სიახლეები

ქართუს ნაცვლად სარაგბო მოედანი ბიუჯეტის ფულით აშენდება

03.02.2015 • 1727
ქართუს ნაცვლად სარაგბო მოედანი ბიუჯეტის ფულით აშენდება
გიორგი კირთაძე

გიორგი კირთაძე

სხდომის განახლებამდე უმცირესობის ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც მან ჟურნალისტებს  აუხსნა, თუ რატომ ეწინააღმდეგება სარაგბო სტადიონის მშენებლობის დაფინანსებას და დოკუმენტებიც წარადგინა.

„ბათუმის საკრებულომ გასულ წელს მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს მთავრობას გადასცა ტერიტორია იმისათვის, რომ მთავრობას ეს მიწა გადაეცა რაგბის კავშირისთვის სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. საქართველოს რაგბის კავშირი კი ფონდი „ქართუს“ დახმარებით ააშენებდა რაგბის მოედანს.  თავის მხრივ აჭარის მთავრობამ საქართველოს რაგბის კავშირს თვითონაც გადასცა მიწა, რომელიც მის საკუთრებაში იყო. შემდეგ  ეს ტერიტორია გაერთიანდა  და რაგბის კავშირს სტადიონისათვის საჭირო ადგილი გამოეყო. ამის შემდეგ რაგბის კავშირმა ქალაქ ბათუმის მერიას წარუდგინა პროექტი და სთხოვა მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაცემულია 2012 წლის პირველ ივნისს. მშენებლობის დასრულების თარიღად მითითებულია 2014 წლის პირველი  ივნისი. დამკვეთია საქართველოს  რაგბის კავშირი,  ხოლო პროექტის ავტორი შპს „ქართუ მენეჯმენტი“.

შეთანხმება იყო, რომ ფონდი „ქართუ“ გამოყოფდა თანხას, რაგბის კავშირი კი „ქართუ მენეჯმენტს“ დაუკვეთავდა სტადიონის აშენებას.  ორივე შპს არის ბიძინა ივანიშვილის.  ამის შემდეგ ირაკლი ჩავლეიშვილი ხდება რაგბის კავშირის ხელმძღვანელი და ის აგზავნის  წერილს პრემიერთან.“

წერილში, რომელიც დღეს ჟურნალისტებს გიორგი კირთაძემ გააცნო,  ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს მიმართავს: „იმის გამო რომ მშენებლობის დაწყების  პროცესში შეიქმნა ტექნიკური ხასიათის პრობლემები, კერძოდ საკანალიზაციო კოლექტორთან დაკავშირებით, აღნიშნული მშენებლობის დაწყება გაჭიანურდა.

მოგმართავთ თხოვნით ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების პროგრამიდან გამოგვიყოთ 3 მილიონ 600 ათასი ლარი ბათუმში სარაგბო სტადიონის მშენებლობისათვის და დააყენოთ საკითხი საქართველოს მთავრობის წინაშე, რათა აღნიშნული თანხით სამუშაოების წარმართვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის ფორმით- ერთ პირთან მოლაპარაკების წესით.“

ამას მოყვა პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის 2013 წლის 19 აგვისტოს განკარგულება #1083, რომლის თანამხმადაც საკრებულომ სარაგბო სტადიონის მშენებლობისათვის მოთხოვნილი თანხა მიიღო. პრემიერმა საკრებულოს თანხმობა მისცა სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვასთან დაკავშირებითაც.

გიორგი კირთაძე კი აცხადებს, რომ ფონდ „ქართუს“ ჰქონდა ამ სტადიონის მშენებლობაზე ვალდებულება აღებული და ჯერ კიდევ არსებობს მშენებლობის ვადები, ამიტომ ამ კუთხით თანხის ხარჯვა ბიჯეტიდან „არ არის გამართლებული.  გარდა ამისა, იმისათვის, რომ მერიამ მშენებლობა კანონიერად წამოიწყოს, ტერიტორია, რომელიც საქართველოს მთავრობაზეა გადაცემული, ჯერ ბათუმს უნდა დაუბრუნდეს. “

ბათუმის საკრებულოს სხდომა

„მცირედი იურიდიული ნიუანსია, რაც დაიხვია ხელზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა. უახლოეს დღეებში ეს საკითხი იურიდიულად გაიმართება. გარწმუნებთ, რომ საკანონმდებლო ჩარჩოებში ჩავჯდებით და შესაბამისად ვიმოქმედებთ. რაც შეეხება იმას, რატომ არ დაველოდეთ „ქართუს“. მოგეხსენებათ, რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა მსგავს პროექტებს, მაგრამ ბათუმის სარაგბო სტადიონის მშენებლობა დროში ძალიან გაიწელა.  იქ შეიქმნა კოლექტორის პრობლემა. შემდგომში რაც მოხდა ბანკ „ქართუსთან“ და ამ კომპანიებთან დაკავშირებით, ეს საზოგადოებამ იცის, ამიტომ ეს პროექტი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. ბათუმში რაგბის განვითარების ხელშეწყობის საჭიროების გამო ეს პროექტი ვეღარ გაჩერდება. ჩვენი გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშობს და აქვს პერპეტივაც. საჭიროა ხელშეწყობა, ამიტომაც  ჩამოირიცხა თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან სტადიონის მშენებლობის დასაფინანსებლად.“- განმარტავს საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი.

 

დღეს  საკრებულოს განახლებულ სხდომაზე იმ მოტივით, რომ პროგრამაში სტადიონის მშენებლობის ადგილი ვერ ჩაიწერებოდა „რადგან ტერიტორია, სადაც სტადიონი უნდა აშენებულიყო აღარ არის ბათუმის შემადგენლობაში“, ოპოზიციის მოთხოვნით, პროგრამა დღის წესრიგიდან, ასევე შესყიდვების დოკუმეტიდან ამოიღეს. თუმცა მხარი დაუჭირეს ბიუჯეტის დამტკიცებას, რომელშიც სარაგბო მოედნის მშენებლობის თანხაცაა გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში შემდგომში მის დამტკიცებას საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული  შეზღუდვა ხელს ვეღარ შეუშლის.

მოედნის მშენებლობისათვის ბათუმის ბიუჯეტმა 3 მილიონ 600 ათასი ლარი მიიღო.

განახლებულ სხდომაზე დასწრების გადაწყვეტილების მიზეზად გიორგი კირთაძემ, რომელმაც დილით სხდომა პროტესტის ნიშნად ფრაქციის წევრებთან ერთად დატოვა, „ბავშვთა ბაღების დაფინანსებისა და ბათუმობასთან დაკავშირებული საკითხების დამტკიცების აუცილებლობა“ დაასახელა.

ირაკლი ჩავლეიშვილი კი ამტკიცებს, რომ „ისინი სხდომას დაესწრნენ, რადგან მიხვდნენ, რომ ქვორუმი მაინც შედგებოდა.“ განახლებულ  სხდომას დამატებით კიდევ ორი წევრი შეემატა, რომლებიც დილით სხდომას არ ესწრებოდნენ. პირად საუბარში საკრებულოს წევრები იმასაც ამბობდნენ, რომ მათ შორის ერთ-ერთი, კობა ზაქარია „ქვორუმის შედგენისა და ბიუჯეტის დამტკიცების ხათრით“ ბათუმში შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომიდან, სადაც ის სამსახურიდან იყო მივლინებული, საგანგებოდ ჩამოიყვანეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: