კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ამერიკელი სტიპენდიატის ქართული გამოცდილება

10.06.2016 • 2096
ამერიკელი სტიპენდიატის ქართული გამოცდილება

24 წლის ამერიკელი ერიკ ჯექსონი „ფულბრაიტის“ სტიპენდიანტია. ის ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო ერთი სასწავლო წლის განმავლობაში როგორც მოხალისე სტუდენტებს ასწავლიდა ინგლისურს, სემინარებს ატარებდა და საერთაშორისო განათლების ცენტრთან თანამშრომლობდა.

უკვე სრულდება პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ერიკი საქართველოში იმყოფება – ის მალე ამერიკაში ბრუნდება. ერიკი რთულად, მაგრამ მაინც ახერხებს ქართულად ლაპარაკს, „ბათუმელების“ კითხვებზე პასუხის გაცემისას ცდლობს მაქსიმალურად გამოიყენოს ქართული სიტყვები. როგორც ამბობს, ქართველი მეგობრების, კოლეგებისა და სტუდენტების დახმარებით ქართულად კითხვაც დაიწყო.

ეს ერიკის მეორე ვიზიტია საქართველოში. პირველად იგი 2013 წელს ჩამოვიდა. როგორც ყვება, ეს იყო სტიპენდიების კონკურსი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სასწავლო კურსის გასავლელად. ერიკმა უკრაინას, ბელარუსიას, ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებს შორის საქართველო აირჩია და სტაჟირება გაიარა არასამთავრობო ორგანიზაცია – „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“ [IDFI]. ეს, მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოცდილება იყო.

„ბევრი რამ ვისწავლე, მაგალითად ის, თუ რა გავლენას ახდენს ინტერნეტი პოლიტიკაზე, ადამიანის უფლებებზე… რა მნიშვნელობა აქვს მედიის თავისუფლებას, ხელისუფლების საქმიანობაზე ინფორმირებულობას. საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა არის შესანიშნავი საშუალება ჟურნალისტებმა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა თუ რიგითმა მოქალაქეებმა აკონტროლონ საჯარო სამსახურები და დროული რეაგირება მოახდინონ საეჭვო საკითხებსა თუ დარღვევებზე“, – ამბობს ერიკი. შემდეგ ესტონეთში e-Governance Academy-ში [ელექტრონული მმართველობის აკადემია] ჰქონდა კიდევ ერთი პრაქტიკა, ესტონეთიდან ამერიკაში დაბრუნებულმა კი აკადემიური ნაშრომი დაწერა თემაზე: „Opendata.GE: საჯარო ინფორმაციის კვლევა საქართველოში“.

პირველად საქართველოში მხოლოდ ერთი ზაფხულის განმავლობაში იმყოფებოდა, მაგრამ ამბობს, რომ კავშირებმა და ურთიერთობებმა, რომლებიც მასპინძელ ოჯახთან, თანამშრომლებთან და ახალ ნაცნობებთან დაამყარა, განსაკუთრებული დამოკიდებულება გაუჩინა ქვეყნის მიმართ.

ამერიკაში დაბრუნების შემდეგ, ერიკის თქმით, ზუსტად მიხვდა, რომ საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ უნდოდა: „ვიცოდი, რომ არსებობს კონტრასტი დედაქალაქსა და რეგიონებს, სოფლებს შორის. მინდოდა ყველაფერი მენახა. როგორ ცხოვრობდნენ და როგორი იყო სხვა რეგიონები, თუნდაც აჭარა, კახეთი და ა.შ. ვხედავ, რომ ამ რეგიონში, სადაც რეალურად არსებობს ორი: პრორუსული და პროდასავლური გზა, საქართველომ ბოლო წლებში დიდი პროგრესი განიცადა… მინდოდა ამის ნაწილი ვყოფილიყავი“… და ის „ფულბრაიტის“ სასტიპენდიო პროგრამით, ამჯერად უკვე ბათუმში ჩამოვიდა: „ძალიან გამიმართლა, რომ ბათუმში მოვხვდი, უნივერსიტეტში მუშაობა ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო. ვცდილობდი სტუდენტებისთვის მხოლოდ ინგლისური ენა კი არ მესწავლებინა, არამედ დისკუსიაში ჩამერთო ისინი. სასიამოვნოდ გაოცებულიც დავრჩენილვარ. საინტერესო თემებზე ვსაუბრობდით. ზოგჯერ სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზეც ვკითხულობდი დამოუკიდებლად სემინარებს“, – ამბობს ერიკი.

საქართველოში დაბრუნებულმა ერიკმა რეგიონების მონახულება დაიწყო. მეგობრებთან ერთად თითქმის მთელი ქვეყანა მოიარა. ერიკის თქმით, ყველგან, სადაც ყოფილა, საოცარი სტუმართმოყვარეობით ხვდებოდნენ: „ყველა ოჯახში სუფრა [სუფრა – ამბობს ქართულად] გვხდებოდა, რაც ერთგვარი ზეიმია“.

განათლების სისტემაზე საუბრისას ერიკი აღნიშნავს, რომ ექსპერტი არ არის, თუმცა მისი მცირედი გამოცდილებისა და უნივერსიტეტში კოლეგებზე დაკვირვების შემდეგ შეუძლია თქვას, რომ, რაც ყველაზე მეტად აკლია ბსუ-ში სასწავლო პროცესს, დაგეგმვაა: „ამერიკაში და როგორც ვიცი, ბევრ სხვა ქვეყანაშიც გაკვეთილები დიდი ხნით ადრე იგეგმება, ყველა აქტივობა, წუთები – რა დროს რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა მოხდეს ინფორმაციის ეფექტური მიწოდება… ალბათ ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორებიც იყენებენ დაგეგმვას, მაგრამ, ვფიქრობ, სასურველია ეს ყველასთვის ჩვეული პრაქტიკა იყოს. გარდა ამისა, განათლების სისტემისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ ლექტორები, რომლებიც, ალბათ, პროფესიონალები არიან, ფურცლებზე მუშაობიდან სხვა მეთოდიკაზე გადავლენ“, – აღნიშნავს ერიკ ჯეკსონი.

ერიკი 10 ივნისს ტოვებს საქართველოს. ქვეყნის შეფასებისას აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად სტუმართმოყვარეობამ მოხიბლა. რაც შეეხება ტოლერანტობის, შემწყნარებლობისა და პლურალიზმის მხრივ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, ერიკისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი 2013 წლის 17 მაისის მოვლენები და გასულ კვირას თბილისში, ვეგანური კაფეს დარბევა ყოფილა. თუმცა, ერიკის თქმით, მსგავსი პრობლემები ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დგას: „ჩვენთან დონალდ ტრამპი [პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი] გამოჩნდა, რომელიც სრულიად დისკრიმინაციული მიდგომების მიუხედავად საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა. გვეგონა ძალიან მალე გამოეთიშებოდა კამპანიას, თუმცა აქამდე მოვიდა. ე.ი. მას ამერიკაში ჰყავს თანამოაზრეები. ეს ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის მარტივია ყველაფერი სხვას დააბრალო – თქვა, რომ გაჭირვება მიგრანტების ბრალია… როგორც ჩანს, ეს მუშაობს“.

რიკი ამბობს, რომ აქ ყოფნის პერიოდი მისთვის უდიდესი გამოცდილებაა: „სრულიად განსხვავებული კულტურა, განსხვავებული წარსული და რეალობა, ძალიან ბევრი ახლო მეგობარი და ჩემთვის მნიშვნელოვანი პროფესიონალი გავიცანი… მე აქ ამერიკის ელჩივით ვიყავი, ამერიკაში კი ვაპირებ საქართველო წარვადგინო“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: