტის საკუთრება. უნდა გადმოეცეს ბათუმის მერიას“.

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სარაგბო სტადიონი შენდება. რამდენადაც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მერიის თანხით კეთდება ტრიბუნა [2484 მაყურებელზე, რომელიც აშენებულია], სახურავი [რომლის ნაწილი ხელახლა კეთდება], საშხაპეების ტიხრები, განათების სისტემის ოთხი ბოძი, დრენაჟის სისტემა, ღობე.

IMG_9447ტრიბუნებზე სკამების მონტაჟს, ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობას, მცირე ტრიბუნას [552 მაყურებელზე] ავტოპარკინგს, კომუნიკაციებს, ქვიშის მოედანს და მთელი ამ კომპლექსის კეთილმოწყობასა და ექსპლუატაციაში შეყვანას კი „ატუ“ უზრუნველყოფს.

მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ მაქსიმუმ ერთ თვეში მზად იქნება ხელოვნურსაფარიანი სტადიონი და რაგბისტებს ვარჯიშის საშუალებაც ექნებათ.

სარაგბო სტადიონის მშენებლობა [3,6 მილიონი ლარის ბიუჯეტიდან გამოყოფა და გამარტივებული შესყიდვა] თავის დროზე ბათუმის საკრებულოში, საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ გააპროტესტა. კირთაძე აცხადებდა, რომ არსებობდა შეთანხმება და სტადიონის მშენებლობა ფონდ „ქართუს“ მთლიანად უნდა დაეფინანსებინა. მაშინდელმა საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი ჩავლეიშვილმა თანხის გამოყოფა და გამარტივებული შესყიდვა პროექტის შეჩერების საშიშროებით ახსნა და საქართველოს ფინანსთა მინისტრს საჭირო თანხა მოსთხოვა. ამას მოჰყვა მაშინდელი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის [2013 წლის აგვისტოს] განკარგულება, რომლის თანახმადაც საკრებულომ სარაგბო სტადიონის მშენებლობისთვის მოთხოვნილი თანხაც მიიღო და თანხმობაც – სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვაზე.

IMG_9497გასულ წელს მშენებარე კომპლექსი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემაც დაათვალიერა და აღნიშნა, რომ „ბაზა ითვალისწინებს სამომავლოდ, სასტუმრო კომპლექსის მოწყობას“. თუმცა პროექტით, რომელიც ამჟამად ხორციელდება, სასტუმროს მშენებლობა გათვალისწინებული არ არის.

სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისა და დაფინანსების საკითხი დღესაც გაურკვეველია. სასტუმროსთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ აჭარის მთავრობაში და არც მერიაში. მშენებელ კომპანიაში კი გვითხრეს, რომ შესაბამისი ტერიტორია არის და „სასურველია სასტუმრო აშენდეს“. რაც შეეხება ტერიტორიას [მომიჯნავე ნაკვეთები ჯამში 4,5 ჰექტარი], სადაც სარაგბო სტადიონი შენდება, საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, 2009-2011 წლებში აჭარის საკუთრებაში იყო, შემდეგ საქართველოს რაგბის კავშირის, შემდეგ ნაკვეთ[ებ]ზე რეგისტრაცია უქმდება და კვლავ რეგისტრირდება როგორც აჭარის საკუთრება. 2013 წლის დეკემბრის ამონაწერით კი, ტერიტორია უკვე ბათუმის მერიის საკუთრებაშია.

- ეს
ბათუმის სარაგბო სტადიონი. 3.06.2016 / თორნიკე თავაძის ფოტოები

500-მდე დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევაზე [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, პარკირების წესების დარღვევის გამო, დღეს ბათუმში სულ 456 ადამიანი დაჯარიმდა.

მათ შორის: 361 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 61 – ნიშანში დგომისთვის, 19 – ტროტუარზე დგომის გამო, 14 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 1 – პარკირების ორგანიზების წესის დარღვევისთვის.

მწვანე კონცხზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 25 ივლისს უნდა დასრულდეს

მწვანე კონცხის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს, რის შედეგადაც მწვანე კონცხზე გარდა ახალი ინფრასტრუქტურისა, განახლდება ზღვაში შეჭრილი ხიდიც.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები უტარდება სავალ გზას, სასეირნო ბილიკებს, მოსასვენებელ პარკსა და ქვაფენილებს.

სამუშაოებს 2 კომპანია „მონოლითი 2005“ და შპს ,,გზები“ ახორციელებს. ობიექტებზე, 20 სხვადასხვა სიმძიმისა და სახეობის ტექნიკა მუშაობს. სატენდერო პირობების თანახმად, 3 მილიონ ლარად შეფასებული სამუშაოები 25 ივლისს უნდა დასრულდეს.
ამავე თემაზე: მწვანე კონცხზე სამუშაოების დასრულება რკინიგზაზეა დამოკიდებული

საერთაშორისო ტურნირი კალათბურთში დღეს დაიწყება

 
დღეს ბათუმში ,,საერთაშორისო ტურნირი კალათბურთში ვ. ალთაბაევის თასზე“ იწყება. პირველი თამაში ბათუმის სასპორტო სკოლაში 17:00 სთ-ზე დაიწყება და 3 დღეს გაგრძელდება.
 ტურნირში 2002-2003 წელს დაბადებულ ჭაბუკთა 2 ქართული და 2 უცხოური გუნდი მონაწილეობს. ღონისძიების ორგანიზებისათვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 20 000 ლარია გამოყოფილი.
 ტურნირი მერიის ,,სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში იმართება.
დაჯილდოების ცერემონიალი 12 ივნისს, 14:30 სთ-ზე გაიმართება.

 

დავით ბალაძე: ინვესტიციების მაჩვენებელი აჭარაში წინა წელთან შედარებით – 29%-ით გაიზარდა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ მიმდინარე, ახალი და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები შეაჯამეს. შეხვედრაზე არჩილ ხაბაძემ ახალი საინვესტიციო პროექტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალ ბულვარშ არა ნაკლებ 40 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ბულვარის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი (32 249 კვ.მ) პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე 5 მილიონად გაიტანეს და ვაჭრობის შედეგად, იგი დაახლოებით 100% იანი ფასნამატით, 9,3 მლნ ლარად შპს „ორბი ჯგუფ მილენიუმმა“ შეიძინა.

აუქციონის პირობების მიხედვით ტერიტორიაზე არანაკლებ 350 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი განთავსდება.„ორბის“ პროექტის მიხედვით ასევე საკონფერენციო დარბაზი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, მათ შორის არანაკლებ 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ღია ტიპის საცურაო აუზი, ასევე დახურული ტიპის აუზი, სარეკრეაციო ზონა, ღია სათამაშო მოედნები და სხვა ობიექტები მოეწყობა. პროექტი არანაკლებ 300 მოქალაქის დასაქმებას ითვალისწინებს. სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა 4 წელში დასრულდება.

„ახალ ბულვარში მიმდინარე პროექტების საპრივატიზებო ღირებულება ჯამში დაახლოებით 21,1 მლნ ლარია, საიდანაც ჩვენ 520 მლნ ლარის ინვესტიციას ველოდებით, აქედან 100 მილიონი ლარი კი უკვე განხორციელებულია“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 9,3 მილიონ ლარად გაყიდული იგივე ქონება ლევან ვარშალომიძემ თავის დროზე დაახლოებით 2 464 000 ლარად გაასხვისა. “დაბალი ფასის მიუხედავად, გაყიდული ქონების ვალდებულებები წლების განმავლობაში კომპანიამ ვერ შეასრულა, პროექტი არც კი დაწყებულა. ჩვენ ქონება ხელახლა გამოვიტანეთ ელექტრონულ აუქციონზე და შედეგად მალე კიდევ ერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი იწყება” – თქვა არჩილ ხაბაძემ.

აჭარიოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა კი 2016 წლის პირველი კვარტლის ინვესტიციების მონაცემები შეაჯამა და აღნიშნა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მონაცემი 29%-ით ანუ 22,4 მილიონი ლარით გაიზარდა. მისივე თქმით, ჯამში აჭარაში 98.7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდა. წამყვანი სექტორები ენერგეტიკა (49.1%), ტურიზმი (29.4%) და მშენებლობა (18.3%).

აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ინვესტიციების წლიური მონაცემები ასე გამოიყურება:

 2012 წელი – 152 მლნ აშშ დოლარი. ზრდა 141%

2013 წელი – 195.0 მილიონი აშშ დოლარი. ზრდა 88%

2014 წელი – 276.5 მლნ აშშ დოლარი. ზრდა 33%

 

ამავე ტემაზე: „ეს არის კონფინდენციალური“ – აჭარის ეკონომიკის სამინისტრო ინვესტიციების მოცულობაზე.

 

ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის პროცესის სპეციალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ბათუმში

ამ წუთებში,  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის პროცესის სპეციალური სამუშაო ჯგუფის მე-8 შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა 2017 წელს დაგეგმილ ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთა   მე-6  მაღალი რანგის შეხვედრის მომზადებას ეძღვნება, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პირველადი პრევენციული  ფართომასშტაბიანი  მიდგომების  შემუშავებას მოიცავს.

სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნება პრეზენტაციები და გაიმართება დისკუსია.

 

გარემოს და ჯანმრთელობის დაცვის სექტორებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის პოლიტიკის მართვის სფეროებში. კერძოდ მათ აკისრიათ ისეთი მექანიზნების შემუშავება და განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფენ ეკოლოგიური  თვალსაზრისით მდგრად განვითარებას, ადამიანის ჯანმრთელობაზე  გარემოს ფაქტორების ზემოქმედების ეფექტურ მონიტორინგსა და პრევენციას. გასულ წლებში, „გარემოსა და ჯანმრთელობის“ საკითხებთან დაკავშირებული პანევროპული პროცესის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმება, რეზოლუცია, ქარტია და დეკლარაცია მიიღეს.

ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთა   მე-6  მაღალი რანგის შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა ჯერ არ არის ცნობილი. დარგის სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ამ შეხვედრას შესაძლოა საქართველომ უმასპინძლოს.

შეხვედრაში  გარდა ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებისა, სამედიცინო დარგის ექსპერტებისა და მეცნიერებისა, მონაწილეობენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის [ჯანმო] ევროპის  რეგიონული ხელმძღვანელი – ჟუჟანა ჯაკაბი, გარემოს და ჯანმრთელობის ევროპული პროცესის   ხემძღვანელი -სრდან მატიჩი,  გარემოს და ჯანმრთელობის ევროპის WHO/Euro ბონის ოფისის (გერმანია) დირექტორი – ელიზაბეტ პაინოვიჩი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და ბათუმის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები.

 

ოკუპანტის ენაზე გახსნილი ტურისტული სეზონი ბათუმში

„ჩვენი სამიზნე აუდიტორია ძირითადად არის რუსულენოვანი, ამიტომაც გამოიყენეს წამყვანებმა რუსული“, – ასე ამართლებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტული სეზონის გახსნის ოფიციალურ საღამოზე ოკუპანტი ქვეყნის ენის გამოყენებას. სეზონი ბათუმის ბულვარში 28 მაისს გაიხსნა.

საკონცერტო ნომრებს შორის სეზონის გახსნის ღონისძიებაზე წამყვანებმა აუდიტორიას ქართულის გარდა რუსულ ენაზეც მიმართეს. ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება და რატომ ვერ ხედავს პრობლემას სახელმწიფო უწყება ოფიციალურ საღამოზე რუსული ენის გამოყენებაში? რა ინტერესს ემსახურებოდა ეს მიდგომა? – ეს კითხვები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარისთვის უნდა დაესვა „ბათუმელებს“, მაგრამ როგორც მისმა პრესსამსახურის უფროსმა, მერი ემირიძემ გვითხრა, მამუკა ბერძენიშვილი ქორწილის სამზადისშია და კომენტარებისთვის არ სცალია.

ტურიზმის დეპარტამენტის პოზიცია „ბათუმელებს“ მერი ემირიძემ გააცნო: „ჩვენ ვთხოვეთ წამყვანებს შიგადაშიგ ესაუბრათ რუსულად და ინგლისურად. თქვენ როგორ ფიქრობთ, არ უნდა ელაპარაკათ? წამყვანები არიან შოუმენები და მგონი, დანაშაული არაა, როცა ჩამოსულ ტურისტს მისთვის გასაგებ ენაზე ესაუბრები. ჩვენთან ჩამოსული ტურისტების ყველაზე დიდი ნაწილი რუსულენოვანია“.

თუმცა, ცერემონიის წამყვანებს აუდიტორიისთვის ინგლისურად არც ერთხელ არ მიუმართავთ იმ პერიოდში, როცა „ბათუმელების“ ჟურნალისტი საათ-ნახევრის განმავლობაში აკვირდებოდა ღონისძიებას. იმავე პერიოდში წამყვანებმა რუსული ენა ორჯერ გამოიყენეს.

„როგორ ხვდებოდნენ წამყვანები, ვინ იყო რუსულენოვანი ტურისტი?“ – ამ კითხვაზე მერი ემირიძე გვპასუხობს: „არ ვიცი, ალბათ, ვიზუალით“.
მასვე ღონისძიებაზე მისული ჩინელი ტურისტებიც დაუფიქსირებია, ვინც შესაძლოა, არც რუსული იცოდა და არც – ინგლისური: „რა გვექნა, ყველა ენაზე მოსაუბრე წამყვანებს ხომ ვერ დავიქირავებდით?“

„წამყვანები უშუალოდ ვრთავდით გასართობ ღონისძიებაში ტურისტებს, გათამაშებაში, კონკურსში, ამიტომ გახდა აუცილებელი უცხო ენის გამოყენება. ჩვენ ოფიციალურად ვინმესთვის არ მიგვიმართავს სცენაზე და განცხადებები არ გაგვიკეთებია. არ მესმის, რატომაა ეს პრობლემა“, – გვითხრა მარი მჟავანაძემ. ტურისტული სეზონის გახსნის საღამო სწორედ მას მიჰყავდა ზაალ წულუკიძესთან ერთად.

მარისთვის „ბათუმელების“ კითხვა არც მას შემდეგ გახდა გასაგები, როცა დავაკონკრეტეთ, რომ პრობლემაა რუსულის, როგორც ოკუპანტი ქვეყნის ენის გამოყენება ოფიციალურ ღონისძიებაზე: „არ ვიზიარებ ამ პოზიციას, მე არ ვერევი პოლიტიკურ დაპირისპირებაში. ეს იყო ჩვეულებრივი უწყინარი ღონისძიება და უმეტესობა იქ იყო უცხოელი ტურისტი. არ მიფიქრია მაგ კუთხით, სიმართლე გითხრათ…“

ტურიზმის დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილებას „კოლონიურ აზროვნებად“ აფასებს პუბლიცისტი ლაშა ბაქრაძე: „რუსეთთან რომ ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს, ამაში არაფერი განსაკუთრებული იქნებოდა, მაგრამ, როდესაც ქვეყნის დიდი ნაწილი ოკუპირებულია და არ გვაქვს ნორმალური ურთიერთობა, რასაკვირველია, ასეთი სითბოს და სიყვარულის ჩვენებას ყოველთვის არასასიამოვნო სუნი ასდის. ვეჭვობ, როდესაც ბევრი თურქი ჩამოდის, მათ თურქულად ესაუბრებოდნენ, ან რატომ უნდა ჩათვალო, რომ სხვებმა ინგლისური იციან და რუსებმა არ უნდა იცოდნენ არც ერთი სხვა ენა.

ეს ტიპიური, საქართველოსთვის დამახასიათებელი რამეა: თავს კოლონიად გრძნობ და ფიქრობ, რომ ასე, ცოტა ხელს თუ გადაუსვამ ქართველებისგან ნაწყენ რუსს, კარგი იქნება. თავქარიანობის ამბავია, რაც ქართველებს გვახასიათებს ხოლმე“.

ლაშა ბაქრაძის აზრით, ტურიზმის დეპარტამენტი და რომელიმე სხვა სახელმწიფო უწყება ვერ გაიაზრებს ამ ტიპის პასუხისმგებლობას, ვიდრე საზოგადოებისგან არ წამოვა შესაბამისი დაკვეთა:

„როცა არ არსებობს არანაირი სახელმწიფო პოლიტიკა ამ კუთხით, იოლია სახელმწიფო ორგანოებმა არ იფიქრონ ამაზე. მგონია, რომ ტურიზმის დეპარტამენტმაც ქვეცნობიერად გადაწყვიტა რუსულად ელაპარაკა ოფიციალურ საღამოზე. ეს პოლიტიკური სიბეცის მაჩვენებელია. ქართველებს საერთოდ ფიქრი არ გვიყვარს. მანქანებშიც ვუსმენთ რუსულ სიმღერებს, კაფე-რესტორნებშიც და ეს არ გვგონია პრობლემა. შესაბამისად, ვნახავთ რუს ტურისტებს, რომლებსაც ექნებათ შეგრძნება, რომ იმყოფებიან მიწაზე, რუსეთმა დროებით რომ დაკარგა და კულტურულად მათი ნაწილია. ამ რუსულ პროპაგანდას აძლიერებს მსგავსი მიდგომები“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბათუმში, ოფიციალურ საღამოზე რუსულ ენას იყენებენ – გასულ წელს „ბათუმობის“ გახსნის საღამოზე ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი რუსულად მიესალმა აუდიტორიას. გიორგი ერმაკოვი გასულ კვირას ასევე რუსულად მიესალმა შავი ზღვის შესასწავლად ბათუმში გემით ჩამოსული მეცნიერების ჯგუფს.

ამერიკელი სტიპენდიატის ქართული გამოცდილება

24 წლის ამერიკელი ერიკ ჯექსონი „ფულბრაიტის“ სტიპენდიანტია. ის ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო ერთი სასწავლო წლის განმავლობაში როგორც მოხალისე სტუდენტებს ასწავლიდა ინგლისურს, სემინარებს ატარებდა და საერთაშორისო განათლების ცენტრთან თანამშრომლობდა.

უკვე სრულდება პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ერიკი საქართველოში იმყოფება – ის მალე ამერიკაში ბრუნდება. ერიკი რთულად, მაგრამ მაინც ახერხებს ქართულად ლაპარაკს, „ბათუმელების“ კითხვებზე პასუხის გაცემისას ცდლობს მაქსიმალურად გამოიყენოს ქართული სიტყვები. როგორც ამბობს, ქართველი მეგობრების, კოლეგებისა და სტუდენტების დახმარებით ქართულად კითხვაც დაიწყო.

ეს ერიკის მეორე ვიზიტია საქართველოში. პირველად იგი 2013 წელს ჩამოვიდა. როგორც ყვება, ეს იყო სტიპენდიების კონკურსი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სასწავლო კურსის გასავლელად. ერიკმა უკრაინას, ბელარუსიას, ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებს შორის საქართველო აირჩია და სტაჟირება გაიარა არასამთავრობო ორგანიზაცია – „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“ [IDFI]. ეს, მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოცდილება იყო.

„ბევრი რამ ვისწავლე, მაგალითად ის, თუ რა გავლენას ახდენს ინტერნეტი პოლიტიკაზე, ადამიანის უფლებებზე… რა მნიშვნელობა აქვს მედიის თავისუფლებას, ხელისუფლების საქმიანობაზე ინფორმირებულობას. საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა არის შესანიშნავი საშუალება ჟურნალისტებმა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა თუ რიგითმა მოქალაქეებმა აკონტროლონ საჯარო სამსახურები და დროული რეაგირება მოახდინონ საეჭვო საკითხებსა თუ დარღვევებზე“, – ამბობს ერიკი. შემდეგ ესტონეთში e-Governance Academy-ში [ელექტრონული მმართველობის აკადემია] ჰქონდა კიდევ ერთი პრაქტიკა, ესტონეთიდან ამერიკაში დაბრუნებულმა კი აკადემიური ნაშრომი დაწერა თემაზე: „Opendata.GE: საჯარო ინფორმაციის კვლევა საქართველოში“.

პირველად საქართველოში მხოლოდ ერთი ზაფხულის განმავლობაში იმყოფებოდა, მაგრამ ამბობს, რომ კავშირებმა და ურთიერთობებმა, რომლებიც მასპინძელ ოჯახთან, თანამშრომლებთან და ახალ ნაცნობებთან დაამყარა, განსაკუთრებული დამოკიდებულება გაუჩინა ქვეყნის მიმართ.

ამერიკაში დაბრუნების შემდეგ, ერიკის თქმით, ზუსტად მიხვდა, რომ საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ უნდოდა: „ვიცოდი, რომ არსებობს კონტრასტი დედაქალაქსა და რეგიონებს, სოფლებს შორის. მინდოდა ყველაფერი მენახა. როგორ ცხოვრობდნენ და როგორი იყო სხვა რეგიონები, თუნდაც აჭარა, კახეთი და ა.შ. ვხედავ, რომ ამ რეგიონში, სადაც რეალურად არსებობს ორი: პრორუსული და პროდასავლური გზა, საქართველომ ბოლო წლებში დიდი პროგრესი განიცადა… მინდოდა ამის ნაწილი ვყოფილიყავი“… და ის „ფულბრაიტის“ სასტიპენდიო პროგრამით, ამჯერად უკვე ბათუმში ჩამოვიდა: „ძალიან გამიმართლა, რომ ბათუმში მოვხვდი, უნივერსიტეტში მუშაობა ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო. ვცდილობდი სტუდენტებისთვის მხოლოდ ინგლისური ენა კი არ მესწავლებინა, არამედ დისკუსიაში ჩამერთო ისინი. სასიამოვნოდ გაოცებულიც დავრჩენილვარ. საინტერესო თემებზე ვსაუბრობდით. ზოგჯერ სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზეც ვკითხულობდი დამოუკიდებლად სემინარებს“, – ამბობს ერიკი.

საქართველოში დაბრუნებულმა ერიკმა რეგიონების მონახულება დაიწყო. მეგობრებთან ერთად თითქმის მთელი ქვეყანა მოიარა. ერიკის თქმით, ყველგან, სადაც ყოფილა, საოცარი სტუმართმოყვარეობით ხვდებოდნენ: „ყველა ოჯახში სუფრა [სუფრა – ამბობს ქართულად] გვხდებოდა, რაც ერთგვარი ზეიმია“.

განათლების სისტემაზე საუბრისას ერიკი აღნიშნავს, რომ ექსპერტი არ არის, თუმცა მისი მცირედი გამოცდილებისა და უნივერსიტეტში კოლეგებზე დაკვირვების შემდეგ შეუძლია თქვას, რომ, რაც ყველაზე მეტად აკლია ბსუ-ში სასწავლო პროცესს, დაგეგმვაა: „ამერიკაში და როგორც ვიცი, ბევრ სხვა ქვეყანაშიც გაკვეთილები დიდი ხნით ადრე იგეგმება, ყველა აქტივობა, წუთები – რა დროს რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა მოხდეს ინფორმაციის ეფექტური მიწოდება… ალბათ ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორებიც იყენებენ დაგეგმვას, მაგრამ, ვფიქრობ, სასურველია ეს ყველასთვის ჩვეული პრაქტიკა იყოს. გარდა ამისა, განათლების სისტემისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ ლექტორები, რომლებიც, ალბათ, პროფესიონალები არიან, ფურცლებზე მუშაობიდან სხვა მეთოდიკაზე გადავლენ“, – აღნიშნავს ერიკ ჯეკსონი.

ერიკი 10 ივნისს ტოვებს საქართველოს. ქვეყნის შეფასებისას აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად სტუმართმოყვარეობამ მოხიბლა. რაც შეეხება ტოლერანტობის, შემწყნარებლობისა და პლურალიზმის მხრივ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, ერიკისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი 2013 წლის 17 მაისის მოვლენები და გასულ კვირას თბილისში, ვეგანური კაფეს დარბევა ყოფილა. თუმცა, ერიკის თქმით, მსგავსი პრობლემები ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დგას: „ჩვენთან დონალდ ტრამპი [პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი] გამოჩნდა, რომელიც სრულიად დისკრიმინაციული მიდგომების მიუხედავად საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა. გვეგონა ძალიან მალე გამოეთიშებოდა კამპანიას, თუმცა აქამდე მოვიდა. ე.ი. მას ამერიკაში ჰყავს თანამოაზრეები. ეს ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის მარტივია ყველაფერი სხვას დააბრალო – თქვა, რომ გაჭირვება მიგრანტების ბრალია… როგორც ჩანს, ეს მუშაობს“.

რიკი ამბობს, რომ აქ ყოფნის პერიოდი მისთვის უდიდესი გამოცდილებაა: „სრულიად განსხვავებული კულტურა, განსხვავებული წარსული და რეალობა, ძალიან ბევრი ახლო მეგობარი და ჩემთვის მნიშვნელოვანი პროფესიონალი გავიცანი… მე აქ ამერიკის ელჩივით ვიყავი, ამერიკაში კი ვაპირებ საქართველო წარვადგინო“.

ერთი მაჟორიტარი აჭარის მაღალმთიანეთიდან, სავარაუდოდ – ხულოდან

წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა მაჟორიტარობის შესაძლო კანდიდატებზე პარტიები აქტიურად მუშაობენ. ვის კანდიდატურებს წარუდგენენ მმართველი თუ ოპოზიციური პარტიები ამომრჩეველს მაღალმთიან აჭარაში – ეს განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანია მოსახლეობისთვისაც. წელს პირველად აჭარის მთის სამ მუნიციპალიტეტს – ხულოს, შუახევსა და ქედას ერთი მაჟორიტარი ეყოლება.

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საქართველოს პარლამენტში აჭარის მაღალმთიანი მოსახლეობის ინტერესებს ოქტომბრიდან მხოლოდ ერთი მაჟორიტარი დაიცავს. შესაბამისად, ქედის [მახუნცეთის თემის გარდა], შუახევისა და ხულოს მოსახლეობამ მხოლოდ ერთი მაჟორიტარი უნდა აირჩიოს. ერთი მაჟორიტარი ეყოლება სამივე მუნიციპალიტეტს აჭარის უმაღლეს საბჭოშიც.

მაღალმთიანეთში მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური პარტიები მაჟორიტარ კანდიდატებს, ძირითადად, ხულოს მუნიციპალიტეტიდან დაასახელებენ – ამის ერთ-ერთ არგუმენტად ამ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის აქტიურობას ასახელებენ.

ამომრჩეველთა აქტიურობის გარდა ამ მოსაზრებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტატისტიკაც ამყარებს. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი – 23 915 ამომრჩეველი ხულოშია რეგისტრირებული, ქედაში _ 15 679, ხოლო შუახევში – 15 087 ამომრჩეველი. ცესკოს მონაცემებით, 2014 წლის არჩევნებში ხულოში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 59.05-მა პროცენტმა მისცა ხმა, შუახევში – 58.08 პროცენტმა, ხოლო ქედაში – 65.1-მა პროცენტმა.

მართალია, წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჯერ არ დაწყებულა და არც მაჟორიტარი კანდიდატები დაუსახელებიათ პარტიებს ოფიციალურად, თუმცა პარტიებში შესაძლო კანდიდატებს აქტიურად განიხილავენ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მაჟორიტარ კანდიდატად საქართველოს პარლამენტში მთიანი აჭარიდან ხულოსა და შუახევის მოქმედი გამგებლების – ბესიკ ბაუჩაძისა და ტარიელ ებრალიძის კანდიდატურებს განიხილავს. ოპოზიციური პარტიების ინფორმაციით, ბაუჩაძესთან ერთად კანდიდატად მოქმედი პარლამენტარი, ხულოს ყოფილი მაჟორიტარული ოლქიდან ანზორ ბოლქვაძეც განიხილება. ეს უკანასკნელი პარლამენტში `ნაციონალური მოძრაობის~ მაჟორიტარი იყო, თუმცა, მოგვიანებით ფრაქცია „დამოუკიდებელ მაჟორიტარში“ გადავიდა.

რაც შეეხება აჭარის უმაღლეს საბჭოს, ამ დროისთვის შესაძლო კანდიდატად მმართველი პარტიიდან ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე სახელდება.

ხულოს მკვიდრის, ზურაბ ტუნაძის კანდიდატურას კი ნინო ბურჯანაძის პარტია – „დემოკრატიული მოძრაობა“ განიხილავს საქართველოს პარლამენტში, რომელსაც ამ დროისთვის ფრაქციის თავმჯდომარის პოზიცია უკავია ხულოს საკრებულოში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხულოს საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის მოადგილის, ოთარ ცეცხლაძის კანდიდატურა განიხილება უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარ კანდიდატად „თავისუფალი დემოკრატებიდან“, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატად ამავე პარტიიდან ქედის საკრებულოს წევრი თემურ ავალიანი მოიაზრება.

„ამ ინფორმაციას ვერც უარვყოფ და ვერც დაგიდასტურებთ, მაჟორიტარ კანდიდატებზე საუბარი ჯერ არ გვქონია“, – ამბობს ამავე პარტიის წარმომადგენელი და შუახევის საკრებულოს წევრი არმაზ ბახტაძე.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მირანდა კონცელიძის კანდიდატურა განიხილება მაჟორიტარობის კანდიდატად უმაღლეს საბჭოში პაატა ბურჭულაძის მიერ ახლახან ჩამოყალიბებულ „საქართველოს განვითარების ფონდში“. მირანდა კონცელიძე საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ქედის რაიონულ შტაბში მუშაობდა და მმართველი პარტიის ინტერესებს იცავდა ქედაში.

სხვადასხვა პარტიის მიერ დასახელებულ შესაძლო კანდიდატებს უარყოფენ თავად პარტიის წარმომადგენლები და ამბობენ, რომ კანდიდატურების განხილვა ჯერ არ დაუწყიათ.

ქედის საკრებულოს თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნების“ ქედის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების~ რაიონულ ორგანიზაციას არ დაუწყია ადგილზე კანდიდატის შერჩევა. მისი ინფორმაციით, კანდიდატად ის დასახელდება, ვისაც ცენტრალური ოფისი შეარჩევს, რაც შეეხება მმართველი გუნდის კანდიდატურად ბესიკ ბაუჩაძის შესაძლო დასახელებას, ის ამბობს: „თუ ბაუჩაძის კანდიდატურა დასახელდება, მთელი „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს და გახდება კიდეც დეპუტატი. ჩემთვის აზრი არ აქვს სხვა პარტია ვის დაასახელებს მაჟორიტარ კანდიდატად, მაინც უნდა დამარცხდეს. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ხელისუფლება, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“, საქმეს აკეთებს და პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატი გაიმარჯვებს“.

კითხვაზე, ვისი კანდიდატურა განიხილება `ნაციონალური მოძრაობის~ მაჟორიტარობის შესაძლო კანდიდატად, სახელისუფლებო თუ საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები მაღალმთიან აჭარაში ამბობენ, რომ ყველაზე მეტად ეს ინფორმაცია „ნაციონალებს“ აქვთ გასაიდუმლოებული.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრის, ირაკლი ბარამიძის კანდიდატურას განიხილავს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატად. ამავე პარტიის წარმომადგენელი და ქედის საკრებულოს წევრი ვაჟა ბოლქვაძე კი ამბობს, რომ შესაძლო კანდიდატებზე პოლიტსაბჭოს ჯერ არ უმსჯელია. ის იმედოვნებს, რომ პარტია ამ არჩევნებს მოიგებს. რაც შეეხება კონკურენტს, ვაჟა ბოლქვაძეს კონკურენტად მხოლოდ მმართველი პარტია მიაჩნია.

საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.

ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება ასლან აბაშიძის საქმეზე

მოსამართლე დავით მამისეიშვილი რამდენიმე დღეში ასლან აბაშიძეს განაჩენს გამოუტანს. ბათუმის საქალაქო სასამართლო დაცვისა და ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვებს ისმენს. სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან აბაშიძის მაღალჩინოსნებიც: უშიშროების ყოფილი მინისტრი _ იოსებ გოგიტიძე და პირადი დაცვის უფროსი – დავით ხალვაში, იგივე „ქელფეთა“, რომელიც პატიმრობაში იმყოფება. პროკურატურას ბრალი წაყენებული აქვს ჯემალ გოგიტიძისა და ელგუჯა ჯინჭარაძის მიმართაც. ისინი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსკოვში გარდაიცვალნენ.

დაცვის მხარის ადვოკატი, მალხაზ ზოიძე დასკვნით სიტყვაში აქცენტს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიერ 2004 წლის 8 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაზე აკეთებს – „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, თენგიზ ასანიძეს თავისუფლება უკანონოდ ჰქონდა შეზღუდული 2000 წლის 11 ივლისიდან და არა 1999 წლის პირველი ოქტომბრიდან, როცა იგი პრეზიდენტმა შეიწყალა.
პროკურატურა სწორედ შეწყალების აქტის გამოცემის დღიდან ედავება იოსებ გოგიტიძეს ასანიძისთვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას. ამავე ბრალდებით უკვე გასამართლებულია გოგი კუპრეიშვილი, მაშინდელი უშიშროების მინისტრის, იოსებ გოგიტიძის მოადგილე. ბრალდების მხარის მტკიცებით, აბაშიძის ხელისუფლების უშიშროების სამინისტრომ დროულად არ შეასრულა პრეზიდენტის შეწყალების აქტი და უკანონოდ შეუზღუდა თავისუფლება თენგიზ ასანიძეს.

„იოსებ გოგიტიძეს ედავებიან, რომ მას შეწყალების მომენტიდან უნდა გაეთავისუფლებინა თენგიზ ასანიძე, მაგრამ ევროპულმა სასამართლომ ამ ნაწილში მიიჩნია, რომ პრეზიდენტის შეწყალების აქტი დაუყონებლივ გასაჩივრდა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ უნდა ჩაითვალოს ის უკანონო პატიმრად. სადავო იყო 5 დღე, ანუ 1-5 ოქტომბრის პერიოდი, როცა აჭარის უმაღლესმა სასამართლომ პრეზიდენტის შეწყალების აქტი შეაჩერა თენგიზ ასანიძის მიმართ. პროკურატურას არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმას, რომ შეწყალების აქტი ამ ხუთ დღეში იოსებ გოგიტიძის უწყებას ჩაბარდა. ვფიქრობ, ეს უნდა გაიზიაროს სასამართლომ, რადგან ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირი მოქმედებისაა და პრეიდიციულ ხასიათს ატარებს. ეს გულისხმობს იმას, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სწორედ ამ პრეცედენტული გადაწყვეტილების მიხედვით“.

დასკვნითი სიტყვა უკვე გააცნო სასამართლოს პროკურორმა რამაზ შავაძემ. ის ამ საქმის პროკურორია. რატომ ვერ აისახა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება თენგიზ ასანიძის საქმეზე, პროკურატურის საბრალდებო სიტყვაზე – „ბათუმელებს“ უნდოდა ეს კითხვა პროკურორისთვის დაესვა, მაგრამ პროკურატურის პრესსამსახურმა საზოგადოებისთვის რაიმე სახის განმარტების გაკეთება, ტრადიციულად, არც ამჯერად ჩათვალა საჭიროდ და ჩვენი სატელეფონო გზავნილი უპასუხოდ დატოვა.

ჟუჟანა ჯაკაბი: საყოველთაო დაზღვევა საუკეთესო ინვესტიციაა

9 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჟუჟანა ჯაკაბი აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, რომელმაც აჭარაში ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე გაჟღერებული კითხვები ძირითადად საყოველთაო დაზღვევისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას შეეხებოდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის შეფასებით ორივე პროგრამა ქვეყნისთვის წინგადადგმული და წარმატებული ნაბიჯია, „ეს საუკეთესო ინვესტიციაა, რაც სახელმწიფოს შეუძლია განახორციელოს“.

„გვქონდა ძალიან ნათელი და მკაფიო გზავნილი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისგან, რომ ის გზა, რასაც ადგას საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, კეძოდ საყოველთაო ჯანდაცვა, არის ცალსახად სწორი მიმართულება და ეს არის ქვეყნის განვითარების, მათ შორის ეკონომიკურის, უმნიშვნელოვანესი წინაპირობა“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

?
შეხვედრა ჯანდაცვის საკითხებზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტში / 09/06/2016

 

შეხვედრა ჯანდაცვის საკითხებზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტში / 09/06/2016
შეხვედრა ჯანდაცვის საკითხებზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტში / 09/06/2016

გარემოსდაცვითი კონფერენცია ბათუმში და ნავთობით დაბინძურებული მდინარე ბარცხანა

სანამ ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რიგით მე-8, გარემოსდაცვით კონფერენციაზე, პან-ევროპული რეგიონის ქვეყნების მინისტრები ერთმანეთს უზიარებენ სტრატეგიულ გეგმას მწვანე ეკონომიკის განვითარების და სამოქმედო პროგრამის შესახებ, ბარცხანის დასახლებაში მცხოვრები ოჯახები სახელმწიფოსგან რეაგირებას ელიან – მათი თქმით, თითქმის ერთი თვეა მდინარე ბარცხანა ნავთობითაა დაბინძურებული და აქ მცხოვრებ ოჯახებს ძლიერი სუნი აწუხებთ.

„იძახიან მიწიდან ამოდისო, არაფერი მიწიდან არ ამოდის, როგორც ჩანს სადღაც მილი გახლეჩილი. ტერმინალმა ჩვენ არ გვეკუთვნისო, უფროსობა არ მოდის, გამოუშვეს ორი მუშა, მათ რას ვერჩით, რასაც ეუბნებიან იმას აკეთებენ. გარემოს დაცვის ინსპექცია მოდის და მიდის. რამდენი წელია ამ დღეში ვართ უკვე. დავიხრჩვით ნავთობის სუნში“ – ამბობს ბაქრაძის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები „ბათუმელებთან“.

ნავთობის სუნი და მდინარის ნავთობით დაბინძურება ბარცხანაში ახალი თემა არ არის, წლებია მოსახლეობა უბანში ამაზე საუბრობს, თუმცა მათი პრობლემა ამ დრომდე ვერ გადაიჭრა – ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ეს „ისტორიული პრობლემაა“, თუმცა გამოსავალი დღემდე ვერ მოიძებნა.

როგორც „ბათუმელებს“ აჭარის გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურში უთხრეს, დაახლოებით ათი დღის წინ მათთან შევიდა შეტყობინება ბარცხანიდან, თუმცა ადგილზე გასულმა ჯგუფმა დაბიძნურება ვერ აღმოაჩინა. გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ დაბიძნურება ისტორიულია და ამას შესაძლოა ძველი მილებიც იწვევდეს.

გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურსს დაბინძურების გამომწვევი პირისათვის/კომპანიისთვის ჯარიმის დაკისრება შეუძლია. ტერმინალი მიმდინარე წლის 26 თებერვალს ზღვაში ნავთობის ჩაღვრის გამო დააჯარიმეს 65 ათასი ლარით, ხოლო 5 ათასი ლარით – ინფორმაციის შეუტყობინებლობისთვის. თუმცა აქ მცხოვრებ ადამიანებს ჯარიმის დაკისრება კი არა პრობლემის მოგვარება სურთ.

ამავე თემაზე:

ეკოლოგიურად დაბინძურებული მდინარეები და საფრთხეები – 2016 წელი.

ნავთობპროდუქტები მდინარის კალაპოტში – 2014 წელი.

ზენორმატიული დაბინძურება ბარცხანაში – 2012 წელი.

ნავთობი, წყალი და ნაგავი – ეკოსაფრთხეები ერთი უბანში – 2008 წელი.

გიორგი მაისურაძე: კაბინეტში ხატების ჩამოკიდება არის თვალთმაქცური საქციელი

საქართველოში სეკულარობის კრიზისი იყო დისკუსიის თემა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 29 მაისს. თემაზე მოხსენება წაიკითხა ფილოსოფოსმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი მაისურაძემ.

გიორგი მაისურაძე, ფილოსოფოსი: ჩვენ ხშირად არასწორი მნიშვნელობით ვიყენებთ ტერმინს _ სეკულარული, რაც გაუგებრობას იწვევს. სეკულარიზაცია არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ რელიგიურ ასპექტს, სახელმწიფოსა და რელიგიური ინსტიტუტების ურთიერთმიმართებას, ან პოლიტიკას, არამედ სოციალურ და ეკონიმიკურ მხარეებსაც. სეკულარიზაცია გულისხმობს საეროობას, გასაჯაროებას. პირდაპირ ვიტყოდი, რომ სეკულარიზაცია სხვანაირად მიმდინარეობს საქართველოში, განსხვავებით დასავლეთ ევროპისგან, რაც განპირობებულია პოლიტიკური და ისტორიული მდგომარეობით.

ილია ჭავჭავაძის ციტატას შეგახსენებთ: „არა ერთობა ენისა, არცა სარწმუნოებისა არის განმსაზღვრელი ერისა“ ანუ ენა და სარწმუნოება არ განსაზღვრავს ერს, განმსაზღვრელია მამული და ისტორია, ისტორიული მეხსიერება. რა მომენტშიც ვიტყვით, რომ ქართველი არის მართლმადიდებელი, ეს ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ მუსლიმ, კათოლიკე, სომხური სარწმუნოების ან ათეისტ ქართველზე. ილია ჭავჭავაძე არის სეკულარიზმის შემომტანი საქართველოში. ჩვენ ვამბობთ, რომ ილია არის სიმბოლო ქართული სახელმწიფოებრიობის და ეს მართლაც ასეა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ დავამახინჯეთ და არ ვიყენებთ [მის ნააზრევს] იმ შინაარსით, რომელიც მან ჩადო, ის ბევრად უფრო პროგრესული შინაარსის იყო. სიმახინჯეა როდესაც ვამბობთ, რომ ის იყო გენეტიკურად ქართველი. გენეტიკით შეიძლება გადავიდეს გარეგანი ნიშნები, ფიზიოლოგიური თვისებები, მაგრამ გონება, კულტურა და აზროვნება გენეტიკით არ გადაიცემა. „გენეტიკურად ქართველი~ _ ეს არის აბსურდი. ეს ნიშნავს იმას, რომ დავაპატარავოთ, შევკუმშოთ საქართველო, მოვაჭრათ მას ნაწილები, იმის საწინააღმდეგოდ, რასაც ილია ჭავჭავაძე აკეთებდა, რომელიც პირიქით _ აფართოებს. აი, ეს არის ყველაზე დიდი პარადოქსი და, შეიძლება ითქვას, საბედისწერო შეცდომაც, იმიტომ, რომ ის, რაც 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა საქართველოში, მნიშვნელოვნად იყო განპირობებული სამოქალაქო დაპირისპირებებით, ეთნიკური თუ რელიგიური კონფლიქტები მნიშვნელოვნად იყო განპირობებული იმით, რომ ჩვენ შევცვალეთ განმარტება ერისა, რომელიც შემოტანილი იყო ილია ჭავჭავაძის მიერ და მოვახერხეთ მისი ეთნონაციონალიზმის, რელიგიური ნაციონალიზმის დონეზე დაყვანა. აქედან იწყება სეკულარობის კრიზისი.

მხოლოდ სეკულარულ პირობებში, როდესაც რელიგიური ფაქტორი ამოღებულია ერის განსაზღვრებიდან, შესაძლებელია ქართველი ერი შედგეს ერად. რა მომენტშიც ვიტყვით, რომ ერი გაიგივებული უნდა იყოს სარწმუნოებასთან, თუნდაც უმრავლესობის სარწმუნოებასთან, ავტომატურად უარს ვამბობთ ყველა სხვა სარწმუნოების მიმდევარზე, როგორც ქართველზე, ეს იგივეა, რომ ხელი ან ფეხი მოვიჭრა და ვთქვა, რომ ეს ჩემი სხეულის ნაწილები არ არის.

ეს არის სეკულარიზმის კრიზისი და ეს განსაკუთრებით ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რეალურად, დამღუპველია. სეკულარულობა არის რადიკალური გამიჯვნა რელიგიური და საერო ინსტიტუტებისა. სეკულარიზმის რადიკალური გამიჯვნა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს რომელიმე ადამიანის რელიგიურობის შეზღუდვას ან რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას, ეკლესიის დევნას და ა.შ. ამას არაფერი აქვს საერთო სეკულარიზაციასთან.

ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა“ სახლი: ბოლო დროს ხშირად ისმის პოლიტიკოსებისგან: „არ ჩავაყენებ პატრიარქს უხერხულ მდგომარეობაში“, „მაქვს ჩვენი მართლმადიდებელი ამომრჩევლის იმედი“ და ა.შ. რამდენად არის შესამჩნევი ის, რომ პოლიტიკოსები ხაზს უსვამენ ეკლესიასთან სიახლოვეს?

გიორგი მაისურაძე: ყველა ქართველი პოლიტიკოსი განიცდიდა და დღესაც განიცდის ლეგიტიმაციის ნაკლებობას. მე ვფიქრობ, რომ ეს მანკიერი პროცესი, დაიწყო სწორედ მაშინ, როდესაც ქართველმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს საკუთარი პოლიტიკური ლეგიტიმაცია მოეპოვებინათ ეკლესიის ხარჯზე. ამით მათ ზიანი მოუტანეს არა მხოლოდ პოლიტიკას, არამედ ეკლესიასაც, იმიტომ, რომ ისინი ეკლესიას იყენებდნენ ისეთი მიზნებისთვის, რომელიც არ არის ეკლესიის სფერო. ეკლესიის კომპეტენციაში არ შედის ის, რომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები. რა მომენტშიც ეკლესია იძულებულია და ჩათრეულია ამ პროცესში, ეს ვნებს მას, იმიტომ, რომ ეკლესიის ფუნქცია არის სულიერებაზე ზრუნვა. ასეთი აღრევა როგორც ეკლესიისთვის, ისე საერო სფეროსთვის არის მავნებელი.

კახა გურგენიძე, სტუდენტი: თუ გადავხედავთ ისტორიას, ბევრი მაგალითია, როცა სასულიერო პირები მრევლს შეკრებენ და მიდიან ძალადობრივ ქმედებაზე, მაინტერესებს რატომ ხდება ასე და რატომ გადავარდა ფანატიზმში ქართველი ერი? მეორე კითხვა ეხება საჯარო სივრცეებში რელიგიური ნიშნებისა და კუთხეების არსებობას, როგორ ფიქრობთ, ისეთ დაწესებულებაში, როგორიცაა უნივერსიტეტი, უნდა იყოს თუ არა რელიგიური სიმბოლოები საჯარო სივრცეში?

გიორგი მაისურაძე
გიორგი მაისურაძე
გიორგი მაისურაძე: ერთმნიშვნელოვანი პასუხი მაქვს, რომ არ უნდა იყოს რელიგიური სიმბოლოები. უნივერსიტეტი არის საერო დაწესებულება და მას არაფერი აქვს საერთო რომელიმე ერთ სარწმუნოებასთან და არც უნდა ჰქონდეს, იმიტომ რომ არსებობს სასულიერო სასწავლებლები. იქ, გასაგებია, თუ ისწავლება ქრისტიანობა ან ისლამი, უნდა იყოს სიმბოლიკა, მაგრამ საჯარო, საერო სივრცეში – არა. ეს არის ზუსტად, რომ არ გვესმის რას ნიშნავს საერო. სეკულარული საეროს ნიშნავს, ეს არის საეროობა, ჩვენ ფაქტობრივად გვინდა, რომ ერი გავაუქმოთ, საერო სფერო მოვსპოთ, როდესაც შემოგვაქვს სასულიერო სიმბოლიკები და ვახდენთ საერო სივრცის ოკუპაციას.

ეს არის აღრევა, ყირაზე დაყენება, პირველ რიგში, სარწმუნოების, ამიტომ არის აუცილებელი, რომ გავმიჯნოთ ერთი მეორისგან.
რაც შეეხება ავტორიტეტს. საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც მიჩვეული იყო ათეული წლების განმავლობაში პიროვნების კულტს, მათ შექმნეს ის. ჩემი აზრით, ამას არაფერი საერთო რწმენასთან და მართლმადიდებლობასთან არ აქვს. არ შეიძლება ცოცხალი ადამიანის კულტი არსებობდეს. ქრისტიანობაშიც, ისლამშიც არსებობს ერთადერთი კულტი და ეს არის ღმერთი. ცოცხალი ადამიანის კულტი ეს არის ის, რასაც ქრისტიანობამ წარმართობა დაარქვა, ისევე როგორც ისლამმა. პიროვნების კულტის შექმნა ანგრევს რელიგიას. ეს არის პირველი ნიშანი საქართველოში სეკულარობის კრიზისის. ეკლესია არ არის მხოლოდ საკულტო ნაგებობა, ეს არის ამა თუ იმ ერის ეროვნული საკუთრება. ის არის საკუთრება როგორც მართლმადიდებლის, ისე მუსლიმის, ათეისტისა და ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანის.

გიორგი ბაგრატიონი, სტუდენტი: ჩვენს ქვეყანაში, სადაც ბევრი სოციალური პრობლემა არსებობს, ამას ხშირად ფარავენ რელიგიით. მაგალითად, როდესაც ახალშობილს ნათლავენ, მას თავიდან ეუბნებიან, თუ რომელი რელიგია უნდა იყოს მისი, რელიგია გადის გააზრების სივრციდან და ის არის რაღაც კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ. ამ მოცემულობის შედეგად რამდენად მძიმდება სიტუაცია სოციალური პრობლემატიკის მხრივ?

გიორგი მაისურაძე:
გეთახმებით. პოლიტიკოსები, რომლებსაც საქმე არ აქვთ, მაშინ სპეკულირებენ რელიგიით, ამის ნათელი მაგალითია 2013 წელს საპროტესტო აქცია, სტუდენტები გამოხატავდნენ პროტესტს იმის თაობაზე, რომ უნივერსიტეტში არ ტარდებოდა ლექციები, არ იყო წიგნები და ქსეროქსები და ისინი თანხას იხდიდნენ მხოლოდ დიპლომში და არა სწავლაში. განათლების მინისტრმა კი განაცხადა: პატრიარქმა დაგლოცათ და ამაზე მეტი რა უნდა გაგვეკეთებინაო. ეს არის ცინიზმი, აღიარება იმისა, რომ მე არაფრის უნარი მაქვს, არც ჩემი სფეროს მართვის, არც სურვილი, რომ რაიმე შევცვალო.

არ შეიძლება ქონება, შენობები, ტყე, სასტუმროები გადაეცეს ეკლესიას. სახელმწიფო ქრთამავს ეკლესიას, რომ შემდეგ, რომელიმე პოლიტიკური პარტია მოიყვანოს სათავეში, წესით, არ უნდა მიიღოს ეკლესიამ ეს, მაგრამ შედეგი სახეზეა.

მალხაზ ნაკაშიძე, ბსუ-ს ლექტორი:
ჩემი აზრით, ჩვენ გააზრებული არ გვაქვს რა არის სახელმწიფო და მისი განმარტებაც სხვაგვარად გვესმის. სეკულარიზაციის პრინციპი ნიშნავს, რომ ეკლესია სახელმწიფოსაგან უნდა იყოს გამიჯნული. ჩვენთან გარკვეულწილად ეკლესია და სახელმწიფო არის კონკურენციაში. პოლიტიკოსები, რომლებიც მოდიან ხელისუფლებაში, ფიქრობენ, რომ მათ ანგარიში უნდა გაუწიონ ეკლესიას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ მიიღებენ შესაბამის მხარდაჭერას. ჩემი აზრით, აქ დამნაშავე არის სახელმწიფო, რადგანაც ვერ აჩვენებს საკუთარ სახეს. უნივერსიტეტის თვითმმართველობის ოთახში არის რელიგიური სიმბოლოები. მესმის, რომ ეს ვიღაცისათვის არის ეროვნული ღირებულება, მაგრამ ამ უნივერსიტეტში არიან ადამიანები, რომლებიც არიან სხვა რელიგიის მატარებელნი… გარდა ამისა, ავიღოთ ორი პროფესორი, რომელთაგან ერთ-ერთი არის ძალიან რელიგიური, ხოლო მეორე – ნაკლებად. ამ შემთხვევაში, როგორ შეიძლება ასწავლონ სტუდენტებს სეკულარულის პრინციპი და როგორ შეიძლება ეს დაბალანსდეს?

გიორგი მაისურაძე:
მე იმ ადამიანებში, ვისაც სამუშაო ადგილას მიაქვს ხატები, სიცრუეს ვხედავ. რაც შეეხება მეორე კითხვას, აქ გადამწყვეტი მაინც პროფესიონალიზმი მგონია. ადამიანს თუ რელიგიური რწმენა აქვს, ის არ მოგახვევს თავის სარწმუნოებას. იაკობ ბურკჰარდი ამბობდა, რომ ეკლესია აცდუნა ძალაუფლებამ და სანამ არ მოხდა სეკულარიზაცია, მანამ არ მიეცა ეკლესიას საშუალება, დაბრუნებოდა საწყის ეტაპს. ეს არის ეკლესიის ბოროტად გამოყენება ხელის მოთბობისათვის, რაც აუცილებლად მოითხოვს პოლიტიკურ გავლენას. კაბინეტში ხატების ჩამოკიდება არის თვალთმაქცური საქციელი, რადგანაც ლოცვის ადგილი არის ეკლესიაში და არა კაბინეტში, სადაც გასცემ განკარგულებებს. ზურაბ კიკნაძემ პირველმა თარგმნა ძველი და ახალი აღთქმა და ის არის ძალიან მორწმუნე ადამიანი, თუმცა მის კაბინეტში ვერ ნახავდით ხატებს.

დისკუსია უნივერსიტეტში
დისკუსია უნივერსიტეტში


დისკუსია იბეჭდება შემოკლებით. სრული ვერსია ნახეთ ბმულზე:

შეხვედრა საკრებულოში საბავშო ბაღების დაფინანსების ახალი სისტემის შესახებ

ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით დღეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ვაუჩერიზაციის საკითხის შემსწავლელი მუშა ჯგუფის შეხვედრა მოეწყო.

საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ითქვა, რომ იგეგმება ბავშვთა ბაღების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლა.  ჯგუფის წევრებმა  უახლოეს პერიოდში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ვაუჩერიზაციასთან დაკავშირებით კონცეფცია უნდა შეიმუშაონ და წარუდგინონ საკრებულოს.

„მუშა ჯგუფის ხელმძღვანელი ნატალია ზოიძე მიიჩნევს, რომ დაფინანსების ვაუჩერიზაცია მუნიციპალურ ბაღებს განტვირთავს და ადგილების პრობლემაც ისე მწვავე აღარ იქნება, როგორც ეს გასულ წლებში იყო“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით, 2016 წლის 6 ივნისის მდგომარეობით, ბათუმში რეგისტრირებულია სამიდან ოთხ წლამდე ასაკის 2 869, ოთხიდან ხუთ წლამდე ასაკის – 2 809, ხოლო ხუთიდან ექვს წლამდე ასაკის  2788 ბავშვი.

მუშა ჯგუფი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წინადადების საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნა და მას საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე ხელმძღვანელობს. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს წევრები, ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების, სამოქალაქო რეესტრის, კერძო საბავშვო ბაღებისა და ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ წარმომადგენლები.

დისკუსია საჯარო სივრცეებში ჰომოფობიის შესახებ [ანონსი]

დღეს, 9 ივნისს, 18 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება საჯარო დისკუსია: „ბრძოლა საჯარო სივრცისთვის: აქ ჰომოფობიის ადგილი არ არის“. დისკუსიაზე მოხსენებებს წაიკითხავენ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის წარმომადგენელი, მკვლევარი ეკატერინე აღდგომელაშვილი და სოციალური მუშაკი გიორგი ბოლქვაძე.

ღონისძიების ორგანიზატორია ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო.

ორგანიზატორთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დისკუსიაზე გაიმართება დებატები ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების შესახებ. დებატების ძირითადი კითხვებია: როგორ იქცა ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ოჯახის სიმტკიცის დღედ? რა საფრთხეებს უქმნის საზოგადოებას საჯარო სივრცის კონტროლი? როგორ შეიძლება ბრძოლა საჯარო სივრცისთვის ომის გარეშე? რა ალტერნატიული გზები არსებობს ლგბტქ+ აქტივიზმისთვის?

შეხვედრის ერთ-ერთი მომხსენებელი, ეკა აღდგომელაშვილი ასევე წარმოადგენს  საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების კვლევას ლგბტ ჯგუფისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ.

 

Exit mobile version