მთავარი,სიახლეები

დავით ბალაძე: ინვესტიციების მაჩვენებელი აჭარაში წინა წელთან შედარებით – 29%-ით გაიზარდა

10.06.2016 • 1650
დავით ბალაძე: ინვესტიციების მაჩვენებელი აჭარაში წინა წელთან შედარებით – 29%-ით გაიზარდა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ მიმდინარე, ახალი და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები შეაჯამეს. შეხვედრაზე არჩილ ხაბაძემ ახალი საინვესტიციო პროექტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალ ბულვარშ არა ნაკლებ 40 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ბულვარის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი (32 249 კვ.მ) პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე 5 მილიონად გაიტანეს და ვაჭრობის შედეგად, იგი დაახლოებით 100% იანი ფასნამატით, 9,3 მლნ ლარად შპს „ორბი ჯგუფ მილენიუმმა“ შეიძინა.

აუქციონის პირობების მიხედვით ტერიტორიაზე არანაკლებ 350 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი განთავსდება.„ორბის“ პროექტის მიხედვით ასევე საკონფერენციო დარბაზი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, მათ შორის არანაკლებ 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ღია ტიპის საცურაო აუზი, ასევე დახურული ტიპის აუზი, სარეკრეაციო ზონა, ღია სათამაშო მოედნები და სხვა ობიექტები მოეწყობა. პროექტი არანაკლებ 300 მოქალაქის დასაქმებას ითვალისწინებს. სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა 4 წელში დასრულდება.

„ახალ ბულვარში მიმდინარე პროექტების საპრივატიზებო ღირებულება ჯამში დაახლოებით 21,1 მლნ ლარია, საიდანაც ჩვენ 520 მლნ ლარის ინვესტიციას ველოდებით, აქედან 100 მილიონი ლარი კი უკვე განხორციელებულია“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 9,3 მილიონ ლარად გაყიდული იგივე ქონება ლევან ვარშალომიძემ თავის დროზე დაახლოებით 2 464 000 ლარად გაასხვისა. “დაბალი ფასის მიუხედავად, გაყიდული ქონების ვალდებულებები წლების განმავლობაში კომპანიამ ვერ შეასრულა, პროექტი არც კი დაწყებულა. ჩვენ ქონება ხელახლა გამოვიტანეთ ელექტრონულ აუქციონზე და შედეგად მალე კიდევ ერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი იწყება” – თქვა არჩილ ხაბაძემ.

აჭარიოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა კი 2016 წლის პირველი კვარტლის ინვესტიციების მონაცემები შეაჯამა და აღნიშნა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მონაცემი 29%-ით ანუ 22,4 მილიონი ლარით გაიზარდა. მისივე თქმით, ჯამში აჭარაში 98.7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდა. წამყვანი სექტორები ენერგეტიკა (49.1%), ტურიზმი (29.4%) და მშენებლობა (18.3%).

აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ინვესტიციების წლიური მონაცემები ასე გამოიყურება:

 2012 წელი – 152 მლნ აშშ დოლარი. ზრდა 141%

2013 წელი – 195.0 მილიონი აშშ დოლარი. ზრდა 88%

2014 წელი – 276.5 მლნ აშშ დოლარი. ზრდა 33%

 

ამავე ტემაზე: „ეს არის კონფინდენციალური“ – აჭარის ეკონომიკის სამინისტრო ინვესტიციების მოცულობაზე.

 

გადაბეჭდვის წესი