ნარგიზ ბასილაძე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას ითხოვს


ნარგიზ ბასილაძე აჭარის მთავრობისგან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას მოითხოვს. უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ნარგიზ ბასილაძე აჭარის არქივის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტზე უნდა აღადგინონ და სამი თვის კომპენსაცია გადაუხადონ. აჭარის მთავრობას დეკემბრიდან დღემდე ეს გადაწყვეტილება არ შეუსრულებია.

„უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებს მარტში ჩაგვბარდა. დღემდე ვერანაირი პასუხი ვერ მივიღე აჭარის მთავრობისგან, რის გამო ვერ სრულდება გადაწყვეტილება. უკვე მივმართე აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებისთვის“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნარგიზ ბასილაძემ. მისივე ინფორმაციით, არქივის უფროსის მოადგილე – თენგიზ სალუქვაძეს [ის ნარგიზ ბასილაძის ადგილას მუშაობს] ყალბი დიპლომი აქვს და მის წინააღმდეგ საქმეს პროკურატურა იძიებს.

„აჭარის მთავრობა ნებაყოფლობით აღასრულებს ამ გადაწყვეტილებას“ – გვითხრა დავით გაბაიძემ, აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა. მისი განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე გაგრძელდა, რადგან არქივის უფროსის სამი მოადგილიდან ერთ-ერთი უნდა გათავისუფლდეს, ამას კი დასაბუთება სჭირდება: „არ გვინდა, ვისაც გავათავისუფლებთ, იმანაც სასამართლოს მიმართოს. გპირდებით, კვირის ბოლომდე მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას“ – ამბობს დავით გაბაიძე.

აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით გაბაიძის თქმით, თენგიზ სალუქვაძის წინააღმდეგ მიმდინარე დავაზე ინფორმაცია მას მხოლოდ ნარგიზ ბასილაძისგან აქვს: „ჩვენ გვაქვს თენგიზ სალუქვაძის დიპლომი, რამდენად დადგინდება, რომ ის ყალბია, არ ვიცი, ეს გამოძიების საქმეა“

ნარგიზ ბასილაძე 2013 წლის თებერვალში გაათავისუფლა არქივის სამმართველოს ახლადდანიშნულმა უფროსმა – გურამ სალაძემ. „შრომისუუნარო იყო და ამიტომაც გავათავისუფლე“ – ამ სიტყვებით ახსნა მაშინ სალაძემ სამედიცინო ბიულეტენის მქონე მოადგილის გათავისუფლება. მაშინ ამ საკადრო ცვლილებაში სამოქალაქო სექტორმა პოლიტიკური დევნის ნიშნები დაინახა, რადგან ნარგიზ ბასილაძე წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა. გურამ სალაძე ფინანსურმა პოლიციამ 2014 წლის 7 მაისს დააკავა ქრთამის აღების ფაქტზე. ადვოკატის, პაატა ბოლქვაძის ინჯფორმაციით, გურამ სალაძემ უკვე მოიხადა სასჯელის სახით 2 წელი და 2 თვე. ამჟამად იგი თავისუფალია.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი