სპორტი

სარაგბო სტადიონის მშენებლობის დეტალები

05.12.2014 • 3755
სარაგბო სტადიონის მშენებლობის დეტალები

 

ხელშეკრულების მიხედვით, სარაგბო კომპლექსის მშენებლობის ღირებულება 7 128 744 ლარია. აქედან 3 596 177 ლარი შემსყიდველმა (ბათუმის მერიამ) უნდა გადაუხადოს შემსრულებელ კომპანიას. დარჩენილ სამი მილიონ ოთხასი ათას ლარზე მეტი შემსრულებელი ყოფილი პრემიერის კომპანია „ატუს“ ინვესტიციით განხორციელდება. მერია კი თანხას სახელმწიფოსგან, კონკრეტულად კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან ტრანსფერის სახით მიიღებს.

აღნიშნული კომპლექსის მშენებლობისთვის მერიას ელექტრონული ტენდერი არ გამოუცხადებია. მხარეებმა ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 აგვისტოს #1083 განკარგულებისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის, მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დადეს. საქართველოს მთავრობის ამ განკარგულების თანახმად სარაგბო სტადიონის მშენებლობის დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბათუმს გამოუყო 3 600 000 ლარი. ამ განკარგულების შესასრულებლად კი ბათუმის მერიას გამარტივებული შესყიდვა დაევალა.

რატომ აირჩია მერიამ ამ პროექტის განხორციელებისთვის გამარტივებული შესყიდვა, ფორმა, რომლითაც პირდაპირ ირჩევს შემსყიდველი მისთივს მისაღებ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს? და რატომ აირჩია ამ პროექტის განხორცილებისთვის ასოციაცია „ატუ“?

ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილის, არჩილ ვანაძის განმარტებით, „მერიას შეეძლო, ვისაც თვლიდა საჭიროდ მასთან გაეფორმებინა ხელშეკრულება. ხოლო თუ რატომ „ატუ“, პასუხი ნათელია – გამომდინარე იქიდან, რომ „ატუ“ დამატებით თავის ინვესტიციას დებს ამ პროექტის განსახორციელებლად“.

მისივე განმარტებით, ტრანსფერის სახით დღემდე მერიაში სარაგბო სტადიონის მშენებლობისთვის ფინანსთა სამინისტროს ნახევარ მილიონზე მეტი ლარი აქვს გამოყოფილი. დანარჩენ ნაწილს კი შესრულებული სამუშაოების მიხედვით გადმორიცხავს.

„ტრანსფერის მიღება ყველა ვარიანტში მოხდება. მშენებლობას არ შეექმნება პრობლემა არც დაფინანსების და არც განხორციელების ნაწილში“, – ამბობს არჩილ ვანაძე.

სარაგბო კომპლექსის სამუშაოების მწარმოებელ სოსო ბოლქვაძის თქმით, სამუშაოების განხორციელებას წვიმიანი ამინდი აბრკოლებს. ტერიტორიაზე, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, წყლის საქაჩი სისტემაა დამაგრებული, თუმცა ტერიტორია მაინც იტბორება. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოებს უამინდობა აბრკოლებს, სოსო ბოლქვაძე იმედოვნებს, რომ სამუშაოების დასრულების ვადები არ დაირღვევა.

ხელშეკრულების მიხედვით, სარაგბო სტადიონის მშენებლობა 2015 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. პროექტის მიხედვით სარაგბო კომპლექსი სამსართულიანი იქნება.


გადაბეჭდვის წესი


ასევე: