Batumelebi | ზენორმატიული დაბინძურება ბარცხანაში ზენორმატიული დაბინძურება ბარცხანაში – Batumelebi
RU | GE  

ზენორმატიული დაბინძურება ბარცხანაში

ლელა დუმბაძე


ბარცხანაში, საწარმოო გამონაფრქვევებისა და თეთრად შეღებილ მდინარეში გასულ კვირას აღებული სინჯის ლაბორატორიული ანალიზის შედეგები უკვე ცნობილია: აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ დაადგინა, რომ ბარცხანაში ადგილი აქვს გარემოს ზენორმატიულ დაბინძურებას.


ბარცხანელები ამბობენ, რომ მდინარე ბარცხანას, რომელიც ზღვაში ჩაედინება, ზეთის საწარმო აბინძურებს, მდინარეში წყალი რძისფერი ხდება, გასულ კვირას კი თეთრად შეფერილ მდინარეში მკვდარი თევზები მოსახლეობასთან ერთად „ბათუმელების” რეპორტიორმაც ნახა.

 

ბარცხანაში მცხოვრები მოქალაქეების მოსაზრებას ახლა უკვე გარემოს დაცვის სამმართველოც იზიარებს. აქ უკვე მიიღეს 20 ნოემბერს აღებული სინჯის ლაბორატორიული შესწავლის შედეგები, რომლის მიხედვითაც, შპს „ივერია ოილ ინტერნეიშენალმა“ კანონით განსაზღვრული გარემოს დაცვის ნორმები დაარღვია. „საწარმოო გამონაფრქვევებში აღმოჩენილი ნახშირწყალბადის კონცენტრაცია დადგენილ ზღვარს რამდენიმე ნიშნულით აღემატება. ჰაერში აღმოჩენილია მავნე ნივთიერება, ე.წ აკროლეინის ზეთი. `ლაბორატორიული კვლევების მიხედვით საწარმოო გამონაფრქვევებში ნახშირწყალბადების კონცენტრაცია ნორმით დადგენილი 1.0-ისა არის 1,5-ი. საწარმოო ჩამდინარე წყლებში კი ჟანგბადის ბიოლოგიური მოთხოვნილების მაჩვენებელი, ნორმით განსაზღვრული 25 მგ-ისა, არის 35 მგ-ი ლიტრზე, რაც გარემოს ზენორმატიული დაბინძურების ფაქტებია“ _ ვკითხულობთ წერილში, რომელიც აჭარის გარემოს დაცვის სამმართველომ „ივერია ოილ ინთერნეიშენალის” დირექტორს, თემურ ნარმანიძეს გაუგზავნა.

 

„ნივთიერებები საწარმოს მუშაობის პროცესში გამოიყოფა. საწარმოს ტერიტორიაზე დარღვევა შეიძლება ათჯერ მეტიც იყოს და ეს მათი პრობლემაა, მაგრამ იქ, სადაც სანიტარული ზონა გადის, პირველივე მოსახლე სადაც ფიქსირდება, იქ ემისიების რაოდენობა, დამტკიცებული ნორმის ფარგლებში უნდა იყოს. დამტკიცებული ნორმაა 1,0 მთელი, ბარცხანაში კი აღმოჩნდა 1,5 კუბამეტრში“ _ აცხადებს ნუგზარ პაპუნიძე, გარემოს დაცვის სამმართველოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსი.

 

რაც შეეხება ბარცხანის მდინარეში ჩაღვრილ ნივთიერებას, რომელმაც მდინარეს თეთრი შეფერილობა მისცა, პაპუნიძის განცხადებით, იგი მომწამვლელი არ არის: „ის რაც მდინარეში ჩაიღვარა, აღმოჩნდა ზეთის მჟავა, რომელიც არ არის საშიში. ამიტომ, როცა მოსახლეობა საუბრობდა დახოცილ თევზებზე, ვერ გეტყვით, რა იყო ამის მიზეზი. თუკი სხვა დროს დროულად მოხდება მოსახლეობისგან ინფორმაციის მიღება, რეაგირებაც უფრო დროული იქნება“. 

 

 

დაბინძურება მოთხოვნათა შეუსრულებლობამ და აირდამჭერ დანადგარ-მოწყობილობების არაეფექტურმა მუშაობამ გამოიწვია. როგორც ნუგზარ პაპუნიძე ამბობს, საწარმოში არ არსებობს გარემოსდაცვის ღონისძიებათა გეგმა-პროგრამა და სრულყოფილი გარემოსდაცვითი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაცია: „გარემოს დაცვის სამმართველომ საწარმოს ხელმძღვანელობას ოფიციალური წერილი 28 ნოემბერს გაუგზავნა, სადაც ვაფრთხილებთ, რომ ჰაერში აღმოჩენილი მავნე ემისიების შემცირების მიზნით, უზრუნველყონ საწარმოს მაღალტექნოლოგიური აღჭურვა. აირდამჭერი ფილტრის დამონტაჟება და მათი კონტროლი წელიწადში ორჯერ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს“.

 

ამასთან, საწამო ჩამდინარე წყლების (მათ შორის ტერიტორიის მონარეცხის) გაუვნებელყოფის მიზნით, საწარმოს დაევალა გამწმენდი ნაგებობის მოწყობა, რომელიც სრულ ტექნოლოგიურ რეჟიმში იმუშავებს. როგორც ნუგზარ პაპუნიძე ამბობს, ქარხნის მეპატრონეებს გარემოს დაცვის სამმართველომ კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით პასუხისმგებელი პირის აყვანა შესთავაზა, „თუ, რა თქმა უნდა, საწარმოს მხრიდან იქნება თანხმობა“ _ დასძენს ნუგზარ პაპუნიძე.

 

გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსის, ვახტანგ წულაძის განცხადებით ზეთის საწარმოს მიერ გარემოს დაბინძურების არაერთი ფაქტი სხვა დროსაც დაფიქსირდა, თუმცა საწარმო არ დაუჯარიმებიათ. „ჯარიმების რაოდენობას გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო განსაზღვრავს, თუმცა ჩვენთვის მთავარია არა დაჯარიმება, არამედ პრობლემის მოგვარება“.

 

როგორც სამმართველოში აცხადებენ, მათ მხოლოდ გარემოზე მიყენებული ზარალის დადგენა შეუძლიათ: „ადამიანების ჯანმრთელობაზე რა ზემოქმედებას ახდებს ჰაერში აღმოჩენილი მავნე ემისიები, ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის“ _ ამბობს ნუგზარ პაპუნიძე.
„თუკი საწარმო ათი დღის განმავლობაში არ წარმოადგენს გეგმას, თუ რა პერიოდში აპირებს ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საწარმოს ფუნქციონირება შეჩერდება“ _ აცხადებენ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში.

 

თუმცა ათდღიანი ვადა ზეთის საწარმოსთვის საკმარისი არ არის. შპს „ივერია ოილ ინტერნეიშენალ“-ის დირექტორის მოადგილის, ზაზა გუმბარიძის განცხადებით, საწარმოს ახალი მფლობელი ჰყავს, რომელიც ტექნიკურ გადაიარაღებაზე ზრუნვას მალე დაიწყებს: „საწარმო თვენახევარია რაც ამერიკულმა კომპანიამ იყიდა და ჯერ სრული დატვირთვით არ ამუშავებულა. გვქონდა შეხვედრა გარემოს დაცვის სამმართველოსთან და მათთან ერთად ვაპირებთ მუშაობას, თუ როგორ აღმოვფხვრათ ეს სიტუაცია“.

 

ზაზა გუმბარიძის განცხადებით, ახალი მფლობელი პრობლემის აღმოფხვრას წყლის გაყვანილობის გაკეთებით იწყებს, რომელიც საწარმოს საერთოდ არ ჰქონია: „არის ფილტრების პრობლემაც. საწარმოს სრულ ტექნოლოგიურ აღჭურვას სულ ცოტა ექვსი თვე მაინც დასჭირდება, თუმცა დაბინძურებაზე პასუხს ვაგებთ და დაკისრებულ ჯარიმებს გადავიხდით“.

 

გასულ კვირას კი ბარცხანის დასახლებაში მცხოვრებმა 125-მა ადამიანმა აჭარის მთავრობას განცხადებით მიმართა. ისინი ბარცხანაში არსებული საწარმოო დაბინძურების აღმოფხვრას მოითხოვენ, რომელმაც უკვე ინტენსიური სახე მიიღო. დაბინძურების წყარო, მოსახლეობის თქმით, დასახლებაში არსებული ზეთის საწარმო და ნავთობტერმინალია.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"