კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

ბათუმის საკრებულო ბავშვთა ბაღების დაფინანსების სისტემის შეცვლას გეგმავს

08.06.2016 • 2851
ბათუმის საკრებულო ბავშვთა ბაღების დაფინანსების სისტემის შეცვლას გეგმავს

ბათუმის საკრებულო ბავშვთა ბაღების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლას გეგმავს. იდეის ავტორები მიიჩნევენ, რომ დაფინანსების ვაუჩერიზაცია მუნიციპალურ ბაღებს განტვირთავს და ადგილების პრობლემა ისეთი მწვავე აღარ იქნება, როგორიც ამ დრომდე იყო. იდეის ავტორების გათვლებით, ბაღის ასაკის ერთ ბავშვში ქალაქის ბიუჯეტი ყოველთვიურად დაახლოებით 120 ლარს ხარჯავს. პროექტის ავტორები კერძო ბაღებისთვის სწორედ ამდენივე თანხის ვაუჩერის გაცემას გეგმავენ.

ყველა ახალი სეზონის დაწყებამდე ბათუმში ბაღის ასაკს მიღწეული ბავშვების მშობლები ბევრად უფრო ადრე იწყებენ ნერვიულობას, შეხვდება თუ არა მათ შვილებს ბაღში ადგილი, ვიდრე ბაღების გაერთიანება რეგისტრაციის დაწყების თარიღს გამოაცხადებს. ასევე მუდმივად ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, ელექტრონული რეგისტრაციის მიუხედავად, ხომ არ ფლობს ბაღების გაერთიანება რაიმე ბერკეტს საიმისოდ, რომ პირველ რიგში ის ბავშვები მიიღოს ბაღში, ვისაც პროტექცია გაუწიეს. ზოგიერთი მშობელი დარწმუნებულია, რომ მართლაც ასე ხდება, ბაღების გაერთიანება კი ამას უარყოფს: `პროგრამა ამას გამორიცხავს, ეს შეუძლებელია“. თუმცა ვერც ერთი ვერაფერს ამტკიცებს.

ფაქტი კი ისაა, რომ გასულ წელს ბათუმში ბაღის გარეშე 1500-მდე ბავშვი დარჩა, გაცილებით მაღალი იყო ეს ციფრი წინა წლებში.
ბათუმის საკრებულოში მიაჩნიათ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ვაუჩერიზაციის სისტემა უნდა შემოიღონ – ეს იდეა ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის. თუმცა, სამუშაო ჯგუფი ვერ ჩამოყალიბდა, ვისთვის უნდა გაითვალისწინოს ვაუჩერული დაფინანსება მერიამ: იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ბაღების გარეშე რჩებიან, თუ მთლიანად ბაღების დაფინანსების სისტემა უნდა შეიცვალოს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარის ირაკლი მიქელაძის თქმით, საკრებულოში უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც ამ პროგრამას ამზადებს. კომისიას საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე ხელმძღვანელობს. კომისიის წევრია ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნატალია ზაქარეიშვილიც.

ნატალია ზოიძის ინფორმაციით, საკრებულო მუშაობს ბაღების დაფინანსების სისტემურ ცვლილებაზე და ის არ ითვალისწინებს მხოლოდ ბაღებს გარეთ დარჩენილი ბავშვების ვაუჩერიზაციას. „დაახლოებით ისეთივე სისტემა უნდა შეიქმნას, როგორიც აქვს განათლების სამინისტროს სკოლებში,“ _ ამბობს კომისიის ხელმძღვანელი.

სასკოლო განათლების სისტემაში ვაუჩერიზაციის საკითხს საქართველოს განათლებისა და ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება [#740/926] არეგულირებს. ბრძანება ითვალისწინებს ერთ ვაუჩერს ერთ მოსწავლეზე – სკოლიდან სკოლაში გადასვლის შემთხვევაში მოსწავლეს ეს დაფინანსება თან მიჰყვება, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სკოლას აირჩევს ბავშვი.

საკრებულოში ამბობენ, რომ უკვე გამოთვალეს და საბავშვო ბაღის ერთი აღსაზრდელი ბიუჯეტს თვეში დაახლოებით 120 ლარი უჯდება. ამდენივე ან ოდნავ მეტია ყოველთვიური გადასახადი კერძო ბაღებშიც.

„დღეს დატვირთვა მუნიციპალურ ბაღზე მოდის, რადგან მუნიციპალურ ბაღში მშობელი გადასახადს არ იხდის. კერძო ბაღი შესაძლოა მოსწონდეთ, მაგრამ ფასის გამო ურჩევნიათ მუნიციპალურ ბაღში შეიყვანონ ბავშვი. თანადაფინანსების პრინციპი რომ დამტკიცდეს, შესაძლოა ბევრმა მშობელმა კერძო ბაღი აირჩიოს; თუ ასე მოხდა, მშობლის წილი მიზერული იქნება,“ – ამბობს ირაკლი მიქელაძე.

იდეის ავტორებისთვის [მათ შორის კომისიაში კერძო ბაღებს წარმომადგენლისთვის] უცნობია სექტორში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, არავინ იცის, მერიის მიერ ვაუჩერის შემოღების შემთხვევაში ყველა ბავშვის უზრუნველყოფა მოხერხდება თუ კიდევ დარჩებიან ბავშვები ბაღის მიღმა? ბათუმის მერიაში და აჭარის განათლების სამინისტროში ბათუმში არსებული კერძო ბაღების რაოდენობაზეც კი არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია.

სხვა თემაა, მისცემს თუ არა ახალი სისტემა მშობელს თავისუფალი არჩევანის საშუალებას – შვილისთვის აირჩიოს ბაღი, რომელიც უფრო ახლოსაა მის სამსახურთან, სახლთან ან ის ბაღი, რომელიც მას მოსწონს? – კომისიას ამ კითხვებზე პასუხები, ჯერჯერობით არ აქვს. პროგრამის პირველი მონახაზი მას შემდეგ შემუშავდება, რაც კომისია ამ საკითხებზე შესაჯერებლად შეიკრიბება.

ნატალია ზოიძეს ვაუჩერიზაციის პროგრამა საინტერესოდ მიაჩნია სხვა თვალსაზრისითაც: „ეს ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაპირებთ უარი ვთქვათ ახალი ბაღების მშენებლობაზე და ახლაც ვაშენებთ, მაგრამ ვიცით ისიც, რომ ყოველწლიურად ბევრი ბავშვი რჩება ბაღის გარეშე და ეს არის პრობლემა.“

დღეს მოქმედი სისტემა, რომელიც ბავშვის ბაღში ჩარიცხვას ელექტრონული რეგისტრაციით ითვალისწინებს, მშობელს თავისუფალი არჩევანის საშუალებას არ აძლევს. მას შეუძლია მხოლოდ ის ბაღი მიუთითოს, რომლებიც მის საცხოვრებელ ადმინისტრაციულ ერთეულში ფუნქციონირებს. შეავსო თუ არა განაცხადი მშობელმა ამის შესაბამისად – სისტემა საჯარო რეესტრის მონაცების დახმარებით ამოწმებს.

„ასე გაკეთდა, რადგან მშობლები ძირითადად სამსახურთან ახლოს ითხოვდნენ შვილის ბაღში შეყვანას. მაგალითად, ცხოვრობს ხელვაჩაურში, მაგრამ მუშაობს რუსთაველის ქუჩაზე. ამან გამოიწვია პრობლემები, რადგან ახლოს მცხოვრები ბავშვები ბაღის გარეშე დარჩნენ,“ – ამბობს ბაღების გაერთიანების დირექტორი ნატალია ზაქარეიშვილი.

ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმში 29 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, კიდევ ერთ ბაღში კი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ბაღებში 7 390 აღსაზრდელი ირიცხება. მომავალი სეზონისთვის ბაღს 2590 ბავშვი დატოვებს. თუმცა მათგან 1850 ადგილზე ბავშვები უკვე დარეგისტრირებული არიან. რჩება 800-მდე ადგილი, რომელზეც შეიძლება მომავალი სასწავლო წელს ბავშვი დაარეგისტრირო.
ბაღების გაერთიანების დირექტორის ინფორმაციით, 2014 წელს ბათუმში ბაღის გარეშე 4500 ბავშვი დარჩა. გარდა ამისა, საბავშვო ბაღის ერთ ჯგუფში სტანდარტულად 25 აღსაზრდელი უნდა ირიცხებოდეს, ბათუმში მოქმედი ბაღების ჯგუფებში კი, დღეის მდგომარეობით, 35 ბავშვი ირიცხება [საკრებულოს თანხმობით].

გადაბეჭდვის წესი


ასევე: